"თუ ეტყვი, რომ ორსულად ხარ, ყველანაირად გაიძულებს, მოიშორო..." - ონლაინ-რომანის გაგრძელება
"თუ ეტყვი, რომ ორსულად ხარ, ყველანაირად გაიძულებს, მოიშორო..." - ონლაინ-რომანის გაგრძელება
"მთვარის შვილი" - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ მეხუთე ნაწილი

* * *
...დილით ლიკამ ბარგი ნაჩქარევად ჩაალაგა, თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას გაურბოდა. ქვემოთ ტაქსი ელოდა. სადგურზეც მალე მივიდა, სამარშრუტო ტაქსიში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა და დაადგა გრძელ გზას მშობლიური სოფლისკენ. ჟურნალები ჰქონდა წაღებული გულის გადასაყოლებლად, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიიქცია მისი ყურადღება, ფიქრები სხვაგან დაქროდნენ და კონცენტრირებას ვერ ახდენდა... მერე მობილური მოიმარჯვა, ყურსაცვამები მიამაგრა და ხმამაღლა ჩართო მუსიკა, თითქოს
ამით ცდილობდა თავში მორეული ფიქრების გაფანტვას. ამანაც ვერ უშველა. ერთ წამს მისი მზერა ფანჯრის მინას შეეყინა და ერთგვაროვანი ლანდშაფტების ფონზე შორს წავიდა, წელიწად-ნახევრის წინ, ძველ, დაკარგულ, ტკივილნარევ, გარდაცვლილ გრძნობასთან...

იმ დროს ირინა ჯერ კიდევ გურამთან ცხოვრობდა და ასე თუ ისე, ბედნიერი იყო. უქმეებზე ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ხან ლიკა შეუვლიდა სახლში, ხან - ირინა გამოუვლიდა, ანუკას დაავლებდნენ ხელს, რომელიც ლიკამ მონათლა, როგორც ირინას უახლოესმა და უსაყვარლესმა ადამიანმა, და სადმე გაისეირნებდნენ. როცა გურამს ეცალა, ისიც დაჰყვებოდათ, სახინკლეებში დაჰყავდა გოგოები, მთაწმინდაზე ასეირნებდა. ლიკას უხაროდა, რომ ირინამ როგორც იქნა "თავისი მამაკაცი" იპოვა და მათ გარემოში თავს თვითონაც ბედნიერად გრძნობდა.
ერთ-ერთი მორიგი "პიკნიკი" ირინამ და გურამმა საგულდაგულოდ დაგეგმეს.
გურამს ლიკა ძალიან მოეწონა და თავისი უსაყვარლესი მეგობრისთვის, დიმკასთვის "შეიგულა". ირინამ, როგორც ერთგულ დაქალს შეეფერებოდა, ლიკას ყველაფერი უამბო, დაუხასიათა "წარმატებული ფეხბურთელი" და კარგი ბიჭი დიმა და საქმეც გაიჩარხა. ირინას რჩევას ლიკა ყოველთვის გულმოდგინედ უსმენდა. მიხვდა, თუ ირინას მოეწონა, მართლა კარგი ბიჭი იქნებოდა. თან იმ დროს მისი გული თავისუფალი იყო და რატომაც არ უნდა ეცადა?
დიმამაც გურამს მოუსმინა და სიამოვნებით მივიდა დანიშნულ დროს ირინას სახლში. ლიკა უკვე იქ იყო, გულის ფანცქალით ელოდა ამ შეხვედრას, რაღაც უცნაური წინათგრძნობა არ ასვენებდა - რატომღაც ეგონა, რომ ამ მამაკაცს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუკავშირდებოდა.
პირველი შეხვედრა ირინასა და გურამის თანდასწრებით შედგა. შესაბამისად, ახალგაცნობილები ცოტათი მორცხვობდნენ. ლიკა თავდახრილი, შიგადაშიგ ჩუმად აპარებდა მზერას დიმასკენ და მის მზერას თუ იჭერდა, ჭარხალივით წითლდებოდა. ორივეს მაინც მალე შეეტყო, რომ ერთმანეთით მოიხიბლნენ. ლიკა დიმას მწვანე თვალებმა ერთი ნახვით მონუსხა, დიმკას კი მის ფერფლისფერ თმებსა და ცისფერ თვალებზე შეუვარდა მაშინვე გული.
ის დღე საერთო გარემოში გაატარეს. საგურამოში გაისეირნეს, მდელოზე პატარა სუფრა გაშალეს. ლიკამ და ანუკამ ბევრი ითამაშეს, ანუკა გიჟდებოდა ლიკასთან ერთად გართობაზე. ასე კარგად ვერც ერთი მეგობარი ვერ უგებდა. ლიკა მისი ტოლი ხდებოდა და ყველა ახირებაში აჰყვებოდა ხოლმე.
მათმა ყირაზე გადასვლამ დიმაზე კიდევ მეტად იმოქმედა - ლიკა უფრო ბუნებრივი და უშუალო მოეჩვენა, ბავშვთან მისმა ურთიერთობამაც მოხიბლა. მერე კი, როცა მანქანიდან ბურთი გადმოიღეს და ლიკამ და ანუკამ ფეხბურთი გააჩაღეს, რასაკვირველია, თვითონაც ჩაერთო საქმეში. ირინა და გურამი ხის ქვეშ ისხდნენ, ირინას გურამის მხარზე მიედო თავი და თბილი ღიმილით შეჰყურებდა სამეულის გართობას.
მალე დიმამ ისიც აღმოაჩინა, რომ ლიკა მშვენივრად თამაშობდა ფეხბურთს. ლიკა გამოუტყდა, ბავშვობაში ვგიჟდებოდი ფეხბურთზე და სულ თავდამსხმელი ვიყავიო. დიმა კარში დააყენეს და ანუკამ და ლიკამ "მატაობა" გააჩაღეს. მერე ანუკა დაიღალა, მოშივდა, დედასთან მიირბინა წასახემსებლად, ახალგაცნობილმა წყვილმა კი თამაში მეტი აზარტით განაგრძო.
ამ თამაშ-თამაშში, ერთმანეთის ჯაჯგურში და ბურთის წართმევა-გატანაში კიდევ უფრო გახალისდნენ, გამხიარულდნენ და მეტადაც გაშინაურდნენ. რომ მოსაღამოვდა და წასვლის დრო დადგა, ორივეს ეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშისგან ქანცგამოლეული და გაოფლილები იყვნენ, ქალაქში დაბრუნება აღარ უნდოდათ. მაშინ ორივე მიხვდა, რომ იმ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი დაიწყო მათ ცხოვრებაში...
ისინიც მიხვდნენ და ირინა და გურამიც. ამიტომ ქალაქში ჩასულებმა რაღაც საქმე მოიმიზეზეს, დიმა და ლიკა მანქანიდან ერთად გადმოსხეს, თვითონ კი გზა განაგრძეს - დიმას საშუალება მისცეს, ლიკა თავადვე მიეცილებინა სახლამდე.
ასეთი იყო მათი პირველი პაემანი. ემოციებით და მხიარული წუთებით დატვირთული. როცა სახეაწითლებული და თვალებგაბრწყინებული ლიკა შინ შევარდა და სარკის წინ დატრიალდა, დედამისსაც გაჰკრა გულში, რომ რაღაც ხდებოდა. დიმა კი ამ დროს მათი სადარბაზოს კართან იდგა და ახალ ემოციებზე გაშტერებული და გაღიმებული ფიქრობდა.

* * *
თითქმის ორი კვირა ისე გავიდა, დღე არ ჩაუგდიათ, ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. ორივე ყურებამდე იყო შეყვარებული. საღამოობით დიმა ლიკას სამსახურში აკითხავდა და მერე გვიანობამდე დახეტიალობდნენ. პირველი კოცნა ერთმანეთს ნარიყალაზე აჩუქეს, იქვე ჩამოსცვივდა ლიკას პირველი სიხარულის ცრემლები, დიმას ალერსიან თვალებში რომ ჩახედა და იქვე უთხრა პირველად, მიყვარხარო. დიმას არ უპასუხია, კიდევ მეტად ჩაიკრა გულში. მაშინ ლიკასთვის მის მიერ ნათქვამ ამ სიტყვას აღარც ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა, დიმას თვალები უკეთ მეტყველებდნენ ამაზე. და ის ბედნიერი იყო, უზომოდ ბედნიერი... თუმცა ბედნიერება ყოველთვის ცოტა ხანს გრძელდება...
ორ კვირაში დიმას ნანატრი მოწვევა მოუვიდა კვიპროსიდან - ერთ-ერთი გუნდის აგენტი გასასინჯად უხმობდა. ამ წინადადებაზე უარის თქმა არაფრით არ შეიძლებოდა, ეს შანსი იყო, წარმატებული კარიერის აწყობის შანსი. დიმასაც არ უთქვამს უარი.
წინა საღამოს ვნებიანად, ცრემლებითა და ალერსიანი სიტყვებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მეორე დილას კი დიმა კვიპროსში გაფრინდა.
ლიკა აეროპორტში არ მისულა, ეს დიმას სურვილი იყო. იქ მისი მშობლები და უახლოესი ადამიანები უნდა შეკრებილიყვნენ მის გასაცილებლად, ლიკას გამოჩენა, მისი აზრით, ჯერ ადრე იყო. ლიკასაც, კი ძალიან დასწყდა გული, მაგრამ მის სურვილს დამორჩილდა და მთელი ის დრო, სანამ დიმა აეროპორტიდან თვითმფრინავში ჩაჯდებოდა, მერე სანამ კვიპროსამდე ჩააღწევდა, დაბინავდებოდა და იქიდან დაურეკავდა, ხატების წინ ლოცვაში გაატარა.

* * *
დიმამ კვიპროსში ექვსი თვე დაჰყო. მთელი ექვსი თვე! ეს დრო ისე გაიწელა ლიკასთვის, იმდენად ხანგრძლივი მოეჩვენა ეს პერიოდი, ლამის დეპრესიაში ჩავარდა. კიდევ კარგი, წერილებს სწერდნენ ერთმანეთს და დიმა ხშირად ურეკავდა, თორემ გაგიჟდებოდა.
დედას ვერაფრით გაეგო მისი. როგორ შეიძლება, ორი კვირის გაცნობილ ადამიანზე ასე გადაირიო, რომ ცხოვრება მოიწამლოო. ირინასაც შესჩიოდა ხოლმე ნინო დეიდა, ლიკას ვეღარ ვცნობ, დღე და ღამ კომპიუტერს და მობილურს არის მიჩერებული, სულ მისგან ელოდება ამბებსო. ირინა ცდილობდა დაემშვიდებინა, უხსნიდა, რომ ლიკა პირველად იყო ასე სერიოზულად შეყვარებული, დედამისს ამშვიდებდა, დიმა ძალიან კარგი და წესიერი ბიჭია და ლიკას გულს არ ატკენსო. თუმცა ეს ვერ შველოდა საქმეს. ლიკა ხან საჭმელსაც კი არ ჭამდა, შეეძლო მთელი დღე ისე გაეტარებინა, დედისთვის ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა და ვერც კი გრძნობდა ამას. სულ ფიქრებში იყო ჩაძირული. მხოლოდ მაშინ უნათდებოდა თვალები, როცა მობილური დარეკავდა და საყვარელ ხმას გაიგონებდა, ან მის წერილს მიიღებდა და ათჯერ და ოცჯერ გადაბმულად კითხულობდა ერთსა და იმავეს.
დიმა ძირითადად იქაურ ამბებს უყვებოდა, ამხიარულებდა, ნაკლებად ლაპარაკობდა გრძნობებზე, პირობებზე და ა.შ. ლიკას ესეც სტკენდა გულს. ხვდებოდა, თვითონ მეტს გასცემდა, ვიდრე იღებდა. სულ არწმუნებდა საკუთარ თავს, მორიგი საუბრის
დროს ნაკლებად გამოეხატა ემოციები, არ ეთქვა, როგორ უყვარდა და როგორ ენატრებოდა, მაგრამ როგორც კი მის თბილ ხმას მოისმენდა, სიტყვები და ემოციები თავისთავად გადმოდიოდნენ. დიმას სიამოვნებდა და გულით უხაროდა, რომ თბილისში საყვარელი ქალი ელოდა, ლიკა გრძნობდა, მასაც თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ რატომღაც ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს და თითქოს პასუხისმგებლობის აღებასაც. გულში ამართლებდა, ალბათ სიყვარულზე ფიქრი კარიერაში შეუშლის ხელს, მეტად გაუჭირდება იქ ყოფნა, თან ჯერ გაურკვეველია მისი მომავალი, დატოვებენ თუ არა, აქ ჩამოსვლას და საკუთარ გრძნობებში მეტად დარწმუნებასაც ელისო...

ირინა უფრო საღად აფასებდა მოვლენებს და მას მეტად არ მოსწონდა ეს ამბავი. ის ლიკასავით სიყვარულით არ იყო დარბმავებული და დიმას მხრიდან თავის არიდება ამგვარი რამეებისგან, არ სიამოვნებდა. თუმცა ლიკასაც ვერ ეუბნებოდა ვერაფერს. მხოლოდ აწყნარებდა და თან ცდილობდა ჩაეგონებინა, რომ დიმას ჩამოსვლამდე მეტისმეტად არ შეეტოპა გრძნობებში და იმედის კოშკები არ აეგო. ლიკა მშვიდად უსმენდა, თითქოს ეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ როგორც კი მარტო რჩებოდა, ცრემლები ადგებოდა თვალებზე. ბალიშის ქვეშ დიმას ერთადერთი ფოტო ედო, ინტერნეტით გამოგზავნილი, რომელსაც ღამ-ღამობით გულში იხუტებდა.
თვითონაც უკვირდა საკუთარი თავის. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთ დღეში აღმოჩნდებოდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. თავს ვერ ერეოდა, მის გულში აფეთქებული გრძნობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა და მთლიანად შთანთქა და გააბრუა. ერთი სამსახურში თუ პოულობდა შვებას, საბანკო ფურცლებში გახვეული მცირე ხანს ეთიშებოდა სამყაროს, რომელიც მთლიანად დიმათი იყო მოცული...
ამასობაში ოჯახური სიტუაციაც შეიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ. დედა იძულებული გახდა, სახლი გაეყიდა და იმ ფულით საბერძნეთში წასულიყო, საშოვარზე. ლიკა სამსახურში ასე თუ ისე კარგად მოეწყო, დააწინაურეს და ბინის ქირის გადახდას და საკუთარი თავის მოვლას თავისუფლად ახერხებდა. ამიტომ ნინო დეიდა უფრო მშვიდად გაემგზავრა სალონიკში, ძველ მეგობართან, რომელიც ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა. წასვლის წინ ირინას დაუბარა, ლიკას მიმიხედეო და მერეც ყოველდღე რეკავდა შვილის ამბების გასაგებად.
ამ პერიოდში ირინაც დასცილდა ქმარს და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. მეგობრები ისევ ერთმანეთის ამარა დარჩნენ, ერთმანეთის იმედად...

* * *
ექვსი თვეც გავიდა. დიმას გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ მათ "გუნდს არ ერგებოდა მისი თამაშის სტილი" და ნირწამხდარი და იმედგაცრუებული გამოუშვეს უკან. ისეთი განადგურებული დაბრუნდა, არავისთვის არ გაუგებინებია, რომ თბილისში მოფრინავდა. ერთი კვირა მთელ ქვეყანას გამოეთიშა. ლიკა უიმედოდ ელოდა მის ზარს, რაიმე ცნობას მის შესახებ. ირინამ შემთხვევით გაიგო, გურამის ძველი მეგობრისგან, რომ დიმას წასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა და შინ დაბრუნებულიყო. ლიკასაც უამბო, თან დააყოლა, გაუგე, ახლა არავისი თავი არ ექნება, ცოტა გონს მოეგოსო... ეს უფრო ლიკას დასაწყნარებლად, თორემ დიმას ამ ჟესტმა თვითონ საშინლად გააცოფა.
ლიკა კვლავ დაეთანხმა, კვლავ აქვითინდა მარტო დარჩენილი და გულში ისევ გაამართლა საყვარელი ადამიანი...

ერთი კვირის თავზე დიმამ, როგორც იქნა, ინება და დაურეკა. ხმა გაბზარული ჰქონდა, იმედგაცრუებული. ლიკამ არაფერი შეიმჩნია, ისე შეეგება ყურმილში, როგორც გამარჯვებულ ადამიანს. ისეთი გახარებული იყო მისი ზარით, თავი მეცხრე ცაზე ეგონა. მისმა თბილმა შეხვედრამ დიმაც გამოაცოცხლა, გაახალისა, მიხვდა, ახლა სწორედ ეს სტიმული და ეს სიხარული სჭირდებოდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა... იმავე საღამოს ესტუმრა მარტო დარჩენილ ლიკას სახლში...
ლიკას ახლაც მისხალ-მისხალ ახსოვდა პირველი გიჟური ვნება, ორივე რომ ერთიანად ჩაითრია. მკერდზე, კისერზე, წელზე მისი ცხელი თითების შეხება იგრძნო და მთელი სხეული აეწვა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა... გონს მოეგო და დამნაშავესავით მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს ვინმემ რამეზე წაასწრო. ტრანსპორტში ყველა მშვიდად იჯდა, მგზავრები თავ-თავიანთ ფიქრებსა და პრობლემებს ჩაღრმავებოდნენ, ლიკას დარდი არავის ჰქონდა. ისევ ფანჯარაში გაიხედა და მოგონებებში გადაეშვა...
ირინას დიდხანს არ უმხელდა იმ ამბავს, რომ დიმასთან ასე დაახლოვდა და თანაც, მის სახლში. ეშინოდა, მეგობარს არ გაეკიცხა. არადა, დიმას გარეშე მართლა ვეღარ ძლებდა. თითქმის ყოველდღე, როგორც კი შებინდდებოდა, დიმა ჩუმად შეიპარებოდა ლიკას ნაქირავებ ბინაში. ორი საათი ისე ცხოვრობდნენ, როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი - ლიკა უმასპინძლდებოდა, ათასნაირ სასუსნავს ახვედრებდა, ეფერებოდა, ახალ ამბებს გულდაგულ გამოჰკითხავდა, ხან ტელევიზორს უყურებდნენ, მერე კი აუცილებლად ლოგინში ნებივრობით ამთავრებდნენ. ორ-სამ საათში დიმა ისევე უჩუმრად, ქურდივით გაიპარებოდა და სახლში ბრუნდებოდა, ბედნიერი და კმაყოფილი.
ერთ მშვენიერ დღეს "ბედნიერების პიკში" მყოფთ ირინა წაადგათ თავზე. იქვე ახლოს, გვერდით კორპუსში ყოფილიყო შემთხვევით სტუმრად და მეგობრის მოკითხვაც გადაწყვიტა. ლიკა ასეთ დროს მას არ ელოდა, ირინას ძირითადად უქმეებზე ხედავდა ხოლმე, ან შუა დღისას, შესვენებებზე ერთად თუ წაიხემსებდნენ სადმე კაფეში და იჭორავებდნენ. ირინა ყოველთვის დატვირთული გრაფიკით ცხოვრობდა - პროცესები, პატიმრები, ციხეები, საოჯახო საქმეები, ანუკას სკოლის ამბები და ა.შ.
რაოდენ დიდი იყო ირინას გაოგნება, როცა ლიკა ოთახში შეუძღვა და იქ ოჯახის უფროსივით მშვიდი და კმაყოფილი სახით წამოსკუპებული დიმა დახვდა. ლიკაც მოულოდნელობისგან დამუნჯებულიყო, კართანაც ვერ გააფრთხილა მეგობარი, თუ რა ელოდა...
დიმა კიდევ უფრო დაიბნა. წამოხტა და მისალმებაც ძლივს მოახერხა. უხერხულობისგან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ერთ ადგილას ირწეოდა. ირინაც გაოცებული და გაშტერებული უყურებდა. თუმცა უხერხულობის გასაფანტად ისევ მან მოძებნა გამოსავალი, ნაძალადევად გაუღიმა დიმას, მოიკითხა და ტელეფონთან მივიდა, სახლში დავრეკავ, ანუკას და მზიას გავაფრთხილებ, რომ აქ ვარ, არ ინერვიულონო.
სანამ ის ტელეფონზე ლაპარაკს უნდებოდა, დიმა გონს მოეგო, ლიკაც ცოტა დაწყნარდა. შეყვარებულს სასწრაფოდ მოუტანა ქურთუკი, ისიც ირინას ნაჩქარევად დაემშვიდობა, კართან ლიკაც უხერხულად გადაკოცნა და ჩუმად გაიძურწა.
ლიკა მხრებაწურული დაბრუნდა ოთახში, იცოდა, უსიამოვნო საუბარი ელოდა.

* * *
ირინას არც უცლია გონს მოსვლა, მაშინვე დაფეთებული ეცა:
- არ მითხრა, რომ დიმა აქ დიდი ხანია დადის...
ლიკამ თავი მორცხვად დახარა. ხმა ვერ ამოიღო.
- ჰმ, და მე ამდენ ხანს არ მითხარი... - სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან და ნერვიულად გააბოლა.
- ვიცოდი, რომ არ მომიწონებდი... - ლიკა მძიმედ დაეშვა სავარძელზე.
- ჩემი მოწონება რა შუაშია?.. დედაშენს რა უნდა უთხრა? - ნერვიულად ჩააფერფლა და განაგრძო, - უფრო სწორად, რა უნდა ვუთხრათ, პატიოსნად დაგტოვა მარტო, იმედიანად, შენ კი...
ლიკა ისევ დუმდა.
ირინამ ბოლთის ცემა დაიწყო.
- არა, ეს კაცები ყველანი დეგენერატები არიან... რამეს მაინც გპირდება? რა სტატუსით დადის?
ლიკას თვალებზე ცრემლები მოადგა.
- არაფერს არ მპირდება... რას მპირდება, ისიც კი არ უთქვამს ამდენი ხანი, რომ ვუყვარვარ, - ბოლო სიტყვის თქმაზე აქვითინდა.
ირინა კიდევ უფრო გადაირია.
- როგორ გეტყვის, პასუხისმგებლობას როგორ აიღებს საკუთარ თავზე? მაგას არ ურჩევნია, საყვარელივით იძრომიალოს აქ?.. რა ახვარი ყოფილა!
ნერვებმოშლილმა ახლა მაგიდასთან მდგარი სკამი გამოსწია და იმაზე ჩამოჯდა.
- ახლა არ მითხრა, რომ თავსაც არ იცავ?
ლიკამ ტირილ-ტირილ ამოთქვა:
- ყოველთვის არა...
- ლიკა, ნუ გამაგიჟე! - ლამის იყვირა ირინამ, - ჩემი მაგალითი არ არის საკმარისი შენთვის? რატომ ინგრევ ცხოვრებას, რატომ? ეგ მასე ივლის, რაკი ამდენ ხანს ვერ მოაბა თავი ვერაფერს და ბოლოს დაგტოვებს გაღიმებულს...
ლიკამ მავედრებელი თვალებით შეხედა.
- არა, ირ, ცოტაც და ვიცი, რომ რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდება ჩვენი ურთიერთობა, უბრალოდ, ასე მოხდა... ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებს, ვიცი, რომ მართლა ვუყვარვარ, უჩემოდ ვეღარ ძლებს ვერც ერთი დღე, მაგრამ უსიტყვოდ ურჩევნია, რომ ამას მივხვდე...
- როგორ გაძლებს უშენოდ, უფასოდ უშოვია ქალი, მყუდრო და თბილი კერა, - ირონიულად ჩაიცინა ირინამ.
- ნუ ხარ ასეთი დაუნდობელი, გეხვეწები, ისედაც გულზე ვსკდები, სერიოზულად რომ დავფიქრდები საკუთარ თავზე... ჩამითრია ამ ყველაფერმა და ვეღარ გამოვძვერი... - ლიკა წამოდგა, უჯრიდან ცხვირსახოცი ამოიღო და თვალები შეიმშრალა.
ირინა ცოტა მოლბა. ლიკას მიუახლოვდა, ხელები შემოხვია, ჩაეხუტა.
- კარგი, არ გეწყინოს, უბრალოდ, გავცოფდი, აქ ასე ნებიერად წამომჯდარი რომ დავინახე, არ მინდა, ვიღაცამ გამოგიყენოს და მერე... - თვითონაც ცრემლები მოაწვა თვალებზე, - ხო იცი, მე როგორ ვარ და როგორ ამერია ცხოვრება, ნუ ჩაიგდებ თავს ჩემს დღეში, გთხოვ.
...და თვითონაც გულიანად ატირდა.

* * *
ამ ამბის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, სანამ ერთ დღესაც ლიკამ შეშფოთებულმა არ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო...
დიდხანს ფიქრობდა, როგორ ეთქვა ახალი ამბავი დიმასთვის, თან ასეთ სიტუაციაში, როცა მათი ურთიერთობა აბსოლუტურად გაურკვეველ ფაზაში იყო შესული. დანამდვილებით იმასაც კი ვერ ამბობდა, თუნდაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, რომ დიმა მისი შეყვარებული იყო, მით უმეტეს, საქმრო.
გადაწყვიტა, რჩევა ისევ საუკეთესო მეგობრისთვის ეკითხა. ირინას რეაქცია შედარებით მშვიდი იყო. ლიკას გაუკვირდა კიდეც, იმდენად მშვიდი.
- ეჰ, ლიკ, მას მერე, რაც დიმა ვნახე შენთან წამოსკუპებული, უკვე ველოდი ამ ამბავს, - ღრმად ამოიოხრა ირინამ, როცა თავიანთ საყვარელ კაფეში ჭიქა ყავასთან ამცნო ლიკამ ახალი ამბავი.
მცირე ხანს ორივე დუმდა. ლიკას წაშლილი ჰქონდა სახე, სრულ გაუგებრობაში მოხვედრილიყო და აზრზეც ვერ მოდიოდა, რა უნდა ექნა. ირინა გამოსავლის ძიებაში ჩაფიქრდა, გონებას უხმო და ათასგვარი ვარიანტი გადახარშა უცებ თავში.
- მისმინე, ახლა ნერვიულობას და თავში ხელების რტყმას აზრი არ აქვს, რამე უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ... - საქმიანად წამოიწყო, - ჯერ ის მითხარი, დიმას საქციელიდან გამომდინარე, შენი აზრით, გაუხარდება ეს ამბავი?
ლიკა წამოწითლდა, თვალები აუწყლიანდა.
- ირ, მაგაში რომ ვიყო დარწმუნებული, რომ ეს ამბავი გაახარებს, როგორ ფიქრობ, პირველ რიგში მას არ ვეტყოდი?
- თუ საერთოდ ოდესმე ფიქრობს, რომ ცოლად მოგიყვანოს და თქვენს ურთიერთობებს სერიოზული სახე მისცეთ, ეს ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა და სწორედ ახლაა ამის დრო. იქნებ ახლა მოვიდეს გონს და დაფიქრდეს, გადაწყვეტილებაც მიიღოს?!
ლიკამ ისევ ამოიოხრა:
- შენი თქმის არ იყოს, აქამდე რომ სდომოდა რაიმეს გარკვევა, ამდენი ხანი გაარკვევდა... თან... თან... - აქ მცირე ხანს შეჩერდა და თავი ჩაღუნა.
- რა იყო, კიდევ რამე არ ვიცი? - ირინა ჩაეძია.
- ხო, არ იცი... - დამნაშავესავით შეხედა ლიკამ, - არც ისე დიდი ხნის წინ სერიოზული საუბარი გვქონდა, მე არ წამომიწყია ოღონდ... თვითონ მიამბო, როგორ ურიგებს დედამისი ვიღაც მდიდარ, ინტელიგენტურ ოჯახში გაზრდილ გოგოს...
- მოიცა, მოიცა, და მაგ დეგენერატმა ეს შენ გითხრა? - ირინას გაცოფებისგან თვალები ლამის გადმოსცვივდა.
- ჰო, შემომჩივლა...
- შემოგჩივლა კი არა, თადარიგი დაიჭირა, მერე რამე რომ იყოს, უკვე "გაიასნებული" მექნება საქმეო - მაგათი ენით რომ ვთქვათ... - სიგარეტის კოლოფი ნერვიულად გახსნა, ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა, - ყველანი ერთნაირები არიან, ათასი მომისმენია მასეთი ამბავი... არა, ისევ ჩემ თავზე ვბრაზობ, როგორ ვერ ამოვიცანი ეს ბიჭი, როგორ ვერ მივხვდი, ვინც იყო, რა ძალა მედგა, რომ გურამს ავყევი და გაგაცანი...
- კარგი რა, ირ, მე ვიყო შტერი, შენი რა ბრალია. თავიდანვე უნდა მივმხდარიყავი, რომ მასთან სერიოზული არაფერი გამოვიდოდა... ახლა, რაც უკეთ გავიცანი, დავრწმუნდი, რომ ნამდვილი დედიკოს ბიჭია. მის გარეშე ნაბიჯს არ დგამს... - ლიკამ კოვზის ტრიალი დაიწყო აკანკალებული თითებით, - იცი, ერთხელ ისიც წამოსცდა, რომ დედამისთან ჩემზე უთქვამს, ჯერ კიდევ კვიპროსში წასვლამდე. ეტყობა, გატაცებული რომ იყო და გახარებული, მასაც ახარა.
- მერე, რაო, ქალბატონმა?

- როგორც დიმას არეულ-დარეული ლაპარაკით გავიგე, დედამისს მისთვის უფრო შეძლებული და წესიერი ქალი უნდა.
- გოგო, რა გჭირს შენ უწესობის? - ირინა ისევ წამოენთო.
- ო, იმდენი ჩახლართული რაღაც არის აქ... - ლიკამ ირინას მზერა აარიდა და ისევ განაგრძო, - მე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, მარტოკა, მამა არ მყავს, დედაჩემი სადღაც არის გადახვეწილი, არც მდიდარი ვარ და არც ინტელიგენტურ ოჯახში გაზრდილი. გარდა ამისა, ჩვენ ერთმანეთი გურამმა გაგვაცნო, რომელიც დედამისისთვის ყოველთვის არეული ცხოვრების და მის შვილზე ცუდი გავლენის მოხდენის საშიშროების სიმბოლოა, და კიდევ... - აქ ლიკა გაჩერდა.
ირინას ირონიულად გაეღიმა და თავადვე განაგრძო:
- და კიდევ, ჩემი დაქალი ხარ. მე კი, მით უმეტეს, დიმას დედის თვალში, თუ მასეთი მენტალობა აქვს, ვიქნები ჩამოყალიბებული ბოზი, რომელიც უცხოეთში წავიდა, ზანგისგან დაორსულდა, მერე გურამისნაირ ნარკომანს გადაეკიდა... გასაგებია, ლიკა, ნუღარ გააგრძელებ. თუ დედამისი ასე ფიქრობს და თუ დიმა დედის კალთას ასე არის მიბმული, მაშინ შანსი არ ყოფილა არაფრის... კაცებს ისედაც უჭირთ დამოუკიდებლად მსგავსი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, შენს შემთხვევაში კი კიდევ უფრო უარესად ყოფილა საქმე...
ისევ დუმილი ჩამოწვა, რომელიც რამდენიმე წუთში კვლავ ირინამ დაარღვია:
- თუ გინდა დაგენაძლევები, ახლა რასაც იზამს... თუ ეტყვი, რომ ორსულად ხარ, ყველანაირად გაიძულებს, რომ მოიშორო, თან დაგპირდება, ამით ჩვენი ურთიერთობა არ დასრულდება, უბრალოდ, ახლა ჯერ ადრეაო... მერე თანდათან იშვიათად მოგაკითხავს, მერე მხოლოდ რამდენჯერმე დაგირეკავს, ბოლოს სულ დაიკარგება...
ლიკამ ამოიოხრა... სიმართლე მეტისმეტად მწარე იყო.
- მერე კიდევ იცი რა იქნება? - და თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას, - დედიკოს მიერ შერჩეულ ცოლს მოიყვანს, ოჯახს შექმნის და მაშინ გააცნობიერებს, რომ შენ მეტი მართლა არავინ ჰყვარებია, რომ შენ მისთვის ერთადერთი ქალი ხარ... დაგიახლოვდება, მუხლებზე დამხობილი გთხოვს შერიგებას და ისევ ასე, შებინდებულზე შემოიძურწება ხოლმე შენს სახლში, უკვე "ლეგალური" საყვარლის სტატუსით, ღამით კი თავის ცოლთან დაბრუნდება და ვალმოხდილი, ბედნიერი და კმაყოფილი განაგრძობს ცხოვრებას... აი, ყოველივე ამის შედეგად დაზარალებული, უბედური და თავმოყვარეობაშელახული ვინ დარჩება, მაგის გამოცნობას დიდი ნიჭი არ სჭირდება...
ლიკას თვალზე კურცხალი ჩამოუგორდა:
- ვინ და... მე.
- რასაკვირველია, შენ... ასე რომ, კარგად დაფიქრდი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. მე შენს პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევი და ვერ გეტყვი, ასე და ასე მოიქეცი-მეთქი, მე შემიძლია გირჩიო და ჩემი ვარაუდები გამოვთქვა. საკუთარი არჩევანი მე უკვე გავაკეთე და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება დავინგრიე, მაინც ბედნიერი ვარ, რომ შვილი მყავს და საყვარელი საქმეც მაქვს. მაინც არ ვნანობ, რომ ყველაფერი ასე მოხდა... შენ შენი არჩევანი გელის ახლა წინ და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი, რაც გითხარი, არ გამართლდება, დიმა უფრო ღირსეული ადამიანი აღმოჩნდება და მხარში ამოგიდგება...
- ღმერთმა გისმინოს, - ჩაიჩურჩულა ლიკამ და თვალებზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა.
გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი
8275
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ket
0
არ ხსნის
17:12 / 12-02-2015
მზია
0
რატო არ ხსნის?
16:45 / 12-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```