მამა, რომელსაც დაქორწინების დღიდან მეორე ოჯახი ჰქონდა და ტყუილში მცხოვრები ცოლ-ქმარი
მამა, რომელსაც დაქორწინების დღიდან მეორე ოჯახი ჰქონდა და ტყუილში მცხოვრები ცოლ-ქმარი
"მთვარის შვილი" - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ მეექვსე ნაწილი
* * *
სამწუხაროდ, რეალობა მართლაც მწარეა უმეტესწილად და ირინას წინასწარმეტყველება თითქმის ზუსტად ახდა.
დიმამ ახალი ამბავი რომ გაიგო, ისე შეშინდა და თითქოს დაპატარავდა კიდეც ერთ წამში მოულოდნელობისგან, ლიკას უფრო შეეცოდა, ვიდრე გაბრაზდა მასზე. იმ წუთას ისიც კი ვერ უთხრა, რა შეიძლებოდა მოემოქმედათ, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, თითქოს სხვისი საყვარელი ქალისა და სხვისი მომავალი შვილის ბედს წყვეტდა. ამის მერე არავინ იცის,
მის "მოფიქრებაში" ჩაერია თუ არა დედამისი, მაგრამ ორ დღეში განადგურებული სახით მიადგა ლიკას და თითქმის სიტყვა-სიტყვით უთხრა ის ყველაფერი, რაც ირინამ ივარაუდა. ერთი ის იყო განსხვავება, რომ სიყვარულით დაბრმავებულ ლიკას მაინც იმედის ნაპერწკალი გაუჩინა დიმას მონოლოგმა, განსაკუთრებით საფინალო ნაწილმა, "ჯერ ადრეა, ყველაფერი წინ გვაქვს და მერე გავაჩინოთ შვილებიო". წყალწაღებულივით მოეჭიდა ამ ჰაერში გაფანტულ დაპირებას, მეორე დღეს კი დიმასთან ერთადვე, მის მიერ შერჩეულ (ან იქნებ დედამისის?) კერძო კლინიკაში გამოემშვიდობა თავისი პირველი სიყვარულის პირველ ნაყოფს.
კლინიკიდან გამოსული, გათეთრებული და ქანცგამოლეული, შიშისგან ასევე გაფითრებულ და კურდღელივით შეშინებულ დიმას მხარზე მიეყრდნო და გულამოსკვნილი ატირდა. თუმცა მომავლის იმედი არ გაჰქრობოდა, მით უმეტეს, რომ საყვარელი ადამიანი ჯერ კიდევ გვერდით
ჰყავდა...
იმ საღამოს დიმა შინ არ გაძურწულა, დილამდე მასთან დარჩა... მთელი ღამე ეფერებოდა, გულში იხუტებდა, სასიყვარულო და მანუგეშებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა. მხოლოდ მერე მიხვდა ლიკა, რომ ასე ემშვიდობებოდა... თავის საყვარელ ქალს ემშვიდობებოდა, რომელიც მართლა გიჟურად უყვარდა, მაგრამ ცხოვრება და რეალობა ამ სიყვარულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა...
დილას ლიკამ ალერსიანად და სიყვარულით სავსე თვალებით გააცილა დიმა. ისიც, წავიდა და წავიდა. ერთი კვირა არ გამოჩენილა, მხოლოდ ორჯერ დაურეკა, ძალიან ყალბი ხმით მოიკითხა და საქმეები მოიმიზეზა. მეორე კვირაც რომ დადგა და დიმას "საქმეები" არ დამთავრდა, ლიკა მიხვდა, რომ მწარედ შეცდა. მიხვდა, რომ მთელ მსოფლიოში მიმოფანტული უამრავი ქალის ბედი გაიზიარა და მორიგი უსუსური მამაკაცის მსხვერპლი გახდა. ისღა დარჩენოდა, ისევ მეგობრის მხარზე ექვითინა. ირინას მეტი ამქვეყნად თითქოს აღარავინ ჰყავდა. დედა ისე შორს იყო, მასთან თავის უიღბლობაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა. კაცმა რომ თქვას, ერთადაც რომ ცხოვრობდნენ, მაშინაც ვერ ახერხებდა დედასთან მეგობრობას, ვერ იყო მასთან გულახდილი. დედას არასდროს არაფერი მოუკლია მისთვის, რაც კი ლიკას უნდოდა, ყველაფერს უსრულებდა, მუდამ მხარში ედგა, წელებზე ფეხს იდგამდა, უზრუნველყოფილი რომ ჰყოლოდა, მაგრამ ლიკას მასში მუდამ მეტის დანახვა უნდოდა. დედაში მეგობარს და აზრების გამზიარებელს ეძებდა, რჩევის მომცემს. დედას კი ამისთვის არასდროს არ ეცალა, ან უბრალოდ, არ შეეძლო, სხვანაირი ადამიანი იყო. ქმართანაც არ ჰქონდა "გრძნობისმიერი" ურთიერთობა. თითქოს ჩვევის გამო ცხოვრობდნენ ერთად. ლიკას არასდროს სჯეროდა, რომ მისი მშობლები სიყვარულით შეუღლდნენ. დინებას უფრო მიჰყვებოდნენ. მშვიდად, ჰარმონიულად, წყნარად, მოწესრიგებულად და მოზომილად ცხოვრობდნენ, მაგრამ ემოციებისა და სიყვარულის, ურთიერთგაგების გარეშე.
დედა გულდახურული იყო, საკუთარი ემოციების გამოხატვა, გულისხმიერი საუბარი არ ახასიათებდა. უფრო მოწყენილი და ცოტათი ცივიც კი ეჩვენებოდა შვილს და ხშირად ეცოდებოდა კიდეც.
მამას წლების განმავლობაში ორმაგი ცხოვრება ჰქონდა - ლიკამ მხოლოდ მოგვიანებით, ცოტა წამოზრდილმა ერთ-ერთი თანაკლასელისგან გაიგო, რომ თითქმის შეუღლების დღიდან სხვა ქალთანაც დადიოდა და უფრო მეტიც - მასთანაც ჰყავდა შვილი. ლიკასთვის, მაშინ 14-15 წლის ასაკში მყოფი გოგონასთვის, ეს იმდენად მტკივნეული სიახლე აღმოჩნდა, ნერვები ვერ მოთოკა, გაგულისებული და გაცოფებული მივარდა სახლში და დედას საშინელი ისტერიკის სცენა მოუწყო, მამა ამდენი ხანია გატყუებს და რატომ არაფერს იღონებო. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა დედამ მშვიდად უპასუხა, ყველაფერი ვიციო და გოგონასთვის კიდევ მეტად გასაოგნებლად ისიც დასძინა, მამაკაცების ნახევარზე მეტი ასე ცხოვრობს და მაგის გამო ოჯახს ვერ დავანგრევო. ამ საუბარმა დედა-შვილს შორის დისტანცია კიდევ უფრო გაზარდა.
ლიკა ირინას დაუახლოვდა და მას შეაფარა თითქოს თავი - ირინასთან ყველაფერზე შეეძლო საუბარი, მეგობარი ყოველთვის კარგ რჩევას აძლევდა. დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა, მშვიდი, წყნარი, მაგრამ ეს ის არ იყო, რას მას უნდოდა.
რაც შეეხება მამას, მასთან ამ თემაზე არც ულაპარაკია. მასთანაც არასდროს ყოფილა ძალიან ახლოს, მამა ყოველთვის თავის საქმეებში და თურმე, მეორე ოჯახშიც ყოფილა ჩართული. რაღას მოსთხოვდა?! ნახევარძმის თუ ნახევარდის გაცნობის სურვილიც არ გასჩენია. არც სქესით დაინტერესებულა ოდესმე. მხოლოდ ერთხელ, ისიც მისი ნების გარეშე, მოხდა მისი და მისი "მამის შვილის" გაცნობა.
როდესაც მამა გარდაიცვალა, მის პანაშვიდებზე უამრავი ადამიანი მოდიოდა, რამდენჯერმე მისი "მეორე ქალიც" იყო, რომელიც ლიკას დედაზე უფრო გულამოსკვნილი ტიროდა და მეტად განადგურებული სახეც კი ჰქონდა. მის სახეზე ლიკამ ამოიკითხა, რომ მას ნამდვილად უყვარდა მამამისი და იქნებ მასთან უფრო ბედნიერადაც კი გრძნობდა თავს, ვიდრე კანონიერ ცოლთან... როგორც მერე გაირკვა, შვილიც დადიოდა პანაშვიდებზე, თუმცა ლიკას ვერავინ შეჰბედა რაიმეს თქმა. გასვენების დღეს კი ერთმა მეტიჩარა ნათესავმა მოინდომა "ჭეშმარიტების აღდგენა" და ერთი მამის შვილების, ერთი სისხლის მქონე ადამიანების ერთმანეთისთვის წარდგენა. ასე გაიცნო, სპონტანურად და უცნაურად ლიკამ თავისი უმცროსი და - მაშინ 15 წლის გოგონა, რომლის სახელი არც კი დაუმახსოვრებია. იმ გაცნობის შემდეგაც აღარ დაინტერესებულა მისით. რატომღაც "სისხლის ყივილი" არ ჰქონია, არ გასჩენია ნათესაური განცდები ამ გოგონას მიმართ, რომელთანაც მამამისი მთელი ცხოვრება ანაწილებდა გრძნობებსა და ემოციებს, იმ გრძნობებს და ემოციებს, რაც ლიკას ეგონა, რომ მთლიანად მას ეკუთვნოდა და მას მოაკლეს...
ამ ყველაფრის ფონზე მშობლები კიდევ უფრო უცხოები გახდნენ მისთვის. ლიკა მთლიანად ირინას მიეწება. მერე კი, როცა ორივე დაქალდა, სხვა ათასი პრობლემა და სადარდებელი გაუჩნდათ, როცა ირინა მშობლებმა საერთოდაც უარყვეს "ცხოვრებისეული შეცდომების" გამო, როცა ლიკას მამა გარდაეცვალა, დედა კი საზღვარგარეთ წავიდა, ერთმანეთის ამარა დარჩნენ, მეტად ჩაეჭიდნენ ერთმანეთს და დედმამიშვილიც შეუცვალეს და მშობელიც.
...ახლაც დედასავით მიეფერა მეგობარი და გულიანად იქვითინა მასთან ერთად. საყვედური არც კი დასცდენია, ეს ლიკას არჩევანი იყო, მისი ცხოვრება. მასთან ერთად გამოიტირა ლიკას გაცრუებული სიყვარული და მისი დაკარგული შვილი, მასთან ერთადვე საიდუმლოდ შეინახა ეს ამბავი.

* * *
დიმა ცოტა ხანს კიდევ რეკავდა, თუმცა ლიკა მის ზარებს აღარ პასუხობდა. დიმამაც ალბათ გული დაიწყნარა, აღარ სჭირდებოდა მხოლოდ ვალდებულების მიზნით მასთან საუბარი და საკუთარი თავის ტანჯვაც. თანდათან ლიკაც დაწყნარდა, დამშვიდდა, მერე კი, ყველაფერი რომ გააანალიზა, მოიფიქრა, რომ ასე უთქმელად და პასუხის მოუკითხავადაც არ შეიძლებოდა დიმა "გაეშვა". უნდოდა, სახეში შეეხედა და ცოტათი მაინც შეერცხვინა მისი საქციელის გამო. თუნდაც გული მოეფხანა, ოდესმე მაინც ხომ უნდა მდგარიყო თავის ადგილზე და ასე სულელურად არ დანებებოდა მის ნებასურვილს.
ცოტაც რომ იფიქრა, მიხვდა, პირისპირ საუბარს მაინც ვერ შეძლებდა - თვალებში რომ ჩახედავდა, ან ტირილი აუვარდებოდა და ვეღარაფერს ეტყოდა, ან შეიძლება კიდევ ერთხელ ეპატიებინა... ამიტომ საბოლოოდ გადაწყვიტა, წერილი დაეწერა და დიმასთვის გადაეცა. წერილობით უფრო კარგად ჩამოაყალიბებდა საკუთარ აზრებს, გულისტკივილს... ლაპარაკის დროს შეიძლებოდა რაღაც გამორჩენოდა, ის, რაზეც ამდენ ხანს ფიქრობდა და ალაგებდა თავში. უნდოდა, მთლიანად გამოეთქვა საკუთარი გულისტკივილი, დაცლილიყო...
მთელი ღამე წერდა. როგორც იქნა, დაწერა ის, რაც უნდოდა და როგორც უნდოდა. რამდენჯერმე გადაიკითხა, საკუთარი ცრემლებიც მიაყოლა თან. მერე კონვერტში ჩადო და დილას, უკვე დამშვიდებულმა და ემოციებისგან დაცლილმა, დიმას ნომერი აკრიფა.
ძალიან შეშფოთებული და შემცბარი ხმით უპასუხა. აშკარად აღარ ელოდა მის ზარს. ლიკამ ყველანაირად სცადა, ნერვები მოეთოკა და ცივად ელაპარაკა. ორი სიტყვით უთხრა, შენი ნახვა მინდა და იქნებ ამ დღეებში შემხვდეო. დიმაც მიკიბულ-მოკიბულად დაჰპირდა, შეგეხმიანებიო. ლიკას ეგონა, შეიძლება აღარც დამირეკოს და ყველანაირად აარიდოს თავი მორიგ შეხვედრასო, ესეც არ იყო გასაკვირი უკვე მისგან. მაგრამ მისთვის მოულოდნელად, მეორე დღეს, დილასვე დარეკა ზარმა.
უფრო მობილიზებული და მშვიდი ხმა ჰქონდა:
- ლიკა, მე ვარ... გუშინდელთან დაკავშირებით...
- ჰო, მოიფიქრე? - მოკლედ და ცივად მოუჭრა ლიკამ. მამაცურად თამაშობდა "მაგარ" და "უემოციო" ქალს.
- დღეს გცალია?
- კი, რასაკვირველია.
- მაშინ, იქნებ დღეს ჩემთან ამოხვიდე, სახლში.
ლიკა ყველაფერს ელოდა, მაგრამ არა ასეთ პასუხს. სულ დაიბნა. სახლში დიმას არასდროს მიუპატიჟია. ვერაფრით გააცნობიერა, რატომ იხმობდა შინ. მოულოდნელობისგან შეკითხვის შებრუნებაც ვერ მოახერხა. დაბნეულივე დათანხმდა, კარგიო.
ყურმილი რომ დაკიდა, თავში აერ-დაერია ყველაფერი. ნუთუ იმიტომ დაპატიჟა შინ, რომ ბოლოს და ბოლოს დადგა ის ნანატრი დრო, როცა მშობლებისთვის უნდა წარედგინა საყვარელი ქალი? ნუთუ ბევრი ფიქრის შემდეგ დიმამ გადაწყვიტა, რომ ლიკას გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო და მისთვის ბრძოლაც გაბედა? იქნებ დედაც დაითანხმა?! მაშ სახლში რატომ იწვევს? სადმე გარეთ შეხვდებოდნენ ერთმანეთს... "ნეიტრალურ ტერიტორიაზე"... მაგრამ უკვე გაფუჭებულ საქმეს რა ეშველება? იმ პაწიას, რომელიც მის მუცელში ჩასახლდა და ასე სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე, ვიღა უშველის? არა, არა, ახლა კიდევ ახალ პაწიებს გააჩენენ, ბედნიერად იცხოვრებენ, გამოისყიდიან ამ დიდ დანაშაულს, სიყვარულით და ურთიერთგაგებით...
ლიკას საოცარი იმედი მიეცა. თვალებში უწინდელი სხივი ჩაუდგა. სარკის წინ დატრიალდა ბედნიერი, კარადიდან ორი თვის წინ დიმას მიერ ნაყიდი კაბა გადმოიღო, სწრაფად გადაიცვა. ფერფლისფერი თმა გაიშალა, სულ ცოტა ფერუმარილი წაისვა ლოყებზე, მაღალ ქუსლებზე შედგა... ირინას მოკლე მესიჯი გაუგზავნა: "ირ, მგონი რაღაც მნიშვნელოვანს გეტყვი ამ საღამოს, ამჯერად არა უსიამოვნოს:)". მეგობრის პასუხს აღარ დალოდებია, ტელეფონი გამორთო, რომ არავის არ შეეწუხებინა ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისას და ლამის ფრენა-ფრენით გავიდა შინიდან.

...კარი დიმამ გააღო. გამხდარი და ფერმკრთალი მოეჩვენა, თვალებიც ჩამქრალი ჰქონდა თითქოს. ლიკას დანახვაზე სახე ოდნავ გაუნათდა:
- რა ლამაზი ხარ... როგორც ყოველთვის, - და ინსტინქტურად, ისე როგორც ყოველთვის, მის საკოცნელად გაიწია. ლიკასაც ამ ჟესტმა კიდევ მეტი იმედი ჩაუსახა, თუმცა დიმა უცებვე მოეგო გონს. ლიკას აღარ შეხებია, ისე შეყოვნდა, სახე კვლავ ცივი გაუხდა, თვალები ჩაუქრა და მშვიდად თქვა:
- შემოდი, შემოდი.
ლიკას გული ამოვარდნაზე ჰქონდა ნერვიულობისგან. ელოდა, რომ შინ მთელი ოჯახი დახვდებოდა. მათზე კარგი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, დიმას მიერ მის შესანარჩუნებლად დაწყებული ბრძოლა (როგორც თვითონ წარმოიდგინა), მასაც უნდა გაეგრძელებინა... საკუთარი სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის ებრძოლა. თუნდაც ახლა, ძალიან გვიან, როცა მისი პაწია ჯერარდაბადებული არსება უკვე მსხვერპლად შეეწირა ამ მოლოდინს... მაგრამ...
ჯერ დერეფანი გაიარა, მერე სასტუმრო ოთახში შევიდა და ვერსად ვერავის მოჰკრა თვალი. არც საიდანმე ისმოდა ვინმეს ხმა. შინ აშკარად მხოლოდ დიმა იყო.
გაკვირვებულმა მოათვალიერა ცარიელი ოთახი.
- შენები არ არიან სახლში?
დიმამ კიდევ მეტად გაკვირვებულმა უპასუხა:
- შინ რომ ყოფილიყვნენ, აქ ხომ არ დაგიბარებდი?!
ლიკას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. ერთ წუთში გაიყინა და გაშეშდა. ყველა იმედი ერთბაშად გაუცრუეს და ძლივს შეკოწიწებული ოცნების ერთადერთი კოშკიც დაუნდობლად დაუნგრიეს.
- ჰო, რასაკვირველია, მაგ შემთხვევაში შინ არ დამიბარებდი, - თვალებჩამქრალმა ჩამარცვლა ეს სიტყვები, - მე რა გამოსაჩენი ვარ...
- ნუ მტკენ გულს, - დიმამ სიტყვა შეაწყვეტინა.
ლიკას დამცინავი გაუხდა მზერა:
- კიდევ მე გტკენ გულს?
დიმა უხერხულად შეიშმუშნა. სცადა ლაპარაკის თემა შეეცვალა.
- გინდა, ყავაზე დაგპატიჟებ, სავარძელში დაჯექი, თავისუფლად იგრძენი თავი... ჩემები სოფელში წავიდნენ ერთი კვირით და მარტო ვარ.
ლიკას დამცინავი ღიმილი არ მოსცილებია სახიდან. მაგიდასთან მიდგმული სკამი გამოსწია და ჩამოჯდა.
- სავარძელზე დაჯდომა არ მინდა, არ აიწეწოს და ჩემი კვალი არ დარჩეს... არც ყავის მომზადება ღირს...
- არ გინდა, რა, - დიმა თითქმის შეეხვეწა.
ლიკამ იგრძნო, როგორ უცებ გაუცივდა გული ამ ადამიანის მიმართ, თითქოს ძალაც შეემატა და შეეძლო სრული სიმშვიდით მჯდარიყო, ემოციების გარეშე აღექვა მისი ყოველი სიტყვა და ნაბიჯი. ოთახი შემფასებლური თვალით, გამომწვევად მოათვალიერა, თუმცა ეს დიმას დასანახად უფრო გააკეთა, სინამდვილეში ვერაფერი დაინახა და არც აინტერესებდა, რა იყო გარშემო... ნივთები არასდროს იქცევდა მის ყურადღებას, მით უმეტეს, ახლა არ უღირდა ისინი არაფრად. თუმცა ოთახში შესვლისთანავე ის კი გააცნობიერა, რომ ამ სახლში ნივთებს გაცილებით მეტ პატივს სცემდნენ... ადამიანურ ფასეულობებზე მეტადაც კი...
დიმა კართან იდგა უხერხულად, ვერც გადიოდა, ვერც შემოდიოდა. ლიკას მორიგ სიტყვას ელოდა, იმ წამებში მასზე გახდა დამოკიდებული, დედოფლის ბრძანების მოლოდინში გაქვავებულ საჭურისს დამსგავსებოდა. ასეთი უემოციო, ამაყი და თამამი არასდროს ახსოვდა "ნაზი და თბილი" ლიკა. მის მიმართ საკუთარი დანაშაულის გრძნობაც ჯერ კიდევ არ ასვენებდა და ეს ყველაფერი მთლიანად ანადგურებდა...
- კარგი, შენთან შეხვედრა მინდოდა და შეგხვდი, - ამ სიტყვების თქმისას ლიკა ჩანთას დასწვდა, შიგნით დაიწყო ნერვიულად ხელების ფათური, - წერილი დავწერე... შეიძლება ძალიან სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ ასეთი ვარ, რა ვქნა... - კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო, - მე რომ წავალ, მერე წაიკითხე... რა თქმა უნდა, პასუხს არ ველი და ნურც შეწუხდები ამის გამო... უბრალოდ, წაიკითხე და ამით დასრულდება, აღარ შეგაწუხებ მეტად.
- ლიკა, ძალიან გთხოვ, ნუ...
ლიკამ აღარ დააცადა გაგრძელება. ჩანთა დახურა და სწრაფად ადგა.
- აღარ გვინდა, გთხოვ... შენთან სალაპარაკო მართლა აღარაფერი მაქვს!
კარისკენ გავიდა. დიმა გვერდზე გადგა, გზა დაუთმო. კართან მისული ლიკა მკვეთრად მოტრიალდა:
- არა, მაინც ვერ გავიგე, სახლში რატომ დამიბარე?..
დიმამ კიდევ უფრო შემცბარი სახე მიიღო, თვალები იატაკს ჩააშტერა.
- გეგონა, შესარიგებლად მოვდიოდი და ისევ ლოგინში ჩაგიგორდებოდი, თანაც შენს სახლში?
დიმა წამოწითლდა, შუბლი აუცვარდა... ლიკა მიხვდა, რომ იმ წუთას საერთოდ შეზიზღდა ეს ადამიანი, უფრო სწორად, გულგრილი გახდა მის მიმართ... სიტყვაც აღარ დაუძრავს. კარი გამოიკეტა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები.

როგორც კი გარეთ გამოვიდა, სუფთა ჰაერი და თქეშად მომავალი წვიმა იგრძნო სახეზე, მისი კარგად გათამაშებული უემოციო ქალის როლიც თითქოს წვიმის წვეთებს გაჰყვა. თვალები ცრემლებით აევსო, სახეზე ხელები აიფარა და მწარედ აქვითინდა.
ქუჩაში კანტი-კუნტად დადიოდნენ ადამიანები, მანქანები აქეთ-იქით აშხეფებდნენ გუბეებიდან წვიმის წყალს, უკვე დაბინდებულიყო... ლიკა ვერაფერს ხედავდა გარშემო. მისთვის სრული უკუნი დადგა, სულშიც, გულშიც, სხეულშიც და მის გარეთაც. იმედგაცრუებული, განადგურებული, შეურაცხყოფილი მიიკვლევდა გზას, აქა-იქ გუბეებშიც დგებოდა ისე, რომ ვერ ამჩნევდა. კაბა ზედ შემოტმასვნოდა, დასველებოდა და ატალახებოდა, სველი თმა სახეზე ჩამოშლოდა, ფეხებზეც ტალახის წვეთები ჰქონდა შესხმული - თუმცა ვერაფერს ამჩნევდა. მისთვის ყველაფერი დასრულდა. ბედნიერებისკენ მიმავალი გზა უფრო ეკლიანი და სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. სიყვარული კი სულაც არაფერი ყოფილა. სულაც არ ჰქონია ისეთი ძალა, როგორც აქამდე ეგონა. ყოველ შემთხვევაში, მისმა სიყვარულმა ვერ გაუძლო გამოცდებს და ერთ წუთში ჩამოიმსხვრა.
როგორ მივიდა სახლამდე, თვითონაც ვერ მიხვდა. უფრო ინსტინქტურად დგამდა ნაბიჯებს, ვიდრე გამიზნულად. სახლის კარი რომ გააღო, უკვე ქანცგამოლეული და გათანგული იყო. სააბაზანოში შესვლის თავიც კი არ ჰქონდა. სარკეში საკუთარ განადგურებულ ანარეკლს შეხედა, კიდევ უფრო გულმოკლული აქვითინდა. ფეხსაცმელები შესასვლელშივე დაყარა, კაბა გაცოფებულმა გაიძრო და სანაგვეში მოისროლა. სველი საცვლები საძინებლამდე მისასვლელ გზაზე გაიძრო და სრულიად შიშველი, უსუსური წიწილასავით გაწუწული ლოგინზე დაემხო. ისე გაითიშა, იმის მერე აღარც ახსოვდა არაფერი...

დილას კი, ირინა ესტუმრა შინ და დიმას გარდაცვალების ამბავი ამცნო. ისე შეაშინა ამ ცნობამ, ირინას ვერც კი გაუმხილა, რომ წინა საღამოს დიმას ეწვია თავისი წერილით. ეგონა, სწორედ მისმა წერილმა აიძულა დიმა, თავი მოეკლა. სინდისი ქენჯნიდა და კიდევ უარესად დაითრგუნა. სოფელში წასვლა გაქცევას უფრო ჰგავდა, ვიდრე გულის გადასაყოლებლად გამგზავრებას. ოღონდ ვის ან რას გაურბოდა, საკუთარ თავს, დიმას აჩრდილს, დანაშაულის განცდას თუ არეულ ცხოვრებას, ეგ არ იცოდა...
ღრმა ფიქრებიდან სამარშრუტო ტაქსის მკვეთრი დამუხრუჭების ხმამ გამოაღვიძა. დანიშნულების ადგილას უკვე ჩასულიყვნენ. მგზავრები აწრიალდნენ, თავიანთ ბარგს დასწვდნენ, ლიკამაც აიღო თავისი სპორტული ჩანთა, მანქანიდან გადავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. საყვარელ სოფელში ისევ ისეთი ჯანსაღი და სასიამოვნო ჰაერი იყო, ისეთივე მშვიდი გარემო სუფევდა, როგორც წლების წინ. თავი ისევ ბავშვად იგრძნო, ბედნიერად და ლაღად, როცა არაფერი აწუხებდა ამქვეყნად და ოდნავ უფრო შემსუბუქებული შეუდგა სოფლის შარას, ბებოს სახლისაკენ.
გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი
8566
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ინნა
0
ძალიან კარგი და საინტერესოა, მაგრამ უფრო სწრაფი ტემპით არ შეიძლება?
22:43 / 12-02-2015
nuk
0
ავტორი ვინ არის??
20:30 / 12-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```