საზარელი შეთქმულება - რატომ გააშვილა ბებიამ ახალშობილი (რომანის გაგრძელება)
საზარელი შეთქმულება - რატომ გააშვილა ბებიამ ახალშობილი (რომანის გაგრძელება)
"მთვარის შვილი" - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ მეშვიდე ნაწილი

* * *
დილას ირინა მობილურის ხმამ გამოაღვიძა. ანუკა უკვე წაეყვანა მზიას სკოლაში და სრულ სიწყნარეში ცოტა მეტ ხანს დაეძინა, ვიდრე ჩვეულებრივ. დილიდანვე არ ჰქონდა დაგეგმილი დღე, მხოლოდ საღამოს აპირებდა მნიშვნელოვან შეხვედრას და ცოტა თავისუფალი დრო ძილს დაუთმო... მობილურს თვალდახუჭული დასწვდა. ელოდა, რომ ლიკას მესიჯი იქნებოდა, უკვე სოფლიდან მოწერილი. თუმცა სრულიად უცხო ნომერი იყო დაფიქსირებული ეკრანზე და უცნაური ტექსტი: "დილა
მშვიდობისა, მშვენიერო არსებავ! არ მინდა, ძილი დაგიფრთხო... უცებ საოცრად მომინდა შენთან დალაპარაკება და თავი ვეღარ შევიკავე..." მოულოდნელობისგან უცებ გამოფხიზლდა. კარგა ხანია, ასეთი ტექსტი არავისგან მოუსმენია. თან უცხო ნომერი, ანონიმი "ავტორი"... "უჰ, ალბათ ვიღაცას ნომერი შეეშალა, რას დავპანიკდი ნეტავ... სულელი ხარ, ირინა, სულელი!" ბოლომდე გაფიქრებულიც არ ჰქონდა, რომ ისევ დაიწკარუნა ტელეფონმა. ისევ იგივე ნომერი და ტექსტი: "მაპატიე, დაბნეულობისგან დამავიწყდა ბოლოში მიმეწერა. ზურა ვარ, შენი კლასელი, კაფეში შევხვდით წინა დღეს, ჩემდა სასიხარულოდ... იმედია, არ გამიბრაზდები ამ თავხედობისთვის".
გაოგნებისგან კიდევ მეტად დააღო პირი. იმდენად ბევრი ბოდიში და თბილი სიტყვა იყო, გაბრაზება არც უფიქრია, პირიქით, ესიამოვნა კიდეც. იმ დღეს, კაფეში რომ შეხვდა ზურა მას და ლიკას, კი
მიხვდა, რომ პირველი უიმედო სიყვარული, რომლის გამოც სკოლაში ბევრი ცრემლი უღვრია და რომელიც მაშინ "პუტკუნა ირინას" ვერც კი ამჩნევდა, ამჯერად მის ხიბლს ვერ გაექცა, მაგრამ არც კი უფიქრია, რომ ამ შეხვედრას გაგრძელება მოჰყვებოდა. კაცმა რომ თქვას, არც სურდა, ეს "გაგრძელება". მამაკაცებმა საკმარისად ატკინეს გული ცხოვრებაში, გარდა ამისა, პირველ სიყვარულთან და იმ "კომპლექსებიან, პუტკუნა" ირინასთან დაბრუნების პერსპექტივაც არ ხიბლავდა. არც ის კმაროდა ქათინაურად, რომ მამაკაცი, რომელიც ერთ დროს არაფრად აგდებდა, ახლა მისი "ცვლილებით" მოხიბლული მის ფერხთით დაეცემოდა... მაგრამ ქალი იყო და როგორც ნებისმიერ ქალს, მამაკაცის საამურმა სიტყვებმა გული მოუფონა. ბევრი იფიქრა, თუ ცოტა იფიქრა, პასუხიც გაუგზავნა: "ძალიან ვეცადე, და არ გიბრაზდები თავხედობისთვის. თანაც, უკვე გაღვიძების დრო იყო, ასე რომ, მადლიერიც კი ვარ შენი დილის მესიჯების". მის პასუხს აშკარად ფრთაშესხმული ზურას პასუხის პასუხიც მოჰყვა: "მაშინ კიდევ უფრო გავთავხედდები და თუ ჯერ არ გისაუზმია, იმ კაფეში გთავაზობ საუზმობას, სადაც ჩემდა სასიხარულოდ და მოულოდნელად გამომეცხადე"...
ისე აჰყვა ირინა ამ უცაბედ გატაცებას, აზრზეც ვერ მოვიდა. რომ გამოფხიზლდა, უკვე კაფეში იჯდა, ფინჯან ყავას მიირთმევდა და ზურას გაბრწყინებულ თვალებს უყურებდა.
- იცი, მართალი გითხრა, დიდი იმედი არ მქონდა, რომ მიპასუხებდი და მით უმეტეს, შემხვდებოდი, - თვალებანთებულმა წარმოთქვა ზურამ ეს სიტყვები.
- მეც გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ არც მე მქონდა მაგის იმედი, - ირინას გაეღიმა, - დღეს რაღაცნაირად ვიყავი, ალბათ ცოტა ქარაფშუტულ ხასიათზე, თავისუფალი დროც შემთხვევით აღმომაჩნდა, ასე რომ, გაგიმართლა.
- ნამდვილად გამიმართლა...
მცირე ხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ირინა ყავის ჭიქას ჩაჰყურებდა, ზურა თვალმოუშორებლად მას უმზერდა.
- ირინა, - ისევ ზურამ წამოიწყო, - იმ დღეს ისეთი მოულოდნელი იყო შენი ნახვა, არ ვიცი, დამიჯერებ თუ არა, მას მერე სულ შენზე ვფიქრობ.
- როლები გავცვალეთ? - ირინამ ირონიულად გაიღიმა.
ზურას სიწითლემ გადაუარა.
- ჰო, გავცვალეთ... - თავი უხერხულად დახარა, - ირინა, ვიცი, რომ მოგწონდი ადრე...
- არა, კი არ მომწონდი, ბავშვურად მიყვარდი, მთელი გულით...
- ჰო, ალბათ... - ჰალსტუხი ნერვიულად შეიხსნა, - ძალიან ბევრი ვიფიქრე მაგაზეც. მაშინ სხვანაირი ვიყავი მეც, შენც... სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი...
ირინას გულიანად გაეცინა.
- გეხვეწები, ზურა, რა თავს იმართლებ, აუცილებელი კი არ იყო, რომ შენც მოგწონებოდი...
- არა, თავს კი არ ვიმართლებ... საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ მაშინ ვერ შეგამჩნიე სათანადოდ...
- ეგ შენი ბრალი არ არის, მაშინ მეც ვერ ვამჩნევდი საკუთარ თავს, - ირინამ ნაღვლიანად დახარა თავი, - იცი, ხანდახან ვფიქრობ, ის ყველაფერი, რაც ჩემ თავს მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ჩემი გარეგნული ცვლილებებიც არ მოჰყვებოდა ამას, ისევ ისეთი ვიქნებოდი, როგორიც ადრე... თუმცა, იქნებ ცოტა უფრო ბედნიერი კი ვყოფილიყავი...
- არ მინდა იფიქრო, რომ მარტო შენმა გარეგნულმა ცვლილებამ მომხიბლა... არ ვიცი, როგორ გითხრა, მერე სახლში რომ წავედი, მთელი საღამო გიხსენებდი... ვიხსენებდი იმ ირინას, რომელიც ჩემი კლასელი იყო...
- ზურა, არ მატირო ახლა, გთხოვ... - ირინამ ნაძალადევად გაიღიმა.
- არა, ირინა, გთხოვ, მაცადე, რომ გითხრა... მგონია, რომ შენთვისაც არ არის უმნიშვნელო ამის მოსმენა... გავიხსენე, რამდენჯერმე როგორ ვიგრძენი მაშინ, სკოლის დროს, შენი სიყვარულით სავსე მზერა, და შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ვგიჟდებოდი, ისე მსიამოვნებდა, შენ რომ გხედავდი ხოლმე.
- კარგი ახლა, არ გინდა... - ირინას თვალებში გაოცება ჩაუდგა, სახეზე წამოწითლდა.
- დამაცადე, გითხრა... რატომღაც ძალიან მსიამოვნებდა იმის გაცნობიერება, რომ ვიცოდი, ვიღაცას ვუყვარდი, თანაც, მაშინაც მიმაჩნდა, რომ ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი იყავი... თუ დამიჯერებ, რამდენჯერმე ძალიან გულგატეხილს და ცუდ ხასიათზე მყოფს შენი მოსიყვარულე მზერა გამხსენებია და გულით გამხარებია... ან იმას რა დამავიწყებს, დედაჩემი რომ დაიბარეს სკოლაში და ჩემი ორიანები რომ არ ენახა, ჟურნალი რომ მოულოდნელად დაიკარგა...
ირინას ჩაეღიმა, მასაც გადაურბინა თვალწინ ბავშვობამ.
- ჰო, ირინა, მაშინ არ შევიმჩნიე, მაგრამ რასაკვირველია, ვიცოდი, რომ ჟურნალი შენ გააქრე, მხოლოდ ჩემი გულისთვის ჩაიდინე ასეთი "გმირობა"...
- კი, ასეთი რამ ნამდვილად მოხდა... ის ჟურნალი ახლაც სადღაც ჩემს სახლში დევს, ჩემს ძველ ნივთებს შორის.
- უბრალოდ რა არის იცი, ცოტა უცნაურები ვართ ადამიანები... უფრო სწორად, მოზარდები... არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ეს შენც იცი, მაშინ ჩვენი ტოლი ბიჭებისთვის უფრო საინტერესო სხვა ტიპის გოგოები იყვნენ...
- არ მეწყინება, ვიცი, ზურა, გამხდრები, "ნაშები", ბიჭებთან კარგად "ჩაძმაკაცებულები" მოწონთ უფრო... - გაუღიმა ირინამ.
- ჰო, და ის, რომ შენ მე მოგწონდი, უფრო... როგორ ვთქვა, ჩვენთვის, ბიჭების "სასტავისთვის" უფრო... უფრო...
- საღადაო თემა იყო, ხო?
ზურამ ირინას თვალი აარიდა.
- ხო, და მეც აყოლილი ვიყავი ამ ტალღას... არადა, გულის სიღრმეში მართლა მსიამოვნებდა შენი არსებობა და ამაზე ცოტა მეტად რომ დავფიქრებულიყავი მაშინვე, ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა მეც გამეზიარებინა ის გრძნობა...
ირინას თვალები აუცრემლდა.
- იმდენად გულწრფელი სახე გაქვს, დაგიჯერებ... მაგრამ იცი რა, ზურა, ეგ აღიარება კიდევ უფრო მტკივნეულია ჩემთვის. გამოდის, რომ მაშინ ჩემს გრძნობას რაღაც შანსი ჰქონია და მასე რომ ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება იქნებ სულ სხვანაირად წარმართულიყო... იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ შორის მოხდებოდა რამე, უბრალოდ, ის ფაქტი, რომ ჩემი გრძნობა არ იყო ასეთი უიმედო და ცალმხრივი, მეტად თავდაჯერებულს და თამამს გამხდიდა და ცხოვრებაში ნაბიჯებს ცოტა სხვაგვარად გადავდგამდი...
- ირინა, მაპატიე...
- არა, რას ამბობ, საპატიებელი რა გაქვს... მაშინ შენც პატარა იყავი და მეც... პირიქით, მადლობა მინდა გითხრა, რომ თუნდაც ახლა გულწრფელი ხარ ჩემთან.
- არ ვაპირებდი ამდენ ლაპარაკს, მაგრამ რომ დაგინახე, მომინდა, ყველაფერი მეთქვა... - უცებ სახე ისევ გაუმხიარულდა და თვალებიც აუკიაფდა, - ისიც, რომ ახლა სრულიად გადარეული ვარ შენით და კიდევ უფრო გადავირევი, თუ უარს მეტყვი ურთიერთობის გაგრძელებაზე.
ირინას ჯერ გაეცინა მის სიტყვებზე, მერე ცოტა უფრო დასერიოზულდა:
- არა, შენი გადარევა არც მიფიქრია, ზურა, თუმცა ერთი კია, სერიოზული ურთიერთობებისთვის ჯერ არ ვარ მზად...
- არაფერს არ გაძალებ, უბრალოდ კარგი მეგობრები ვიყოთ, თუნდაც ჯერჯერობით, სანამ შენს გულს ხელახლა მოვიგებ... - ზურამ მუდარით სავსე თვალებით შეხედა.
- კარგი, მეგობრობაზე უარს ნამდვილად ვერ გეტყვი, - ირინამ კიდევ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა. როგორც ყოველთვის, გუჯა იყო, ბიუროდან. - ჰო, გუჯა... კი, როგორ არ მახსოვს, იმ ქალთან საღამოს მივდივარ შეხვედრაზე, თავის სახლში დამიბარა... კი, აუცილებლად დაგირეკავ მერე, იმედი მაქვს, რამე საინტერესოს და საგულისხმოს მეტყვის იმ პატიმარზე... კარგი, დროებით.
ზურა შეიშმუშნა.
- მგონი, შენ საქმეები გაქვს და გაცდენ...
ირინა წამოიწია.
- არა, არ მაცდენ, ძალიან სასიამოვნოდ ვისაუზმე შენთან ერთად... თუმცა ახლა უკვე წასვლის დროა, საქმეები, საქმეები...
ზურა წამოდგა.
- კარგი, მე ვერ დაგაკავებ ნამდვილად. ოღონდ დამპირდი, რომ ვიკონტაქტებთ ხოლმე და თუ რამე დაგჭირდეს, ნებისმიერი რამ, შეგიძლია დამირეკო, ნებისმიერ დროს.
ირინამ თბილად გაუღიმა.
- აუცილებლად, ზურა, დიდი მადლობა. მართლა სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა.
კაფედან ერთად გამოვიდნენ. ზურამ ირინა თავის მანქანასთან მიაცილა, ლოყაზე ნაზად ეამბორა და დაემშვიდობა.

* * *
საღამოს რუსთავში ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრა. იმ უცნაური პატიმარი ქალის - ელენეს მეგობარი მერი ძველ რუსთავში ცხოვრობდა. იქვე დაუთქვა შეხვედრა. ირინას საკმაოდ საინტერესოდ მოეჩვენა ელენეს ნაამბობი და მის შესახებ მეტი ინფორმაციის შესატყობად, მისივე რჩევით, მის ერთგულ მეგობართან უნდა მისულიყო. სწორედ მერი იყო ინიციატორი იმისა, რომ ელენეს საქმისთვის ხელახლა გადაეხედათ, მას სურდა, ელენეს შეწყალება შეხებოდა და ირინაც მანვე შეარჩია მეგობრის ადვოკატის როლში. ასე რომ, საკმარისი საფუძველი იყო, ეს ქალი გაეცნო.
...კარი ტანსრულმა, დიდმკერდა ქალმა გაუღო. თმა უკან საგულდაგულოდ გადაეწია და რამდენიმე სარჭით შეეკრა, წითელი ლოყები ჰქონდა, ტუჩებზეც წითელი პომადა ესვა. ირინამ რომ დაინახა, ღიმილიც კი მოჰგვარა ამ ქალის დანახვამ, მაშინვე რატომღაც დარეჯანი წარმოუდგა, ლუარსაბის ცოლი. მაგრამ როგორც კი ქალმა ხმა ამოიღო, იმ წამსვე გააქარწყლა პირველი შთაბეჭდილება - ისეთი სათნო ხმა ჰქონდა და ისეთი დახვეწილი საუბრის მანერა, საერთოდ დაგავიწყდებოდა მისი გარეგნობა - ეს უფრო არისტოკრატი, ინტელიგენტი ქალბატონი იყო. მის მიმართ მაშინვე დადებითად განგაწყობდათ და მის დამაჯერებელ საუბარშიც ეჭვს ვერ შეიტანდი. ერთი სიამოვნება იყო ამ ქალის ლაპარაკის მოსმენა. თუმცა ირინას არც ის დავიწყებია, რომ საქმეზე მივიდა და ორ-სამწუთიანი პირველი, სავალდებულო დიალოგის შემდეგ საქაღალდე ამოიღო.
- ქალბატონო მერი, ალბათ იცით, რომ მე ქალბატონ ელენესთან უკვე ვიყავი კოლონიაში...
- კი, ვიცი, მე ელენესთან მუდმივი კონტაქტი მაქვს... სხვათა შორის, მოხიბლული იყო თქვენით.
- გმადლობთ...
- ჩემო ირინა, მოდი, შენობით დაგელაპარაკები, პატარა გოგონა ხარ ჩემთან შედარებით...
- როგორც გნებავთ, პრობლემა არ არის.
- მოკლედ, სანამ შენ შენს ვარაუდებს და შთაბეჭდილებებს გამიზიარებ, ნება მომეცი, ელენეზე ცოტა რამ გიამბო და უკეთ აგიხსნა, რატომ მოვინდომე ამ საქმის ხელახალი გადახედვა.
- რასაკვირველია, აქ უპირველესად თქვენს მოსასმენად მოვედი.
მერი გამოღებულ ფანჯარასთან მივიდა და იდუმალი სახით დაკეტა, თითქოს არ უნდოდა, მისი ხმა გარეთ გასულიყო. ოთახის კარიც მიხურა, დივანზე მისი აღნაგობისთვის უჩვეულოდ მსუბუქად დაეშვა და შედარებით დაბალ ხმაზე წამოიწყო საუბარი.
- ჯერ მინდა ის გითხრა, თუ როგორ შემახვედრა ღმერთმა ელენეს. ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია, მასზე რომ შემტკივა გული, ისე არავიზე შემტკივა. არც შვილი მარგუნა ღმერთმა და არც მეორე ნახევარი, ამიტომ ელენეს გარდა არავინ გამაჩნია.
ირინას ლიკა წარმოუდგა თვალწინ. მას და ლიკასაც ზუსტად ასეთი ურთიერთობა აკავშირებდათ და წარმოიდგინა, რომ მრავალი წლის შემდეგ ისინიც ისევ ასე ერთმანეთის გულშემატკივრები იქნებოდნენ... მერი კი საუბარს განაგრძობდა.
- ერთმანეთი ტექნიკუმში გავიცანით, საბიბლიოთეკო საქმეს ვსწავლობდით ორივენი. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მე უნივერსიტეტში ჩავირიცხე და სწავლა გავაგრძელე, ელენე კი მოულოდნელად გათხოვდა და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... იცი, ძალიან ჭკვიანი, საზრიანი და მხიარული გოგონა იყო, მაგრამ გათხოვების შემდეგ ცხოვრებამ შეცვალა...
გიგა მისი თანასოფლელი იყო. როგორც ელენე ამბობს, ერთმანეთი სკოლის მერხიდან უყვარდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ელენემ დაიჟინა, რომ ჯერ ესწავლა და მერე გათხოვილიყო, თორემ გიგას მაშინვე უნდოდა მისი ცოლად წაყვანა. ელენეს სწავლა სწყუროდა, უნდოდა, გათხოვების შემდეგ ემუშავა, თავისი საქმე ჰქონოდა. მოკლედ, დაიჟინა და ისწავლა კიდეც, შინ დაბრუნებული კი ორ თვეში გიგას გაჰყვა ცოლად.
მათი სიყვარულის ამბავი სოფელში ყველამ იცოდა და გულშემატკივრობდნენ, ქორწილში ყველა გახარებული იყო მათი ამბით. ერთადერთი, გიგას ბებია ყრიდა ცოფებს. ოლია ვერაფრით ეგუებოდა ამ ამბავს. არაფრით არ უნდოდა ელენე რძლად. არც განმარტავდა, რა ჰქონდა საწინააღმდეგო, აეკვიატებინა მხოლოდ, ცოდვიანი ქალი, ცოდვიანი ქალიო. თუმცა ოლია ცოტა უცნაური ქალი იყო, ახირებული, სოფელში ბევრს არ უყვარდა და მისი ლაპარაკიც მის ერთ-ერთ ახირებად ჩათვალეს.
დაქორწინებიდან ცოტა ხანში გიგას ნათესავმა თბილისში შესთავაზა მუშაობა, კარგი ხელი ჰქონდა, რემონტებს აკეთებდა და საქმეს ბლომად გიშოვიო, დაჰპირდა. ბინა იქირავეს და თბილისში გადმოვიდნენ. ცოტა ხანში ოლიაც გადმოჰყვათ - იმ სიბერეში ქალმა გუდანაბადი აიკრა და თბილისში წამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამათთვის სიცოცხლე გაემწარებინა. მართლა ასე გამოვიდა საბოლოოდ და იმიტომ ვამბობ ამას...
რამდენიმე თვე ერთად იცხოვრეს, მაგრამ ოლიამ და ელენემ ერთმანეთს ვერაფრით ვერ გაუგეს. ელენე ცდილობდა, მასთან ურთიერთობა მოეგვარებინა, ოლია კი გამუდმებით იმას იმეორებდა, რომ ეს ქალი მისი შვილიშვილის შესაფერისი არ იყო და ნერვებს უშლიდა. ბოლოს ელენემ გიგას ულტიმატუმი წაუყენა, ან ცალკე გადავიდეთ, ან დარჩი შენს ოლიასთანო. გიგას სხვა რა გზა ჰქონდა, იმავე უბანში, ახლოს მეორე ბინა იქირავა და მთელი იმისი ფული ამ ორი ბინის ქირას ძლივს ჰყოფნიდა. თუმცა მერე ელენემაც დაიწყო მუშაობა სკოლაში - ბიბლიოთეკარად, ცოტა ამოისუნთქა, გახალისდა, სულ მალე კი ისიც შეიტყო, რომ დაორსულდა.
იმ პერიოდში აქტიურად ვხვდებოდით ერთმანეთს. გიგასთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, შესანიშნავი ბიჭი იყო. ელენე ძალიან უყვარდა და ყურადღებას არასდროს აკლებდა. მისი დაორსულების შემდეგ კიდევ უფრო გადაირია ცოლზე, ცივ ნიავს არ აკარებდა და საკმარისი იყო ელენეს რაიმე მოესურვებინა, მაშინვე უსრულდებოდა.
ცხრა თვის თავზე ელენემ იმშობიარა და ამ დღიდან მისი უბედურებაც დაიწყო... ტკივილებმა დილას შეუტია. გიგა იმ დროს სამუშაოზე იყო, მორიგ შეკვეთას ასრულებდა. მაშინ მობილურები არ იყო, მოგეხსენებათ, და ელენემ ქმართან დაკავშირება ვერ შეძლო. თავისიანები სოფელში იყვნენ, მე მაშინაც რუსთავში ვცხოვრობდი. ერთადერთი ახლობელი ოლია შერჩა და სხვა რა გზა ჰქონდა, მეზობელი გაგზავნა მასთან, რომ მშობიარესთვის მიეხედა. ოლია მაშინვე დაფაცურებულა, ტაქსი გამოუძახია და ელენე სამშობიაროში წაიყვანა. როგორც მერე გავარკვიე, ელენე სხვა სამშობიაროში აპირებდა გაჩენას, მაგრამ ოლიას დაუჟინია, აქა და აქ წავიდეთ, ჩემი ახლობელი მუშაობს და ყურადღებას მოგაქცევსო. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, იმ საშინელ ქალს რა ჩანაფიქრი ჰქონდა...
ელენეს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, იყო თუ არა საჭირო, დღემდე არ ვიცი. ასე მგონია, აქაც ოლიას ხელი ერია. მშობიარე კარგად დააძინეს და სანამ გაიღვიძებდა, თავიანთი შავბნელი საქმეებიც გააკეთეს. როცა გონს მოვიდა, ბებიაქალმა მწუხარე სახით ამცნო, მძიმე მშობიარობა გქონდა, ბავშვს ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული და გაიგუდაო... საწყალი გოგო ისტერიკაში ჩავარდნილა, ევედრებოდა თურმე, მკვდარი მაინც მანახეთო. დაუმალეს, ამდენ ხანს არ ვინახავთ, უკვე წაღებულია გვამიო. როცა გიგა მივიდა სამშობიაროში, სახეწაშლილი და სასოწარკვეთილი ცოლი დახვდა მხოლოდ, მისი ნანატრი შვილი კი თურმე იმ დროს უკვე გაშვილებული იყო, მასში აღებული ფულიც განაწილებული ჰქონდათ ექიმს, ბებიაქალსა და... ოლიას...

ირინა თვალმოუშორებლად უსმენდა ქალბატონ მერის და თან საქაღალდეში შიგადაშიგ რაღაც დეტალებს ინიშნავდა. მერი კი თავისი სათნო ხმით განაგრძობდა თხრობა:.
- ელენე სამშობიაროდან სრულიად განადგურებული გამოვიდა. თითქმის ერთი თვე ისე იყო, დანა პირს არ უხსნიდა. არავის ელაპარაკებოდა. ისიც კი გვეგონა, რომ გაგიჟდა. რძე ჩაუდგა მკერდში და არაფრით არ ააკვრევინა მასაჟისტს, თვითონვე დადგებოდა და იწველიდა, ბოთლში ასხამდა და მერე იმ ბოთლით ოთახიდან ოთახში დადიოდა და "იავნანას" მღეროდა. საშინელი ტრავმა იყო ეს მისთვის. შვილის გარდაცვალებას ვერაფრით ეგუებოდა. გიგა ცდილობდა გაეგო მისთვის, მხარში ედგა, ამშვიდებდა ხოლმე, ათას რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ ელენეს არაფრის გაგონება არ უნდოდა. ოლიაც ხშირად მიდიოდა მათთან, უსირცხვილოდ ამშვიდებდა "შვილმკვდარ" დედას და მის ტანჯვას გულცივად უყურებდა.
თანდათან ელენეც მოეგო გონს, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ნათქვამია. მოხასიათდა, მოფერიანდა, ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა და ერთადერთი მიზნით გააგრძელა ცხოვრება - კიდევ ერთხელ დაორსულებულიყო და ნანატრი შვილი გაეჩინა.
ექვს თვეში დაორსულდა კიდეც. მაგრამ ნაყოფი სუსტი აღმოჩნდა და ორი თვის მუცელი მოეშალა. ეს ბავშვი მისი უკანასკნელი იმედი იყო და ეს იმედიც გაუქრა. ექიმმა კი უთხრა, არა უშავს, კიდევ სცადე რამდენიმე თვის მერე და ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ ელენეს უკვე აღარ სჯეროდა არაფრის. თავი დაარწმუნა, რომ რაკი ორჯერ ასეთი რამ დაემართა, ე.ი. შვილის ღირსი არ იყო და არც ეყოლებოდა. ნირწამხდარი, სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული იყო.
მეორე დღეს სამსახურში გავუარე, მინდოდა მენახა ამ მძიმე ჟამს. ერთად გამოვიგლოვეთ მისი კიდევ ერთი პატარა. მუშაობის თავიც არ ჰქონდა. უფროსს თავი გაათავისუფლებინა და შინისკენ წამოვედით. გვერდიდან არ მოვცილებივარ, მეშინოდა, გზაში რამე არ დამართნოდა. ფერი აღარ ედო სახეზე. თუმცა ვერც ვიფიქრებდით, რომ შინ მისულებს კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა იქ გველოდა.
გიგა ადრე დაბრუნებულიყო სახლში და იმ დროს ოლიაც მისულიყო. როგორც ჩანს, ელენე სამსახურში ეგონათ და ჯერ არ ელოდნენ. მათ საუბარს შემთხვევით შევესწარით, დერეფანში, სანამ მოვწესრიგდებოდით, სასტუმრო ოთახში მყოფი ბებია-შვილიშვილის ლაპარაკის უნებური მოწმენი გავხდით. ის, რაც მაშინ გავიგეთ, საზარელი იყო ნამდვილად.
ოლია ნიშნის მოგებით და თავისი საზიზღარი ჩახრინწული ხმით ელაპარაკებოდა გიგას:
- მე შენ ადრევე გაგაფრთხილე, რომ მაგ გოგოზე არ დაქორწინებულიყავი. ხომ გეუბნებოდი, არ შემოიყვანო-მეთქი სახლში.
- კარგი რა, ოლია, ნუ მიშლი ნერვებს. ათასჯერ გითხარი, რომ მიყვარდა და ახლაც მიყვარს.
- ჰმ, მიყვარს, აგიხირებია. მაგასთან ბედნიერი ვერასდროს იქნები, ვერასდროს გაიხარებ. არც შვილი გეყოლებათ არასდროს.
- ოლია, გაჩუმდი-მეთქი, ნუ გამომიყვან მწყობრიდან.
- გიგა, მისმინე, ახლაც არ არის გვიან. დაანებე თავი. ხომ ხედავ, როგორც ადრე იყო თქმული, მართლაც ისე ახდა. ცოდვის შვილია და მაგის შვილებიც ვერასდროს გაიხარებენ. იმიტომაც არ მიჰყვება ნაყოფი ბოლომდე.
- ოლია, შენთან კამათს აზრი არ აქვს. რა ცოდვის შვილი, რა ლეგენდებს მიყვები? ამჯერად ნაყოფი იყოო სუსტი, უთხრეს. არც მიკვირს, პირველი მშობიარობის მერე ძალიან იყო დასუსტული, დათრგუნული, რა ძალაღა ექნებოდა, რომ ბავშვისთვის გადაეცა. ალბათ ვიჩქარეთ, ცოტა კიდევ უნდა მოგვეცადა. ჩემი ბრალიც არის, მეც ავყევი, ორივეს ძალიან გვინდოდა, მალე დაორსულებულიყო...
- რამდენჯერაც არ უნდა დაორსულდეს, ვერ გაიხარებს-მეთქი, გითხარი!
ეს ისეთი გამყინავი ხმით თქვა, მე და ელენეს სახეები შეგვეშალა. ელენემ ვეღარ მოითმინა და ოთახში შევარდა.
- რატომ მწყევლით, რა დაგიშავეთ? - აქვითინებული მივარდა ოლიას.
ოლიას სახე არც კი შეცვლია. ისეთივე გულქვა მზერით შეხედა და თითქოს მოწყალებას არიგებდა, ისე გადმოუგდო სიტყვები:
- მე რაღა უნდა დაგწყევლო, შე საწყალო, ისედაც დაწყევლილი ხარ.
ისევ გიგა გამოენთო:
- ოლია, წადი ახლა აქედან, ნუ მაგიჟებ!
ოლია ამაყად ადგა, ორივეს დამცინავად გადმოგვხედა და სანამ კარში გავიდოდა, გველივით წაისისინა:
- მაინც ვერ გაიხარებს ეგ ცოდვის შვილი, დაწყევლილია!
მე თავი უხერხულად ვიგრძენი და მალევე წამოვედი, ცოლ-ქმარი მარტო დავტოვე. მაგრამ მას მერე ოლიას სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა. ელენეს ვერ ვეკითხებოდი, რა ჰქონდა ოლიას მხედველობაში, შეიძლება არც არაფერი სცოდნოდა. მივხვდი, რაღაც წარსულში, წინაპრებში იყო მომხდარი, რის გამოც, ოლიას აზრით, ელენე დაწყევლილი იყო. ნაკლებად მჯეროდა ამგვარი რამეების, მაგრამ ჩემი მეგობარი რომ მართლა არ იყო ბედნიერი, ამას ნათლად ვხედავდი.
ამ ამბიდან ცოტა ხანში კიდევ უფრო უარესი რამ მოხდა - სოფლიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა ნათესავმა ელენეს უამბო, როგორ გაიგო ვიღაცისგან, სრულიად შემთხვევით, რომ ელენეს შვილი სინამდვილეში არ მომკვდარა და ის ოლიამ გააშვილა. ელენეს ისედაც ეჭვი ღრღნიდა, ღამღამობით გარდაცვლილი შვილი ესიზმრებოდა ხოლმე, ოღონდ ცოცხლად, და გამუდმებით უმეორებდა, დედა, მიშველეო. ის ამბავიც აეჭვებდა, რომ გარდაცვლილის გვამი არ აჩვენეს. ამ ახალმა ამბავმა კი სრულიად შეშალა. როგორც მერე გავიგე, იმ წამსვე გაცოფებული გავარდნილა ოლიასთან. მერე მეზობლები ყვებოდნენ, როგორ იჩხუბეს ოლიამ და ელენემ, ძლივს გამოგლიჯეს ელენეს მოხუცი ხელიდან, დახრჩობას უპირებდა. მეორე დილას კი ოლია ჩამომხრჩვალი იპოვეს საკუთარ სახლში და მეზობლებმა უჩივლეს ელენეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანაო.
მართალია, მაშინ ძიებამ დაამტკიცა ელენეს უდანაშაულობა და მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ შემდეგ საქმეში ამ ამბავს დიდი ყურადღება მიაქციეს.

როცა მარტო დავრჩით, ელენემ მიამბო, რომ ოლიას არც კი უარუყვია ბავშვის გაშვილების ამბავი. პირიქით, ამაყად და ნიშნის მოგებით მიახალა თურმე, აბა რა გეგონა, შენს ცოდვის შვილს ჩემს ოჯახში შემოგაყვანინებდი და ჩემს შვილიშვილს გავაკარებდიო? ეს რომ უთქვამს, ელენეს სრულიად გადაეკეტა თურმე ტვინი და რომ არ გაეშველებინათ, მართლა მოკლავდა. როცა ყველაფერი დასრულდა, იმასღა ნანობდა, რატომ ავყევი ემოციებს და ოლიას დაწვრილებით არ ვკითხე ბავშვის ამბები, იქნებ როგორმე დამეცდენინებინა, სად გააშვილაო.
ამის მერე მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. გამუდმებით ბავშვზე ფიქრობდა. იმ სამშობიაროს კარი ატალახებული ჰქონდა, მაგრამ არც ის ექიმი და არც ბებიაქალი იქ აღარ მუშაობდნენ. მაინც ჯიუტად დადიოდა ყოველდღე და ელოდა, იქნებ ვინმეს რამე წამოსცდენოდა. ვინც კი შეხვდებოდა, ახლობელი თუ უბრალოდ ნაცნობი, ყველას ეკითხებოდა, ამა და ამ დღეს გაჩენილი და გაშვილებული ბავშვის შესახებ ხომ არ იცით რამეო. ეხვეწებოდა, სხვებსაც ჰკითხეთ, ვისაც იცნობთ, იქნებ ვინმე მაინც დამეხმაროსო. სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ექნა.
გიგასთან სულ გაუფუჭდა ურთიერთობა. ბებიის საქციელს ვერ პატიობდა, თან, კაცმა რომ თქვას, მის გულში ქმრის სიყვარულისთვის აღარც იყო ადგილი დარჩენილი. მთელი მისი გონება, ფიქრები დაკარგული ბავშვის ძიებისკენ იყო მიმართული. გიგაც ჯერ ცდილობდა ცოლის დაბრუნებას, ალერსით, მუქარით, სერიოზული საუბრით, ბოლოს იმასაც მობეზრდა, ოჯახზეც ხელი ჩაიქნია, ცხოვრებაზეც. გალოთდა, ისე, რომ ყოველ დილას თითო ჭიქა არაყს თუ არ დალევდა, ძაღლივით შეეძლო ეყმუვლა, "შიმშილისგან". ერთი რომ შვილის საძებრად გამოდიოდა სახლიდან ყოველ დილას, მეორე - "ასი გრამის". თუ ფული არ ჰქონდა, ყოველ შემხვედრს ეხვეწებოდა, 20-20 თეთრი მომეცით, ას გრამზე მაკლდებაო. სულ გაუბედურდა. რომ დალევდა, მერე გონება სრულიად ეკეტებოდა. რამდენჯერმე არყის ფული რომ ვერ იშოვა, შინ დაბრუნებულმა ელენეზე იყარა ჯავრი და სასტიკად სცემა. ერთხელ შუა ღამისას პერანგის ამარა გამოაგდო სახლიდან და საწყალმა გოგომ მთელი ღამე კარის ზღურბლზე გაატარა.
ვერც ვერსად მიდიოდა. რამდენჯერ შევთავაზე, ჩემთან წამოდი-მეთქი, არაფრით დამთანხმდა. აკვიატებული ჰქონდა, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა რამე გაიგოს ჩემი ბავშვის შესახებ, ან იქნებ ვინც გააშვილა, მას მოუნდეს ჩემი ნახვა და მისამართს თუ შევიცვლი, სადღა მიპოვიანო. ჯიუტად რჩებოდა ლოთად ქცეულ ქმართან და სასწაულს ელოდა...
ახლა რომ ვფიქრობ, სრულ ჭკუაზე ალბათ ისიც არ იყო. ამდენი ტრავმის შემდეგ გონება ისე აღარ ემორჩილებოდა. ხანდახან თითქოს ეთიშებოდა ამ სამყაროს და რაღაც ირეალურ სამყაროში გადადიოდა, ვიღაცებს ელაპარაკებოდა... საშინლად მტკიოდა გული მის გამო, ამ ერთ დროს მხიარულ და ბედნიერ გოგოს ვერაფერს ვშველოდი...

ერთ დღესაც მაშინდელი მილიციიდან დამირეკეს და ელენეს თხოვნით, განყოფილებაში დამიბარეს. როგორც აღმოჩნდა, გიგა მოეკლა, მორიგი ჩხუბის დროს. გამომძიებელი გაოგნებული იყო მომხდარი ფაქტით - როცა შინ შევიდნენ, მეზობლების ზარის შემდეგ, რომლებსაც მთელი ღამე საშინელი ჩხუბის ხმები ესმოდათ, გიგა ყელგამოღადრული ეგდო იატაკზე, ელენეს კი უშფოთველად ეძინა თავის ლოგინში. დანაზე მისი ნათითურები იყო, არადა, ელენე ამტკიცებდა, მე არ მომიკლავსო. და რა არის იცი, ჩემო ირინა, მე მჯერა, რომ მას შეიძლება მართლა არ მოუკლავს.
- კი მაგრამ, ქალბატონო მერი, მართლაც მისი ნათითურები თუ იყო დანაზე, თუ იმ ღამეს იჩხუბეს, თუ მათ გარდა ოთახში არავინ იყო, რატომ ფიქრობთ, რომ ელენე არ არის მკვლელი?
- შეიძლება მოკლა, ფიზიკურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შეუგნებლად ჩაიდინა. ელენე ისეთი გულჩვილი და სათნო ადამიანია, კაცს ვერასდროს მოკლავდა. არ ვიცი, როგორ ავხსნა, მე მგონია, რომ აქ ელენეს ფსიქიკაში ხდება რაღაც. თვითონაც საერთოდ არ ახსოვს, როგორ და რანაირად მოხდა ყველაფერი. დამიჯერე, მე არ დამიმალავდა. ამიტომაც მინდა, მისი საქმე გადაიხედოს, ციხეში ნამდვილად არ უნდა იჯდეს, თან ამდენი ხანი. ეს უფრო ფსიქიატრების და ექიმების საქმეა, ვიდრე ციხის ადმინისტრაციის. მე მგონია, რომ ელენე სამკურნალო უფროა, ვიდრე "გამოსასწორებელი". სამწუხაროდ, მის სოფელშიც ვერ ჩავდივარ, ძალიან მინდა იმ ძველი ამბების გაგება, რის გამოც, ოლიას თქმით, ელენე დაწყევლილი იყო. რატომღაც მგონია, იმ ძველ ამბებშიც უნდა იყოს ამ ამოცანის რაიმე პასუხი. იქ გიგას ნათესავებიც არიან და მათთან შეხვედრა არ მინდა, შეიძლება შეურაცხყოფა მომაყენონ, გიგას მკვლელის მეგობარი ვარ, ეს კარგად იციან... მინდოდა ესეც მეთხოვა შენთვის, ჩემო ირინა, თუ საქმეს მართლაც გულით მიუდგები, იქნებ იმ სოფელშიც გაარკვიო უფრო დაწვრილებით, წარსულში თუ იმალება რამე. მე მჯერა, რომ ელენე ციხეში არ უნდა იჯდეს და მინდა შენც დაიჯერო ეს. დავეხმაროთ ამ უბედურ და ცხოვრებისგან გატანჯულ ადამიანს, ეს კეთილი საქმე იქნება ნამდვილად.

ირინა საგონებელში ჩავარდა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა ამხელა მონოლოგის შემდეგ. ბავშვის ამბავმა კი ძალიან დააინტერესა, ისევ გაახსენდა ელენესთან შეხვედრის დროს მის მიერ მოხდენილი შთაბეჭდილება, მისი საოცრად ნაცნობი და ახლობელი ნაკვთები და ჟესტები. შინაგანი გრძნობა კარნახობდა, რომ ამ ქალთან მას კიდევ რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა. ამიტომაც მეტად იყო დაინტერესებული ამ საქმის მოკვლევით და ამ ქალის დახმარებით. გუმანი კარნახობდა, რომ რომელიღაც ძაფი ელენეს ცხოვრებიდან რაღაცნაირად მის ცხოვრებას დაუკავშირდებოდა. თუმცა მერისთვის ეს ვარაუდები არ გაუზიარებია, მხოლოდ ჰკითხა:
- ქალბატონო მერი, ბავშვის ამბით აღარ დაინტერესებულხართ?
- რომც დავინტერესებულიყავი, მე ვერაფერს ვიზამდი. რაც კი შეიძლებოდა, ელენემ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ვერ მიაკვლია. ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, არც არქივებზე და ამგვარ რამეებზე მიგვიწვდება ხელი. იქნებ შენ ამაშიც გაერკვე, იურისტებს მეტი ბერკეტი გაქვთ და მეტი შესაძლებლობები. იქნებ იმ ექიმს ან ბებიაქალსაც კი მიაკვლიო. ახლაც კი, ამ სიტუაციაში, ელენეზე ბედნიერი ამქვეყნად არავინ იქნება, შვილს თუ იპოვის.

* * *
მერის სახლიდან გამოსულს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული - რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ამ საქმეს ბოლომდე უნდა მიჰყოლოდა. პირველ რიგში ბიუროში წავიდა და გუჯას მოკლედ უამბო მერისთან შეხვედრისა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. გუჯამ ჯერ მშვიდად მოუსმინა, მაგრამ საუბრის მეორე ნაწილით ვერ მოიხიბლა.
- ირა, ხვდები მაინც, რას ამბობ? - გუჯამ შავი, სქელი, გადაბმული წარბები ზემოთ აზიდა და კიდევ უფრო მკაცრი გამომეტყველება მიიღო.
ირინა უცოდველი კრავივით შეეპასუხა:
- რა იყო, გუჯა, რაამ აღგაშფოთა?
- ვითომ ვერ ხვდები... ირა, ჯერ ერთი, ამ საქმის გარდა სხვა საქმეებიც გაქვს და ამ ერთ ამბავს ვერ გადავყვებით, რაც შენ დაგისახავს მიზნად, მაგას ბევრი დრო დასჭირდება... გარდა ამისა, ბოლოს და ბოლოს, ადვოკატი ხარ, გამომძიებელი კი არა, ხომ არ გავიწყდება?
- კარგი რა, გუჯა, რა გამომძიებელი... თუ მინდა, რომ ამ ქალს დავეხმარო, საქმეში ხომ უნდა გავერკვე? სხვანაირად როგორ მოვიქცე?
- როგორ, და რაც შენ უშუალოდ გევალება, ის გააკეთე. რაც ხელთ გაქვს, იმით დაკმაყოფილდი, გამოგივა, ხომ კარგი, არადა, ეს ერთი ელენე ხომ არ არის ამქვეყნად. ვა, რა არის აქ გაუგებარი? - გუჯამ ნერვიულად დააგდო მანქანის გასაღები მაგიდაზე და სკამის საზურგეზე გადაწვა.
- კარგი, გუჯა, დამშვიდდი. მოდი, ასე შევთანხმდეთ, სულ რაღაც ერთ კვირას გთხოვ, ყველანაირად ვეცდები, ამ ერთ კვირაში ყველაფერი მოვასწრო. ხომ იცი, კარგი გოგო ვარ, არ გაგაბრაზებ და იმედს არ გაგიცრუებ, - მლიქვნელური ღიმილით შეხედა გუჯას და მისი მოწყალების მოლოდინში ისევ გააგრძელა საუბარი, - ვითომ მივლინებაში წავედი, ერთი კვირა რაღაა? სამაგიეროდ, თუ ეს საქმე მოვაგვარე, კიდევ უფრო გავითქვამთ სახელს და მოგვაწყდებიან კლიენტები!
ეს ბოლო სიტყვები გუჯას აშკარად ესიამოვნა. მისთვის ბიუროს წარმატებას, განსაკუთრებით კი ფინანსურ წარმატებას და გაპოპულარულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წინ დიადი მიზნები დაესახა - როცა ქალაქში ცნობილი ადვოკატი გახდებოდა, რაც რამდენიმე გახმაურებული საქმის წარმატებით დასრულებას მოჰყვებოდა და რაშიც პირველ რიგში ირინას იმედი ჰქონდა, მერე უკვე სხვა გზისკენ უნდა წასულიყო - მას დიდი პოლიტიკა უხმობდა, როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე თქმა, ცოტას რომ გადაკრავდა. პოლიტიკოსებს შორის, ძირითადად "ლიფსიტებში", ახლობელ-ძმაკაცებიც ჰყავდა. თუმცა ის ლიფსიტებიც დიდ ვეშაპებად ქცევაზე ოცნებობდნენ და გუჯასთან ერთად აპირებდნენ დიდ პოლიტიკაში მოსვლას. თუმცა ეს ცოტა შორეული გეგმა იყო. მანამდე, როგორც უკვე ითქვა, მინიმუმ, ორი-სამი გახმაურებული საქმე და ამ საქმის წარმატებით დასრულება იყო აუცილებელი, მერე კი მას მოჰყვებოდა პრესა, ტელევიზია, ჭორები, ინტერვიუები, ახალ-ახალი საქმეები, შემოთავაზებები, ხალხის აღიარება და ა.შ. და ა.შ.
გუჯას კიდევ ერთხელ წარმოუდგა თვალწინ მომავალი წარმატება და საკუთარი თავი სულ სხვა ამპლუაში - მინიმუმ, ომბუდსმენად და მაქსიმუმ - პრემიერმინისტრად. პრეზიდენტობაზე არ ოცნებობდა, მაგდენად ამბიციურიც კი არ იყო?! საკუთარ თავს ობიექტურად აფასებდა, მისივე თქმით, და მხოლოდ რეალური მიზნებისკენ მიილტვოდა.
ირინას სიცილად არ ჰყოფნიდა ხოლმე გუჯას ოცნებები, მაგრამ არ იმჩნევდა. სერიოზულად უსმენდა და უწონებდა კიდეც გეგმებს, იცოდა, რომ გუჯას მთელი ცხოვრება ამაზე ჰქონდა აგებული და გულს არ სტკენდა...
- კარგი, ერთი კვირა გიშვებ. ოღონდ გამუდმებული კონტაქტი უნდა გქონდეს ჩემთან და გამარკვიო, რა და როგორ ხდება... კიდევ, თავს გაუფრთხილდი, დასაკარგი ადვოკატები არ მყავს მე!
გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი
8892
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
nuk
0
ძალიან მომწონს რა თქმა უნდა!!!! ავტორი მხოლოდ შექებას იმსახურებს...
00:33 / 18-02-2015
nuk-ს
0
მოგწონთ თუ არ მოგწონთ?:) რომანის დასასრულს მიეწერება ავტორი.
10:26 / 14-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?