"რა დავაშავე ასეთი ამ პატარა გოგომ, რომ ასე გავნადგურდი?" - რომანის გაგრძელება
"რა დავაშავე ასეთი ამ პატარა გოგომ, რომ ასე გავნადგურდი?" - რომანის გაგრძელება
"მთვარის შვილი" - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ მეათე ნაწილი

* * *
ლიკა თვალებგახელილი იწვა ლოგინში და ბებოს გუშინდელ ნაამბობზე ფიქრობდა.
"რა უცნაურია, პირადი ცხოვრება სამივე თაობის ქალს ასე უცნაურად აგვეწყო. თუმცა ბებოს ალბათ ჩვენ შორის ყველაზე მეტად გაუმართლა. უსიყვარულოდ გათხოვება ეწერა მასაც, ვიღაცაზე დანიშნეს და მას უნდა გაჰყოლოდა. მაგრამ მერე ნამდვილი სიყვარული ეწვია პაპას სახით და ბედნიერება მასთან ჰპოვა... ის უარყოფილი მამაკაცი, ბესო-ექიმი დაგვემუქრაო, შურს ვიძიებო თქვენზე, ნეტავ
რამე ცუდი ხომ არ გაუკეთა? მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა, მშვენივრად ცხოვრობდნენ ერთად, ბედნიერები იყვნენ... ნეტავ მეც შემხვედროდა ასეთი ადამიანი და მისი გულისთვის ქორწილსაც კი ჩავშლიდი... დედას კი უყვარდა და ისიც უარყვეს რატომღაც, როგორც მე დიმას მშობლებმა... მერე კი უსიყვარულოდ გათხოვდა. ნეტავ დედას რაღა ჰქონდა დასაწუნი?! კაი, მე თუ არასაკმარისად მდიდრად და წარჩინებულად ჩამთვალეს, დედას ქორწილიც კი ჰქონდა დანიშნული, ანუ საქმროს მშობლებისგან ნებართვა იყო, მერე რაღატომ ჩაშალეს ნეტავ ეს კავშირი... რა სტრესს გადაიტანდა საწყალი ქალი... და მერე მთელი ცხოვრება მამასთან გაატარა, უსიყვარულოდ, უსიხარულოდ...
ეჰ, მე კი მგონი ყველაზე უბედური გამოვდექი. აგე, ვანოს მშობლებმაც კი დამიწუნეს. სოფელშიც რომ დაგიწუნებენ და უარს იტყვიან შენს რძლობაზე, სადღა
უნდა გაიქცე. დამასვეს რა დაღი... აბა, ის რომ იცოდნენ, ქალიშვილი არ ვარ და თანაც, აბორტგანაკეთები, სულ გადაირეოდნენ. შუბლზე ძარღვი უნდა მქონოდა გაწყვეტილი, ვანოსთვის თანხმობა მეთქვა, ისე გადაუვლიდა ყველას და ცოლადაც ისე მომიყვანდა, როგორც დაგიბარებია. მერე ვნახავდი, რას იზამდნენ... მაგრამ ვერ გავიმეტე ვანო ამისთვის, არ მეყვარებოდა... ან იქნებ შემყვარებოდა კიდეც, ისეთი საყვარელია და ისეთი კეთილი, საიმედო... მაგრამ კაცმა არ იცის, შვილს გავაჩენ თუ არა პირველივე აბორტის მერე. მე კაი, უკვე გავწირე თავი, სხვა ადამიანიც როგორ გავწირო ასეთი ხვედრისთვის... ღმერთო ჩემო, შვილი რომ არ მეყოლოს საერთოდ... რა მეშველება... აზრი კი აქვს ასეთ ცხოვრებას?
ცოტას წავიმუშავებ, ხელფასს დავაგროვებ, დედასაც ცოტა ფულს გამოვაგზავნინებ და საერთოდ წავალ აქედან. სხვა ქვეყანაში წავალ, თავს შევაფარებ, იმ საზოგადოებაში მაინც სხვანაირი ფასეულობებია, იქნებ იქ გამიმართლოს... თუმცა სად გავრბივარ, საკუთარ თავს ხომ ვერ გავექცევი..."
ფიქრი ჭიშკარზე კაკუნმა გააწყვეტინა. პატარა კიკინებიანი კნაჭა გოგონა იდგა. ლიკამ გარეთ გაიხედა და ზღურბლიდანვე გასძახა:
- ელო ბებო არ არის სახლში, მგონი ცენტრშია გასული.
გოგონა ცოტათი წამოწითლდა, კაბის ბოლოს ნერვიულად დაუწყო ჭმუჭვნა და მორცხვად წამოიკნავლა:
- მე ელო ბებოსთან არ ვარ, თქვენთან გამომგზავნეს. მე ბესო ექიმის შვილთაშვილი ვარ, ნინიკო.
- ბესო ექიმის? - ლიკას თვალები შუბლზე აუვიდა.
- დიახ, - გაიჯგიმა გოგონა, - დედამ ასე მითხრა, პაპას ელო ბებოს შვილიშვილის ნახვა უნდა და სთხოვე, სულ ათი წუთით დაგვდოს პატივი, ჩვენთან გადმოვიდესო.
ლიკამ მხრები აიჩეჩა გაკვირვებისგან. ელოს აღარ დაელოდა, ჟაკეტი შემოიცვა, რომ არ შესცივებოდა - უკვე მოსაღამოვებულიყო, სოფელში კი ამ დროს საკმაოდ გრილოდა. ნინიკოს თავზე ხელი გადაუსვა და უკან გაჰყვა.

* * *
საკმაოდ მდიდრული სახლი დახვდა, გარეთაც და შიგნითაც კარგად მოწყობილი. მარმარილოსა და ძვირფასი ხისგან იყო ყველაფერი გაკეთებული. ჩანდა, პატრონებს ფული არ აკლდათ და სახლის გამშვენიერებაზეც სათანადოდ ეზრუნათ. ბესო სოფელში ლამის ერთადერთი ექიმი იყო. როგორც ხდება ხოლმე, თითქმის ყველა დაავადებაზე მას მიმართავდნენ, შესაბამისად, არც საზღაურს უჩიოდა. თანასოფლელები პატივს სცემდნენ, ნობათით და ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდნენ. ბევრი ჰყავდა მადლიერი. ალბათ ელო ერთადერთი იყო, ვისაც ბესო-ექიმი არ უყვარდა. ლიკას ეს ყოველთვის უკვირდა, ბავშვობაშივე. რა დაუშავა ამ ექიმმა, სათოფეზე რომ არ ეკარებაო. ახლა კი როგორც იქნა გაიგო, რომ მიზეზი თურმე ადრეულ ახალგაზრდობაში იდო, როცა ბესო და ელო დანიშნულები იყვნენ და ელომ ბესოს პაატას თავი არჩია.
დიდი სასტუმრო ოთახის გვერდით პატარა ოთახში შეუძღვა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი ბესოს შვილიშვილად გააცნო. კარი გაიხურა და ლიკა მარტო დატოვა საწოლზე მწოლიარე მოხუც მამაკაცთან.
ლიკას გააჟრჟოლა - თეთრწვერა კაცი გამუდმებული ტკივილებისგან დაკრუნჩხულიყო, სახე დაბერებოდა, დამანჭვოდა. რაღაცნაირი ცივი გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს სიკვდილი სადღაც მის ახლოს ტრიალებდა. ლიკას ტანში გასცრა მისი დანახვისას.
მოხუცმა თავი სულ ოდნავ წამოსწია და ნახევრად ჩამქრალი თვალები კართან ატუზული ლიკასკენ მიმართა.
- გამარჯობა, შვილო, - ხმაც გაბზარული ჰქონდა, ჩახრინწული.
ლიკას ისე შეეშინდა, კინაღამ მოტრიალდა და გამოიქცა იქიდან, მაგრამ რაღაც ძალამ აიძულა, დარჩენილიყო. ალბათ ცნობისმოყვარეობამ - ვერაფრით აეხსნა, რა უნდოდა ამ კაცს მისგან.
- გამარჯობა. - როგორც შეეძლო, ისე მშვიდად მიუგო.
მოხუცმა ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. საბანი გაისწორა აკანკალებული ხელით. ჩანდა, ნერვიულობდა.
- შვილო, ჩამოჯექი... ძალიან მიჭირს შენთან ლაპარაკი... მაგრამ ეს რომ არ გითხრა, იმ ქვეყნად ვეღარ მოვისვენებ... თუმცა ისედაც ალბათ ვერ მოვისვენებ, ცოდვით მაქვს გული დამძიმებული... - კიდევ შეისვენა, უჭირდა საუბარი, - ალბათ შენ არ იცი ეს ყოველივე... მე და შენს ბებიას, ელოს...
ლიკამ გააწყვეტინა ლაპარაკი:
- მაპატიეთ, ვხედავ, რომ გიჭირთ საუბარი, ნუ დაიტანჯავთ თავს... მე ვიცი თქვენი და ბებიაჩემის ამბები, სხვათა შორის, მხოლოდ გუშინ მიამბო... ალბათ ამაზე გსურდათ ლაპარაკი...
მოხუცს გაკვირვება აღებეჭდა სახეზე:
- ელომ თვითონ გიამბო?
- დიახ, მიამბო ყველაფერი, ასე რომ, თქვენ ნუ შეწუხდებით მეტად, - ლიკამ უხერხულად გაიღიმა, სავარძლიდან წამოდგა და წასასვლელად შეემზადა.
- მერე, მაპატიებ, შვილო? - ძლივს ამოიკვნესა კაცმა და თვალები დახარა.
ლიკა გაშეშდა. საუბრის ასეთ შემობრუნებას აშკარად არ ელოდა.
- კი მაგრამ, მე რა უნდა გაპატიოთ, ჩემთან რა კავშირშია ეს ყველაფერი?
მოხუცმა ისევ შეხედა ლიკას, თვალები ოდნავ მოჭუტა.
- ეგრეც მივხვდი, რომ ელო ბოლომდე არ გეტყოდა ყველაფერს.
ლიკა კიდევ უფრო დაიბნა. ისევ ჩაჯდა სავარძელში და ყურადღებით შეხედა ავადმყოფ ექიმს:
- ბოლომდე რა უნდა ეთქვა, არის რამე, რაც არ ვიცი და უნდა ვიცოდე?
- კი, შვილო, ნამდვილად უნდა იცოდე, ეს ხომ შენი ბედისწერაა...
ლიკამ თვალები დააჭყიტა. მოხუცი კი ისევ აგრძელებდა:
- ამაზე შენთან არ მინდოდა ლაპარაკი, ჯერ ერთი, პატარა გოგო ხარ და შენთან რა საქმე მაქვს... თანაც, ეს ამბავი დედაშენს უკავშირდება... სწორედ დედაშენისთვის მინდოდა პატიება მეთხოვა, მაგრამ მითხრეს, რომ უცხოეთში ყოფილა და სანამ ის ჩამოვა, მე იქამდე ალბათ ვერც ვიცოცხლებ... ასეთი დამძიმებული გულით კი ვერ წავალ... მინდა პატიება გთხოვო... ელოს ვერ დაველაპარაკები, მან ისედაც ყველაფერი იცის და ამდენი ხანი არ მაპატია... ვერც მაპატიებდა...
ლიკამ სცადა რაღაც ეთქვა, მაგრამ მოხუცმა უცებ ხმას აუწია:
- მაგრამ თვითონ კი იყო პატიების ღირსი? ასე მიყვარდა, ასე ვუფრთხილდებოდი და რა გამიკეთა...
ლიკამ თავი ისე ჩაღუნა, თითქოს თვითონ ჩაედინოს რამე. თუმცა ბესო ისე დაქოქილიყო, გარშემო ვეღარავის და ვეღარაფერს ხედავდა.
- შენ იცი, ეს რამხელა შეურაცხყოფაა და რად დამიჯდა? ყველა დამცინოდა, ქალი ცხვირწინ ამაცალეს... ერთმა შეურაცხმყო, მეორემ კი საშინლად მიღალატა... ძალიან ძნელია ამ სირცხვილით ცხოვრება... თან სოფელში, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველაზე ჭორაობს, სადაც შენს ცხოვრებაში ყველა ერევა, გინდა თუ არა ეს, - თვალებზე ცრემლი მოადგა, მოურიდებლად დასწვდა ზეწრის ერთ ბოლს და თვალის უპეებში გამოისვა, - ვერავინ გამამტყუნებდა, ორივე რომ მომეკლა... ალბათ ასეც ჯობდა, ციხეში მაინც ჩამსვამდნენ, მოვიხდიდი სასჯელს, ასე მთელ ცხოვრებას ცოდვით დამძიმებული აღარ გავატარებდი...
- რა ცოდვაზე ლაპარაკობთ? - ლიკამ თვალებში შეხედა მოხუცს, - ბებო ამბობდა, რომ დაემუქრეთ, შურს ვიძიებო, თუმცა აღარ დაუმთავრებია საუბარი...
- კი, შვილო, შური ვიძიე... მაგრამ ეგ ამბავი ამ დრომდე არ მასვენებს და ალბათ ვერასდროს გავთავისუფლდები ამ ტანჯვისგან...
- იქნებ მიამბოთ, რა ხდება. ყურადღებით გისმენთ...
ლიკა სმენად იქცა. ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ სოფელში ამდენი მნიშვნელოვანი მოვლენა ელოდა. ჯერ დედის უიღბლო სიყვარულის ამბავი შეიტყო, მერე ვანოს გადაეყარა და მასთან ერთი უბედნიერესი კვირა გაატარა, მერე ელო ბებოს სიყვარულის ამბავიც შეიტყო, ახლა კი მომაკვდავი ექიმის სასთუმალთან იჯდა და მისგან ელოდა რაღაც ისეთის მოსმენას, რაც ამ კაცის თქმით, მის ბედისწერას შეცვლიდა.
- როგორც გითხარი, შვილო, ძალიან ვიყავი ნაწყენი ბებიაშენზე, - ისევ წამოიწყო ექიმმა, - ეს წყენა არაფრით არ გამდიოდა, საშინელი ბრაზი მახრჩობდა, ბოღმას ვერ ვერეოდი. დროს ველოდი, შესაფერის დროს, რომ შური მეძია. არ კი ვიცოდი, როგორ მოვახერხებდი ამას. მაგრამ რატომღაც მჯეროდა, ცხოვრებაში კიდევ რამენაირად გადავეყრებოდი ამ წყვილს და მომეცემოდა პასუხის გაცემის საშუალება.
შორიდან მესმოდა მათი იდილიური ცხოვრების შესახებ. სოფელში ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ოჯახად მიაჩნდათ, სიყვარული არ უნელდებოდათ, პაატა ელოს სულში იძვრენდა, ელოს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ეს ამბები რომ მესმოდა, კიდევ უფრო ვგიჟდებოდი. ორი წელი შვილი არ უჩნდებოდათ. ერთი იმედიღა მქონდა, იქნებ შვილი არ ეყოლოთ და ღმერთმა ამით დასაჯოს-მეთქი, მაგრამ ესეც არ მოხდა. ჯერ ვაჟი გაუჩნდა, მერე ქალიც მიაყოლა. მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ისევე, როგორც ჩემს შურსა და ბოღმას.
დრო გადიოდა, თითქმის 20 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი ამბების შემდეგ. ელოს ქალიშვილი, ანუ დედაშენი იმ დროს 15 წლის იყო. მშვენიერი გარეგნობის გოგონა. ჩვენი სოფლის სკოლაში დადიოდა. სხვათა შორის, ჩემი უფროსი შვილი მისი კლასელი იყო, მაგრამ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ - როგორც ხდება ხოლმე, მშობლების ქიშპი მათზეც გადავიდა. მე ჩემი მხრიდან ვუკრძალავდი ელოსა და პაატას ნაშიერთან ურთიერთობას, ისინიც - თავიანთი მხრიდან. ვიცოდი კი, რომ კარგი, წესიერი და პატიოსანი გოგონა იყო.
ერთ დღესაც, უფრო სწორად, შუა ღამისას, საშინელი ქარიშხლის, წვიმის დროს, ქვეყანა რომ იქცეოდა, ჭიშკარზე ბრახუნის ხმა გავიგე. წარმოიდგინე ჩემი გაოცება, კართან ელო რომ დამხვდა. ტირილისგან თვალები ჰქონდა დასიებული, თმები გასწეწვოდა, გიჟს ჰგავდა. ვერაფრით მივხვდი, რამ მოიყვანა ჩემამდე, მაგრამ გაგიმხელ, გულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა - ვიგრძენი, რომ ჩემი დრო დადგა.
ელომ გამწარებულმა მითხრა, რომ მის ქალიშვილს რაღაც დაემართა, ტკივილებისგან იკაკვებოდა, სისხლისგან იცლებოდა... პაატა ქალაქში იყო წასული სამსახურის საქმეზე, შინ მხოლოდ დედა და შვილები დარჩნენ. ამ შუა ღამისას ასეთ ამინდში რაიონულ ცენტრშიც არავინ გაჰყვათ, ყველას შეეშინდა მანქანის დაძვრა. ჰოდა, ბედმა ჩემთან მოიყვანა.
არ მიგრძნობინებია არაფერი, დავწვდი ჩემს ნივთებს და სასწრაფოდ გავყევი.
პირველადი დათვალიერებისასვე მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული არაფერი იყო. სავარაუდოდ, კისტა ჰქონდა და ციკლის დროს რაღაც გაურთულდა. ოპერაცია იყო საჭირო. არც ისე საჩქარო. შეიძლებოდა დაეცადათ, მომდევნო დღეს ქალაქში გადაეყვანათ და იქ მშვიდად გაუკეთებდნენ. იმას ვამბობ, რომ სასწრაფო ოპერაციისა და ჩემი ჩარევის აუცილებლობა არ იყო... მაგრამ არ ვიცი იმ დროს რა დამემართა, თვალებზე ბინდი გადამეკრა, შავი ბინდი, დემონებმა დაისადგურეს ჩემს სულსა და სხეულში. საშინელი ზრახვა მომივიდა თავში და შევუდექი კიდეც მის განხორციელებას.
ელოს ვუთხარი, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო და სასწრაფოდ უნდა გამეკვეთა. ვერ აღვწერ, ამ დროს რა სახე ჰქონდა საწყალ ქალს. მუხლებში ჩამივარდა და ერთადერთი ქალიშვილის სიცოცხლე შემავედრა... ვერ დავმალავ, ამ დროს უკიდურესი სიამოვნება ვიგრძენი, თავი ღმერთი მეგონა. თითქოს მეტი არც უნდა მდომოდა რამე, მაგრამ ეშმაკი რომ ერთხელ შეგიჩნდება, აღარ დაგანებებს თავს, სანამ საშვილიშვილო ცოდვას არ ჩაგადენინებს...
მოხუცმა საწოლთან მდგარი ჭიქა აკანკალებული ხელით აიღო და პირთან მიიტანა. ლიკას კი უკვე სახე გაჰფითვროდა და საზარელი სიმართლის მოლოდინში გაშეშებულიყო.
- ჩემს ასისტენტს დავურეკე. ახალგაზრდა გოგონა იყო, პრაქტიკანტი. სოფელში ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მეხმარებოდა ხოლმე. ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ლანცეტის და დანის მომწოდებელი მაინც იქნებოდა ასეთ დროს.
ელო ოთახიდან გავუშვი და ჩემს პრაქტიკანტთან ერთად საქმეს შევუდექი. გავჭერი, ის, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთე... მაგრამ სხვა რამისკენაც გამიწია აი, ამ ხელმა, - მოხუცმა მარჯვენა მაღლა ასწია და საზარელი სახით შეხედა ლიკას.
...ლიკას გააკანკალა.
- რა ჩაგადენინათ?
- ისეთი რამ გავუკეთე, მისი ჯანმრთელობისთვის თითქოს საფრთხე არ შემიქმნია, მაგრამ სამუდამოდ დავაბერწე... ჩემს პრაქტიკანტს ეგონა, ეს ოპერაციის ჩვეულებრივი გაგრძელება იყო, სინამდვილეში კი ეს ჩემი შურისძიება იყო პაატასა და ელოს სიყვარულის ნაყოფზე...
ლიკას ნიკაპი აუკანკალდა ნერვიულობისგან.
- ჰო, ჩემო კარგო, დედაშენი სამუდამოდ დავაბერწე...
- კი, მაგრამ, - ლიკამ აღელვებულმა სცადა რაღაცის თქმა, მაგრამ მოხუცმა ხელით ანიშნა, გაჩუმდიო.
- ეს ყველაფერი არ არის... მერე ეს ამბავი ჩემს ცოლთან წამომცდა, ოღონდ ისე ვუთხარი, თითქოს შეცდომა მომივიდა და შეცდომით ჩავიდინე ეს საშინელება. ჩემი ცოლი იმ ბიჭის დედის მეგობარი იყო, რომელსაც დედაშენი სიგიჟემდე უყვარდა. ქორწილიც ჰქონდათ დანიშნული. სწორედ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ შეყვარებულ წყვილზე საუბრისას, ცოლქმრულ სარეცელზე წამომცდა ცოლთან ეს ამბავი. ჩემი ცოლი გათენებას ძლივს დაელოდა. მეორე დილასვე გაიქცა იმათ ოჯახში და დედაშენის მომავალ სადედამთილოს ამცნო, ეგ გოგო ბერწია და ოჯახში არ შეიყვანო, შვილს ვერ გაგიჩენთ, რად გინდათო... რაღა ბევრი გავაგრძელო, ალბათ ეგ ამბავი გეცოდინება, რომ ქორწილი მართლაც ჩაიშალა... დედაშენი სამუდამოდ გადაიხვეწა აქედან, ელომ ყველაფერი გაიგო, მომივარდა, მლანძღა, მთათხა, პაატა მოკვლით მემუქრებოდა, მაგრამ თავს ვიმართლებდი, შეცდომა მომივიდა-მეთქი. რაღას იზამდნენ? ხომ არ მომკლავდნენ შეცდომის გამო? თუმცა ელოს, დარწმუნებული ვარ, დღესაც არ სჯერა, რომ ეს შეცდომით გავაკეთე...
ამ მოულოდნელი ამბით გაოგნებულმა ლიკამ თავი ხელებში ჩარგო. ხმას ვერ იღებდა შეძრწუნებისგან.
- მაპატიე, შვილო, დედაშენის მაგივრად მაპატიე!
ლიკა უცებ წამოხტა, გაცოფებულ ვეფხვს ჰგავდა:
- მე თქვენი "შვილო" არ ვარ! და ვერც გაპატიებთ ვერაფერს დედაჩემის ნაცვლად... თუმცაღა რა დედაჩემის? თურმე ის დედაჩემიც არ არის?.. აბა, მე ვინ ვარ? - ერთმანეთის მიყოლებით ისროდა ამ სიტყვებს, აღელვებული, გაავებული, სასოწარკვეთილი, - ვინ ვარ მე? - ლამის უყვირა მოხუც კაცს.
ექიმმა თავი დახარა.
- ეგ არ ვიცი, შენ ვინ ხარ... მე ჩემი ცოდვის გამოსყიდვა მინდა მხოლოდ...
- ეგოისტი ხართ, იცით? საშინელი ეგოისტი და უბოროტესი ადამიანი ამქვეყნად! - ლიკა ვეღარ წყნარდებოდა, - თქვენ ამდენ ადამიანს დაუნგრიეთ ცხოვრება! ბებიაჩემს, პაპაჩემს, დედაჩემს და მამაჩემს - რომლებსაც არასდროს ჰყვარებიათ ერთმანეთი, დედაჩემის ერთადერთ სიყვარულს და მე!.. მე ვერაფერს გაპატიებთ, თუ ღმერთი გაპატიებთ, ამისთვის ბევრი უნდა ილოცოთ, უნდა იხოხოთ მიწაზე და არ ადგეთ, იმდენი ილოცოთ ამ საზარელი დანაშაულისთვის! - ლიკამ იმხელა ხმით იკივლა, ბესოს შვილიშვილები შეშფოთებულნი შემოცვივდნენ ოთახში. ლიკა უკვე მოხუცისკენ იწევდა, რომ დააკავეს.
- თქვენ იცით, რომ უსაზიზღრესი კაცის შთამომავლები ხართ? ხელი გამიშვით! - თავიდან მოიცილა ყველანი, მოხუცს კიდევ ერთხელ შეხედა ზიზღით სავსე თვალებით, კარები გამოიკეტა და სახლიდან გამოიქცა.
როგორ მივიდა სახლამდე, აღარ ახსოვდა. თავში ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა. სახე წაშლილი ჰქონდა, ამდენ უბედურებას ერთად, ნამდვილად არ ელოდა. ცალკე დედის... უფრო სწორად, უკვე დედობილის მიმართ განხორციელებულმა ამ სისასტიკემ გააოგნა, ცალკე იმ ამბის გაგებამ, რომ ნაშვილები იყო...
"ღმერთო ჩემო, ნუთუ ამდენ უბედურებას ესეც უნდა დამატებოდა... ვინ ვარ, ღმერთო, ვინ ვარ? საიდან ვარ, ვის დავკარგვივარ?.. დედაჩემი... არა, ნინო... არა... რა ვუწოდო ქალს, რომელმაც გამზარდა, რომელსაც ასეთი საშინელი ბედი ჰქონია?.. თურმე ამიტომაც იყო ასეთი ნაკლებად ალერსიანი, ამიტომაც ვერ ვნახეთ საერთო ენა, ამიტომაც ვერ შემიყვარა ნამდვილი შვილივით... მე ნაშვილები ვყოფილვარ... მამამაც... არა, მამობილმა... გამზრდელმა ასე იოლად იმიტომ იპოვა სხვა ოჯახი, იმიტომ მიიჩქაროდა იქით, საყვარელი ქალისკენ და შვილისკენ... ნამდვილი, ღვიძლი შვილისკენ... რა უბედური ვარ, ღმერთო, რა უბედური ვარ!.. რა მქვია სინამდვილეში, რა გვარის ვარ, ვინ ვარ!.. ელოსაც უნდოდა ეთქვა, და არ მითხრა... რატომ არ მითხრეს ამდენი ხანი? ახლა უნდა გამეგო, ამ ასაკში? რა დებილი ვარ, რატომ ერთხელ არ შემპარვია ეჭვი... დებილი ხარ, ლიკა, დებილი... ლიკა კი მქვია საერთოდ? იქნებ დაბადებისას სულ სხვა სახელი დამარქვეს. ნეტავ ობოლი ვარ, თუ მიმატოვეს? თუ მომიტაცეს? თუ მიმაგდეს?.. ალბათ უფრო მიმატოვეს, მე ხომ ასეთი უბედური ვარ, არც მათ ვუყვარდი ალბათ, არც მათ ვჭირდებოდი... მათაც დამიწუნეს, დიმასი და ვანოს მშობლების არ იყოს... რა დავაშავე ასეთი ამ პატარა გოგომ, რომ ასე გავნადგურდი?"
ვერც კი შეამჩნია, ისე მიადგა ელოს ჭიშკარს. გონს მოეგო.
"რა ვუთხრა ახლა ელოს? გავუმხილო, რომ ყველაფერი ვიცი? არა, ელომ რა დააშავა? საწყალი ქალია, მოხუცია, ვინ იცის, რამდენი დღის სიცოცხლე დარჩა, ასე გულმოკლულს ხომ არ დავტოვებ... ვითამაშებ საყვარელი შვილიშვილის როლს, ბოლომდე... ერთი დღე რაღას ცვლის... ხვალ კი თბილისში წავეთრევი და... და რა? რას გავაკეთებ? დედას... არა, ნინოს დავურეკავ და ახსნა-განმარტებას მოვთხოვ... არა, რა აზრი აქვს? აქედან საბერძნეთში, ტელეფონით ხომ არ გავარკვევ ამხელა მნიშვნელობის საქმეს? არა, ჯერ ირინას გავუმხელ, სერიოზული ადამიანია, რამეს მირჩევს... იქნებ ირინა დამეხმაროს ჩემი პიროვნების იდენტიფიკაციაშიც, ისეთ წრეებში ტრიალებს, ქვეყანა ხალხს იცნობს... მინდა კი ეს იდენტიფიკაცია? ან ჩემს რეალურ მშობლებს, თუ ისინი არსებობენ, უნდათ კი ჩემი პოვნა და გამოჩენა? ისეთი ბედი მაქვს, ან ცოცხლები არ იქნებიან, ან არ ვენდომები საერთოდ, ან კიდევ ვინმე გადარეული, ლოთი, მათხოვარი ან რაღაც ეგეთი იქნება... თუმცა აქვს კი ამას მნიშვნელობა? არა, არც მოვძებნი და არც არაფერს ვიღონებ. დავაგროვებ ფულს და წავალ საზღვარგარეთ... არავინ აღარ მინდა, აქ თურმე მშობელიც არ მაჩერებს... ირინა? ირინაა ერთადერთი ჩემი გამგები და ჩემი ახლობელი... ირინას კი ყოველდღე დაველაპარაკები სკაიპით... წავალ, წავალ და გადავიკარგები, იქნებ იქ ვეწიო ბედს... ან უბრალოდ დინებას მივყვე და ვიცხოვრო, ცოტათი მაინც უფრო მშვიდად და წყნარად..."
...ელო ბებო ოთახში ფუსფუსებდა.
- მოხვედი, შვილო? სად იყავი? - არც გამოუხედავს, ისე განაგრძო ელომ ფქვილის გაცრა. ლიკას ესიამოვნა კიდეც ეს ამბავი, არ უნდოდა, ელოს მისი წაშლილი სახე დაენახა.
- არსად, ბებო, ეკლესიაში შევიარე. ხვალ ვაპირებ წასვლას.
- ხვალ? - ელომ გაკვირვებულმა გამოიხედა, თავშალი მაჯით შეისწორა, - რატომ ასე ადრე, საყვარელო, ჯერ ხომ ორი-სამი დღე კიდევ აპირებდი დარჩენას?
- არა, ბებო, - ლიკამ ნაძალადევად დაამთქნარა, - დამირეკეს დღეს, სამსახურში საქმეები მაქვს... წავალ ახლა, დავიძინებ, ძალიან დავიღალე.
- არ გშია, შვილო?
- არა, ბებო, დავიღალე, დავიძინებ.
- დაიძინე, გენაცვალე. დილას ადრე გავალ და ბილეთს აგიღებ, თორემ მერე შეიძლება აღარც იყოს.

* * *
უკვე თითქმის ათი საათი იყო, რომ გაიღვიძა. ელოს მაგიდაზე დაეტოვებინა საუზმე, თვითონ ბილეთის სასღებად წასულიყო. ლიკა ისეთი დაღლილი იყო, თავი ძლივს ასწია. სახსრები თითქოს აღარ ემორჩილებოდა, ხელ-ფეხში ძალა ჰქონდა გამოცლილი, თავი საშინლად სტკიოდა, თვალები დასიებოდა ტირილისგან. წინა დღის სტრესი მთლიანად ეწერა სახეზე. სარკეში ჩახედვაც არ უნდოდა. მაგიდასთან ზანტად დაჯდა. პური და ყველი უგემურად შეჭამა, ცივი რძე დააყოლა. ფიქრებით სადღაც სხვაგან იყო, თვალები გაეშტერებინა და გაყინული სახით ფიქრობდა.
გარეთ წვიმდა, მოჟამული ამინდი იყო. ლიკას ხასიათივით. ელომ კარი გააღო და მალევე დაკეტა, წვიმას რომ არ შემოესხა წვეთები. სველი ქოლგა გარეთვე დატოვა, კალოშები კარის ზღურბლთანვე გაიხადა, ფლოსტებში წაყო ფეხები.
- შვილო, რაღა ამ ცუდ ამინდში გიწევს წასვლა...
- არა უშავს, ბებო, რა შორს არის სადგური, უცებ ჩავალ და მერე თბილისამდე წვიმა ვერაფერს დამაკლებს. აიღე ბილეთი?
- კი, ავიღე, - ჯიბიდან ბილეთი ამოიღო და მაგიდაზე დაუდო. ლიკას გაოცებულმა შეხედა, - რა დაღლილი სახე გაქვს, შვილო, არ გეძინა საერთოდ? - თვალებში ჩახედა, - თითქოს წუხელ ომი გადაიარე... დარდობ რამეზე?
- არა, რაზე ვდარდობ, - ლიკამ ძალით გაიღიმა, - ახლა ჩანთას ჩავალაგებ და ნელ-ნელა გზასაც გავუყვები.
- ჰო, შვილო, რაკი არ იშლი... - ელო მაგიდის ალაგებას შეუდგა. თან შიგადაშიგ ხვნეშოდა.
- ბებო, რამე ხომ არ მოხდა, ცუდად ხარ? რატომ ხვნეში? წნევა ხომ არ გაქვს?
- არა, შვილო, წნევა არ მაქვს, - ელო ერთ ხანს გაჩერდა, თვალი ერთ წერტილში გაუშტერდა, მერე ისევ ამოიხვნეშა, - წუხელ ჩვენი თანასოფლელი გარდაცვლილა, ახლა ბილეთზე რომ გავედი, მაშინ გავიგე.
- მე არ ვიცნობდი? მოხუცი იყო ვინმე?
- კი, როგორ არ იცნობდი, - ელო თითქოს ახლაღა მოეგო გონს, ლიკასკენ მიტრიალდა, - ბესო ექიმი მოკვდა...
- რა? - ლიკას ყბა ჩამოუვარდა.
- ჰო, ადრე გეუბნებოდი, ავად იყო, სიმსივნე ჰქონდა. როგორც ჩანს, ბოლო დღე გუშინ დაუდგა... დილას მკვდარი უპოვიათ.
ელომ კიდევ გააგრძელა საუბარი, მაგრამ ლიკას აღარაფერი ესმოდა. მოულოდნელობისგან ერთ ადგილს მიეყინა და ოთახიდან ოთახში გამავალ კარს მიეყრდნო.
"ნუთუ ამის საიქიოში გამსტუმრებელიც მე ვარ? დავიჯერო, გუშინ რომ ის საშინელი სიტყვები ვუთხარი, ვერ გადაიტანა და მოკვდა? ღმერთო ჩემო, ესღა მაკლდა. ჯერ დიმას სიკვდილი ვერ მომინელებია, ახლა ეს დამემატა... არა, მე რა შუაში ვარ, კაცი ლოგინს იყო მიჯაჭვული. მეც იმიტომ დამიბარა, სანამ მოვკვდები, პატიება უნდა გთხოვოო. ე.ი. გრძნობდა, რომ მალე მოკვდებოდა. ჰოდა, მოასწრო, რა, მითხრა ყველაფერი და მერე ჩაბარდა პატრონს... მე რა შუაში ვარ, რა ყველას უბედურებას მე ვიღებ საკუთარ თავზე, ნეტავ ჩემი უბედურებები არ მყოფნის?! დიმამაც თავისი უბედურებების გამო მოიკლა თავი, იქნებ კიდევ ჰქონდა ცხოვრებაში რაღაც, რაც მე არ ვიცოდი. რაღა ჩემი უკანასკნელი წერილის წაკითხვა გადაადგმევინებდა ამ ნაბიჯს... მგონი მეტისმეტად გადაჭარბებული წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე... გაიგე, რა, ლიკა, არ ხარ ეგეთი მნიშვნელოვანი პერსონა, რომ თუნდაც სხვა ადამიანების თვითმკვლელობაში ან უკანასკნელ გზამდე მიყვანაში რაიმე წვლილი მიგიძღვოდეს. ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს... უბრალოდ რატომღაც დაემთხვა დიმას თვითმკვლელობა ჩვენს დაშორებასა და ბოლო შეხვედრას, ამ საზიზღარი კაცის სიკვდილიც - ჩვენს საუბარს. ესეც იმიტომ, რომ მე გავმწარდე და დავიჩაგრო უარესად, ასეთი სისულელეები ვიფიქრო და ჩემს უბედურებებს ესეც დავამატო... დაოკდი რა, ლიკა, დაანებე ამ ადამიანებს თავი. გარდაიცვალნენ, თავიანთი ბედი ჰქონდათ და თავიანთი ბედისწერაც. შენ სად ეჩრები?"
- გენაცვალე, რაზე ფიქრობ? - ელომ გამოაფხიზლა.
- არაფერზე, ელო ბებო, სამსახურის საქმეზე ჩავფიქრდი, - ლიკა ნაჩქარევად მიტრიალდა და ოთახში შევიდა ბარგის ჩასალაგებლად.
რამდენიმე წუთში უკვე სამარშრუტო ტაქსიში იჯდა და თბილისისკენ მიდიოდა. ელო ბებოს ცრემლმორეული დაემშვიდობა - ისეთი განცდა ჰქონდა, რომ უკანასკნელად ხედავდა. ელოსაც ცოტა აკლდა, არ ეტირა, მხოლოდ იმიტომ არ ატირდა, ღრმად სჯეროდა, გზაზე დამდგარ ადამიანს ცრემლები არ უნდა გააყოლო თანო. რამდენჯერმე აკოცა ლიკას ლოყებსა და შუბლზე და გზა დაულოცა. გზა, რომელიც უკვე აღარავინ იცოდა, საით წაიყვანდა ლიკას - საკუთარი თავის პოვნისკენ თუ კიდევ უფრო დაკარგვისკენ.

* * *
ძლივს გაათენა ის ღამე, დილას კი სასწრაფოდ ირინას დაუმესიჯა, უკვე ჩამოვედი და მნიშვნელოვანი ამბები უნდა მოგიყვეო. ზუსტად იმ დღეს ჰქონდა ირინას შვილს ზეიმი. ირინამ ლიკაც დაპატიჟა ზეიმზე, მერე ჩემთან წავიდეთ და ვილაპარაკოთო.
ანკა ძალიან საყვარელი იყო როლში. მშვენიერი კლეოპატრა გამოვიდა, ულამაზესი კოსტიუმი ეცვა, შავი კულულები ჩამოჰყროდა, მწვანე თვალები ლამაზად ჰქონდა შეღებილი. ეგვიპტეზე ჰყვებოდა დიდი მონდომებით. მართლაც გამოირჩეოდა ამდენ თეთრ ბავშვს შორის, ისიც იგრძნობოდა, რომ მის გამოჩენას ყველაზე მეტი აჟიოტაჟით შეხვდნენ. მაშინვე დაიწყეს მშობლებმა ჩურჩული, ვინც არ იცოდა, მას ირინაზე უთითებდნენ, ამ მულატის დედა ეს არისო. ლიკა გააღიზიანა ამგვარმა რეაქციებმა, ირინას კი ყურადღებაც არ მიუქცევია, უკვე მიჩვეული იყო ანკას გამორჩეულობისადმი საზოგადოების გადამეტებულ, არაჯანსაღ რეაქციებს.
მზიაც ესწრებოდა შვილობილის გამოსვლას და ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა. ვერც ის ამჩნევდა მოჩურჩულე ხალხს. მას მერე, რაც ანკას ძიძობდა, ისიც შეეგუა ამ ფაქტს და ნაკლებად ღელავდა.
ზეიმის შემდეგ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა სურვილი, ერთად აღენიშნათ ეს დღე და "მომსხდარიყვნენ" სადმე. სახლში ყველაზე მეტი თავისუფლება ირინას ჰქონდა - ზოგს ქმარი ეჯდა შინ და ეს ბორკავდათ, ზოგს - დედამთილი, ზოგიერთს ფართი არ უწყობდა ხელს და ა.შ. საბოლოოდ გადაწყვიტეს, ირინასთან წასულიყვნენ - ხუთი ბავშვი თავისი მშობლით. ირინას წითელ "ფიატს" გაჰყვნენ თავიანთი მანქანებით. ლიკას სულაც არ უნდოდა მათ საზოგადოებაში ყოფნა, მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისე ეჩქარებოდა ირინასთან დალაპარაკება, იმედი ჰქონდა, დროულად მოამთავრებენ და მერე დავსხდებით, ვიჭორავებთო. მეორე დღისთვის აღარ სურდა გადადება. ისედაც მთელი ღამე გაათენა ამდენი ფიქრითა და დარდით და თუ დროზე არ დაიცლებოდა, მეგობრის კეთილ რჩევას არ მოისმენდა, ვეღარ მოისვენებდა.
მარკეტში ნამცხვარი იყიდეს, ერთ-ერთმა მშობელმა პატარა ბოთლით არაყიც გააყოლა ხელს, ცოტა გადავკრათო, ბავშვებს სასუსნავები უყიდეს და ირინას სახლში ქაოსიც ატყდა. ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ, დედები კიდევ უფრო არეულად დაბორიალობდნენ - ერთი სახლს ათვალიერებდა და კომენტარებს აკეთებდა, მეორე ყავას ადუღებდა, ორი მშობელი აივანზე იდგა, სიგარეტს აბოლებდნენ და თავიანთ ქმრებს ჭორავდნენ... ლიკა მზიას ეხმარებოდა მაგიდის გაშლაში, ირინა კი ცდილობდა, ყველასთვის მიექცია ყურადღება და აქეთ-იქით გარბოდ-გამორბოდა.
...სუფრასთან ათას რამეზე ისაუბრეს - მასწავლებლებზე შესჩივლეს ერთმანეთს, გაძვირებულ ბაზარზე, შვილების ურჩობაზე, მოდურ ვარცხნილობებზე და ა.შ. ლიკა ყველაზე ნაკლები ინტენსივობით ერთვებოდა საუბრებში - ჯერ ერთი, ყველასგან განსხვავებით, მას შვილი არ ჰყავდა და "დედური პრობლემებით" არ იყო ჯერ დამძიმებული, თანაც თავისი საფიქრალი ჰქონდა და ნახევრად არც ესმოდა მათი ლაპარაკი. ერთი სული ჰქონდა, როდის აიშლებოდნენ და შინ წავიდ-წამოვიდოდნენ. ეს დროც დადგა - ბავშვებმა მოიწყინეს, ერთი-ორს წაეყვინთა კიდეც ზეიმზე დაღლილს და მშობლები მიახვედრეს, ადგომის დროაო. ირინამ ორგანიზება გაუკეთა მათ წამოშლას. სანამ ყველას გააცილებდა, ერთ-ერთი შეაყოვნა და მის ციფრულს ჩააჩერდა.
- ერთი კარგად მაჩვენე ზეიმის ყველა სურათი... აი, ეს კარგია, ესეც... ხომ გამომიგზავნი მერე, სკაიპს ჩავრთავ, დაგიმატებ და შემომიყარე ეს ფოტოები...
- კი, საყვარელო, - გაპრანჭული ხმით პასუხობდა კიდევ უფრო გაპრანჭული გოგო, რომელიც მთელი საღამო აღიზიანებდა ლიკას. რატომღაც თავიდანვე უარყოფითად განეწყო მის მიმართ. ასეთი მეტისმეტად გადაპრანჭული და ვითომ მოწესრიგებული "ტიპშები" ცალსახად არ მოსწონდა.
- ვაიმე, აქ რა ლამაზად არის ანკა, დედა შემოგევლოს...
- აბა, დე, აბა, მაჩვენე, - ანკაც მივარდა დედას და აპარატს ჩახედა ინტერესით.
- აი, დე, შეხედე... - ირინამ შვილთან ჩაიმუხლა, უკეთ რომ ეჩვენებინა. რამდენჯერმე თითით გადასწია ღილაკი და უცებ ერთ ადგილას გაჩერდა. სახე უცნაურად შეუფაკლდა. ლიკა ვერც ვერაფერს შეამჩნევდა, ისე იყო თავის ფიქრებში ჩაძირული, ანკას რომ არ დაეყვირა:
- ვა, დე, დიმა ბიძიას აქ რა უნდა?
ირინამ პირზე ხელი ააფარა და უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ლიკა ფიქრებიდან გამოერკვა და დედა-შვილს გაოცებულმა შეხედა. აპარატის პატრონი კიდევ უფრო გაოცებული უყურებდა ამ სცენას. თუმცა ანკამ ყველას დაასწრო, დედას ხელიდან გამოსტაცა ციფრული და ლიკას მიურბენინა:
- ლიკ, ნახე, დიმკაა სურათზე...
ლიკამ აღელვებულმა ჩახედა ეკრანს. მართლაც დიმა იყო, ოღონდ მარტო არა, სწორედ იმ გაპრანჭულ ქალბატონთან ჩახუტებული და თბილად მოღიმარი. აფთარივით გაუხდა სახე, წამოჭარხლდა, თვალები აუელვარდა და ლამის იკივლა:
- ეს სურათი აქ საიდან არის?
სტუმარი აშკარად ვერ გაერკვა, რა ხდებოდა. დანაშაულზე წასწრებულის სახით ძლივს ამოიკნავლა:
- როგორ, საიდან მოხვდა? ეს ჩემი საქმრო გახლდათ... საწყალი...
- საქმრო? - ირინამ და ლიკამ ერთხმად შესძახეს.
- დიახ, თითქმის სამი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მის ოჯახთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, დედამისსაც ძალიან ვუყვარდი... მერე კი, - თვალებზე ცრემლები მოადგა, ლიკას აზრით, მეტისმეტად ხელოვნური ცრემლები, - მერე დიმა მოულოდნელად გარდაიცვალა... მაგრამ თქვენ რატომ გაგიკვირდათ, საიდან იცნობდით დიმას? - ეს შეკითხვა უფრო ომახიანად დასვა.
ლიკა რაღაც მწარის თქმას აპირებდა, მაგრამ ირინამ დაასწრო:
- დიმა ჩემი ყოფილი მეუღლის მეგობარი იყო და ჩვენც ვმეგობრობდით მასთან. ჩვენც ძალიან დაგვწყდა მასზე გული... - ამ სიტყვებით სტუმარს კარისკენ გაუძღვა, - კარგი, მაია, აღარ დაგაყოვნებ, ის ფოტოები, რომლებიც ავარჩიე, ხვალ საღამოს გადმომიგზავნე...
უკან შეცბუნებული და დამორცხვებული დაბრუნდა. ლიკა ისევ სახეშეშლილი იდგა.
- წარმოგიდგენია, ჩემთან დადიოდა და თურმე საცოლე ჰყავდა... მე საყვარელი ვყოფილვარ მართლა... და ოჯახშიც მიღებული ჰყოლიათ, მათი დონის იყო, ეტყობა... - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა.
მზიამ შეატყო, რომ უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ანკას საძინებლისკენ გაუძღვა და მეგობრები მარტო დატოვა.
- ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ლიკ, მაგ გოგოს ეგრე კარგად ნამდვილად არ ვიცნობ...
- კი მაგრამ, შვილიანია და მაინც მიიღეს? - გაკვირვებულმა იკითხა.
ირინას ოდნავ გაეღიმა:
- არა, ლიკ, რა შვილიანი, შენ არ მიგიღეს და შვილიანს მიიღებდნენ? მარიამი მაგისი დაა, დედამისი მეორედ არის გათხოვილი და გვიან გაუჩინა და... შვილად კი ერგება, მაგრამ შვილი ნამდვილად არ არის.
- ნამდვილად აღარ მწყდება გული, რომ მოკვდა! - მწარედ აღმოხდა ლიკას.
- ლიკ, ნუ ამბობ ეგრე, ღმერთს ნუ სცოდავ!
ლიკა თითქოს გონს მოეგო, ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ გაიქცა.
- წავალ სახლში, ირ, დავიღალე, ხვალ გნახავ, ცოტას დავმშვიდდები.
- რაღაც რომ უნდა მოგეყოლა?
- არა უშავს, ხვალ მოგიყვები, ახლა არაფრის თავი აღარ მაქვს... მაგარი სიურპრიზი იყო ნამდვილად.
გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი
7625
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
nina
0
ექიმი კი არა დიმა ნამდვილად ლიკამ მოკლა.
23:54 / 16-02-2015
sopo
0
Ar sheidzleba rom dadot bolomdee? Davitanje lodinit raaa
23:29 / 16-02-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```