დიდების ტკბილი ნისლის მიღმა თითქოს მუდმივად იგრძნობოდა გარდაუვალი კატასტროფის მოახლოვება ამ მომხიბვლელმა, თვალისმომჭრელმა ვარსკვლავებმა პირველივე გამოჩენისთანავე დაიპყრეს მილიონობით ადამიანის გულები. ყველას ეჩვენებოდა, რომ ეს ლამაზი ქმნილებები, თითქოსდა ციდან მოვლენილნი, სამუდამოდ დარჩებოდნენ სამყაროში მისაბაძ მაგალითად და აღფრთოვანების ობიექტად... მაგრამ დიდების ტკბილი ნისლის მიღმა თითქოს მუდმივად იგრძნობოდა გარდაუვალი კატასტროფის მოახლოვება...
რომი შნაიდერი
მას საეკრანო სახელს, სისის უწოდებდნენ. რომი შნაიდერის მიერ ფილმში განსახიერებულმა ახალგაზრდა დედოფალმა ევროპელი მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. რომი ცხოვრებაშიც ნამდვილი არისტოკრატი გახლდათ, ჭკვიანი, განათლებული, უზომოდ მომხიბვლელი. ნიჭიერ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და რომიც ნებისმიერი გამოცდის გავლაზე თანახმა იყო საწადელის მისაღწევად, სანამ დამწყებ მსახიობს, ალენ დელონს არ შეხვდა. ალენისადმი სიყვარულით დაბრმავებული, რომი კარიერას და საკუთარ თავს ივიწყებს. ის სრულებით ჩაეფლო დელონის საქმეებში და ძალისხმევას არ იშურებდა კინოს სამყაროში მის მოსახვედრად. რომის წყალობით ალენმა პირველი წარმატება, შემდეგ დიდება და პოპულარობა მოიპოვა.
ცოტა ხანში ალენ დელონმა რომი მიატოვა და სხვა ქალზე იქორწინა. რომი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ღრმად განიცდიდა ამ ამბავს. დროთა განმავლობაში, დელონის კარიერა უკან წავიდა და მან კვლავ მიმართა ძველ შეყვარებულს დახმარებისთვის. რომი ბედნიერი იყო, მათი ურთიერთობა ახალი ძალით ისევ აღდგა. წყვილმა ფილმში "აუზი" ითამაშა, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა გახდა და ორივე მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მას შემდეგ, დელონმა ისევ მიატოვა რომი, ამჯერად, სამუდამოდ.
შნაიდერის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა, ჯერ ყოფილი მეუღლის, მერე კი შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გაანადგურა იგი. მწარე მარტოობასა და დარდს ალკოჰოლითა და ანტიდეპრესანტებით იქარვებდა. ერთხელაც კი მისმა გულმა ვეღარ გაუძლო... შნაიდერი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მერილინ მონრო
მერილინ მონრო სიცოცხლეშივე იქცა ამერიკულ ლეგენდად. მომხიბვლელი, სექსუალური,
უბრალო - მონრო მილიონობით ამერიკელის სათაყვანო კერპი გახლდათ.
მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანი მოენუსხა და დადებითად განეწყო მისდამი. საბოლოოდ, ამ ადამიანურმა თვისებამ დაღუპა კიდეც.
გამოჩენილი პოლიტიკოსები, მილიარდერი ბიზნესმენები და მსხვილი მაფიოზებიც კი ცდილობდნენ მერლინის საზოგადოებაში მოხვედრას. მერილინით ჯერ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯონ კენედი დაინტერესდა, შემდეგ კი მისი ძმა რობერტი - იუსტიციის მინისტრი. თუმცა, ქვეყნის პირველი პირისა და სექს-სიმბოლოს ურთიერთობამ ღრმად შეტოპა. სენსაციების მაძიებელი ჟურნალისტები კალმებს "ლესავდნენ". მათ არ ესმოდათ, რომ "უბრალო ამერიკელ გოგონას" საშიშროება ემუქრებოდა. კენედების მძლავრ კლანს სასწრაფოდ უნდა ეზრუნა რეპუტაციაზე. ამასთან, მერილინ მონროსთან ურთიერთობას ფრენკ სინატრამ მოუხშირა, რომელიც ცნობილი იყო მაფიასთან კავშირით.