ეს ბავშვები სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები... - ამ ადამიანს უნდა იცნობდეთ 2015 წლის 1 ივლისს, 106 წლის ასაკში გარდაიცვალა სერ ნიკოლას უინტონი, ადამიანი, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა 669 ბავშვი - ისინი ფაშისტური კონცენტრაციული ბანაკების მსხვერპლნი იყვნენ ჰოლოკოსტის დროს.
ამ ინგლისელს 50 წლის განმავლობაში სიტყვა არავისთან დასცდენია იმის შესახებ, რომ 1939 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან 669 ბავშვი გაიყვანა. ეს ბავშვები სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. ამ ადამიანის თავგანწირული გმირობის შესახებ მხოლოდ 1988 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მისი მეუღლე სარდაფში შემთხვევით გადააწყდა ფოტოალბომს, რომელშიც ბავშვების ფოტოები და საბუთები ინახებოდა. ამ ქალბატონს ეს ალბომი რომ არ აღმოეჩინა, სერ ნიკოლასის გმირობის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
1938 წელს სერ ნიკოლასი ლონდონში ბირჟის მაკლერად მუშაობდა. შვებულების გატარებას შვეიცარიაში, მთებში აპირებდა. თხილამურებზე სრიალი უყვარდა. მოულოდნელად მეგობარმა დაურეკა, რომელიც პრაღაში ჩეხოსლოვაკიიდან დევნილთა ბრიტანულ კომიტეტში მუშაობდა. მან ნიკოლასს სასწრაფოდ პრაღაში ჩასვლა და დახმარება სთხოვა.
ჩეხოსლოვაკიაში ჩასულ ნიკოლასს ადგილზე მძიმე სურათი დახვდა - იქ უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკები იყო. ნანახი იმდენად მძიმე და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ნიკოლასს პრაღიდან წასვლა არც უფიქრია. "ბროლის ღამის" შემდეგ, 1938 წელს, როდესაც გერმანელებმა ებრაელთა თითქმის ყველა მაღაზია, სინაგოგა თუ სახლი გაანადგურეს, გერმანელი ებრაელები ჩეხოსლოვაკიაში გაიქცნენ, მაგრამ ფაშისტებმა ისიც დაიპყრეს. დევნილთა შორის იყო უამრავი ბავშვი და უინტონმა გადაწყვიტა, რომ მათთვის უნდა ეშველა.
ამის გაკეთება სხვა არავის შეეძლო, ბრიტანულ კომიტეტს ბავშვები არ ეხებოდა, მას მხოლოდ მოხუცებისა და ინვალიდების შველა ევალებოდა. უინტონმა პრაქტიკულად მარტომ შეიმუშავა ბავშვების ჩეხოსლოვაკიიდან გაყვანის პროგრამა.
პრაღაში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში უინტონმა პატარა მაღაზიის მსგავსი გახსნა, მის კარებთან უზარმაზარი რიგი იდგა. მან 900-მდე ბავშვი დაარეგისტრირა, რომლებიც ქვეყნიდან უნდა გაეყვანა და უნდა დაებინავებინა. სასოწარკვეთილი მშობლები საკუთარი ნებით ტოვებდნენ შვილების მონაცემებს და ანდობდნენ მათ სრულიად უცხო ადამიანს, გადარჩენის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა.
ასეთი საქმიანობის გამო უინტონზე, რა თქმა უნდა, თვალთვალი დააწესეს. მას მტრის მოსაგერიებლად უამრავი ქრთამის გაღება უხდებოდა. ყველაფრისთვის მზად იყო, მისთვის მთავარი იყო ამ ბავშების სიცოცხლე ეხსნა. ეძებდა მათთვის ოჯახებს, რათა საიმედოდ დაებინავებინა 17 წლის ასაკამდე. ეს ადვილი საქმე სულაც არ გახლდათ. მართალია, მსურველ ოჯახებს გარკვეულ თანხას ახდევინებდა სხვა ბავშვების გადასარჩენად, მაგრამ ეს საკმარისი როდი იყო. მას საკუთარი ხარჯების გაღებაც უხდებოდა. ამის შემდეგ მან მიმართა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ბავშვებისთვის გაეფორმებინათ ვიზები. მაგრამ ჩინოვნიკები პასუხს აყოვნებდნენ, ამიტომ მოუწიათ ვიზების ფალსიფიცირება. ამ დროს პრაღაში უინტონის მეგობარი ტრევორ ჩადვიკი მეგობრობდა გესტაპოს ჩინოვნიკთან კარლ ბემელბურგთან, აძლევდა მას ქრთამს იმისათვის, რომ ვერც ნაცისტების მაღალი რანგის ჩინოსნებს და ვერც ჩეხოსლოვაკიიის რკინიგზის მესვეურებს ვერ გაეჩერებინათ ბავშვებიანი მატარებლები.
14 მარტს 1939 წელს რამოდენიმე საათით ადრე, ვიდრე ჰიტლერმა მორავიის და ბოჰემიის მიწები გამოიყვანა გერმანიის პროტექტორატიდან, პირველმა მატარებელმა 20 ბავშვით დატოვა პრაღა. გადარჩენილებმა შემდეგ აღწერეს, თუ რა ხდებოდა რკინიგზის სადგურში. ბავშვები ტიროდნენ და ეხვეწებოდნენ, რომ არსად არ გაეგზავნათ,მშობლები კი ვერ იშორებდნენ შვილებს.
ნიკოლას უინტონმა და მისმა მეგობრებმა მოახერხეს 8 ასეთი მატარებლის ორგანიზება, რომლითაც გაიყვანეს დარჩენილი ბავშვები. მატარებლები მიდიოდნენ ნიურბერგის და კიოლნის გავლით ჰოლანდიის პორტ ჰუკ-ვან-ჰოლანდში, შემდეგ ჩრდილოეთის ზღვით ნავებზე ესექსამდე და შემდეგ ისევ მატარებლით ლონდონამდე. იქ უინტონი და მიმღები ოჯახები ხვდებოდნენ პატარებს. ყველა პატარა ლტოლვილს ტანსაცმელზე ეკრა თავისი სახელი. ასე გადარჩა 669 ბავშვი. ბოლო 250 ბავშვი უკვე იჯდა მატარებელში, როდესაც 1939 წლის პირველ სექტემბერს ჰიტლერი შეიჭრა პოლონეთში. საზღვრები ჩაიკეტა და ამ ბავშვების ბედი უცნობია. სავარაუდოდ, ყველანი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ. ომის შემდეგ გადარჩენილებიდან ბევრი ბრიტანეთში დარჩა, მაგრამ უმრავლესობა დაბრუნდა სამშობლოში და ემიგრირდნენ ისრაელში, ამერიკასა და ავსტრალიაში.
გადარჩენილ ბავშბებს შორის არის რეჟისორი კარელ რეიში, ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ვალტერ კონი, ამერიკელი ასტრონომი და ნობელის პრემიის ლაურეატი არნო პენზისი, უფლებათადამცველი ჰედი ეპშტაინი, პედიატრი რენატა ლასკოვა.
ომის შემდეგ უინტონის საქმიანობა ფართოდ გაშუქდა. 1994 წელს მან ისრაელის პრეზიდენტ ეზერ ვეიცმანისგან სამადლობელი წერილი მიიღო. 1998 წელს ის დააჯილდოვეს ჩეხეთის მასარიკის ორდენით. 2002 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ რაინდის წოდება მიანიჭა. 2014 წელს 105 წლის ასაკში დაჯილდოვდა ჩეხეთის უმაღლესი ჯილდოთი - თეთრი ლომის ორდენით...