ქორწინებას ხელი არ შეუშლია ილიასა და ნატოს რომანისთვის... ნატო გაბუნია XIX საუკუნის ლეგენდა იყო. ახალგაზრდა გორელმა ქალმა სწრაფად გაიკაფა გზა მაღალი საზოგადოებისკენ. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო გორში, სადაც ის დავით ერისთავმა ნახა და 1879 წელს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მოიწვია... ნატოსათვის საგანგებოდ წერდნენ პიესებს ი. ჭავჭავაძე ("მაჭანკალი"), ა. წერეთელი ("კინტო"), ა. ცაგარელი ("ხანუმა"), დ. კლდიაშვილი ("დარისპანის გასაჭირი").
ნატო გაბუნია მონაწილეობდა ოპერეტებშიც. მის ტკბილ ხმას აღტაცებაში მოჰყავდა თეატრის მოყვარულები. გაზეთი "დროება" წერდა: "მოუთმენელი ლოდინის შემდეგ დიდის სიამოვნებით ვეღირსეთ ბათუმში ქართული ტრუპპის (მსახიობთა, მომღერალთა და მუსიკოსთა შემოქმედებითი ჯგუფი) მოსვლას. ნ. გაბუნიას ქალმა თარზე ქართულად იმღერა. საზოგადოებამ დიდის აღტაცებით მიიღო ჩვენი ახალი ტრუპპა... ხალხმა ისევ მოითხოვა ნატო გაბუნიას გამოსვლა სცენაზე. თქვენ არ მომიკვდეთ, საზოგადოებამ ისეთი ყვირილით და ტაშის კვრით გამოითხოვა, რომ იქაურობა აიკლეს. იქამდი გაიტაცა იმისმა მშვენიერმა ხმამ ყველა, რომ ერთხელ და ორჯერ არ იკმარეს სიმღერა, მესამედ და მეოთხეჯერ მოითხოვეს, რომ უფრო კარგათ გაეგონათ მშვენიერი, ტკბილი ხმა. მეტის ტაშის კვრით ხელისგულებზე ბებერები გაგვიჩნდა" ("დროება", 1879 წელი).
მას თვით ილია ჭავჭავაძე ეტრფოდა. ამბობენ, რომ დიდი რომანიც ჰქონდა მასზე 22 წლით უმცროს ქალთან. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ თეატრიდან არტისტი დიდის ამბით გამოუყვანიათ, შუშხუნები აუშვიათ, ეტლში ჩაუსვამთ და შინ მიუყვანიათ, სადაც მეორე დღეს ოლღა გურამიშვილი ივანე მაჩაბელთან ერთად სწვევია და ქალი სადილად წაუყვანია.
"არ გასულა ერთი კვირა, მოვიდა რეპეტიციებზე ვანო მაჩაბელი და მითხრა, კნეინას ძალიან ეწყინა, პატარა ოთახი რომ გაქვსო, და თანაც რკინის ფეჩი გიდგას, შეიძლება ხმა წაგიხდეს, ნათბილარევი რომ გამოხვალ იმ პატარა ოთახიდანო. კნეინას სურს თავისთან ახლოს დაგაყენოს, ოთახი უკვე დაიქირავაო. მეორე დღეს გადამიყვანეს კნ. ოლღას მახლობლად იმავე ეზოში. სადილი, ჩაი მათთან მქონდა, რა თქმა უნდა, უზრუნველად", - იგონებდა ნატო გაბუნია.
ნატო გაბუნიამ ავქსენტი ცაგარელზე იქორწინა, მაგრამ ამ ქორწინებას ხელი არ შეუშლია ილიასა და ნატოს რომანისთვის... ილიას მეტად ჰყვარებია ნატოს სიმღერა დაირაზე. დავით კასრაძის მოგონებებში ვკითხულობთ: "წვეულებაზე ილიას გამოუტანინებია დაირა მასპინძლისთვის და თავისი ხელით გადაუცია ნატო გაბუნიასთვის. ნატოსაც ფიფინურები შეუჟღრიალებია დაირისთვის და დაუმღერებია "ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია". ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმასაც თავი გაუხსენებია. "ბატონო ილია, ბატონო ილია!" - გაისმა ნატოს ხმა, დაირა იქით მიაგდო და პატარა ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა"...