ნაწარმოების გაგრძელება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს გამოქვეყნდება.
ეს ცნობილი ოაპონელი მწერლის იუკიო მისიმას გახმაურებული რომანია - "სიკვდილი შუა ზაფხულში". რომელშიც გამაოგნებლად რეალისტურად აღწერილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ამბები, რომელსაც ერთ დღეს ორი შვილი ერთად გარდაეცვლება... როცა ცხოვრება ამით არ მთავრდება და როცა ცხოვრებას სხვა გაგრძელებებიც აქვს - რომანი ამაზეა, და ადამიანის ჩვეულებრივ განცდებსა და სისუსტეებზე... წაიკითხეთ და განიცადეთ გახმაურებული რომანი, გაგრძელებებით, ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე.
სიკვდილი შუა ზაფხულში
"ზაფხულის საზეიმო მეფობისას
სიკვდილი უფრო ძლიერად გვზაფრავს..."
შარლ ბოდლერი, "ხელოვნური სამოთხე"
საკურორტო ქალაქ ა.-ში, რომელიც იძუს ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს, შესანიშნავი პლაჟებია - სუფთა და არახალხმრავალი. მართალია, იქ არც ისე თანაბარი ფსკერი და მეტისმეტად დიდი ტალღებია, მაგრამ სამაგიეროდ წყალი გამჭვირვალეა, ქვიშიანი მეჩეჩები კი თითქოს სპეციალურად არის შექმნილი ცურვისთვის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქაური სანაპიროები ჯერ კიდევ არ შეუვსიათ დამსვენებელთა გუნდებს, ისე, როგორც მეზობელ რაიონ სონანში, ოდნავი უხერხულობაა: სადგურიდან ამ ადგილამდე ავტობუსით ორსაათიანი ჯაყჯაყია საჭირო.
სასტუმრო "ეირაკუსო" და მისი კუთვნილი კოტეჯები - ლამის ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება ა.-ში გაჩერება. ჩალით გადახურული სუვენირების დახლები, რომელიც ზაფხულობით ასე ამახინჯებს ხოლმე ქვიშიან პლაჟებს, აქ ერთი-ორია, მეტი არა. თეთრი ქვიშით დაფარული ნაპირი არაჩვეულებრივად ლამაზია, ცენტრში კი, ზღვის თავზე ფიჭვებით მოფენილი კლდეა. მოქცევის დროს კლდე შუამდე წყალში იმალება.
ზღვის ხედი შესანიშნავია. როდესაც დასავლეთის ქარი დაუბერავს, თან რომ მიაქვს ნისლიანი ბოლი, ხელისგულივით ჩანს შორეული კუნძულები: ოსიმა უფრო ახლოს, ტოსიმა - ცოტა მოშორებით, მათ შორის კი უტონესიმას სამკუთხა კონუსია...
სადილობის შემდეგ ტომოკო იკუტა თავის ნომერში წამოწვა თვალის მოსახუჭად. როდესაც ამ ახალგაზრდა ქალს შეხედავდი, ლოგინზე რომ მოერთხა ფეხი და მოკლე ღია ვარდისფერი კაბიდან მრგვალი მუხლები მოუჩანდა - ძნელი იყო დაგეჯერებინა, რომ სამი შვილის დედა იყო: ნაზი ხელები, ნორჩი სახე, მოღიმარე პირი ტომოკოს ყმაწვილ გოგონას ამსგავსებდა. ცხელოდა - შუბლი და ზედა ტუჩი ოფლით დასცვაროდა.
ბუზი მონოტონურად ბზუოდა, ოთახი მზეს გაეღუებინა, თითქოს უშველებელი თუჯის ზარი ყოფილიყოს; ზარმაცი უქარო დღე დუღდა; ტალღოვანად, მძინარის სუნთქვის ტაქტს აყოლილი ირხეოდა კაბის ვარდისფერი ქსოვილი.
სასტუმროს თითქმის ყველა ბინადარი ზღვაზე გასულიყო. ტომოკოს ნომერი მეორე სართულზე მდებარეობდა. ფანჯრის წინ მოთეთრო-მოცისფრო საქანელა ეკიდა, ფართო გაზონზე ნაირფერი სკამები და მაგიდები ელაგა; ბაღში სულიერი არ ჭაჭანებდა, აქა-იქ თუ გაიბზუებდნენ ფუტკრები, თუმცა ზვირთების ხმა მათ წყნარ ზუზუნს ახშობდა. ხშირი დასახლების იქით ფიჭვის ჭალა იწყებოდა, მერე - ქვიშის ზოლი, რომლის მიღმა უკვე ზღვის ტალღები ქაფდებოდნენ. სასტუმროს შენობის ქვეშ ნაკადული მიედინებოდა, რომელიც ზღვაში ჩაშვებამდე კიდევ უფრო ფართოვდებოდა და სადილის შემდეგ მასში ბატებს უშვებდნენ, რომლებიც წყალში ფრთებს ატყლაშუნებდნენ და ყიყინებდნენ.
იმას ვამბობდი, რომ ტომოკოს სამი შვილი ჰყავს: ექვსი წლის კიეო, ხუთი წლის კეიკო და სამი წლის კაცუო. სამივე პლაჟზე გაეშურა იასუესთან, ტომოკოს ქმრის დასთან ერთად. ახალგაზრდა დედამ გულმოწყალე მულს სთხოვა, ბავშვებს თან ხლებოდა, თვითონ კი გადაწყვიტა, ცოტა თვალი მოეხუჭა. იასუე შინაბერა იყო. როცა ტომოკოს ქალიშვილი გაუჩნდა და გაუჭირდა ორ ბავშვთან გამკლავება, ქმართან ბჭობის შემდეგ პროვინციაში მცხოვრები მული თავისთან, ტოკიოს ბინაში მიიწვია. ძნელი სათქმელია, რატომ არ გათხოვდა იასუე. მზეთუნახავი არ იყო, მაგრამ ვერც გონჯს უწოდებდი. რამდენჯერმე სთხოვეს ხელი, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა და ასე გაექცა დრო. იასუეს უფროს ძმაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და ტოკიოში ცხოვრებაზეც ოცნებობდა, მით უმეტეს, რომ შინაურები ვიღაც ადგილობრივ მდიდარ მოხუც კაცზე აპირებდნენ მის გათხოვებას. ასე რომ, ტომოკოს წინადადება ჭკუაში დაუჯდა.
მული სიბრძნითა და გონიერებით არ ბრწყინავდა, მაგრამ სამაგიეროდ, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა. ტომოკოს ისე მიმართავდა, როგორც უფროსს, არადა ტომოკო მასზე გაცილებით უმცროსი იყო, და საერთოდაც ძმის ცოლს ხაზგასმული პატივისცემით ეპყრობოდა. დროთა განმავლობაში მისი პროვინციული მეტყველება ისე აღარ შეიმჩნეოდა. ტომოკოს შინაურ საქმეებში ეხმარებოდა, ბავშვებს უვლიდა, ხოლო მას მერე, რაც ძმამ კერვის კურსებზე ჩაწერა, მთელი ოჯახისთვის კერავდა კიდეც. იასუე ხშირად დადიოდა გინძუში1, მოდური მაღაზიების ვიტრინებს ათვალიერებდა და ახალი ფასონის კაბას თუ კოსტიუმს თუ მოჰკრავდა თვალს, მაშინვე ჩაიხატავდა სპეციალურ ბლოკნოტში. ამის გამო გამყიდველებმა რამდენჯერმე უსაყვედურეს კიდეც.
დღეს იასუე პლაჟზე ერთ-ერთი ყველაზე მოდური მწვანე საცურაო კოსტიუმით გავიდა. თუმცაღა ამჯერად ის არ იყო მისი "წარმოების", უნივერმაღში ეყიდა. იასუე ძალიან ამაყობდა თავისი თეთრი კანით და არ აღიარებდა ნამზეურს, ამიტომაც წყლიდან გამოსული სასწრაფოდ ქოლგის ქვეშ წვებოდა. ბავშვები ქვიშის სასახლეს აშენებდნენ და იასუემ უსაქმურობის გასაქარვებლად თავის ფითქინა ფეხებზე სველი ქვიშის დაყრა დაიწყო. ქვიშა სწრაფად შრებოდა და იფრქვეოდა, ფეხებზე მუქ კლაკნილებს ქმნიდა, რომელშიც ალაგ-ალაგ ნიჟარების ნამტვრევები ბრწყინავდა. უცებ შეეშინდა, რომ ჭუჭყს ვერ მოიბანდა და სწრაფად მოიშორა ხელით მთელი ეს სილამაზე. ქვიშის გორაკიდან რაღაც ნახევრად გამჭვირვალე მუმლი გამოფრინდა და გაუჩინარდა.
იასუე იდაყვებს დაეყრდნო, ფეხები გაშალა და ზღვას მიაცქერდა. ჰორიზონტზე ღრუბლები ქუჩდებოდნენ, დიდებული და მდორე, თითქოს თავიანთი მანათობელი მდუმარებით ადამიანთა ხმებსაც ახშობდნენ და ზღვის ტალღების შხუილსაც.
შუა ზაფხული იყო და მზის მწველ ნათებაში თითქოს მრისხანებაც კი იგრძნობოდა. ბავშვებს მოჰბეზრდათ ქვიშაში გორაობა. ნაპირთან ახლოს, წყალში გაცვივდნენ, აადგაფუნეს. იასუე მაშინვე გამოფხიზლდა თავისი საოცნებო გარინდებიდან, ფეხზე წამოხტა და ძმისშვილებს დაედევნა. თუმცა ბავშვები სახიფათოს არაფერს გეგმავდნენ - თვითონაც ეშინოდათ ზვირთების. ყოველ ჯერზე, როცა ნაპირს მიხეთქებული ტალღა უკან მიემართებოდა, წყალი მეჩეჩებზე პატარა მორევებად ტრიალებდა. კიეო და კეიკო, ხელჩაკიდებულები, ზღვაში მკერდამდე შევიდნენ და წყნარად იდგნენ. გრძნობდნენ, წყალი ზურგზე როგორ ექაჩებოდათ. ქვიშა ნელ-ნელა ეცლებოდათ ფეხქვეშ, დაზაფრულები იდგნენ და ორივეს უბრწყინავდა თვალები.
- თითქოს ვიღაც ფეხებში გექაჩება, არა? - თქვა კიეომ.
იასუე ბავშვებს მიუახლოვდა. გააფრთხილა, რომ უფრო ღრმად არ შესულიყვნენ. მერე კი მარტო მდგარი პატარა კაცუოსკენ მიუთითა და გაუბრაზდა უფროსებს: ძამიკო მარტო როგორი დატოვეთ, ახლავე გამოდით წყლიდან და ეთამაშეთო. კიეო და კეიკო არ უსმენდნენ მამიდას. მათ საერთო საიდუმლო ჰქონდათ - ორივე გრძნობდა, ქვიშა ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ფეხებიდან. და-ძმამ, ხელჩაჭიდებულებმა, ერთმანეთს გადახედეს და აკისკისდნენ.
მზეზე დგომა იასუეს არ მოსწონდა. ელდით დახედა თავის მხრებს, მერე მკერდს. თეთრმა კანმა მშობლიური მხარის თოვლი მოაგონა. იასუემ ოდნავ იჩქმიტა ბიუსტჰალტერის ცოტა ზემოთ და გაეღიმა - კანი ცხელი იყო. იქვე შენიშნა, რომ გრძელ ფრჩხილებში ქვიშა შესვლოდა და გაიფიქრა: პლაჟიდან რომ დავბრუნდებით, აუცილებლად უნდა დავიჭრაო.
თვალები რომ ასწია, კიეო და კეიკო უკვე გამქრალიყვნენ. ალბათ ნაპირზე გავიდნენ, გადაწყვიტა იასუემ. თუმცა ქვიშაზე ისევ მხოლოდ კაცუო იდგა. ბიჭუნა თითით ზღვისკენ უჩვენებდა, სახე უცნაურად დამანჭვოდა.
იასუეს გული შეეკუმშა. წყლისკენ მიბრუნდა. ტალღა ნაპირს ის-ის იყო სცილდებოდა და წინ, ორიოდე მეტრში, აზვირთებულ ქაფში, იასუემ პატარა გარუჯული სხეული დაინახა - წყალი ატრიალებდა და სადღაც მიაქანებდა. ლურჯმა ლაქამ გაიელვა - კიეოს საცურაო კოსტიუმმა.
იასუეს გული კიდევ უფრო ძლიერად გაუტოკდა. უსიტყვოდ, შიშისგან დაზაფრული სახით წინ გადადგა ნაბიჯი. ამ მომენტში მაღალი ტალღა, რომელსაც რაღაც სასწაულით ნაპირამდე არ დაეკარგა ძალა, იასუეს მკერდში ეცა და ქვიშაში დაიმსხვრა. ქალი მოცელილივით დაეცა.
ინფარქტი დაემართა.
კაცუო ხმამაღლა ატირდა, ვიღაც ახალგაზრდა კაცმა მიირბინა. მერე ერთბაშად რამდენიმე მამაკაცი გადაეშვა წყალში. ყოველი მხრიდან გამოქცეული გარუჯული სხეულები წყალს ადგაფუნებდნენ.
ორმა ან სამმა დაინახა, როგორ დაეცა იასუე, თუმცა თავდაპირველად ამისთვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, იფიქრეს, რომ წამოდგებოდა. მაგრამ მსგავს შემთხვევებში რაღაც წინათგრძნობა იწყებს მუშაობას და ახლა ხალხი, რომელმაც არაფერი იცოდა და იასუეს დასახმარებლად მოექანებოდა, გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ იყო.
იასუე ნაპირზე გადაიყვანეს და ცხელ ქვიშაზე დააწვინეს. თვალები ფართოდ გაეხილა, კბილები ერთმანეთზე მაგრად დაეჭირა, თითქოს თვალმოუშორებლად უყურებდა რაღაც საზარელ სურათს. ერთმა მამაკაცმა პულსი მოსინჯა. არ იყო. ვიღაცამ ივარაუდა, რომ ქალს გულყრა ჰქონდა, ბრბოდან ერთ-ერთმა იასუე იცნო და წამოიძახა:
- ეს ქალი "ეირაკუსოში" ცხოვრობს.
გადაწყვიტეს, სასტუმროს ადმინისტრატორთან გაეგზავნათ ვინმე. ეს მისია ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბიჭუნამ იკისრა და იმის შიშით, აქაოდა ვინმემ არ დამასწროსო, ქვიშაში საოცარი სისწრაფით გაიქცა სასტუმროსკენ.
გამოჩნდა ადმინისტრატორიც. ორმოც წლამდე მამაკაცი იყო, თეთრ შორტებსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი. ადმინისტრატორმა გამოაცხადა, რომ სანამ დაზარალებულს დახმარებას გაუწევდნენ, სასტუმროში უნდა გადაეყვანათ. ვიღაცამ შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ორი ბიჭი მაშინვე დასწვდა სხეულს და დაძრა. სადაც იასუე იწვა, იმ ადგილას ქვიშაზე სველი ღრმული დარჩა.
კაცუო სლუკუნით მიჰყვა ხალხს. ვიღაცამ შენიშნა, მხრებზე შეისვა.
ტომოკოს სადილის შემდგომი ძილი გაუწყდა. ბინადრებთან ურთიერთობაში გამოცდილმა ადმინისტრატორმა მხარზე შეახო ხელი.
- რა არის? - იკითხა შემკრთალმა ტომოკომ.
- აქ ისეთი რაღაც მოხდა... ქალბატონი, რომელსაც იასუე-სანი ჰქვია...
- რა სჭირს?
- გონზე მოჰყავთ. ექიმთან უკვე გავგზავნეთ.
ტომოკო ლოგინიდან წამოხტა და ადმინისტრატორთან ერთად ნაჩქარევად გამოვიდა ნომრიდან. იასუე ბაღის კუთხეში იწვა, ბალახზე, საქანელების გვერდით. მასზე მხედარივით შემომჯდარიყო შიშველი მამაკაცი - ცდილობდა ხელოვნური სუნთქვა გაეკეთებინა. იქვე, რამდენიმე ნაბიჯში, მანდარინების ყუთები და თივა მიეყარათ და ორი მამაკაცი ცეცხლის გაჩაღებას ცდილობდა. ცეცხლს არაფრის დიდებით არ უნდოდა ანთება, მხოლოდ ბოლი ტრიალებდა - ყუთებსა და თივას გაშრობა ვერ მოესწრო გუშინდელი თავსხმის შემდეგ. შიგადაშიგ, როცა კვამლი მწოლიარე იასუეს სახისკენ მიიწევდა, კიდევ ერთი მოხალისე მას მარაოთი ფანტავდა.
ბიძგებისგან იასუეს ნიკაპი ადი-ჩადიოდა და ყველას ეჩვენებოდა, თითქოს იგი უკვე სუნთქავდა. მაშველს გაშავებულ-გარუჯულ ზურგზე, რომელზეც ხის ფოთლებს შორის გამოსხლეტილი მზის სხივების ლაქები ემჩნეოდა, ოფლი ნაკადულებად სდიოდა. ბალახზე გართხმული იასუეს თეთრი ფეხები მკვდარივით ფერმიხდილი ჩანდა და არაბუნებრივად მსუქანი. ფეხები გულგრილი რჩებოდა იმ სასოწარკვეთილ ბრძოლაში, რომელშიც სხეულის ზედა ნახევარი მონაწილეობდა.
ტომოკო მიწაზე დაეშვა.
- იასუე, იასუე! - ჩასძახოდა. მერე სახეაცრემლებულმა სწრაფად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ იკითხა: - ო, ნუთუ ვერ უშველიან, რა არის ეს, რა ვუთხრა ქმარს!
უცებ ტომოკო მკვეთრად მოტრიალდა.
- ბავშვები? - ხმამაღლა იკითხა.
იქვე ახლოს მდგარმა ახალგაზრდა მეთევზემ შეშინებულ კაცუოს მხარზე წაჰკრა ხელი.
- შეხედე, აი, დედაშენი.
ვაჟის დანახვისას ტომოკომ ჩაიბუტბუტა: "მიხედეთ მათ, თუ შეიძლება".
ექიმი მოვიდა და მანაც ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ცეცხლი, როგორც იქნა, გაჩაღდა. ტომოკოს სახე გაუწითლდა სიცხისგან და უკვე არაფერი ახსოვდა. იასუეს შუბლზე ჭიანჭველა მიბობღავდა. ტომოკომ თითით გასრისა და გადაისროლა. მერე კიდევ ერთი გამოჩნდა - ნიავზე აფრიალებულ თმებში გაიარა, ყურზე გადაცოცდა. ტომოკომ ისიც გასრისა. ჭიანჭველების სრესა გაუჩნდა საქმედ.
ოთხი საათი მიმდინარეობდა სხეულის გამოცოცხლების მცდელობები. მხოლოდ მას მერე დანებდა ექიმი, როდესაც სასიკვდილო გაშეშება უეჭველი გახდა. ცხედარს ზეწარი გადააფარეს და მეორე სართულზე აიტანეს. უკვე შებინდებულიყო, როდესაც ერთ-ერთი მოხალისე დამხმარე კიბეზე გამოვარდა და ოთახში სინათლე აანთო.
ტომოკო სრულიად ძალაგამოცლილი იყო. აპათია დაუფლებოდა. იმდენად მწუხარებას არ განიცდიდა. ბავშვები გაახსენდა და იკითხა:
- ბავშვები სად არიან?
- მგონი, სასტუმრო ოთახში, მათ გენგო ეთამაშება, - უპასუხეს.
- სამივენი იქ არიან?
- ეგ არ ვიცი.
ხალხმა ერთმანეთს გადახედა. ტომოკომ ხალხი გაარღვია და კიბეზე დაეშვა. იქაური მეთევზე გენგო, რომელსაც სასტუმროს ხალათი შემოეცვა, სავარძელში იჯდა კაცუოსთან ერთად, რომელსაც მხრებზე მამაკაცის პერანგი ჰქონდა შემოსხმული. ნახატებიან წიგნს ათვალიერებდნენ. კაცუო სურათებს არ უყურებდა, რაღაც სხვაზე ფიქრობდა.
ტომოკო რომ გამოჩნდა სასტუმროს კარში, იქ მსხდომმა სასტუმროს ბინადრებმა, რომელთაც უკვე იცოდნენ იასუეს უბედურების შესახებ, მარაოების ქნევა შეწყვიტეს და ახალგაზრდა ქალს მიუბრუნდნენ.
- სად არიან კეი-ტიანი1 და კიე-ტიანი?!
კაცუომ დამფრთხალმა შეხედა დედას. ჩუმად ჩაიბუტბუტა:
- კეი-ტიანი და კიე-ტიანი ბულ-ბულ.
ტომოკო, რომელსაც ფეხზე ჩაცმაც კი დაჰვიწყებოდა, პლაჟზე გაიქცა. ფიჭვის წვერები, რომლებითაც სავსე იყო ჭალაში ქვიშა, ფეხებში ესობოდა. წყალს მოემატა და ახლა, პლაჟზე მოსახვედრად ჯერ კლდეზე ასვლა დასჭირდა, მერე კი ძირს დაშვება. ზემოდან კარგად მოჩანდა მთელი თეთრი ქვიშის სანაპირო. ერთადერთი ყვითელი ქოლგა იდგა ქვიშაში, ტომოკომ მაშინვე იცნო.
სასტუმროს რამდენიმე ბინადარი მიუახლოვდა. ტომოკო დაბნეული დაბორიალებდა ნაპირზე. როდესაც მისი წაყვანა სცადეს, გაღიზიანებულმა მოიცილა მხრებიდან უცხო ხელები:
- ნუთუ არ გესმით? აქ სადღაც ორი ბავშვია!
იქ მყოფთ არ გაეგონათ გენგოსგან დაკარგული ბავშვების შესახებ და ხალხმა ჩათვალა, რომ ტომოკო დარდისგან შეიშალა.
შეიძლება დაუჯერებელი ჩანდეს, მაგრამ იასუეს უსიცოცხლო სხეულის მოსასულიერებლად ოთხსაათიანი ფუსფუსის განმავლობაში არავის გახსენებია ორი ბავშვი - არადა, სასტუმროს ბინადრები ხომ მიჩვეულები იყვნენ, სამივე ბავშვს ერთად რომ ხედავდნენ. საოცარია ისიც, რომ დედამ, რაოდენ გაოგნებულიც უნდა ყოფილიყო მომხდარით, საფრთხე ვერ იგრძნო, რომელიც მის პატარა ბავშვებს ემუქრებოდა.
მაგრამ ხანდახან ტრაგიკული მოვლენა ერთგვარ ფსიქოლოგიურ მორევს ქმნის, რომელიც თითოეულ ადამიანს ბრბოში, აიძულებს ერთადერთი, ყველაზე პრიმიტიული მიმართულებით იაზროვნოს. ამ აშკარა ტრაექტორიის ფარგლებს გარეთ გამოღწევა იოლი არ არის, კიდევ უფრო რთულია მისთვის საკუთარი ვერსიის შეპირისპირება. ლოგინიდან წამომდგარმა ტომოკომ მაშინვე, უმცირესი დაეჭვების გარეშე, მიიღო დადგენილი ვარაუდი მომხდარის შესახებ.
მთელი ღამე სანაპიროზე, რამდენიმემეტრიანი ინტერვალებით კოცონები ენთო, ყოველ ნახევარ საათში მამაკაცები წყალში შედიოდნენ, დამხრჩვალები რომ ეპოვათ. ტომოკო წუთით არ მოსცილებია ნაპირს. ძილი არ შეეძლო - მეტისმეტად ძლიერი იყო განცდა, თანაც სადილობის შემდეგ გამოეძინა.
გათენდა. პოლიციის თხოვნით იმ დილას მეთევზეები არ გავიდნენ ზღვაში ბადეების გადასასროლად.
უკიდურესი მარცხენა კონცხიდან მზე ამოვიდა. სახეში დილის ქარმა დაუბერა. დღევანდელი აისი მისთვის საშინელი იყო. ეჩვენებოდა, რომ დღის დადგომასთან ერთად მომხდარის მთელი სისასტიკე უეჭველი გახდებოდა, ტრაგედია რეალუ¬რობას შეიძენდა.
- უნდა დაისვენოთ, - უთხრა რომელიღაც მოხუცმა, - გაგაღვიძებთ, როცა ვიპოვით. გქონდეთ ჩვენი იმედი.
- ესეც მართალია, - აიტაცა ადმინისტრატორმა, თვალები რომ დასწითლებოდა უძილო ღამის შემდეგ, - ამდენი უბედურება, ამდენი მწუხარება - ავად გახდებით. ქმარზე იფიქრეთ.
ტომოკოს ფიქრიც არ უნდოდა ქმართან მოსალოდნელ შეხვედრაზე. ეს იგივე იყო, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. მაგრამ ამ შეხვედრას მაინც ვერ გაექცეოდა. ახალი გარდაუვალი წამება უახლოვდებოდა და ტომოკოს თავს დამტყდარი უბედურებების ჯაჭვში კიდევ ერთ რგოლად ესახებოდა.
ბოლოს და ბოლოს, სიმამაცე მოიკრიბა და გადაწყვიტა, ქმრისთვის დეპეშა გაეგზავნა. თანაც ამ მიზეზით შეიძლებოდა პლაჟიდან წასულიყო, თორემ უკვე ეჩვენებოდა, თითქოს მყვინთავები მისგან ელოდნენ რაღაც განსაკუთრებულ მითითებებს.
ტომოკო შებრუნდა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ისევ უკან მიიხედა. ზღვა სიმშვიდით სუნთქავდა. ტალღები ვერცხლისფრად ციმციმებდა. წყლიდან თევზები ხტებოდნენ, თითქოს თავშეუკავებელი ხალისით კრთებოდნენ.
საკუთარი უბედურება ტომოკოს საშინელ უსამართლობად მოეჩვენა.
* * *
ტომოკოს ქმარი მასარუ იკუტა ოცდათხუთმეტი წლის იყო. უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და ჯერ კიდევ ომამდე ამერიკულ სავაჭრო ფირმაში მუშაობდა, ასე რომ, სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ ენას და სამსახურში დიდად აფასებდნენ. სიტყვაძუნწი ადამიანი იყო, მაგრამ შესანიშნავი მუშაკი. ახლა ამერიკული საავტომობილო კომპანიის ფილიალს ხელმძღვანელობდა. ფირმის კუთვნილი ავტომანქანით დადიოდა (ძირითადად რეკლამის მიზნით) და თვეში 150 ათას იენს იღებდა. სხვა დამატებითი შემოსავლებიც ჰქონდა, ასე რომ, მასარუ სირთულეების გარეშე ინახავდა ოჯახს, რომელშიც ცოლის, დისა და სამი ბავშვის გარდა მოსამსახურეც შედიოდა. არავითარი ეკონომიკური აუცილებლობა არ არსებობდა, რომ მისი ოჯახობა ერთბაშად სამი პირით შემცირებულიყო.
ტომოკომ ტელეფონის ზარს დეპეშა ამჯობინა, რადგან ქმართან დალაპარაკების ეშინოდა. ტოკიოს საფოსტო განყოფილების თანამშრომელმა დეპეშის მიღებისთანავე, როგორც ეს ხდება ხოლმე, ადრესატს ტელეფონზე დაურეკა. მასარუ იკუტა ის-ის იყო სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. ზარი რომ გაიგონა, იფიქრა, რომ ფირმიდან ურეკავდნენ და ყოველგვარი უსიამოვნო მოლოდინის გარეშე დასწვდა ყურმილს.
- სასწრაფო დეპეშაა ა.-დან, - შემოესმა ქალის ხმა და მაშინვე შეშფოთებით აუძგერდა გული, - გიკითხავთ. მისმენთ? "იასუე გარდაიცვალა წერტილი კიეო და კეიკო დაიკარგნენ წერტილი ტომოკო".
- თუ შეიძლება, ხელახლა წამიკითხეთ.
დეპეშა მეორედაც ისევე ჟღერდა. "იასუე გარდაიცვალა. კიეო და კეიკო დაიკარგნენ".
მასარუმ მძვინვარების მოდინება იგრძნო. თითქოს მოულოდნელად, მიზეზგარეშე, სამსახურიდან გაგდების უწყება მიიღო. ყურმილი დადო, მკერდში კი ყველაფერი უხურდა წყენისგან.
მანქანაში ჩაჯდომისა და ფირმაში წასვლის დრო იყო. მასარუმ მაშინვე დარეკა და გააფრთხილა, რომ ვერ მივიდოდა. თავდაპირველად სურდა ა.-მდე თავისი მანქანით წასულიყო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ არ ღირდა ასე გაღიზიანებული საჭეს მისჯდომოდა - მეტისმეტად გრძელი და სახიფათო გზა ედო წინ. მით უმეტეს, რომ ამას წინათ ავარიაში მოხვდა. ჰოდა, მასარუმ არჩია მატარებლით ჩასულიყო იტომდე, იქიდან კი ტაქსი აეყვანა.
ჭეშმარიტად საოცარია პროცესი, რომელიც იმ ადამიანის სულში ხდება, რაღაც მოულოდნელი რომ შეემთხვა. მასარუმ ჯერ კიდევ არ იცოდა ზუსტად, რა მოხდა ა.-ში, მაგრამ სანამ გზას დაადგებოდა, შინიდან ცოტა მეტი ფული წაიღო. უწყოდა, რომ ტრაგიკული მოვლენები ყოველთვის მოითხოვს ხარჯებს.
ტაქსიში, სადგურამდე მიმავალ გზაზე, მასარუს არავითარი განსაკუთრებული შეგრძნებები არ ჰქონია: უფრო სწორად, მისი სულიერი მდგომარეობა შეიძლებოდა შეგედარებინა პოლიციის ინსპექტორის მოუთმენლობისთვის, რომელიც დანაშაულის ადგილას მიიჩქაროდა. მასარუ იმდენად არ განიცდიდა, რამდენადაც ცდილობდა ევარაუდა, მაინც რა მოხდა იქ - პირდაპირ კანკალებდა ცნობისმოყვარეობისგან, ისე უნდოდა გაეგო იმ მოვლენის ყველა წვრილმანი, რომელიც მის ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა.
ასეთ წუთებში უბედურება, რომლის შესახებ ფიქრებს ყოველთვის შორს ვაძევებთ ხოლმე, მისი უგულებელყოფის გამო ჩვენზე შურს იძიებს ხოლმე. როგორ დავდევთ ბედნიერებას კარგი დროებისას, როგორ ველოლიავებით, მაგრამ რა ხეირი აქვს მას ჩვენი ცხოვრების ავდრიან დღეებში? იშვიათად ვაწყდებით უბედურებას და მასთან შეხვედრისას გვიჭირს მისი თავისებურებების უცებ ამოცნობა.
"შეეძლო დაერეკა, მაგრამ ალბათ შეეშინდა, - შეუცდომლად განსაზღვრა მასარუმ ცოლის ფიქრთა დინება, - ასეა თუ ისე, მაინც საჭიროა წასვლა და ყველაფერში თავად გარკვევა".
ტაქსის ფანჯრიდან ტოკიოს ქუჩებს გაჰყურებდა. გაგანია ზაფხული იყო. გამვლელთა ჯგუფები თეთრებში იყვნენ შემოსილნი.
მასარუს გარემომცველი სამყარო ისევე აგრძელებდა ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა: მასარუს შეეძლო კიდეც, თუ მოისურვებდა, თავი დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი რიგზეა. უცნაურად, რაღაც ბავშვურად მოუვიდა გული.
არა რა, მართლაც: სადღაც შორს რაღაც მოხდა, რაშიც ის არანაირად არ არის დამნაშავე, და მაშინვე მოსწყვიტა მთელი დანარჩენი სამყაროსგან.
იტომდე მისაღწევად სონანის მატარებელში უნდა ჩამჯდარიყო და აცუმიში გადამჯდარიყო. სამუშაო დღეებში დილაობით ვაგონში თავისუფალი ადგილები ბლომად იყო.
როგორც უცხოური ფირმის თანამშრომელს შეეფერებოდა, მასარუ პაპანაქება სიცხეშიც კი პიჯაკითა და ჰალსტუხით დადიოდა. ოდეკოლონი ოფლის სუნს ახშობდა, თუმცა დრო და დრო ზურგზე, ხერხემლის გასწვრივ და მუცელზე ცივ ნაკადულებს გრძნობდა.
მასარუმ გაიფიქრა, რომ მგზავრებს შორის არავინ იყო მასზე უბედური, და ამ ფიქრმა ის თითქოს მაშინვე გადაიყვანა ახალ ხარისხში, უფრო მაღალ საფეხურზე. იქნებ ერთი საფეხურით დაბლა დაუშვა? ახლა ის ისეთი არ არის, როგორიც ყველაა, მისი ბუნება გამორჩეულია. ეს განცდა მასარუსთვის სიახლე იყო. მდიდარი პროვინციული ოჯახის უმცროსი ვაჟი, გიმნაზიის წლებიდან ტოკიოში ცხოვრობდა ბიძასთან (აწ გარდაცვლილთან); ფულს შინიდან საკმარისად უგზავნიდნენ, ასე რომ, თავს ცუდად არ გრძნობდა; მთელი ომის განმავლობაში მშვიდად მუშაობდა ინფორმაციის დეპარტამენტში, რომელიც სამხედრო სამსახურისგან იხსნიდა; მერე კარგ ტოკიოელ ოჯახიშვილზე იქორწინა; ანდერძის საკუთარი წილი მიიღო, სახლი აიშენა, შესაშურ - თანაც რაოდენ შესაშურ - მდგომარეობას მიაღწია. მასარუს თავი ყოველთვის სხვებზე იღბლიანად და ნიჭიერად მიაჩნდა, მაგრამ სხვა ადამიანებთან შედარებით სხვა ხარისხში მყოფად წარმოდგენა - ასეთი რამ ჯერ არ დამართვია. ალბათ ადამიანს, რომელიც ზურგზე უშველებელი მეჭეჭით იბადება, ხანდახან ხმამაღლა დაყვირების საშინელი სურვილი კლავს:
- ეი, ბატონებო! თქვენ ახლა მხედავთ და არ იცით, რომ ტანსაცმლის შიგნით, ზურგზე, უზარმაზარი ღვინისფერი მეჭეჭი მაზის!
მასარუც ძლივს იკავებდა თავს, რომ მგზავრებისთვის არ გამოეცხადებინა: "ეი, ბატონებო! თქვენ მშვიდად სხედხართ და არ იცით, რომ დღეს ორი ბავშვი დავკარგე, და კიდევ და!"
მასარუ მთლად დაეცა სულით. ბავშვებს მაინც ეშველოთ რამე. შეიძლება უბრალოდ გზა აებნათ, ტომოკომ კი პანიკაში მყოფმა უდეპეშა "დაიკარგნენო". იქნებ სანამ მატარებლით მგზავრობს, შინ უკვე ახალი დეპეშა მიიტანეს, რომ ყველაფერი კარგადაა? მასარუ საკუთარ განცდებში ჩაეფლო, ეს განცდები ახლა მას თვით შემთხვევაზე უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა. რატომ მაშინვე არ დარეკა სახლიდან "ეირაკუსოში"?
იტოში სადგურის წინ მოედანი მზით იყო მოფენილი. ტაქსი პატარა დახუთულ ჯიხურში უნდა გამოგეძახა. მზე დაუნდობლად ატანდა სადისპეტჩეროში. კედელზე ჩამოკიდებული განრიგის ფურცლები სულ გაეყვითლებინა და გაეცრიცა.
- რა ღირს ა.-მდე ჩასვლა? - იკითხა მასარუმ.
- ორი ათასი, - უპასუხა დისპეტჩერმა, რომელსაც თავზე ქუდი დაემხო, ყელზე კი სველი პირსახოცი შემოეხვია. ძნელი გასარკვევია, მოწყენილობა კლავდა თუ დისპეტჩერი ბუნებით იყო ასეთი თავაზიანი, მაგრამ დასძინა:
- თუ ძალიან არ ჩქარობთ, ავტობუსით წასულიყავით. ხუთი წუთის შემდეგ გადის.
- ვჩქარობ. სასწრაფოდ გამომიძახეს - უბედურება შეემთხვათ ნათესავებს.
- ა-ა, მე უკვე მიამბეს. ა.-ში დამხრჩვალები თქვენი ნათესავები არიან? რა საშინელებაა - ორი ბავშვი და ქალი.
მიუხედავად კაშკაშა მზისა, მასარუს თვალთ დაუბნელდა. ამ წუთიდან ა.-ში ჩასვლამდე სიტყვა არ დაუძრავს.
გზატკეცილი იტოდან ა.-მდე განსაკუთრებული ლანდშაფტებით არ გამოირჩევა. მტვრიანი გზა სულ მთებზე გადის, ზღვა იქიდან არ ჩანს.
მასარუს ვერაფრით გადაეწყვიტა, როგორ დაეჭირა თავი ცოლთან. აშკარად შეუძლებელი იქნებოდა მოქცეულიყო, ასე ვთქვათ, "ბუნებრივად", რადგან მის მიერ განცდილი გრძნობები არანაირად არ შეეფერებოდა სიტუაციას. შეიძლება, არაბუნებრივი რეაქცია არის სწორედაც ყველაზე ბუნებრივი?
ტაქსი ა.-ში შევიდა. მოხუცი მეთევზე, რომელსაც სკუმბრიები მიჰქონდა კალათით, ქუჩიდან მტვრიან ბალახზე გადავიდა, მანქანა რომ გაეტარებინა. სახე მზისგან გაშავებოდა, ცალი თვალი გასთეთრებოდა. ჩანდა, ნაკამას კონცხიდან ბრუნდებოდა, თევზაობის შემდეგ. ზაფხულში ადგილობრივ წყლებში იჭერდნენ სკუმბრიას, კამბალას, სიპინებს.
სასტუმროს ეზოს დროისგან გაშავებული ჭიშკარი გამოჩნდა. ტაქსის შესაგებებლად ხის სანდლების ფრატუნით გამოიქცა ადმინისტრატორი. მასარუმ მექანიკურად წაიღო ხელი საფულისკენ.
- მე იკუტა ვარ, - უთხრა.
- ასეთი უბედურება, ასეთი უბედურება, - მდაბლად დაუკრა თავი ადმინისტრატორმა. მასარუმ მძღოლს გადაუხადა, ადმინისტრატორს მიესალმა და ათასიენიანი ბანკნოტი გაუწოდა.
ტომოკო და კაცუო ნომერში ელოდნენ. მეზობელ ოთახში კუბო იდგა იასუეს ცხედრით - იტოდან მშრალი ყინული მოეტანათ და გვამისთვის შემოეწყოთ. ახლა, როცა მასარუ ჩამოვიდა, ცხედარს უკვე დაწვავდნენ.
მასარუ ნომერში პირველი შევიდა, ადმინისტრატორი მას მიჰყვა. ტომოკო, რომელიც წამით წამოწოლილიყო დასასვენებლად, შიშით მოტრიალდა და ლოგინიდან წამოხტა. დაძინება არ შეეძლო.
თმა გასწეწოდა, ხალათი დასჭმუჭნოდა. დამნაშავესავით, რომელიც განაჩენს ელოდა, ხალათი შეისწორა და მუხლებზე დაეცა. მისი მოძრაობა იმდენად სწრაფი იყო, თითქოს მთელი თავისი ქცევა წინასწარ მოეფიქრებინოს. ტომოკომ შეპარვით შეხედა ქმარს სახეზე, მერე კი იატაკზე დაეცა და აქვითინდა.
მასარუს ძალიან არ უნდოდა, ადმინისტრატორის თანდასწრებით დაემშვიდებინა ატირებული ცოლი. ეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე უცხოს თანდასწრებით იწვე მასთან საწოლში, - გაიფიქრა თავისთვის. მასარუმ პიჯაკი გაიხადა და თვალებით დაძებნა საკიდი.
როგორც აღმოჩნდა, ტომოკო ყველაფერს ხედავდა. სწრაფად წამოდგა, კარადიდან ცისფერი პლასტმასის საკიდი გამოიღო და ქმარს გაოფლილი პიჯაკი ჩამოართვა. მასარუ საწოლზე ჩამოჯდა კაცუოს გვერდით, რომელსაც დედის ქვითინზე გაღვიძებოდა, თვალგახელილი იწვა. მასარუმ შვილი მუხლებზე დაისვა. ბავშვი არ გატოკებულა, ისევე გაშეშდა, თოჯინასავით. რა მსუბუქია, გაიფიქრა მასარუმ. თითქოს სათამაშო გიჭირავს.
ტომოკომ გაბედა იმ სიტყვების წარმოთქმა, რომლებსაც, მისი აზრით, ქმარი ელოდა მისგან. კუთხეში ჩამოჯდა და ტირილით ამოთქვა:
- მაპატიე, მაპატიე...
ადმინისტრატორს, რომელიც კარში ჩახერგილიყო, თვალები აუწყლიანდა.
- ბოდიში, რომ ვერევი, - თქვა მან, - მაგრამ მას ნუ დაადანაშაულებთ. როცა ეს ყველაფერი მოხდა, ქალბატონს ეძინა, მას არაფერში მიუძღვის ბრალი.
მასარუს უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე უნახავს ოდესღაც ან რაღაც მსგავსი წაუკითხავს.
- მესმის, მესმის, - თავი დაუქნია. მერე, თითქოს რაღაც რიტუალის თანახმად, წამოდგა - კაცუო ისევ ჩაეკრა გულში, - ცოლთან მივიდა და მისი ხელი მხარზე დაიდო. სავსებით ნატურალური ჟესტი გამოვიდა.
ტომოკო უფრო მაგრად აქვითინდა.
კიეოსა და კეიკოს გვამები მეორე დღეს იპოვეს. პოლიცია მთელ სანაპიროზე ატარებდა სამძებრო სამუშაოებს და ბოლოს და ბოლოს, წყალქვეშა კლდესთან მყვინთავებმა ორი პატარა დამხრჩვალი იპოვეს. ცხედრებზე უკვე მოესწროთ მუშაობა ზღვის ცხოველებს, თითოეული ნესტოდან რამდენიმე პაწაწინა კიბორჩხალა გამოუღეს.
(მეორე ნაწილი)