ცხოვრება შვილების გარდაცვალების შემდეგ - გახმაურებული იაპონური რომანის გაგრძელება
ცხოვრება შვილების გარდაცვალების შემდეგ - გახმაურებული იაპონური რომანის გაგრძელება
1 / 4
Next
მშობლებს, რომლებსაც საინტერესო ამბების კითხვა გიყვართ, ჩვენი საიტი წიგნების ონლაინვერსიებს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, წიგნის ყიდვა მაღაზიებშიც შეგიძლიათ, მაგრამ ინტერნეტში კითხვას, კომპიუტერით თუ მობილურით, თავისებური კომფორტი ახლავს. თანაც ჩვენი რუბრიკა ახალ წიგნებს სრულიად უფასოდ წაგაკითხებთ.
ნაწარმოების გაგრძელება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს გამოქვეყნდება.

ეს ცნობილი ოაპონელი მწერლის იუკიო მისიმას გახმაურებული რომანია - "სიკვდილი შუა ზაფხულში". რომელშიც გამაოგნებლად რეალისტურად აღწერილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ამბები, რომელსაც ერთ დღეს ორი შვილი ერთად გარდაეცვლება... როცა
ცხოვრება
ამით არ მთავრდება და როცა ცხოვრებას სხვა გაგრძელებებიც აქვს - რომანი ამაზეა, და ადამიანის ჩვეულებრივ განცდებსა და სისუსტეებზე... წაიკითხეთ და განიცადეთ გახმაურებული რომანი, გაგრძელებებით, ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე.


მესამე ნაწილი.
იხილეთ პირველი ნაწილი
იხილეთ მეორე ნაწილი

* * *
შემოდგომის დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ და იკუტების ოჯახს ნელ-ნელა უბრუნდებოდა სიმშვიდე. რასაკვირველია, მეუღლეები განაგრძობდნენ დარდს, მაგრამ ახლა მასარუ, კმაყოფილი იმით, რომ მისი ცოლი ცოტ-ცოტა გონს მოდიოდა, და ბავშვისადმი სიყვარულით სავსე, შინ გაცილებით ადრე ბრუნდებოდა; კაცუოს რომ მიაძინებდნენ, ის და ტომოკო ცდილობდნენ ნაღვლიან თემებს გაჰქცეოდნენ, ხოლო თუ საუბარი მაინც ჩამოვარდებოდა დაღუპულ ბავშვებზე, ორივე შვებას პოვებდა ამაში.
იმის გაცნობიერებასთან ერთად, რომ საშინელი ტრაგედია ნელ-ნელა მინავლდებოდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში იფანტებოდა,
მასარუ და ტომოკო უცნაურ, სირცხვილთან შეზავებულ საფრთხეს გრძნობდნენ, თითქოს რაღაც საზარელი დანაშაული ჩაედინოთ, რომელიც ასევე დარჩა გაუხსნელი. გამუდმებით ახსოვდათ, რომ ოჯახში სამი წევრი აკლდათ, მაგრამ დროდადრო ეს განცდაც კი კმაყოფილებას ანიჭებდა მათ, ცხოვრების საყრდენს.
არავინ გაგიჟებულა, არავის თავი არ მოუკლავს. არც კი დაავადებულა რომელიმე. ასეთი საშინელი შემთხვევა მოხდა - და თითქმის არავითარი კვალი, არავითარი შედეგი. ტომოკომ მოიწყინა. მას ეჩვენებოდა, რომ რაღაცას ელოდა.
სპექტაკლები და კონცერტები მგლოვიარე ცოლ-ქმრისთვის დიდხანს იყო სასტიკად აკრძალული, მაგრამ ახლა ტომოკომ, მწუხარებისგან დაღლილმა, ამ ტაბუს გაუქმების შესანიშნავი საბაბი მოიგონა: გამოაცხადა, რომ მსგავსი გასართობი იმიტომაც არსებობს, ადამიანებს დარდთან გამკლავებაში დაეხმაროს. იაპონიაში სწორედ იმ დროს ჩამოვიდა გასტროლებით ცნობილი ამერიკელი მევიოლინე, მასარუმ ბილეთების შოვნა მოახერხა და ტომოკოსთან ერთად კონცერტზე წავიდა. კაცუოს შინ დატოვება გადაწყვიტეს - ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტომოკოს მანქანით წასვლა მოუნდა.
ტომოკო დიდხანს იწესრიგებდა თავს. დროის უმეტესი ნაწილი ვარცხნილობამ დაიკავა - მთელი ამ თვეების განმავლობაში საერთოდ შეეწყვიტა თმაზე ზრუნვა. სარკეში თავისი შეუღებავი სახე რომ დაინახა, დიდი ხნის წინ მივიწყებული ცხოვრებისეული სიამეები გაახსენდა. რას შეიძლება შეედაროს ის ნეტარება, რომელსაც განიცდი სარკეში საკუთარი ანარეკლის შესწავლისას? სრულიად დაავიწყდა ეს საზეიმო განცდა: მწუხარება ეგოისტური სიჯიუტით აძევებს ნებისმიერ სიამოვნებას.
ტომოკო დიდხანს ვერ ირჩევდა კიმონოსა და ობის1. საბოლოოდ შროშანისფერ კიმონოზე შეაჩერა არჩევანი, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევების დროს იცვამდა; ფარჩის ქამრით შეიკრა. უფრო ძვირფასი სამოსი უბრალოდ არ ჰქონდა. მანქანაში მჯდომ მასარუს აღტაცების შეძახილი აღმოხდა, როდესაც თავისი ლამაზი ცოლი დაინახა.
საკონცერტო დარბაზის ფოიეში ყველა ტომოკოს მისჩერებოდა და მასარუს ეს საოცრად სიამოვნებდა. ტომოკოს კი ეჩვენებოდა, რომ რაოდენ ლამაზიც უნდა ყოფილიყო დღეს, ეს მაინც არ იყო საკმარისი. ადრე ასეთი წარმატება დიდ სიხარულს მიანიჭებდა და შინ საკუთარი თავით სავსებით კმაყოფილი დაბრუნდებოდა. ტომოკომ გადაწყვიტა, რომ დაუკმაყოფილებლობა ძალიან მარტივად აიხსნებოდა: ასეთ გაცხოველებულ ადგილას აღმოჩენილმა იგრძნო, მისი სულიერი ჭრილობა ჯერ კიდევ არ შეხორცებულიყო. სინამდვილეში სახეშეცვლილი ძველი წყენა ახსენებდა თავს, როცა ტომოკოს ეჩვენებოდა, რომ გარშმო მყოფნი არასაკმარისად გამოხატავდნენ მის თავს დატეხილი უბედურებისადმი თანაგრძნობას.
1 / 4
Next
7142
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```