25 წლის მსახიობმა შარლოტა არნოლდმა 72 წლის ჟერარ დეპარდიე გაუპატიურებაში დაადანაშაულა. გოგონას თქმით, დეპარდიემ ის 2018 წელს ორჯრ გააუპატიურა.
"მე დეპარდიეს მსხვერპლი ვარ და ვეღარ გავჩუმდები. წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ბრალი წაუყენეს, თუმცა ჩვეულებრივ მუშაობს, როცა მე თავი ძლივს გამაქვს. ცხოვრება ჩემ მიღმა მიდის უკვე სამი წელია. მდუმარებაში ცხოვრება იგივეა, რომ ცოცხლად დაიმარხო თავი", - ამბობს არნოლდი.
შარლოტას თქმით, მან გაუპატიურების შემდეგ მიმართა პოლიციას და საქმეც აღიძრა, თუმცა მალე შეწყდა ძიება, არასაკმარისი სამხილების გამო. ამის შემდეგ გოგონამ სასამართლოს მიმართა და ძიება განახლდა.
მაშინ მსახიობის სახელი არ ცხადდებოდა, თუმცა პრესაში იწერებოდა, რომ გოგონა იცნობდა დეპარდიეს (ვარსკვლავი მის მამასთან მეგობრობდა) და კინოში კარიერის აწყობაში ეხმარებოდა. ერთხელაც თითქოსდა იმისთვის მიიწვია სახლში, რომ პროფესიული რჩევები მიეცა, თუმცა მასზე იძალადა.
მსახიობი ბრალდებებს უარყოფს.