არავინ გაგიჟებულა, არავის თავი არ მოუკლავს. არც კი დაავადებულა რომელიმე. ასეთი საშინელი შემთხვევა მოხდა - და თითქმის არავითარი კვალი, არავითარი შედეგი მშობლებს, რომლებსაც საინტერესო ამბების კითხვა გიყვართ, ჩვენი საიტი წიგნების ონლაინვერსიებს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, წიგნის ყიდვა მაღაზიებშიც შეგიძლიათ, მაგრამ ინტერნეტში კითხვას, კომპიუტერით თუ მობილურით, თავისებური კომფორტი ახლავს. თანაც ჩვენი რუბრიკა ახალ წიგნებს სრულიად უფასოდ წაგაკითხებთ.
ნაწარმოების გაგრძელება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს გამოქვეყნდება.
ეს ცნობილი ოაპონელი მწერლის იუკიო მისიმას გახმაურებული რომანია - "სიკვდილი შუა ზაფხულში". რომელშიც გამაოგნებლად რეალისტურად აღწერილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ამბები, რომელსაც ერთ დღეს ორი შვილი ერთად გარდაეცვლება... როცა
ცხოვრება
ამით არ მთავრდება და როცა ცხოვრებას სხვა გაგრძელებებიც აქვს - რომანი ამაზეა, და ადამიანის ჩვეულებრივ განცდებსა და სისუსტეებზე... წაიკითხეთ და განიცადეთ გახმაურებული რომანი, გაგრძელებებით, ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე.
მესამე ნაწილი.
* * *
შემოდგომის დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ და იკუტების ოჯახს ნელ-ნელა უბრუნდებოდა სიმშვიდე. რასაკვირველია, მეუღლეები განაგრძობდნენ დარდს, მაგრამ ახლა მასარუ, კმაყოფილი იმით, რომ მისი ცოლი ცოტ-ცოტა გონს მოდიოდა, და ბავშვისადმი სიყვარულით სავსე, შინ გაცილებით ადრე ბრუნდებოდა; კაცუოს რომ მიაძინებდნენ, ის და ტომოკო ცდილობდნენ ნაღვლიან თემებს გაჰქცეოდნენ, ხოლო თუ საუბარი მაინც ჩამოვარდებოდა დაღუპულ ბავშვებზე, ორივე შვებას პოვებდა ამაში.
იმის გაცნობიერებასთან ერთად, რომ საშინელი ტრაგედია ნელ-ნელა მინავლდებოდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში იფანტებოდა, მასარუ და ტომოკო უცნაურ, სირცხვილთან შეზავებულ საფრთხეს გრძნობდნენ, თითქოს რაღაც საზარელი დანაშაული ჩაედინოთ, რომელიც ასევე დარჩა გაუხსნელი. გამუდმებით ახსოვდათ, რომ ოჯახში სამი წევრი აკლდათ, მაგრამ დროდადრო ეს განცდაც კი კმაყოფილებას ანიჭებდა მათ, ცხოვრების საყრდენს.
არავინ გაგიჟებულა, არავის თავი არ მოუკლავს. არც კი დაავადებულა რომელიმე. ასეთი საშინელი შემთხვევა მოხდა - და თითქმის არავითარი კვალი, არავითარი შედეგი. ტომოკომ მოიწყინა. მას ეჩვენებოდა, რომ რაღაცას ელოდა.
სპექტაკლები და კონცერტები მგლოვიარე ცოლ-ქმრისთვის დიდხანს იყო სასტიკად აკრძალული, მაგრამ ახლა ტომოკომ, მწუხარებისგან დაღლილმა, ამ ტაბუს გაუქმების შესანიშნავი საბაბი მოიგონა: გამოაცხადა, რომ მსგავსი გასართობი იმიტომაც არსებობს, ადამიანებს დარდთან გამკლავებაში დაეხმაროს. იაპონიაში სწორედ იმ დროს ჩამოვიდა გასტროლებით ცნობილი ამერიკელი მევიოლინე, მასარუმ ბილეთების შოვნა მოახერხა და ტომოკოსთან ერთად კონცერტზე წავიდა. კაცუოს შინ დატოვება გადაწყვიტეს - ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტომოკოს მანქანით წასვლა მოუნდა.
ტომოკო დიდხანს იწესრიგებდა თავს. დროის უმეტესი ნაწილი ვარცხნილობამ დაიკავა - მთელი ამ თვეების განმავლობაში საერთოდ შეეწყვიტა თმაზე ზრუნვა. სარკეში თავისი შეუღებავი სახე რომ დაინახა, დიდი ხნის წინ მივიწყებული ცხოვრებისეული სიამეები გაახსენდა. რას შეიძლება შეედაროს ის ნეტარება, რომელსაც განიცდი სარკეში საკუთარი ანარეკლის შესწავლისას? სრულიად დაავიწყდა ეს საზეიმო განცდა: მწუხარება ეგოისტური სიჯიუტით აძევებს ნებისმიერ სიამოვნებას.
ტომოკო დიდხანს ვერ ირჩევდა კიმონოსა და ობის1. საბოლოოდ შროშანისფერ კიმონოზე შეაჩერა არჩევანი, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევების დროს იცვამდა; ფარჩის ქამრით შეიკრა. უფრო ძვირფასი სამოსი უბრალოდ არ ჰქონდა. მანქანაში მჯდომ მასარუს აღტაცების შეძახილი აღმოხდა, როდესაც თავისი ლამაზი ცოლი დაინახა.
საკონცერტო დარბაზის ფოიეში ყველა ტომოკოს მისჩერებოდა და მასარუს ეს საოცრად სიამოვნებდა. ტომოკოს კი ეჩვენებოდა, რომ რაოდენ ლამაზიც უნდა ყოფილიყო დღეს, ეს მაინც არ იყო საკმარისი. ადრე ასეთი წარმატება დიდ სიხარულს მიანიჭებდა და შინ საკუთარი თავით სავსებით კმაყოფილი დაბრუნდებოდა. ტომოკომ გადაწყვიტა, რომ დაუკმაყოფილებლობა ძალიან მარტივად აიხსნებოდა: ასეთ გაცხოველებულ ადგილას აღმოჩენილმა იგრძნო, მისი სულიერი ჭრილობა ჯერ კიდევ არ შეხორცებულიყო. სინამდვილეში სახეშეცვლილი ძველი წყენა ახსენებდა თავს, როცა ტომოკოს ეჩვენებოდა, რომ გარშმო მყოფნი არასაკმარისად გამოხატავდნენ მის თავს დატეხილი უბედურებისადმი თანაგრძნობას.
ანტრაქტის დროს ნაღვლიანი გამომეტყველებით - რაშიც, ალბათ, მუსიკის ზემოქმედებაც იყო დამნაშავე - ფოიეში დასეირნობდა. ნაცნობი შეხვდა; თანამგრძნობი სახით დაუკრა თავი ტომოკოს, მისი დარდის თანაზიარობის გამომხატველი სახე სავსებით შეესაბამებოდა ქალის განწყობას. ნაცნობმა თავისი თანამგზავრი წარუდგინა, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი. მან არაფერი იცოდა ტომოკოს დარდის შესახებ და ვითომ აქ არაფერიო, ისე დაიწყო მჭევრმეტყველება სხვადასხვა თემაზე, რამდენიმე კრიტიკული შენიშვნაც გააკეთა მევიოლინის მისამართით.
"აი, ტეტია, - გაიფიქრა ტომოკომ, როდესაც თვალით აცილებდა თავის შემთხვევით თანამოსაუბრეს, უკვე ბრბოში გაუჩინარებულს, - არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ნუგეშად. ნუთუ ვერ შენიშნა, როგორი დადარდიანებული ვარ?"
ახალგაზრდა მამაკაცი აწოწილი იყო და მისი თავი ფოიეში მაყურებლების თავებზე გამოჩრილიყო. აი, ვიღაც ქალთან სასაუბროდ გაჩერდა - ქალის ვარცხნილობის ზედა ნაწილი ჩანდა მხოლოდ - და ტომოკომ კაცის მოღიმარი პროფილი დაინახა, შუბლზე ჩამოკიდებული თმის კულული.
ეჭვიანობამ გაჰკრა. ნუთუ უცნობისგან მართლა თანაგრძნობის სიტყვების მოსმენა სურდა, თუ სრულიად სხვა რამ? ტომოკოს სათნო გული ამ ფიქრმა შეძრა. არა, ასეთი რამ არ შეიძლება იყოს. ის სავსებით კმაყოფილია თავისი ქმრით!
- დალევა გინდა? - ჰკითხა მოახლოებულმა მასარუმ (მასაც ვიღაც ნაცნობი შეხვედროდა), - იქით ფორთოხლის წვენს ყიდიან.
საპირისპირო მხარეს ხალხი ბოთლებიდან ღერებით წრუპავდა ნარინჯისფერ სითხეს. ტომოკომ ხელით მოიჩრდილა და საეჭვოდ დაათვალიერა დახლი. ფორთოხლის წვენი სულაც არ უნდოდა. სასაფლაო და შადრევანი გაახსენდა, რომლიდანაც შვილს დალევა აუკრძალა. საფრთხე მხოლოდ კაცუოს როდი უსაფრდება. ამ ნარინჯისფერ სითხეში, ალბათ, მავნე მიკრობები ბინადრობენ.
საკონცერტო დარბაზში წასვლა ერთგვარ მიჯნად იქცა. ახლა ტომოკოს სიამოვნების დაუოკებელი წყურვილი დაეუფლა. გართობის ძიების მოთხოვნილებაში შურისძიების რაღაც დოზაც იდო.
თუმცა ცოლქმრული ღალატისკენ ტომოკო არ მიისწრაფოდა, ყველგან მხოლოდ ქმართან ერთად დადიოდა, თავისივე სურვილით.
სინდისი არ ჰქონდა მშვიდად, გარდაცვლილებზე ფიქრი გამუდმებით სადღაც ახლოს დაფარფატებდა. ისეც ხდებოდა, შინ გვიან დაბრუნებულს, სასიამოვნოდ გატარებული საღამოს შემდეგ მძინარე კაცუოსთვის დაუხედავს, რომელიც მოსამსახურემ დააძინა და მაშინვე გახსენებია კიდევ ორი მძინარე სახე. და იწყებოდა თვითგვემა და სინდისის ქენჯნა. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ტომოკო სიამეებს ერთადერთი მიზნით მიეცემოდა - მონანიების ეს შეტევები რომ გამოეწვია.
მასარუს ფირმის საქმეების გამო ხშირად უწევდა რესტორანში უცხოელი სტუმრების დაპატიჟება. ახლა ტომოკო ისევე, როგორც უწინდელ დროს, თან ახლდა ხოლმე ქმარს ამგვარ ბანკეტებზე. ისე ზედმიწევნით ასრულებდა თავის მოვალეობებს, ისე გულმოდგინედ თამაშობდა მხიარული დიასახლისის როლს, რომ სტუმრებს კიდევ მეტად აღაფრთოვანებდა სიხალისით, ვიდრე ძველ დროში.
- მართლა სასწაულებს სჩადიხარ, - უკვირდა მასარუს.
- თურმე მაღალი წრის ურთიერთობების საიდუმლოებაა - წინასწარ შეამზადო თავი იმისთვის, რომ ეს სპექტაკლია, - უხსნიდა მას ტომოკო, - როცა მართლა ვიღებდი სიამოვნებას ყოველივე ამისგან, მაშინ ისე ჩანდა, თითქოს ყალბი ვიყავი, ასე არ არის?
უქმეები კაცუოს ეთმობოდა: მთელი ოჯახი მიეშურებოდა სასეირნოდ - ან ზოოპარკში, ან ქალაქგარეთ. არ შეიძლებოდა მშობლები არ მიმხვდარიყვნენ, რომ ბავშვი, რომელსაც ასე ეპყრობიან, უეჭველად გათამამებული და ახირებული გაიზრდებოდა, მაგრამ ამ ხიფათზე თვალებს ხუჭავდნენ; ყველაფერს გაიღებდნენ მსხვერპლად, ოღონდ კი ის ცოცხალი და ჯანმრთელი ჰყოლოდათ. ნებისმიერი პედაგოგიური სიბრძნე მათ უგუნურებად ეჩვენებოდა.
ცოლის მოულოდნელი გატაცება, ხშირად ეცვალა ჩასაცმელი, მასარუს უკვე აშინებდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ტომოკო რაიმე შედარებით უწყინარი საქმიანობით დაკავდებოდა. მაგრამ ეს სრულიად არ იჯდა მის ხასიათში - ქალს ზიზღს ჰგვრიდა ფიქრიც კი იმაზე, რომ შეიძლებოდა სერიოზულად დაინტერესებულიყო რაიმეთი და თავისი ტკივილი დაევიწყებინა. სიამეების დევნა - ეს სულ სხვაა, მან არ შეიძლება მართლა გაგიტაცოს, მალე მოგყირჭდება.
ტომოკო ახალ გამოფენებსა და სპექტაკლებს ესწრებოდა, მაგრამ არაფერი იზიდავდა მის ყურადღებას. თუ მასარუს არ შეეძლო თან ხლებოდა, ყოფილ სკოლის მეგობრებს იახლებდა, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი გიჟდებოდა ქალების ოპერის თეატრში მამაკაცების პარტიების შემსრულებელ ქალზე. "რა უაზრობაა", - ფიქრობდა ტომოკო, როცა რესტორანში თავისი ნაცნობის მსჯელობას უსმენდა.
მისი ნაცნობი იმ მომღერალ ქალს საჩუქრებით ავსებდა. ამ ერთი შეხედვით უწყინარ გატაცებაზე იდუმალი ჩურჩულით ჰყვებოდა.
ერთხელ ტომოკო კულისებშიც კი მოხვდა. თეთრ ფრაკში გამოწყობილი მომღერალი ძაბუტონებზე1 დაუდევრად გაშხლართულიყო. საგრიმიოროს კედელზე რაღაც ესპანური ჩასაცმელი ეკიდა, რომლითაც უნდა გამოსულიყო სცენაზე მეორე და მესამე აქტებში, კართან მისი თაყვანისმცემლები შეჯგუფულიყვნენ. მათ თითქოს პირში წყალი ჩაეგუბებინათ და მხოლოდ ხარბი თვალებით, სუნთქვაშეკრულები ადევნებდნენ თვალს თავიანთი კერპის თითოეულ ჟესტს.
ტომოკოს საერთოდ არ უყვარდა ქალთა ოპერა, იმიტომ, რომ მსახიობებისა და მსმენელების უდიდეს ნაწილს გაუთხოვარი ქალები წარმოადგენდნენ. მართალია, იყო გამონაკლისი შემთხვევები მისი ამხანაგების სახით, თუმცა მსახიობები ნამდვილად ყველანი შინაბრები იყვნენ.
მაგალითად, ეს, მამაკაცის თეთრ ფრაკში გამოწყობილი. ცხოვრებაში არაფერი კარგი არ უნახავს, სამაგიეროდ, არც არაფერი შეიძლებოდა დაეკარგა. მომღერალი სარკეში იყურებოდა, ტუჩებზე თხელ თითებში ჩამუჭულ პომადას ისვამდა, ცდილობდა, რაც შეიძლება დამაჯერებლად ეთამაშა მამაკაცის როლი. ჩანდა, მამაკაცი ზუსტად ისეთი წარმოედგინა, როგორც მის შინაბრულ აუდიტორიას და ამაში იყო რაღაც მეტი, ვიდრე ფანტაზირება; ამაში იგრძნობოდა კოლექტიური წარმოსახვის ნაშრომი, ის, რასაც სარეკლამო ბუკლეტებში "ოცნება" ჰქვია.
ტომოკოს აღარ აღიზიანებდა განცდილი გამოცდილებისა და ოცნებების ის რთული შეთანხმება, რომლისგანაც ადამიანის ცხოვრება შედგება. ნამდვილად არ უთქვამს უარი ოცნებაზე, როგორც ასეთზე. პირიქით, მისი ოცნებები გაცილებით უფრო განსაზღვრული და ძლიერი იყო იმაზე, რაც შინაბრებს ესახებოდათ. ალბათ, უფრო რომანტიკულიც კი. "შენი სხეულიდან გამოდის ბავშვი, მერე კი ამ ბავშვს სამუდამოდ კარგავ. რა შეიძლება იყოს უფრო დიდებული და ურყევი? - ფიქრობდა ტომოკო, - ამათ, აქ მყოფებს, ასეთი რამის გაგების უნარიც კი არ აქვთ".
და უცებ ტომოკოს მოუნდა, კიდევ გაეჩინა შვილი. რატომღაც, მაინცდამაინც გოგონა. მართალია, სულაც არ არის ორსულად... ო, რა სახალისო იყო პატარა კეიკოს სარკის წინ დაჯდომა და ყურება, როგორ იდღაბნიდა სახეს კოსმეტიკით! გოგონები, ყველაზე პაწაწუნებიც კი, გიჟდებიან პუდრსა და პომადაზე - როგორც ახალდაბადებული კნუტი უკვე სიამოვნებით ლოკავს ნაღებს. კეიკო, დედის მიბაძვით, პირს მუწავდა, პომადას იგლესდა, მერე კი შეღებილ ტუჩებს ილოკავდა. "სულ არ არის გემრიელი", - აცხადებდა ამ დროს. კიდევ კეიკოს დაამახსოვრდა სიტყვა "ლოსიონი" და ერთხელაც, როცა აღმზრდელმა საბავშვო ბაგაში პიონები დაანახვა და ჰკითხა: "აბა, ვინ იცის, რა ჰქვია ამ ყვავილს?" - კეიკომ სიხარულით წამოიძახა: "მას ლოსიონი ჰქვია!.."
ერთხელ ბიძისგან მობრუნებულმა, რომელიც ყოფილი მეზღვაური იყო, დედასთან თავი მოიწონა: "დედა, დღეს ვისწავლე "ავანთოთ კანდელი მამულისთვის", "ზღვაში, ზღვაში, თინუსისთვის", და კიდევ "ბორდელში სარკმელი ანათებს"! უცებ ტომოკოს თავზარი დაეცა: კი მაგრამ, ის გოგონაც, რომელიც ჯერ არ დაბადებულა, ოდესმე რომ მხოლოდ დედის მოგონებებში დარჩეს? არა, ჯერ ადრეა ბავშვის გაჩენა; ახლა მთელი ძალები იმაზე მიდის, რომ უბრალოდ არსებობა განაგრძოს. ასე იქნება ალბათ მანამდე, სანამ დარდი მივიწყებას არ მიეცემა...
ამხანაგმა სახელოზე მოქაჩა. გარშემო ყველა შეფუცხუნდა - მომღერალი სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა.
ტომოკო და მისი მეგობარი დერეფანში გავიდნენ, რომ მაყურებელთა დარბაზში მიბრუნებულიყვნენ, მაგრამ ცოტა დააგვიანეს: ნახევრად შიშველი მოცეკვავეები წამოეწივნენ კორდებალეტიდან და აქეთ-იქით დაატრიალეს; ერთმანეთი მხედველობის არიდან დაკარგეს. ტალღასავით მოფრქვეული პუდრის სურნელი, ყველა მხრიდან მომავალი აბრეშუმის ქვედატანების შრიალი დომხალისა და ალიაქოთის სიმბოლოდ მოეჩვენა, რომლებსაც "გართობა და სიამოვნება" ეწოდებოდა. ერთმანეთში ოსაკურ დიალექტზე მოლაპარაკე მოცეკვავეებმა დერეფანში ზვავივით ჩაიქროლეს სცენაზე გასასვლელისკენ. ტომოკოს ერთ-ერთი ბალერინის აბრეშუმის ტრიკოზე ნაკერი მოხვდა თვალში. იმდენად სათუთად იყო ნაკერი შესრულებული, ტომოკოს, ყველაფერში რომ სრულყოფილება უყვარდა, უნებურად გაეღიმა...
საღამოს შინ დაბრუნებულმა ქმარს უამბო დაკერებული ტრიკოს შესახებ. მასარუ ინტერესით უსმენდა, მაგრამ ჯერ ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა მისი ცოლი, მხოლოდ ჩუმად უღიმოდა. ძალიან გაოცდა, როცა ტომოკომ უცებ გამოაცხადა, რომ უნდოდა კერვა ესწავლა. მას პირველად როდი აოცებდა ცოლის ამოუცნობი აზროვნება.
მაშ ასე, ტომოკომ ქსოვისა და კერვის ხელოვნების შესწავლა დაიწყო. გართობის ინტერესი თითქმის დაკარგა. გადაწყვიტა, ოჯახური კერიის სანიმუშო მფარველად ქცეულიყო და თითქოს ხელახლა ყურადღებით დააკვირდა მის გარემომცველ სამყაროს. "დროა, ცხოვრებისკენ სახით შემოვბრუნდე", - გაიფიქრა ტომოკომ.
ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნდა. დილიდან საღამომდე ალაგებდა, რეცხავდა.
ფეხსაცმლის ყუთში კიეოს ბოტები და კეიკოს ნაჭრის ფოსტლები იპოვა. ამ აღმოჩენამ საბრალო დედა ხანგრძლივად ჩაფლა სევდიან ფიქრებში, რაც სასიამოვნო ცრემლებით დასრულდა. წარსულის გახსენება ტომოკოს ავის მომასწავებლად მიაჩნდა; საკუთარი გულუხვობით გულაჩუყებულმა ერთ-ერთ მეგობარს დაურეკა, რომელიც ქველმოქმედებით იყო დაკავებული, და თავშესაფარს გადასცა კიეოსა და კეიკოს ნივთები, ისინიც კი, რაც შეიძლებოდა კაცუოს მორგებოდა.
ტომოკო დიდხანს უჯდა საკერავ მანქანას და კაცუოს გარდერობი გამუდმებით იზრდებოდა. სურდა თავისთვის მოდური შლაპების შეკერვა ესწავლა, თუმცა ვერა და ვერ მოაბა თავი. მანქანასთან მჯდარი დარდს ივიწყებდა. ნემსის თანაბარი წკარუნი, მონოტონური მოძრაობები გრძნობების მთრთოლვარე ხმას ახშობდა.
ტომოკოს ეუცნაურებოდა კიდეც, რატომ ადრე არ დაფიქრებულა თავისი მწუხარების ასეთი მექანიკური მკურნალობის შესახებ. სინამდვილეში მისმა სულმა უბრალოდ ისეთ ხარისხს მიაღწია, როცა ფიქრი მანქანის მეშვეობით გრძნობების დათრგუნვაზე, აღარ იწვევდა პროტესტს. ერთხელ ტომოკოს თითში ნემსი შეერჭო.
თავდაპირველად მტკივნეული იყო, მერე კი ჭრილობიდან უნებურად გამოჟონა სისხლმა. წითელ წვეთად დაეკიდა. ტომოკოს შეეშინდა. ტკივილი მის აღქმაში სიკვდილთან იყო დაკავშირებული.
შიში სენტიმენტალურმა მღელვარებამ შეცვალა: თუ უწერია ასეთი წვრილმანის გამო სიკვდილი, დაე ასე იყოს - მხოლოდ მოხარული იქნება, თუ თავის საცოდავ ბავშვებს მიჰყვება. ტომოკო გაშმაგებული ატრიალებდა სახელურს, მაგრამ საიმედო მექანიზმს აღარ უცდია მისთვის თითის გაჭრა და არც მის მოკვლას აპირებდა...
ტომოკო მაინც უკმაყოფილო იყო ცხოვრებით. სულ რაღაცას ელოდა. ხანდახან ეს აუხსნელი მოლოდინი ზღუდედ აღიმართებოდა ხოლმე მასსა და მასარუს შორის და ცოლ-ქმარი მთელი დღე არ საუბრობდა, თითქოს ერთმანეთზე ნაწყენები იყვნენ.
ზამთარი ახლოვდებოდა. საფლავი უკვე მზად იყო, ფერფლი მიწას მიაბარეს.
მოსაწყენ ზამთრის დღეებში ყოველთვის ჩნდება ზაფხულის ნოსტალგია და მოგონებების საშინელი ჩრდილი უფრო გაიშვიათდა. მაგრამ თვით ტრაგედიამ თქმულების თვისებები შეიძინა. ზამთარში, ცეცხლთან ახლოს, ყველაფერი გარდასული, გსურთ თუ არა ეს, რეალურობას კარგავს.
და საკუთარი მოუშუშებელი ტკივილი ტომოკოსაც ახლა რაღაც ზღაპარივით ეჩვენებოდა. ისევ გაახსენდა გაუგონარი, დაუჯერებელი დამთხვევები, რაც ტრაგედიას ახლდა თან - თუ ეს გამოგონილი იქნებოდა, ლეგენდა, ყველაფერი ერთბაშად დგებოდა თავის ადგილებზე.
თუმცა ტომოკოს ჯერ არ ჰყოფნიდა სიმამაცე, გარდაცვლილი ბავშვები იასუესთან ერთად ფანტაზიის ნაყოფად ჩაეთვალა. ახლაც კი მისთვის არაფერი იყო უფრო რეალური, ვიდრე უწინდელი ზღაპრული ბედნიერების გახსენება.