გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში... თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.
* ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოქმება გრძელი (10-12 სმ) "ძაფი", რომელიც დიდხანს არ წყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;
* გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს, ხსნარი არ აიმღვრევა თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ;
* წაუსვით თაფლის თხელი ფენა ფურცელს ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს წაუკიდეთ ცეცხლი. თუ ცეცხლი ჩაქრა თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა, თაფლი ფალსიფიცირულია;
* თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი, თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა თაფლი ნატურალურია;
* ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება;
* გაავარვარეთ ნემსი და ჩაუშვით თაფლში, თუ მასზე წარმოიქმნება წებვადი მასა თაფლი ფალსიფიცირებულია, ნატურალურ თაფლში ნემსი სუფთა დარჩება.
* თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით სანამ ასეთ თაფლს იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში საკმაოდ დიდი იშვიათობაა, თაფლის ძალიან ცოტა სახეობა (აკაციის, წაბლის), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა რჩება თხევადი გაზაფხულამდე. ძირითადად თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაკრავს, ის ან ხელოვნურია, ან შაქრის ვაჟინით ფუტკრების გამოკვებით მიღებული. შესაძლოა თაფლი ნატურალურია, მაგრამ იგი ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სამკურნალო თვისებები ასეთ თაფლს აღარ აქვს.
თაფლის შენახვა და მოხმარება:
თაფლი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას მინის ან ემალირებულ თავდახურულ ჭურჭელში, ვინაიდან იგი საკმაოდ ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში იგი შესაძლებელია შევინახოთ წლების განმავლობაში;
მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათის მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი;
არ შეიძლება თაფლის შენახვა მეტალის ჭურჭელში, ვინაიდან იგი მასთან რეაქციაში შედის და წარმოქმნის მომწამლავ მარილებს. პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში;
თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა. ამიტომ:
* ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;
* ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.
* თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, იმისთვის რომ თაფლმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, იგი ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 40ºC) წყალში და დაელოდეთ.
momxmarebeli.ge