"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, არ მიმაჩნია, რომ ამით რამე შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე პროდუქტებისგან ცნობილი ახალგაზრდა დედები
"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, არ მიმაჩნია, რომ ამით რამე შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე პროდუქტებისგან ცნობილი ახალგაზრდა დედები
ჩვენს რეალობაში, როდესაც ბაზარი სავსეა გენმოდიფიცირებული, კონსერვანტებითა და ქიმიური დანამატებით გაჯერებული პროდუქტებით, ბავშვის ჯანსაღად კვება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ყველა მშობელი ცდილობს, შვილი მეტ-ნაკლებად მოარიდოს მავნე პროდუქტებს, ტკბილეულსა და გაზიან სასმელს, თუმცა ბავშვისთვის ყველაფერზე უარის თქმაც არაა მართებული. გარდა ამისა, მის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ხილი, ბოსტეული, თევზი, ხორცი და რძის ნაწარმი, ხშირ შემთხვევაში კი პატარებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც არ უყვართ და დედები სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ იმისთვის, რომ შვილისთვის
არასასურველი, მაგრამ ჯანსაღი პროდუქტი, როგორმე მიაღებინონ. სწორედ ამ პრობლემაზე სასაუბროდ ცნობილ დედებს მარიამ როინიშვილს, მანიკა ასათიანსა და თიკა ჯამბურიას დავუკავშირდით, რომელთაც პატარები ჰყავთ, და მშობლებისთის საჭირ-ბოროტო თემაზე ვესაუბრეთ.


მანიკა ასათიანი: "ჩვენს პირობებში რაღაც არაჯანსაღის ჭამა მაინც მოუწევს, ამიტომ ორგანიზმი მაინც მიჩვეული უნდა იყოს ნორმალურ კვებას"
- ორ თვემდე გიო დედის რძეს მიირთმევდა, შემდეგ კი ხელოვნურ კვებაზე გადავედით. დღესდღეობით მიმაჩნია, რომ ჯანსაღად ვკვებავ. ზოგადად, ცუდი მჭამელია, ერთ წლამდე ყველანაირად ვცდილობდი, ყველა პროდუქტი მიეღო და ჯანსაღად ეჭამა, მეტიც - ერთ წლამდე ჩვენი პედიატრის მიერ გამოწერილ კვებაზე მყავდა, ვუმზადებდი წვნიანებს,
რომლებიც ბევრ სასარგებლო ბოსტნეულს შეიცავდა, მათ შორის - ბროკოლის, ყაბაყს, ყვავილოვან კომბოსტოს. მაგრამ მერე და მერე, რომ წამოიზარდა, ძალიან გაჭირვეულდა, ჭამა არ უყვარს. შემწვარი წიწილა მოსწონს და სოფლის, გაუყინავ წიწილას ვიძენ მისთვის, რომ ჯანსაღი ხორცი მიიღოს, ასევე ვყიდულობ ხბოს ხორცზს. თუ მშრალ ხაჭოს არ ჭამს, მაშინ ხაჭოთი ალადებს ვუცხობ და ასე ვაწვდი ამ პროდუქტს. ყოველთვის ვცდილობ, რაღაცნაირად მაინც მივაღებინო ესა თუ ის ჯანსაღი და აუცილებელი საკვები.
- ახერხებ, რომ მოარიდო თუნდაც სწრაფი კვების ობიექტებს?
- ჩემს შვილს, ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობას, ძალიან უყვარს სწრაფი კვების საჭმელები. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ არ დამყავს ასეთ ადგილებში, უბრალოდ, ის პლუსი გვაქვს, რომ გიოს მხოლოდ ფრი უყვარს, ჰამბურგერებზე, ჩიზბურგერებსა და მსგავს საკვებზე არ გიჟდება. კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, არ მიმაჩნია, რომ ამით დიდი რამ შავდება, თუნდაც იმიტომ, რომ ზედმეტად გაფრთხილებაც არ შეიძლება. ჩვენს პირობებში რაღაც არაჯანსაღის ჭამა მაინც მოუწევს, ამიტომ ორგანიზმი მაინც მიჩვეული უნდა იყოს ნორმალურ კვებას, არა ზედმეტად გაფრთხილებულს და არც ზედმეტად არაჯანსაღს, შესაბამისად, ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა გასინჯოს.
გარდა ამისა, გიორგის ძალიან უყვარს ტკბილეული, ამიტომ ვცდილობ, ბავშვისთვის განკუთვნილ ტკბილეულზე გადავატანინო ყურადღება, ყველაფერს ვერ მივცემ. დღეში ერთი საბავშვო შოკოლადი თუ შეჭამა, არც ამით შავდება რამე, ჭარბი რაოდენობით კი არ ვაძლევ.
გაზიან სასმელებს არ ვასმევ, ერთ წლამდე კომპოტი უყვარდა ძალიან და ყოველდღე ახალ-ახალს ვუკეთებდი სხვადასხვა ხილისგან, ოღონდ ნაკლები შაქრით, ახლა კი დიდად აღარ მოსწონს, ამიტომ წყალს სვამს დიდი რაოდენობით.

მარიამ როინიშვილი: "ძალიან არ მინდა, რომ ჭამოს ასეთი "საშინელებები"

mshoblebi
- ელენე ხუთ თვემდე ბუნებრივ კვებაზე იყო და მინდოდა, დიდხანს მეკვება დედის რძით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოვიდა გაგრძელება და ხელოვნურ კვებაზე გადავედით, რასაც ძალიან განვიცდიდი. სულ მესმოდა, რომ ბუნებრივი კვება ბავშვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ხელოვნური საკვებიც კარგად მიიღო, რამდენადაც ვიცი, მიახლოებულია დედის რძესთან და ელენესაც ძალიან მოსწონდა. მეტიც, დღესაც კი ღამით თუ შეიძლება რამე მოისურვოს, ეს ნუტრილონია, დღემდე დესერტივით მიირთმევს.
ახლა ჩემი შვილი უკვე 4 წლისაა, მაქსიმალურად ვცდილობ, ჯანსაღად ვკვებო, მაგრამ ძალიან ცუდი მჭამელია. ჩვენი რაციონი არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, წვნიანებს არ ჭამს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩემთვის და ზოგადად, ნებისმიერი მშობლისთვის, მაგრამ ვცდილობ, ხორცი და თევზი მიიღოს მაქსიმალურად და უყვარს კიდეც.
- ხილი და რძის ნაწარმი, სასარგებლო და აუცილებელია, მაგრამ ხშირად ბავშვებს არ უყვართ. თქვენ შემთხვევაში როგორაა ამ მხრივ საქმე?
- ხილთან მიმართებაში კარგად ვართ, უყვარს ყველაფერი და რაც არ უნდა მიაწოდო, გემრიელად მიირთმევს. ფაფას დაახლოებით ორი წლის წინ მიირთმევდა აქტიურად, შემდეგ თავადვე აკრძალა და დღეს შეიძლება რამდენიმე კოვზი შეჭამოს და ამაზეც ვერ ვიტყვი, რომ დიდი სიამოვნებით აკეთებს. რძის ნაწარმიდან ყველი უყვარს ძალიან, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ამასაც არ მიირთმევდა, ხაჭო და მსგავსი პროდუქტი კი მისთვის ფაქტობრივად არ არსებობს.
- სწრაფი კვების ობიექტები, მავნე ტკბილეული ბავშვებს ძალიან უყვართ, როგორ ახერხებ, რომ მოარიდო არაჯანსაღ საკვებს?
- არც ამ შემთხვევაში ვარ გამონაკლისი და ძალიან არ მინდა, რომ ჭამოს ასეთი "საშინელებები", თუნდაც მრავალნახად ზეთში შემწვარი ჩიფსები, ფრი და ვცდილობ, მოვარიდო, მაგრამ ხანდახან არ გამომდის, რადგან მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი (იცინის). ყველანაირად ვცდილობ, არაჯანსაღი საკვებს მოვარიდო, მაგრამ რამდენად გამომდის, ეს უკვე არ ვიცი. ტკბილეული ძალიან უყვარს და აქ ცუდად გვაქვს საქმე. გაზიან სასმელებს არ სვამს, საბედნიეროდ, გასინჯულიც არ აქვს და დაგემოვნების სურვილიც არ გასჩენია. ისე, როდესაც ვეუბნები, ელენე, ეს არ გინდა, სხვა დროს გაჭმევ, მიჯერებს, არაა ის ტიპაჟი, წივილ-კივილს რომ ტეხენ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში რაღაცას რომ ვუხსნი, ესმის, მაგრამ ხანდახან ჩვენც გვაქვს "შემოტევები" (იცინის). საბოლოო ჯამში, მაინც ვერ ვიტყვი, რომ დაუჯერებლი და გაუგონარია.

თიკა ჯამბურია: "ზედმეტად ვათამამებ და თითქმის არაფერს ვუშლი"

mshoblebi
- ნინას ორი თვე ვაჭამე დედის რძე, მერე უკვე ფიზიკურად ვეღარ შევძელი და ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე. დღეს ნორმალურ მჭამელად ითვლება, თუმცა ყველაფერი არ უყვარს, წვნიანთან გვაქვს პრობლემა. ყოველთვის ვცდილობ, მისი რაციონი სავსე იყოს ახალი პროდუქტით, მაგალითად, ახლად დაჭერილი თევზი მომაქვს ხოლმე, ასევე გაუყინავი ხორცი, რძის პროდუქტები უყვარს ძალიან, თვითონვე ითხოვს ხაჭოს. სწრაფი კვების ობიექტებში ჭამაც უყვარს და არის დღეები, როცა მიმყავს, უკვე წამოიზარდა და შედარებით თამამი ვარ ამ საკითხში.
- ხშირად მარკეტებში თვალსაჩინოდ დევს ტკბილეული, რომელიც არაა ჯასნაღი, მაგრამ ბავშვებს უყვართ ძალიან, როგორ ახერხებ ამ დროს ზომიერების დაცვას?
- მე ზედმეტად ვათამამებ და თითქმის არაფერს ვუშლი, უფრო დედაჩემი უკრძალავს, რომ ვთქვათ, ბევრი ნაყინი არ ჭამოს და ა.შ. გაზიანი სასმელები კი კომპოტით გვაქვს ჩანაცვლებული, რომელსაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ და სხვათა შორის, თავადაც ითხოვს. საღამოს საათებში კი ვცდილობთ, შედარებით მსუბუქად იკვებოს, მიირთვას იოგურტი ან რძის სხვა პროდუქტები, რომ ღამე კარგად დაისვენოს.

ციცი ომანიძე
8536
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```