თუ იოგურტის შეფუთვაზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა 2-3 თვეა, ის პასტერიზებული პროდუქტია თანამედროვე იოგურტის სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძულია, თუმცა იგი დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია - მას დედამიწის მოსახლეობის 30% მოიხმარს. ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტულია. უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა არ მოაქვს. "ცოცხალი" იოგურტის (ანუ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი პროდუქტის) შენახვის ვადა მაცივარში არ აღემატება 2 კვირას. თუ იოგურტის შეფუთვაზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა 2-3 თვეა, ან რომ მისი შენახვა 5-15 °C პირობებში შეიძლება, ეს ნამდვილად პასტერიზებული პროდუქტია. ბაზარზე ვხვდებით ფალსიფიცირებულ პროდუქტებსაც. ასეთი "იოგურტები" იწარმოება რძის, სახამებლის, რძემჟავას, ხილფაფების ან არომატიზატორების, საღებავებისა და კონსერვანტების შერევით. მათი წარმოებისას არავითარი მიკრობიოლოგიური პროცესი არ მიმდინარეობს.