რა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად - პედიატრის რჩევები
რა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად - პედიატრის რჩევები
ახალი სასწავლო წელი იწყება და მრავალ ახალ გამოწვევასთან ერთი საყოველთაო თავსატეხი ჩნდება - რა გავატანოთ ბავშვს სკოლაში ლანჩისათვის?!
არჩევანი სხვადასხვაგვარად კეთდება - მშობელთა ნაწილი სასადილოსათვის თანხის გამოყოფას გეგმავს, მათთვისაც ადვილია და ბავშვიც ხალისით სწორედ სკოლის სასადილოების საკვებს უფრო მიირთმევს.
თუმცა სკოლის სასადილოების იმედზე ყოფნა რთულია - გამოცდილება აჩვენებს, რომ ძალიან ხშირად იქ ბავშვს სწრაფი კვების პროდუქტებს, სხავადასხვაგვარ ცომეულს, კარტოფილის ჩიფსებს, გაზიან სასმელებს, შოკოლადებს და სხვა მსგავს ნუგბარს სთავაზობენ, მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც არაჯანსაღი საკვები ჰქვია და რისგანაც, დარწმუნებული ვარ, თქვენი
შვილის დაცვა გსურთ.
ვერ გაამტყუნებ სკოლის სასადილოების ლოჯისტიკას - რაზეც მოთხოვნაა, რასაც ბავშვები მიირთმევენ, სასადილოშიც იმ საკვების შემოტანაზე აკეთებენ აქცენტს.
ის, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, პრაქტიკულად ჯანმრთელი კვების პრინციპებია. 

აირჩიეთ ლანჩის ყუთი

პირველ რიგში, შეიძინეთ ლანჩისათვის განკუთვნილი ყუთი. მიეცით უფლება პატარას, თავად შეარჩიოს ის. მისი ბატონ-პატრონი ხომ თავად იქნება?! მოიმარაგეთ ერთჯერადი კოვზები, ჩანგლები, ხელსახოცები.

საკვები პროდუქტები

ყველა სახეობის საკვები სხვადასხვა ნუტრიენტს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ თქვენი პატარას ზრდა-განვითარებას.
  • ხორცი, თევზი, კვერცხი, ბარდა, ლობიო დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს, რაც უჯერდებისათვის ერთგვარი საშენი მასალაა. ისინი შეიცვენ აგრეთვე ცხიმში ხსნად ვიტამინების საკმაო რაოდენობას (A,D, E, K), რკინას, თუთიას, B12
    ვიტამინს, თევზი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყაროა.
  • ხილითა და ბოსოტნეულით მრავალ ვიტამინსა და მინერალს, ანტიოქსიდანტებსა და საკვებ ბოჭკოებს საჭირო რაოდენობით ვიღებთ.
  • ბურღულეული და პური B ჯგუფის ვიტამინების, კალციუმის, ფოსფორის, სხვა საჭირო მინერალების, ანტიოქსიდანტების, საკვები ბოჭკოების საუკეთესო წყაროა.
  • რძის პროდუქტები შეიცავს როგორც ცხიმში ხსნად ვიტამინების, ისე ძვლებისათვის საჭირო კალციუმის საჭირო რაოდენობას.

საკვების შერჩევა ე. წ. „ჩემი თეფშის“ პრინციპით ხდება.

რა არის „ჩემი თეფში“?


ეს არის ჯანსაღი კვების უახლესი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს, თუ რა რაოდენობით უნდა იყოს დღის რაციონში სხვადასხვა პროდუქტი იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. გაიდლაინი შემუშავებულია აშშ აგრიკულტურის დეპარტამენტის მიერ 2011 წელს, გასულ წლებში ამავე დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა კვების პირამიდა, რომელიც საჭირო საკვები პროდუქტების რაოდენობებს თაროების მიხედვით გვიჩვენებდა.
”ჩემი თეფშის“ კონცეფციის მიხედვით, საკვების დღიური მოცულობის 30% პროცენტი ეთმობა ბოსტნეულს, 20% - ხილს, 30% -ბურღულეულს და კიდევ 20% ცილების სხვადასხვა წყაროს - ხორცს, პარკოსნებს, თევზს, თხილეულს.

რა ჩავალაგოთ ლანჩის ყუთში


  • ბოსტნეული, მაგალითად, სალათის ან დაჭრილი ჩხირების სახით, შეეცადეთ სხვადასხვა სახის და ფერის ბოსტნეული შეარჩიოთ.
  • ხილი - შეარჩიეთ სეზონის მიხედვით.
  • ბურღულეული შეგიძლიათ გარნირის სახით გაატანოთ - წიწიბურა, შვრია, ბრინჯი ან რომელიმე სხვა ბურღულეული.
  • მოსახერხებელია ბუტერბროდი ბოსტნეულითა და ხორცით
  • რძის პროდუქტებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ იოგურტი, ყველი, ხაჭო
  • პროტეინის შემცველი პროდუქტები - მაგალითად, ხორცი, თევზი, კვერცხი, ბარდის ან ლობიოსგან მომზადებული კერძი. ჩამოთვლილთაგან ერთი სახეობა შეგიძლიათ აარჩიოთ.
  • ლანჩის ყუთში არ უნდა მოხვდეს შებოლილი პროდუქტები, ძეხვეულობა, რადგან მათ სარგებლობა არ მოაქვთ. მეტიც, კვლევებით უკვე დადასტურებულია, რომ ძეხვეულის ხშირი გამოყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

წყალი


არ დაგავიწყდეთ სასმელი წყლის გატანება.
გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი პლასტმასის ბოთლის ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება, რადგან წყლისათვის განკუთვნილი პლასტმასის ჭურჭელი განმეორებით გამოყენებისას სწრაფად ბინძურდება ბაქტერიებით, პლასტმასიდან წყალში კი ქიმიური ნივთიერებები ხვდება. ამიტომ ყოველჯერზე ახალი ბოთლის გატანებას გირჩევთ.

რისი ადგილი არ არის ლანჩის ყუთში


გამორიცხეთ გაზიანი ტკბილი და ენერგეტიკული სასმელები, კოფეინის შეცველი პროდუქტები (მაგალითად, ყავა).
გახსოვდეთ, რომ ტკბილი სასმელები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცვას და ხელს უწყობს სიმსუქნის, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
კოფეინის შემცველ პროდუქტებს ძვლებიდან კალიცუმის გამოდევნა შეუძლიათ.

რა ვუყოთ დესერტს?


ეს ხომ საკვების საყვარელი ნაწილია არამხოლოდ პატარებისათვის. წასახემსებლად და დესერტისათვის იოგურტი და დაჭრილი ხილი, ნუში, მშრალი ხილი კარგი არჩევანია. თუკი განსაკუთრებული დესერტის მომზადება გსურთ, შეგძლიათ ხანდახან ხილის ნამცხვარი გამოაცხოთ შაქრის ნაკლები შემცველობით.

შესაძლოა იყოს მშობლების ასეთი პასუხები: „მე კი გავატან, მაგრამ ჩემი შვილი ამ საკვებს არ მიირთმევს“. შეეცადეთ, აუხსნათ პატარას სწორი კვების აუცილებლობა და არა მარტო სკოლაში, არამედ შინაც ეცადოთ ცხოვრების ჯანმრთელი წესის დამკვდრებას.
თუ თქვენ დაბადებიდან შეაჩვევთ ბავშვს სწორ კვებას, ის ჯანმრთელი საკვებით სავსე ლანჩის ბოქსს აუცილებლად სიხარულით წააცუნცულებს სკოლში, შეთავაზებულ გაზიან ტკბილ სასმელზე ან ჩაპუტკუნებულ, არაქისით და კარამელით გამოტენილ შოკოლადზე კი პასუხად აუცილებლად იტყვის - გმადლობთ, მე არ მიყვარს!

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე
2309
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?