საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება
 საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება
საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება. ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. რაც ნიშნავს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა, შემოსვლის შემთხვევაში კი, მისი ინტროდუქცია, ანუ ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც, თავის მხრივ, ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.
ამ ყველაფერს "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გენმოდიფიცირებული პროდუქციის საბაზროს ქსელში განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მხრივ რაიმე ტიპის რეგულაციებს არ აწესებს.
"ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გენმოდიფიცირებული თესლი და გენმოდიფიცირებული თესლისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც შეიძლება შემოდიოდეს საქართველოში. ჩვენ მეორეს არ ვკრძალავთ და ამას ვერც ავკრძალავთ, მაგრამ საქართველო გამოცხადდება დახურულ ზონად ცოცხალი გემოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით შექნილი თესლებისთვის, ანუ გემოდიფიცირებული სათესლე ნედლეული საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. სამეცნიერო წრეებში დღემდე მიდის დავა, ბჭობა სასარგებლოა, თუ უსარგებლოა ის და შეუძლია თუ არა ავნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენ არ გვინდა რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამასთან, არა გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწების გიგანტური ფართობები, მაგრამ საქართველო ევროპის კონტინენტზე ფაქტიურად არის უკანასკნელი კუნძული ეკოლოგიურად სუფთა
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. ჩვენი სოფელი ამ კუთხით განადგურებული და წამხდარი არ არის. შეიძლება უამრავი მაღალხარისხანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. ამით ვართ ჩვენ საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ამით უნდა შევიდეთ ჩვენ ევროპის სასურსათო ბაზარზე. ჩვენი სამარკო ნიშანია სუფთა თაფლი, სუფთა ბაღჩეული, ბოსტნეული, ხილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის ცნობით, საკითხი მთავრობამ დეტალურად შეისწავლა და საქართველოში გამოვლენილია მხოლოდ ორი კომპანია, რომელსაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შემოაქვს, ან გასულია იმ კომპანიაზე, რომლებიც ამგვარ პროდუქციას აწარმოებენ.
ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანიც იქნება. "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" პროექტთან ერთად პარლამენტმა მიიღო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესების დარღვევაზე, მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევაზე და ასე შემდეგ, პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

interpressnews.ge
2904
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ყოჩაგ! მისასალმებელია ნამდვილად!!!
11:40 / 26-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```