ხურმა საკმაოდ სასარგებლოა, მაგრამ უკუჩვენებებიც აქვს ხურმა, იგივე კარალიოკი, შემოდგომის ერთ-ერთი საყვარელი ხილია. საკმაოდ სასარგებლოც და გემრიელიც, თუმცა თუ ზომიერებას არ დავიცავთ, არა მხოლოდ პატარას სწყენს, დიდსაც. გავიცნოთ უკეთ ეს ხილი და გავიგოთ, რა სახით, რომელი ასაკიდან და რა რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს.
ამ ხილში ბევრია ფრუქტოზა და გლუკოზა. ეს პლუსია, რადგან ბავშვი მას შაქრის დამატების გარეშე მიირთმევს და მისი ორგანიზმი არ იტვირთება. ზოგიერთ ბავშვს ექიმები უნიშნავენ კიდეც ხურმის მირთმევას. ლაპარაკია პირველ რიგში ანემიისკენ მიდრეკილ ბავშვებზე. კარალიოკი ხომ რკინის მდიდარი წყაროა. რგებს ასეცე თირკმლების პრობლემების მქონე პატარებისთვის. შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც ტვინის კვებისთვის არის საჭირო: თუთიას, კობალტს, ფოსფორს, ასევე ასუფთავებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ბეტა-კაროტინი კი, რომელიც მასში მეტია, ვიდრე გოგრასა და ტკბილ წიწაკაში, მხედველობის პრობლემების თავიდან აცილებაში კარგი ხელშემწყობია. სასარგებლოა გულის მანკით დაავადებულებისთვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს. სასარგებლოა იოდის დეფიციტის დროს, რადგან საკმაო რაოდენობის იოდს შეიცავს.
ხურმა ასევე სასარგებლოა გაცივების დროს, რადგან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ერთი კარალიოკის წვენს 3-4 სუფრის კოვზ თბილ წყალს ურევენ და ყელში ივლებენ.
თუმცა საიდან ჩნდება მშობლის სიფრთხილე კარალიოკის ბავშვისთვის შეთავაზებასთან დაკავშირებით? საქმე ის არის, მას აქვს ასევე გამბერავი ეფექტი და მისი ნორმაზე მეტად მირთმევა არაფრით არ შეიძლება – ამან შეიძლება ყაბზობაც გამოიწვიოს ნაწლავების სხვა პრობლემებიც. ასეთი ეფექტი მაშინ დგება, თუ ნაყოფი არ არის საკმარისად მწიფე და ბევრ ტანინს შეიცავს. ხურმა რომ დატკბეს და დამწიფდეს, მაცივარში დადეთ (ჯობს, საყინულეში) რამდენიმე საათით, ვაშლებთან ერთად. ვაშლების მიერ გამოყოფილი ეთილენი დამწიფებას უწყობს ხელს.
ეს ხილი ნელ-ნელა უნდა შეიტანოთ ბავშვის მენიუში, სასურველია, სამი წლის შემდეგ. ჯერ მცირე ნაჭრებით, მერე კი დღეში მხოლოდ ერთი. გარდა ამისა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ კარალიოკი საკმაოდ ძლიერი ალერგენია, ამიტომ სანამ მას ბავშვს მთლიანად აჭმევდეთ, დარწმუნდით, რომ ალერგიას არ გამოწვევს.
ექიმები ამბობენ, რომ ამავე მიზეზების გამო ის არც ლაქტაციის დროს არის სასურველი ქალებისთვის და ორსულობის დროსაც ზომიერებისკენ მოუწოდებენ.