ეს ფასტფუდი განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენას ახდენს მოზარდებზე
ფასტფუდის მავნებლობაზე ხშირად წერენ, თუმცა ამით ბევრი არაფერი იცვლება. ამჯერად მეცნიერებმა სკოლის მოსწავლეების მშობლებს მიმართეს საგანგაშო დასკვნით.
ფასტფუდი ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, მათ აზროვნებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ჰამბურგერებს, კარტოფილ ფრისა და სწრაფი კვების სხვა პროდუქტებს, გაცილებით დაბალ ქულებს იღებენ სკოლაში იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.
კვლევაში 5500-ზე მეტმა უმცროსი ასაკის ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით, ფასტფუდის მოყვარულთა შეფასებები გაცილებით დაბალი იყო.
სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომელზეც უამრავი ექიმი და სოციოლოგი მუშაობს. სტატისტიკის მიხედვით, ზედმეტი წონა იქ ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს. ქვეყანაში უკვე შესზღუდეს ტელევიზიით არასასურველი კვების პროდუქტების რეკლამა, სკოლებში კი აკრძალეს ცხიმიანი საკვებისა და და ტკბილეულის მიწოდება.
რაც შეეხება ფასტფუდს, მისი მავნებლობის შესახებ ბოლო წლებში ბევრს ლაპარაკობენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი საკვები პირველ რიგში საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის არის საზიანო. სხვადასხვა სახის ჰოთ-დოგები და ჰამბურგერები, ჩიფსები და სუხარები, სპეციალისტების აზრით, დაუბალანსებელი საკვებია, რომელშიც არის მხოლოდ ცხიმი, ნახშირწყლები, მარილი და სუნელები. ასეთი ნაკრები კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას იწვევს, არღვევს მსხვილი ნაწლავის მოტორიკას, ამწვავებს გასტრიტებს, კოლიტებს. გარდა ამისა, ამერიკელმა მეცნიერებმა რა ხანია გამოაცხადეს, რომ ჰოთ-დოგებისა და ჰამბურგერების ხორცი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იწვევს მუტაციას და სიმსივნით დაავადების რისკს.
და კიდევ, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ კვირაში ორჯერ შაურმის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ათი წლის შემდეგ გულის დაავადებათა განვითარების რისკს.