ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია რამდენიმე საწარმოში აღმოაჩინეს! ხინკალი, პელმენი, შებოლილი ხორცი და თევზი... - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც საქართველოში ძალიან ბევრს უყვარს, თუმცა, არავინ ფიქრობს, რომ ერთი შეხედვით გემრიელი საკვები შეიძლება მავნე ბაქტერიებით იყოს სავსე და ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ლისტერია მონოციტოგენეზი - ასე უწოდებენ მეცნიერები საშიშ ბაქტერიას, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა რამდენიმე საწარმოს მიერ გამოშვებულ ხორცპროდუქტში აღმოაჩინა, კერძოდ, ხორცპროდუქტების გადამმუშავებელი საწარმო "კედარის" მიერ 4 ოქტომბერს წარმოებულ, გაყინულ ქაბაბში, რის გამოც "კედარს" პროდუქციის ქსელიდან ამოღება დააკისრეს და 1.000 ლარით დააჯარიმეს. მოგვიანებით, იგივე ბაქტერია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "მადას" წარმოების ხორცის პელმენშიც აღმოაჩინა და ისიც დააჯარიმა.
ლისტერია მონოციტოგენეზი საშიში ბაქტერიაა. ის საქართველოში ბოლოს 1971 წელს აღმოაჩინეს, ახლა კი, ერთბაშად რამდენიმე საწარმოში იპოვეს - ძირითადად, იმპორტირებული ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებში, ამიტომ სპეციალისტები საბაჟოზე კონტროლის მაქსიმალურ გამკაცრებას მოითხოვენ. ეს არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბაქტერია იწვევს საშიშ დაავადებას, რომელსაც ლისტერიოზს უწოდებენ და თუკი ადამიანი დაავადდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია. მოსახლეობას აინტერესებს, რა ტიპის ბაქტერიაა ეს და როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი. ამის გასარკვევად სპეციალისტებს მივმართეთ.
გიგა ქურდოვანიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი:
- სააგენტოს უფლებამოსილი პირები სავაჭრო ქსელში იძენენ სურსათს - ძირითადად, ეს არის მაღალი რისკის მქონე პროდუქცია - და მერე ნიმუშებს დამოუკიდებელ ლაბორატორიებს უგზავნიან გამოსაკვლევად. აღნიშნული კვლევა შარშან დავიწყეთ და ლისტერიაც რამდენჯერმე აღმოვაჩინეთ - მათ შორის, შპს "კედარის" მიერ წარმოებულ ქაბაბში, მოგვიანებით კი - ხინკალში. ამ შპს-ს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაჯარიმდა და დაევალა, რომ ეს პროდუქცია საწარმოო ქსელიდან ამოეღოთ. ამავე დროს, მთლიანად შევამოწმეთ საწარმო და ინსპექტირება ჩავუტარეთ. საწარმო უცხოეთიდან შემოტანილი ხორცით მუშაობდა, ამიტომ სრულად ვერ მივაკვლიეთ, სად, რომელ რგოლში შეიძლებოდა მომხდარიყო ამ მიკროორგანიზმით დაბინძურება. ავიღეთ ნიმუშები და სრულყოფილი შემოწმების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომელ ეტაპზე მოხდა ლისტერიით ხორცის დაბინძურება, ვინ შემოიტანა და როგორ ხდებოდა მისი დამუშავება ან დამზადება. ეს ჯაჭვი უნდა გავიაროთ და ყველა ეტაპი შევამოწმოთ, საბოლოო დასკვნამდე რომ მივიდეთ. კვლევა მარტო ლისტერიაზე კი არა, სხვა საშიშ მიკროორგანიზმებზეც მიმდინარეობს და პერიოდულად ვაქვეყნებთ მონაცემებს. მერე ამ სურსათს ქსელიდან ვიღებთ და ვანადგურებთ. მომავალში სხვა მიკროორგანიზმებზეც უნდა გავამკაცროთ კონტროლი და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს. ლისტერია ძირითადად ხორცპროდუქტებში აღმოვაჩინეთ, მერე კი ეს ინფორმაცია მედიის მეშვეობით გავავრცელეთ, რომ ვისაც ეს პროდუქტები ნაყიდი აქვს და მაცივარში უდევს, გაანადგუროს. ამბობენ, ეს ბაქტერია ბოლოს 30 წლის წინ აღმოაჩინესო. კვლევა საერთოდ არ მიმდინარეობდა და როგორ აღმოაჩენდნენ იმას, რასაც არ იკვლევდნენ? ბოლო 30 წლის მანძილზე თუ არ აღმოჩენილა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ლისტერია არ იყო. რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობდა და არავინ იკვლევდა. ლისტერიოზი პირველ რიგში საშიშია ორსული ქალებისთვის, რადგან მუცლის მოშლას იწვევს, ასევე - მოხუცებისა და პატარა ბავშვებისთვის, რადგან რთულად გადასატანი დაავადებაა. ინფორმაცია გავრცელდა, რომ მისგან ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ასევე არასწორია, რომ ბაქტერია მხოლოდ იმპორტირებულ ხორცშია. იმპორტირებული ხორცი აქ არაფერ შუაშია. მთელი ჯაჭვი უნდა შევისწავლოთ, რომ დავადგინოთ, საიდან გაჩნდა საშიში ბაქტერია ხორცის ნაწარმში.