საქართველოში დამზადებული ექვსი დასახელების მაწვნის სინჯი შეამოწმეს და ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება სვანეთში წარმოებულ მაწონში აღმოაჩინეს მაწონი სასარგებლო და გემრიელი საკვები ლამის ყველა ქართულ ოჯახში პოპულარობით სარგებლობს. მას სიამოვნებით მიირთმევენ დიდებიც და პატარებიც, თუმცა, ამ პროდუქტის დადებით თვისებები ნაკლებად იციან.
მაქს პლანკის საზოგადოების ერთ-ერთი ინსტიტუტის მკლევარი - თეიმურაზ კურცხალია კი, თანამოაზრეებთან ერთად უჩვეულო დასკვნამდე მივიდა: მათი კვლევის მიხედვით, არსებობს ნივთიერება, რომელიც პარკინსონისა და სხვა რთული დაავადების პრევენციას უწყობს ხელს და ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს ჩვენი მაწონი. ცნობილია ისიც, რომ მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა საქართველოში დამზადებული ექვსი დასახელების მაწვნის სინჯი შეამოწმეს და ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება სვანეთში წარმოებულ მაწონში აღმოაჩინეს. სხვათა შორის, ამ აღმოჩენას გერმანული გამოცემებიც აქტიურად გამოეხმაურნენ. "შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს არის წამალი, მაგრამ ეს არის პრევენცია ისეთი მძიმე დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც პარკინსონიზმი, ალცჰაიმერი, ან გულის თანდაყოლილი დაავადებებია", - წერს მეცნიერი, რომელიც საქართველოდან 1980-იან წლებში წავიდა.
ამ საკითხზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტ ეთერ სარჯველაძეს ვესაუბრეთ, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის დასკვნა დიდად არ გაჰკვირვებია:
- მართალია, ამ კვლევებში არ ვმონაწილეობდი, მაგრამ მთელი ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში მესმის, თუ რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ქართულ მაწონს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, გერმანიაში მოღვაწე მეცნიერების დასკვნა სულაც არ მაკვირვებს. ეს პროდუქტი ძალიან ბევრ დადებით თვისებას აერთიანებს. სტუდენტობაშიც საგანგებოდ გვასწავლიდნენ მის სასარგებლო თვისებებს, რაც ისტორიულ და სამეცნიერო ლიტერატურაშიც დადასტურებულია. სხვათა შორის, ქართველების ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას იმითაც ხსნიან, რომ ისინი ხშირად მოიხმარდნენ რძემჟავა პროდუქტებს. საერთოდ, რძემჟავა პროდუქტები მრავალგვარია, მაგრამ მაწონი გამორჩეულად სასარგებლო თვისებების მატარებელია. ამას აღნიშნავდნენ და დღესაც ხაზს უსვამენ არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მეცნიერებიც. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ იაპონელებმაც წაიღეს ჩვენგან მაწვნის შტამი, კარგად რომ ჩასწვდომოდნენ მის უნიკალურ თვისებებს.
- თუ არის დადგენილი, სადაური წარმოშობისაა ეს საკვები პროდუქტი?
- ცნობილია, რომ მაწონი სუფთა ქართული წარმოშობის პროდუქტია და შესაბამისი პატენტიც აქვს მიღებული. სხვათა შორის, ქართველები მაწონს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ამზადებდნენ და განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ ე.წ. დედოს დამზადების რეცეპტს, რომლისგანაც მაწონს ამზადებენ. არსებობს გადმოცემა, რომ მაწონი და მისი დედო თავისთავად დამზადდა რძეში არსებული რძემჟავა ბაქტერიებისაგან. როგორც ჩანს, საპალნეზე გადაკიდებული რძე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ აიჭრა და როდესაც ადამიანებმა ნახეს, რომ რძეზე გაცილებით გემრიელი საკვები მიიღეს, მისი დამზადება დაიწყეს. ასე წარმოიშვა უნიკალური შემადგენლობის მქონე საკვები - მაწონი. სხვათა შორის, ისტორიული წყაროებიც ადასტურებს, რომ ეს ქართული პროდუქტია. ის საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში იწარმოებოდა, ამ საიდუმლოს არავის ანდობდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ზოგი სხვა ეროვნების რძალი გახდა, ზოგი - სიძე, მერე ნათესავმა ნათესავს ასწავლა, მეგობარმა - მეგობარს და ასე გავრცელდა მაწვნის რეცეპტი მთელ კავკასიაში. გაგრძელება