პედიატრი, მედიცინის დოქტორი
თამარ ობგაიძე თავის
ფეისბუქგვერდზე საუბრობს თაფლის საფრთხეებზე წლამდე ასაკის ბავშვებში.
"პაციენტი მყავდა პაწაწინა. 1 წლამდე ყოველთვე მოჰყავდათ და ყოველი ვიზიტის ბოლოს ჩემს შეკითხვაზე, “ხომ არ გაქვთ რაიმე კითხვა ჩემთან”, მამა სულ ერთი და იმავეთი ინტერესდებოდა:
- ექიმო, თაფლი მაქვს სახლში კარგი და თაფლიანი წყალი რომ მივცე, არ შეიძლება?
ჩემი პასუხიც სულ ერთი და იგივე იყო:
- არა!
იცით რატომ?
გაინტერესებთ ეს თემა?
თაფლი რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, ეს ყველამ ვიცით. ამიტომ მშობლები ხშირად მეკითხებიან, რა ასაკიდან შეიძლება გაასინჯონ ეს პროდუქტი? შეიძლება თუ არა, მაგალითად, გავასინჯოთ წლამდე ასაკის ჩვილს?
პასუხი არის ცალსახა: არა, არ უნდა გაასინჯოთ!
განა იმიტომ, რომ ეს ალერგიული პროდუქტია და სხვადასხვა ალერგიას გამოიწვევს ჩვილთან, არამედ იმიტომ, რომ მასთან არის ასოცირებული საკმაოდ მძიმე დაავადება სახელად ინფანტილური ბოტულიზმი.
დარწმუნებული ვარ, თქვენ გსმენიათ ბოტულიზმის შესახებ. მისი გამომწვევი არის ბაქტერია და მისი სპორები არის გარემოში. როდესაც ეს სპორები ხვდება კონსერვში, რომელსაც შინ ამზადებენ ხოლმე, ასეთ შემთხვევაში უჰაერო გარემოში კონსერვის შიგნით გამოდის სპორებიდან ზრდასრული ფორმები, რომლებიც გამოიმუშავებენ ძალიან საშიშ ტოქსინს, ბოტულინა ტოქსინს, და ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ეს დაავადება მთავრდება ხოლმე ფატალურად.
ახლა რაც შეეხება თაფლს და ინფანტილურ ბოტულიზმს, რა კავშირი აქვს. აღმოჩნდა, რომ თაფლი შეიძლება იყოს სწორედ დაბინძურებული ბოტულინის გამომწვევი სპორებით, რომელიც ჩვილის ნაწლავებში იწყებს გარდაქმნას და ეს გარდაქმნილი ვეგეტაციური ფორმები გამოყოფენ ამ ბოტულინა ტოქსინს. და ვინაიდან ჩვილს არ შეუძლია ამ ტოქსინის გაუვნებელყოფა, მასთან გამოვლინდება საკმაოდ საშიში დაავადება ინფანტილური ბოტულიზმი, რომელიც ხასიათდება ბავშვის სისუსტით, რომელიც უეცრად იწყებს გამოვლენას, კუნთების სისუსტით, ზოგჯერ - დამბლებით, ასევე ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებით. ყოველივე ეს არის საკმაოდ გამოხატული და ბავშვი საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაყვანას სტაციონარში.
ერთი სიტყვით, წლამდე ასაკის პატარას არ უნდა გავასინჯოთ თაფლი. მაგრამ თქვენ ალბათ მკითხავთ, თუკი თაფლი შეიძლება დაბინძურებული იყოს ამ სპორებით, წლის ასაკის შემდგომ რა ხდება, ან მოზრდილთან რატომ არ არის ეს საფრთხე?
საქმე ისაა, რომ წლის ასაკის ზემოთ ბავშვის იმუნიტეტი იმგვარად ფორმირდება, რომ მას უკვე შეუძლია გაუმკლავდეს ნაწლავებში ამ ტოქსინს. შესაბამისად, წლის ასაკის ზემოთ ბოტულიზმის ეს ფორმა აღარ ვითარდება.
დავიმახსოვროთ მთავარი - წლამდე ასაკის პატარას თაფლს არ ვაწვდით, მიუხედავად იმისა, რომ ის არის სასარგებლოც, გემრიელიც, წლის ასაკის შემდეგ კი ეს ნებადართულია".