რა უნდა იყოს პირველი დამატებითი საკვები - ფაფა თუ ბოსტნეულის პიურე, და როგორ უნდა მომზადდეს?
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის კვება მოზრდილთა საკვებით? რა უნდა იყოს პირველი დამატებითი საკვები - ფაფა თუ ბოსტნეულის პიურე?
დაახლოებით 6 თვიდან ჩვილს ზრდა-განვითარებისთვის აღარ ჰყოფნის დედის რძითა თუ ხელოვნური საკვები ნარევებით მიღებული ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები. მზარდი ორგანიზმი განიცდის ც, ა, დ, ბ ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, იოდის, თუთიის, სპილენძის, სელენის, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმისა და სხვა მიკროელემენტების ნაკლებობას.
ესე იგი დადგა დამატებითი საკვების მიღების დრო! დამატებითი საკვები უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე დედის რძე თუ ხელოვნური ნარევი. ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთგვარ ვარჯიშს წარმოადგენს - ნაწლავების მოტორული ფუნქციის სტიმულაციისა და საღეჭი აპარატის სწორი ფორმირებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაძლოა, პატარამ თავდაპირველად პირი არ დააკაროს ახალ, უცხო საკვებს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მთავარია, არ აღელდეთ და არ დააძალოთ. უბრალოდ, რამდენიმე დღით გადადეთ ახალ საკვებთან გაცნობა და შემდეგ კიდევ ერთხელ მოსინჯეთ. ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოვა...
დამატებითი საკვების მიცემისას გაითვალისწინეთ
დაიწყეთ მცირე ულუფებით - ჯერ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი გაასინჯეთ. თუ მოეწონა, მიეცით კუთვნილი ულუფის ნახევარი 7 დღის შემდეგ შეიძლება სრული ულუფის მიცემა. 7-8 თვიდან ბავშვს უკვე 80 მლ ეკუთვნის, 9-12 თვიდან - 120 მლ. დიეტოლოგიის ოქროს წესი: ერთ დღეს ჩვილს მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი უნდა გაასინჯოთ, ისიც - მხოლოდ ერთ კვებაზე. თავდაპირველად პიურე მოამზადეთ რომელიმე ერთი სახეობის ბოსტნეულისგან, რათა პატარა შეეჩვიოს ახალ პროდუქტს. მერე და მერე შეგიძლიათ რამდენიმე ბოსტნეულის კომბინაცია შესთავაზოთ. დამატებითი საკვები უნდა მისცეთ დღის პირველ ნახევარში, მეორე კვებაზე, ხელოვნური ნარევის ან დედის რძის მიცემამდე. ნუ დაამთხვევთ დამატებითი კვების დასაწყისს იმ პერიოდს, როცა ბავშვის ჩვეული გარემო იცვლება. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის გამოცვლის, დასასვენებლად გამგზავრების და ა.შ. დროს. ასევე თავი შეიკავეთ დამატებითი კვების დაწყებისგან ავადმყოფობისას და გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ვაქცინაციისა და სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარების პარალელურად. დამატებითი კვების დაწყებიდან 7-10 დღის განმავლობაში უნდა შევაფასოთ ჩვილის გუნება-განწყობა, კანი, განავალი. თუ ბავშვის მდგომარეობა არ მოგვეწონა, დამატებითი საკვების მიცემისგან თავი უნდა შევიკავოთ და კონსულტაცია პირად პედიატრს ვთხოვოთ. სასურველია, ვაწარმოოთ დღიური, სადაც აღვნიშნავთ, რომელ პროდუქტზე ჰქონდა პატარას ალერგიული რეაქცია. დამატებითი საკვები უნდა იყოს ერთგვაროვანი (კარგი იქნება, თუ მის ასათქვეფად გამოიყენებთ ბლენდერს), პირველ ხანებში - ნახევრად თხიერი, თხელი ფაფის მსგავსი, აუცილებლად თბილი და მისცეთ კოვზით. გარდა ამისა, სასურველია, პირველი დამატებითი საკვები იმ ბოსტნეულისგან იყოს მომზადებული, რომელიც ჩვენს გეოგრაფიულ არეალში მოჰყავთ. რაციონს ახალი პროდუქტი მას შემდეგ უნდა დაამატოთ, რაც ბავშვი კარგად შეეგუება პირველს - პირველის გაცნობიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ.
რა ასაკიდან?
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს დამატებით საკვებს 6 თვიდან ვაძლევთ, ხელოვნურზე მყოფს - უფრო ადრე, დაახლოებით 4 თვიდან. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება: თუ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი წონას ნელა იმატებს, ჩამორჩება თანატოლებს, ესე იგი დამატებითი საკვების უფრო ადრე მიცემაა საჭირო. ამ შემთხვევაში უმჯობესია დამატებითი კვება დაიწყოთ ფაფით, თუმცა გირჩევთ, პედიატრთან ამის თაობაზე მაინც გაიაროთ კონსულტაცია. დამატებითი საკვების ნაადრევად მიცემა შეიძლება მაშინაც, თუ პატარა იწევს საერთო სუფრისკენ და ითხოვს უფროსების საკვებს.
რატომ ბოსტნეული?
დიეტოლოგები გვირჩევენ, დამატებითი კვება დავიწყოთ ბოსტნეულით. იგი შეიცავს ბევრ სასარგებლო ინგრედიენტს, მათ შორის:
უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გადაადგილებას და ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის ჩამოყალიბებას.
პექტინურ ნივთიერებებს - მათ აქვთ შემომგარსველი და ტოქსინების შემბოჭველი მოქმედება.
გარდა ამისა, ბოსტნეული უზრუნველყოფს ორგანიზმის მჟავატუტოვან წონასწორობას, რაც აუცილებელია ყველა ორგანოსა და სისტემის სწორი ფუნქციობისთვის.
ბოსტნეულის პიურეს მომზადებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა, რათა კერძს კვებითი ღირებულება არ დავუკარგოთ.