ნებისმიერი სახის ღივის 30-40 გრამი მოცულობით მიღება საკმარისია ძირითადი ვიტამინებისა და მიკროელემენტების დღიური ნორმის შესავსებად არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობის გამო ყველა მშობელი ეძებს ჯანსაღ და ბუნებრივ საკვებს თავისი პატარასთვის. ბოლო დროს პოპულარული გახდა ე.წ. ღივები. დავინტერესდით, რა არის ეს პროდუქტი, რამდენად ეკოლოგიურია და რა სარგებლობა მოაქვს მას, ამ თემაზე ბიოაგროს მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის თანადამფუძნებელი დავით გეგეჭკორი გვესაუბრა:
- რა არის ღივები და რა სარგებლობა მოაქვთ მათ?
- ღივი - ეს არის მცენარის თესლი, რომელმაც ეს-ესაა დაიწყო სიცოცხლე და განვითარება, გამოიღო პირველი ყლორტი. გაღივების პროცესი თავისთავად რთავს ბუნებრივ მექანიზმს, რომლის დროსაც ხდება ყველა საკვები ნივთიერების სინთეზი. გაღივების დროს მიკროელემენტები იმყოფებიან კოლოიდურ მდგომარეობაში და ამიტომაც ორგანიზმი სრულად შეითვისებს მათ. ბევრი სასარგებლო ნაერთისა და ცილების შეთვისება ხდება შეუცვლელი ფორმით და პირდაპირვე ერთვება ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ასეთი საკვები შეიცავს გაცილებით მეტ ფერმენტსა და ვიტამინს, ასევე მიკროელემენტს ვიდრე, მცენარის საბოლოო ნაყოფი. ღივების მწვანე ყლორტები შეიცავენ მცენარეულ უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს, ქლოროფილს. ცოცხალი ქლოროფილი აქტიურად მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში, აძლიერებს იმუნიტეტს; ანტიოქსიდანტები ორგანიზმში ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევენ ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებას, დაავადებებსა და ორგანიზმის ადრეულ დაბერებას.
სხვადასხვა მცენარის ღივი, გარდა ვიტამინების დიდ რაოდენობისა, გამოირჩევა სხვადასხვა მახასიათებლით. მაგალითად, საკვებში ყველაზე მეტად გამოყენებადი ღივებია ბროკოლი და ალფ-ალფა (იონჯა). ბროკოლის ღივი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ალფ-ალფას (იონჯა) ღივებში არსებული ნივთერებები კი ხელს უშლიან უჯრედის სწრაფი დაბერების პროცესს. განსაკუთრებულად დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე „ცოცხალი“ ქლოროფილი, რომელსაც ღივები (აგრეთვე ჯეჯილის წვენი) შეიცავს. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი „ცოცხალი“ ქლოროფილი ახდენს ორგანიზმზე როგორც გამაჯანსაღებელ, ასევე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. ღივები არ არის ახალი აღმოჩენა, მათი გამოყენების 5000-წლიანი ისტორია არსებობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. კერძოდ, ჩვენთან კვების რაციონში ინტენსიურად გამოიყენებოდა გაღივებული ხორბალი. თანამედროვე მედიცინა, უამრავი კვლევის საფუძველზე ადასტურებს ორგანიზმზე ღივების სასარგებლო ზეგავლენას.
- ეკოლოგიურად რამდენად სუფთა პროდუქტია?
- ღივები მზადდება მხოლოდ ორგანული (ბიო) თესლიდან, მათი დამზადების ტექნოლოგია არ მოიცავს არანაირი დანამატის ან დამხმარე საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, ღივები არის ორგანული (ბიო) პროდუქტი.
- რეკომენდირებულია თუ არა მისი მიღება ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ლაქტაციის პერიოდში?
- ღივები რეკომენდებულია და აუცილებელია ბავშვებითვის. ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები ბოსტნეულს ზოგადად, ნაკლები სიამოვნებით იღებენ. აღსანიშნავია, რომ დღიური ნორმით საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის გასამდიდრებლად ბავშვმა გაცილებით დიდი რაოდენობის ბოსტნეული უნდა მიიღოს. მცირე რაოდენობის ღივებით კი შესაძლებელია მათი ორგანიზმი სრულად გამდიდრდეს ვიტამინებითა და მინერალებით. მაგალითად, 50 გრამი ალფ-ალფას ღივის მიღება საშუალოდ ტოლფასია 1 კგ ბოსტნეულისა.
ღივების მიღება სასარგებლოა ლაქტაციის პერიოდში. ოსრულობის პერიოდში კი სასურველია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ უამრავი ვიტამინისა და აქტიური ნაერთის გამო შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის მკვეთრი ზრდა, რაც გაართულებს მშობიარობის პროცესს.
- როგორი სახით უნდა მიიღოს ის ადამიანმა?
- ღივების მიღება სასურველია ცოცხალი სახით. შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით ნედლი - დაუმუშავებელი ან დაბლენდერებული სხვა პროდუქტებთან ერთად, სალათებში, ბუტერბროდებში და ასე შემდეგ. ერთადერთი გამონაკლისია მუხუდოს, ბარდის და წიწიბურას ღივები. იმ შემთხვევაში, თუ ხდება მათი ინტენსიური მიღება, აუცილებელია მსუბუქი თერმული დამუშავება. ზოგადად კი ნებისმიერი სახის ღივის 30-40 გრამი მოცულობით მიღება საკმარისია ძირითადი ვიტამინებისა და მიკროელემენტების დღიური ნორმის შესავსებად.
თუმცა რასაკვირველია, ნებისმიერი, მით უმეტეს ახალი პროდუქტის მიღების წინ აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია. ინდივიდუალურად სხვადასხვა ადამიანს სხვადასახვა სახის კვება სჭირდება და ეს შეთანხმებული უნდა იყოს სპეციალისტთან.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე