ოსპი - გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო პროდუქტია. ბავშვიანი ოჯახის მენიუში ის აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ოსპი - გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო პროდუქტია. ბავშვიანი ოჯახის მენიუში ის აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.
რეცეპტი - "მზე"
ბავშვებს, როგორც წესი, არც ბარდა უყვართ და არც ლობიო. ოსპი კი, მიუხედავად იმისა, რომ პარკოსნებს ეკუთვნის, პატარებისთვის შედარებით მისაღებია და მოსანელებლადაც უფრო იოლია.
მოუმზადეთ ეს პიურე. ხასხასა ფერი აქვს, გემრიელია, მიმზიდველია და ოჯახის სხვა წევრებსაც წაადგებათ - ოსპი ხომ ბევრი სასარგებლო ნივთიერებით არის მდიდარი, განსაკუთრებით კუჭნაწლავის სისტემაზე მოქმედებს კარგად. გემრიელია ოსპის წვნიანი, ასევე უფროსებს უყვართ ხახვთან ერთად მოხრაკული და ა.შ. ამჯერად ბავშვებისთვის მოსაწონ რეცეპტს გთავაზობთ.
დაგჭირდებათ:
ოსპი - დაახლოებით ნახევარი ჭიქა
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 1 ცალი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
წყალი - 500 მლ.
კურკუმა - 0,5 ჩაის კოვზი
მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
მარილი, პილპილი, კამა - გემოვნებით.
შეგიძლიათ ინგრედიენტებში ბავშვის გემოვნების მიხედვით ცვლილება შეიტანოთ.
მომზადება:
• ხახვი, სტაფილო და წიწაკა გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით და ქვამში მოათავსეთ.
• დაამატეთ წყალი და კურკუმა.
• ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.
• გარეცხილი და ერთი-ორი საათით წყალში დამბალი ოსპი დაამატეთ ბოსტნეულს.
• ბოსტნეულთან ერთად კიდევ 15 წუთით უნდა იხარშოს მანამ, სანამ ოსპი თითებს შორის არ გაისრისება.
• მოათავსეთ ყველაფერი ბლენდერში, შეაზავეთ მარილით, პილპილით. გათქვიფეთ, მოაყარეთ კამა, მოასხით ზეთი და მიიტანეთ სუფრასთან.