როდის გვმართებს სიფრთხილე პომიდორთან პომიდვრის უნიკალურობას საუცხოო გემოსთან ერთად მისი სასარგებლო თვისებებიც განაპირობებს. რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის შაქრები - გლუკოზა და ფრუქტოზა, A, B1, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინები და ბეტა კაროტინი, ორგანული ვაშლის, ლიმონისა და ღვინის მჟავები, ორგანული მფრინავი სპირტი და ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, თუთია და გოგირდი მანგანუმთან ერთად.
პომიდორი მძლავრი ანტიოქსიდანტია
პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ლიკოპენი ბუნების საოცრებაა, უამრავი დაავადების მკურნალი. მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება - აფერხებს დნმ-ს მუტაციას და წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. თუ პომიდორს ყოველდღე მიირთმევთ, სიმსივნური დაავადება ნაკლებად დაგემუქრებათ, რაც სწორედ პომიდვრის შემადგენლობაში შემავალი ლიკოპენისა და კაროტინოიდების დამსახურებაა. ლიკოპენს ცხიმებთან ერთად უკეთ ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ სასურველია, პომიდორი მცენარეულ ცხიმთან (ზეთთან) ერთად მიირთვათ. ლიკოპენისა და კალიუმის უხვი შემცველობის გამო პომიდორი მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის - კალიუმს ხომ ორგანიზმში მიმდინარე წყალმარილოვან ცვლაში განსაკუთრებული როლი აკისრია.
სპობს ბაქტერიებს
პომიდვრის წვენი ფიტონციდების წყალობით ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ანტიბაქტერიულთან ერთად პომიდორს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, გლიკოალკალოიდის შემცველობის გამო კი ის არა მხოლოდ ბაქტერიციდულ, არამედ ფუნგიციდურ (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედებასაც ავლენს. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის.
ამაღლებს გუნება-განწყობილებას
პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციობას. პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ. მასაც, ვისაც ჭარბი წონისა ეშინია ან დაკლება სურს, შეუძლია, თამამად მიირთვას პომიდორი, რადგან ის ძალზე დაბალკალორიულია - 100 გრამი 23 კკალ-ს შეიცავს. პომიდვრის ღირსებად მიიჩნევა ისიც, რომ ქრომისა და რამდენიმე სხვა ნივთიერების წყალობით სწრაფად ანაყრებს, მყისიერად აცხრობს შიმშილის გრძნობას. დადგენილია, რომ ამ მცენარის მწიფე ნაყოფში ნიტრატები არ გროვდება. დიახ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მწიფე პომიდორში მავნე ქიმია არ არის!
როდის გვმართებს სიფრთხილე
პომიდორი ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია, ამიტომ საკვების მიმართ ალერგიულმა პირებმა ის ფრთხილად უნდა მიირთვან, გამოხატული ალერგიული რეაქციის მქონეებმა კი საერთოდ ამოიღონ საკვები რაციონიდან. პოდაგრითა და თირკმლის მწვავე პათოლოგიით დაავადებულებმა პომიდორი არ უნდა ჭამონ. საყურადღებოა ისიც, რომ დაკონსერვებული პომიდვრის ან მისი წვენის სისტემატურმა გამოყენებამ, განსაკუთრებით - სახამებლის შემცველ საკვებთან ერთად, შესაძლოა თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭების განვითარებას გაუწიოს პროვოცირება. პომიდორი მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირებისთვისაც, რადგან ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას. გარდა ამისა, პომიდორში შემავალმა ორგანულმა მჟავებმა ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის დროს შესაძლოა ტკივილი გაამძაფროს.
რაც შეეხება ბავშვებს, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:
პომიდორი უმჯობესია 1,5 წლის ასაკიდან მისცეთ, ასევე ტომატ-პასტები, თუმცა დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ როგორც პომიდვრის, ისე ტომატ-პასტის ხარისხსა და უვნებლობაში. თავიდან ცოტა უნდა გაასინჯოთ, რომ ისიც გაიგოთ, არის თუ არა ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული. და მერეც, ბავშვს პომიდორი ბევრი არ უნდა აჭამოთ. აუცილებლად უნდა მისცეთ კანგაცლილი (და თავადაც თუ ასე მიირთმევთ, უკეთესია), რადგან პომიდვრის კანის გადამუშავება მოზრდილის ორგანიზმსაც უჭირს და თანაც, მას არ აქვს დიდი სარგებლობა. პომიდორი ბავშვს მხოლოდ სეზონზე უნდა აჭამოთ, ასე ნაკლებია მისგან რაიმე ზიანის მიყენების საფრთხე. იხილეთ მეტი