რამდენ ვიტამინს ინარჩუნებს ამა თუ იმ მეთოდით შენახული ხილი ცივ ზამთარში, როდესაც გარეთ ძალიან ცივა, სახლში თბილად და კომფორტულად მოკალათებულს ალბათ ბევრჯერ მოგდომებიათ ისეთი ხილი, რომლის ზამთარში დაგემოვნება თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ, ნურას უკაცრავად. მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროში შეუძლებელი არაფერია და სეზონური ხილის შენახვის პრობლემაც აღარ არსებობს. უბრალოდ, ყველაფერს ცოდნა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც, უმჯობესია ხილის შენახვის ის მეთოდი გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენ მიერ შენახულ გემრიელობას არც გემოვნურ თვისებებს დაუკარგავს და სასარგებლო ვიტამინებსაც მაქსიმალურად შეუნარჩუნებს.
ხერხი 1 - დაშაქვრა
ვინარჩუნებთ ვიტამინების 40%-ს
ეს მეთოდი უფრო მეტად კენკრის შესანახად გამოიყენება. ამ მეთოდით შენახვის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ შაქრის დიდი კონცენტრაცია ხელს უშლის მიკროორგანიზმების გამრავლებას. მურაბებისგან განსხვავებით, ასეთი ხერხით შენახული ხილი უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, მაგრმ ამ შემთხვევაში აუცილებელია ნაყოფის ცივ ადგილზე შენახვა, კერძოდ მაცივარში, რაც ნაყოფის დიდი რაოდენობით შენახვის შემთხვევაში ცოტა მოუხერხებელია.
ამ მეთოდით შენახვისას საჭიროა კენკრის გარეცხვა და დაბლენდერება ან გატარება. ამის შემდეგ ვაყრით შაქარს (1კგ.ხილზე 1,5-2 კგ. შაქარი). ასევე შეიძლება ლიმნის ნაჭრების შენახვა. თუ გინდათ ვირუსების სეზონს მომზადებული შეხვდეთ, ლიმნის წამლად ქცევაც შეგიძლიათ თუ დაშაქრულ ლიმონს ქორფა კოჭას ფესვს დაუმატებთ, ზემოდან კი თაფლს მოასხამთ. შედგით ქილა მაცივარში თვე-ნახევრის განმავლობაში და ჩაისთან ერთად მიირთვით, გვერწმუნეთ, ვირუსი ვერაფერს დაგაკლებთ.
ამ ნაყენს გადადუღებულ და გაგრილებულ წყალში თუ გახსნით, უგემრიელეს კოჭას ლომონათს მიიღებთ.
ხერხი 2 - ხილის "დამწნილება"
ასეთი მეთოდით შენახვისას ვიბნარჩუნებთ შენახული ხილის ვიტამინების 70-75%-ს, თუმცა შენახვის ეს მეთოდი უფრო ბოსტნეულისთვის გამოიყენება. რაც შეეხება ხილს, ასე შესაძლებელია უფრო ვაშლის, მსხლის, საზამთროს და ყურძნის შენახვა. ხილის შემთხვევაში განსაკუთრებით გემრიელი ვაშლი გამოდის, საამისოდ უნდა შევარჩიოთ უფრო მოტკბო ჯიშის და კარგად დამწიფებული ნაყოფი. ვაშლს ხის ჭურჭელში ამწნილებენ. სოკოსგან თავის აცილების მიზნით ჭურჭლის კედლებს ნივრით ამუშავებენ.
ძირში აფენენ ვაშლის, პიტნის ან ალუბლის ფოთლებს. ზემოდან ათავსებენ კარგად გარეცხილ ვაშლს და ფენა-ფენა ისევ ფოთლებს ალაგებენ.
როდესაც ჭურჭელი აივსება, ასხამენ სპეციალურ ცივ სითხეს (ადუღებულ მარიალიან წყალს, პროპორციით 10 ლიტრ წყალზე 75-100 გრ მარილი, დუღილის დროს უმატებენ 200 გრ შაქარს ან თაფლს და ნახევარ საათში კიდევ ორჯერ წამოადუღებენ). თავზე აფარებენ და დგამენ ოთახის ტემპერატურაზე 3-5 დღე-ღამე. თუ წყალს შეიშრობს, უმატებენ, შემდეგ ჭურჭელი გადააქვთ გრილ ადგილას. 30-40 დღე-ღამის შემდეგ ვაშლი მზად არის.
ხერხი 3 - ხილისა და კენკრის გამოშრობა (ან დაჩირება)
ვინარჩუნებთ ვიტამინების 40%-ს
გამოშრობა შესაძლებელია მზეზე, სპეციალურ მოწყობილობაში ან ღუმელში.
პირველ რიგში ნაყოფი უნდა გაირეცხოს და გასუფთავდეს, დიდი ზომის ნაყოფი უნდა დაქუცმაცდეს. ღუმელი გავაცხელოთ 60-70 გრადუსზე, ხილი დავალაგოთ ბადეზე და ვაშროთ 10-12 საათი, პერიოდულად ღუმელის კარი უნდა შევაღოთ, რათა კონდენსატი აორთქლდეს. ამის შემდეგ გამომშრალი ნაყოფი მოვათავსოთ მინის ჭურჭელში ან გავახვიოთ ქაღალდში და შევინახოთ ბნელ ადგილას.
ხერხი 4 - კენკრისა და ხილის გაყინვა
ეს ხილის შენახვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდია. ხილის გაყინვის შემთხვევაში ჩვენ ვინარჩუნებთ მასში არსებული სასარგებლო ვიტამინების 90%-ს და მეორეც, ეს შენახვის ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდია. ამისთვის არ დაგჭირდებათ არაფერი, გარდა საყინულესი.
ახლა კი უფრო დეტალურად მოგახსენებთ, როგორ მოვამზადოთ პროდუქტი შესანახად. პირველ რიგში, ნაყოფი საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. ამის შემდეგ აუცილებელია გარეცხილი ხილის კარგად გამშრალება. თუ ჩვენ ვამზადებთ კენკრას, მაგალითად მარწყვს, ჟოლოს და ა.შ., სველი კენკრა უნდა გავშალოთ საშრობ ქაღალდზე ან სუფთა ჩაის ტილოზე. შემდეგ მათ ერთ ფენად ვალაგებთ და ვათავსებთ საყინულეში საბოლოოდ გაყინვამდე. ამისთვის ოპტიმალური ტემპერატურა მინუს 18-20 გრადუსია. გაყინვის შემდეგ პროდუქტს ცელოფნებში ან სპეციალურ კონტეინერში ვათავსებთ, მთავარია, რომ ნაყოფი ჰერმეტულად დაცული იყოს.
რაც შეეხება ბალს და ალუბალს, უმჯობესია შენახვამდე ეს ნაყოფი კურკისგან გავათავისუფლოთ, ასე უფრო ნაკლებ ადგილს დაიკავებს. იგივე კეთდება ატმის, გარგრის შეანხვის დროსაც. ნაყოფს შუაზე გავყოფთ, ამოვაცლით კურკას და ისე შეავინახავთ ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით. შეგიძლიათ ეს ხილი კურკიანადაც გაყინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ის თქვენს საყინულეში უფრო მეტ ადგილს დაიკავებს.
სულ ეს არის! ამის შემდეგ ისღა დაგრჩენიათ, შენახული ხილი სწორად გაალღოთ. თუ ნაყოფი კომპოტისთვის ან კისელისთვის გჭირდებათ, მას პირდაპირ ადუღებულ წყალში ჩაყრით, თუ ისე მირთმევა გსურთ, მაცივარში უნდა გაალღოთ.
ხერხი 5 - ხილისა და კენკრის დაკონსერვება
ვინარჩუნებთ ვიტამინების მხოლოდ 10%-ს
დაკონსერვების მეთოდი მრავალნაირი არსებობს, თუმცა ყველა მეთოდს აერთანებს ერთი ძირითადი პრინციპი - თერმულად დამუშავება და შაქრის დიდი კონცენტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ მურაბები და ჯემები ვიტამინებს არცთუ დიდი რაოდენობით ინარჩუნებენ, ეს ზამთრისთვის ხილის შენახვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია.
მოამზადა თამუნა დავითაშვილმა