ვინ არის მართალი? გათლილი ხილის ჭამა ჯობია თუ გაუთლელის? ეს კითხვა დედებს ხშირად უჩნდებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრიც კი ორად იყოფა და მით უმეტეს, ახალგაზრდა დედებს პასუხის პოვნა გაუჭირდებათ.
ამერიკელი მეცნიერების რჩევით, სეზონური ხილი ჯობია გაუთლელად მიირთვათ, რადგან სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა სწორედ კანქვეშაა მოქცეული.
იაპონელი მეცნიერები კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სწორედ კანში გროვდება ყველა მავნე და არასასურველი ნივთიერება.
ვინ არის მართალი?
ყველაფერი ხილის წარმომავლობაზეა დამოკიდებული. თუ საკუთარ ეზოში მოკრიფეთ, სოფლიდან ჩამოგიტანეს ან ისეთი ადამიანისგან ყიდულობთ, ვინც სანდოდ მიგაჩნიათ, ანუ თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ამ ხილში ქიმიური ნივთიერებები არ შედის, კანიანად მიირთვით.
ჩვეულებრივ სავაჭრო ადგილებში ნაყიდი ხილი, რომელიც ან იმპორტირებულია ან ქიმიური დამუშავებით არის მოყვანილი, აუცილებლად უნდა გათალოთ.
მართალია, საქართველო ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაა, მაგრამ დიდი ხანია თავად გლეხებიც აღნიშნავენ, რომ შეწამვლის გარეშე ნორმალური შესახედაობის ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია. მაგალითად, ვაშლს გორის რაიონში ყვავილობიდან მოკრეფამდე ზოგჯერ 10-15-ჯერ სჭირდება შეწამვლა. ასე რომ, თუნდაც ადგილობრივი პროდუქტი შეიძინოთ ბაზარში, ისიც გაჯერებული იქნება ქიმიური ნივთიერებებით. ამიტომ ჯობია თავი დაიზღვიოთ და გათლილი ხილი მიირთვათ.