ყველა ბავშვს უყვარს პური, თუმცა რამდენად სასარგებლოა ყველა ბავშვს უყვარს პური, განსაკუთრებით - მისი დაბრაწული ყუა. გავარკვიოთ, ყოველთვის სასარგებლოა თუ არა ეს პროდუქტი, როდის არ შეიძლება მისი მიღება ან როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ნაწარმი ბავშვისთვის. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.
- ჩვენი წინაპრები შვილებს პურით ზრდიდნენ. გაჭირვებას, შიმშილობას ადამიანს პური გადაატანინებდა ხოლმე. პური მიიჩნევა ოჯახის ძლიერების სიმბოლოდ. მაგრამ ამ პროდუქტისგან სარგებლობა რომ მივიღოთ, მისი სწორად გამოყენება უნდა ვიცოდეთ. ერთი შეხედვით, ამაში რთული არაფერია, მაგრამ სინამდვილეში არც ისე მარტივად არის საქმე და აი, რატომ. დრომ და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ:
* ისეთ საკვებთან ერთად, რომელიც ცალკეც შეიძლება მივირთვათ, პურის მიღება არ არის რეკომენდებული. ასეთი საკვებია პარკოსნები, ცერცვი, სოია, ხილი, განსაკუთრებით - ნესვი, ლეღვი.
* თუ ბავშვს გასტრიტი, დისბაქტერიოზი ან აირების დაგროვებისკენ (მეტეორიზმისკენ) მიდრეკილება აქვს, საფუვრიანი ცომის პურს უმჯობესია მოარიდოთ. მიეცით უპირატესად უსაფუვრო, ღუმელში გამომშრალი ან გახუხული პური. ტოსტი მხოლოდ "მოდური" კი არ არის, არამედ, უწინარეს ყოვლისა, სასარგებლოა - გამოშრობის პროცესში სახამებლის ნაწილი გარდაიქმნება კარამელად, რომელსაც ორგანიზმი უკეთ ითვისებს. გარდა ამისა, გაცხელებისას საფუარი კარგავს აქტიურობას, ამიტომ დისბაქტერიოზის განვითარების რისკი მცირდება.
* ჭვავის პურში უხვად არის ვიტამინები (განსაკუთრებით - B ჯგუფისა) და ძალზე სასარგებლოა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხელს უწყობს კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას.
* სასარგებლოა დაცეხვილი ხორბლისგან მომზადებული პურ-ფუნთუშეული. ცეხვილი მარცვალი შეიცავს A, E, B ვიტამინებს, ასევე - მინერალებს: მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, კობალტს, სელენს, ნატრიუმს, ქლორს, ფთორს, კალიუმს, იოდს, გოგირდს...
თუ მოინდომებთ, გემრიელ და სასარგებლო პურს თავადაც გამოაცხობთ შინ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხორბლის ან ჭვავის, ისე წიწიბურას, შვრიის და სხვა მარცვლოვანთა ფქვილი. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
- როგორ გამოვაცხოთ პური უსაფუვროდ?
- საფუვრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კიტრის ან კომბოსტოს მჟავე წვენი, ანდა ჩვეულებრივი მაწონი. უფრო უკეთესია მჟავე პურის ბურახი. აიღეთ სამლიტრიანი ქილა, ჩაყარეთ შიგ ერთი ჭიქა (200 გ) უხეშად დაფქული, დაღერღილი მარცვლეული და 1/2 ჭ (100 გ) შაქარი, ქილა შეავსეთ ანადუღარი თბილი წყლით, ზემოდან მოაყარეთ ერთი მწიკვი საფუარი, გადააფარეთ სუფთა ნაჭერი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღით, რათა ნარევმა დუღილი დაიწყოს. როდესაც დუღილი შეწყდება, ნახევრად გამჭვირვალე ზედა შრე ფრთხილად გადაასხით სუფთა ქილებში და შედგით მაცივარში. 3-4 დღის შემდეგ მიიღებთ ბურახს, რომელიც, ამასთანავე, არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელიც არის, დარჩენილი თეთრი ნალექი კი პურის გამოსაცხობად გამოიყენეთ. გადაიღეთ ჯამში, დაუმატეთ 1 მწიკვი შაქარი და 1/2 ჭიქა (100-150 გ) ფქვილი, კარგად აურიეთ, გადააფარეთ სუფთა ნაჭერი, 2-3 საათი გააჩერეთ სითბოში, როდესაც ცომი ამოვა, ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ და კიდევ ერთხელ მიეცით ამოსვლის საშუალება. მეორედ ამოსულ ცომს დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 1 სადილის კოვზი მზესუმზირას ზეთი და თანდათან შეაზილეთ ფქვილი. ზილეთ, ვიდრე თავისუფლად არ მოსცილდება ჭურჭლის კედლებს. როდესაც ცომი ჯამს აღარ მიეკრობა, ამოიღეთ და გუნდებად დააწყვეთ ღუმლის ტაფაზე. გააჩერეთ ოთხის ტემპერატურაზე, სანამ მიიღებს მომავალი პურის ზომას (ამას დაახლოებით საათი, საათ-ნახევარი დასჭირდება). ამოსული გუნდები ტაფიანად შედგით 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. პურის სურნელი მალე დატრიალდება მთელ სახლში. გამოღების შემდეგ კარგად გააცივეთ და ისე მიირთვით.
წყარო: mkurnali.ge