როგორ იკვებებიან ანა კოსტავას შვილები და ვინ დააწყებინა კულინარობა ანა კოსტავას ფეისბუქმომხმარებელი რა ხანია იცნობს. მის შედევრებად ქცეულ კულინარიულ ნამუშევრებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ნამცხვარი, სალათი, სადღესასწაულო კერძი თუ უბრალოდ, ბავშვებისთვის მომზადებული საუზმე – ყველაფერი ხელოვნების ნიმუშებად აქვს ქცეული. კიდევ უფრო საინტერესოა ეს ქალბატონი იმით, რომ სამი შვილის დედაა და რაღაცნაირად ახერხებს, კულინარიულ ხელოვნებას ამდენი დრო, ენერგია, ფანტაზია და შემოქმედებითი ძალები მოახმაროს.
- სახელი კულინარიული ხელოვნებით გაითქვით, თუმცა საინტერესოა, რა პროფესია გაქვთ?
- მიხარია, რომ ჩემს საქმიანობას სამზარეულოში კულინარიულ ხელოვნებად აფასებთ (იცინის). პროფესიით იურისტი ვარ.
- როდის დაინტერესდით სამზარეულოთი და რა არის თქვენთვის ეს – შემოქმედება, ხელოვნება, ჰობი, უბრალოდ გემრიელად მომზადების სურვილი...
- სამზარეულოში საქმიანობა დაოჯახების შემდეგ დავიწყე. თავიდან, ვერ გეტყვით, რომ ძალიან დაინტერესებული ვიყავი ამით. უბრალოდ, მარტო ვცხოვრობდით და აუცილებლობამ მოიტანა. თანაც, მეუღლე სპორტსმენია და ყოველდღე ვარჯიშით დაკარგული კალორიების ასანაზღაურებლად განსაკუთრებული კვება სჭირდებოდა. მეც ვცდილობდი, მისთვის ხელი შემეწყო კვებაში და შეძლებისდაგვარად ვუმზადებდი სხვადასხვა გემრიელობას. თავიდან, სამზარეულოში გამოუცდელმა, ჩვენებური ტრადიციული კერძების მომზადება დავიწყე და მშვენივრად გავართვი ამოცანას თავი. შემდეგ ნელ-ნელა მოვინდომე კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება. ჩემი გემოვნებით ექსპრომტად ვამზადებდი პატარ-პატარა გემრიელობებს. საბედნიეროდ, ექსპერიმენტები ხშირად ამართლებდა ხოლმე, რაშიც ფანტაზიის უნარი და იმპროვიზაციის ნიჭი დამეხმარა, ესეც უნებურად აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებელი მცდელობებიც, მაგრამ გამიმართლა, რომ მეუღლე პრეტენზიული არ არის და ჩემს დაწუნებულ კერძსაც გემრიელად მიირთმევდა. დრომ და გამოცდილებამ თავისი მოიტანა... დღეს კულინარია ჩემი საუკეთესო ჰობი და რაც მთავარია, ჩემი შინაგანი სამყაროა. კულინარიული შედევრების ყოველდღიურად შექმნა ყველაზე პოზიტიური საქმიანობაა ჩემთვის.
- თავად ქმნით ამ რეცეპტებს თუ ინტერნეტითაც პოულობთ და საინტერესოა, გაფორმებაზე მეტს ფიქრობთ თუ თავად კერძის შიგთავსზე?
- ყოველთვის მიყვარდა განსხვავებული რეცეპტების შეგროვება. სადაც კი რამე საინტერესოს წავაწყდებოდი, ვიწერდი ხოლმე. დღეს კი უკვე ჩემი გემოვნებით ვქმნი ახალ-ახალ რეცეპტებს. ჩემთვის მთავარია, კერძი გემრიელი გამოვიდეს, მის ვიზუალზე კი შემდეგ ვფიქრობ.
- სამი შვილის დედა ხართ. რამდენად გრჩებათ დრო სამზარეულოში ასეთი აქტიური საქმიანობისთვის და თუ მოსწონთ შვილებს თქვენი ნახელავი?
- ორი თვის წინ გავხდი. მესამე შვილის დედა. მართალია, პატარების გამო ძალიან გადატვირთული დღის რეჟიმი მაქვს და ნაკლებად მრჩება დრო სამზარეულოში აქტიური საქმიანობითვის, მაგრამ მაინც ვახერხებ, როგორც კი დროს გამოვნახავ. კულინარიული "შედევრების" შექმნა ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა ჩემთვის.
- უკვე ბევრი ადამიანი გიცნობთ და სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ თქვენს რეცეპტებს, მომავალში ხომ არ აპირებთ, უფრო სერიოზული სახე მისცეთ ამ ყველაფერს...
- მაგ თემაზე ჯერჯერობით სერიოზულად არ მიფიქრია, მაგრამ მომავალში საკუთარი წიგნის გამოშვების სურვილი კი ძალიან მაქვს.
- ალბათ, ხატვაც გეხერხებათ და ეს გეხმარებათ ასეთი ლამაზი და ორიგინალური კერძების შექმნაში?
- რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ხატვის ნიჭი უნდა მქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, საერთოდ არ მაქვს.
- რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებიც ცუდად ჭამენ? – ამბობენ, რომ ასეთ ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ ლამაზად გაფორმებული კერძები.
- ასეთი ბავშვების მშობლებს დიდი ნებისყოფა და დაწყნარებული ნერვები სჭირდებათ. ზუსტად იგივე პრობლება მქონდა ჩემს გოგონასთან. ერთი ულუფა კერძის დამთავრებას ერთ საათს ვანდომებდით ხოლმე. მახსოვს, ბოსტნეულიდან და ხილიდან ვუჭრიდი სხვადასხვა ფორმის ფიგურებს და თამაშ- თამაშით ცოტ-ცოტას მიირთმევდა ხოლმე. ალბათ, იგივეს გაკეთებას ვურჩევდი მშობლებს. ხშირად გავახაროთ ლამაზად და სახალისოდ გაფორმებული კერძებით. ამისთვის ცოტა ფანტაზია და ოდნავ მეტი დრო დაგვჭირდება. სამაგიეროდ, ჩვენც და ისინიც კმაყოფილები დავრჩებით.
- ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნებისმიერ კერძს რთავთ ასე თუ დღესასწაულებზე?
- უკვე იმდენად აზარტში ვარ, ყოველდღიურად რამე რომ არ გავაფორმო, არ შემიძლია. ღმერთს მადლობა, ფანტაზიის მოჭარბებულობაც მიწყობს ამაში ხელს. მიყვარს უბრალო რამიდან სადღესასწაულო განწყობის შექმნა ოჯახში. ჩემს ნახელავებში ყოველთვის იგრძნობა ჩემი ხასიათი.
- როგორ კვებავთ ბავშვებს, რაზე გაქვთ აქცენტი გაკეთებული – ჯანსაღ საკვებზე, კალორიულზე...
- აქცენტი რა თქმა უნდა ჯანსაღ საკვებზე მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი მიირთვან ბავშვებმა, თუმცა მათ მაინც ტკბილეული ურჩევნიათ.
- თავად თუ ხართ გურმანი, თუ უბრალოდ მომზადება და ლამაზად გაფორმება მოგწონთ?
- გურმანი საერთოდ არ ვარ. მომზადება და გაფორმება მირჩევნია ვიდრე მათი ჭამა. თუმცა, ჩემი შვილების მსგავსად ტკბილეული მეც ძალიან მიყვარს.
- რა უფრო გიყვართ, ცხობა, სალათების მომზადება, ცხელი კერძები – ყველას აქვს რომელიმე განსაკუთრებულად საყვარელი საქმიანობა სამზარეულოში.
- ვერ გეტყვით რომელი უფრო მიყვარს. ალბათ უფრო ცხობა და სალათების მომზადება, რადგან ცხელ კერძებს ნაკლებად ვაფორმებ ხოლმე და კიდევ, ხილით "თამაში" მიყვარს ძალიან.
- შვილებს რა მოსწონთ ყველაზე მეტად თქვენი ქმნილებებიდან და გოგონა თუ ინდომებს, რომ დედასგან ისწავლოს რაღაცები.
- ბიჭები პატარები არიან და ჯერ ვერ ხვდებიან. გოგოს კი ყოველთვის მოსწონს ჩემი ნახელავი, განსაკუთრებით ხილით გაკეთებული "შედევრები" და ჩემთან ერთად თვითონაც აკეთებს ხოლმე.
- ალბათ არის ამაში რაღაც აზარტიც – როგორ შეხვდებიან თქვენს ქმნილებებს ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში, სადაც დიდი მოწონებით სარგებლობთ.
- სოციალურ ქსელში მეგობრების დამსახურებაა ალბათ ჩემი ამ დოზით კულინარიის სიყვარული. იმდენად დიდი სითბო, სიყვარული და დადებითი მუხტი მოდის მათგან, რომ მავსებს შინაგანად და ეს მუხტი მაძლევს სტიმულს, ვაკეთო ყოველდღიურად ახალ-ახალი შედევრები. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნახელავების წყალობით ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. ისინი ყოველთვის გულით მიწონებენ ყოველ ახალ ქმნილებას და არ იშურებენ თბილ კომენტარებს. მეც ყოველთვის მოუთმენლად ველოდები მათ შეფასებას.
- იქნებ ჩვენს მკითხველს რომელიმე გემრიელი, ჯანსაღი და ადვილად მოსამზადებელი, ლამაზი რეცეპტი შევთავაზოთ, ბავშვებიც და სტუმრებიც რომ გააოცონ.
- რა საკვირველია! დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ ვაშლის უგემრიელეს დესერტს. ძალიან ორიგინალური და რაც მთავარია, ადვილად მოსამზადებელია.
საჭირო მასალა:
2 კვერცხი;
100 გრ. შაქარი;
1 შეკვრა ვანილი;
50 გრ. რბილი კარაქი;
ლიმონის ცედრა (გახეხილი კანი) სურვილისამებრ;
1 სავსე ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;
1,5 ჭიქა ფქვილი;
დაახლოებით 10 ცალი ვაშლი.
მომზადების წესი:
კვერცხი, შაქარი, ვანილი და რბილი კარაქი გავთქვიფოთ კარგად. შემდეგ დავამატოთ ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
ვაშლებს მოვაჭრათ თავები,ფრთხილად ამოვჭრათ გულები და ჩავდოთ ცომის მასა შუამდე (ისე, რომ არ ავავსოთ).
მზა ვაშლები დავაწყოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 175 გრადუსზე.
ლელა ზურებიანი