დედები ხშირად სვამენ კითხვას - რა მოვამზადო, რას შეჭამ? საღამოს ბავშვები მეტად მგრძნობიარეები ხდებიან, რადგან დღის განმავლობაში მიღებული ემოციები საღამოს იღებს შედეგს. საბავშვო ბაღი, სკოლა, დამატებითი წრეები, სპორტული სექციები, მულტფილმები და კომპიუტერული თამაშები - ეს ყველაფერი აღიზიანებს და ღლის ბავშვის ტვინს, რაც ხშირად უძილობასაც იწვევს. რა მოვუმზადოთ ბავშვს ვახშამზე, გადაღლილობა რომ მოვუხსნათ და მშვიდი ძილისთვის მოვამზადოთ.
დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვის ვახშამი მსუბუქი იყოს. მისთვის საკმარისია 1 ჭიქა მაწონი. ვახშმის დროის გარკვევა კი მარტივია - დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა ავახშმოთ. ასე რომ, ვახშამი შეიძლება იყოს 1 ჭიქა თბილი რძე ან ოთახის ტემპერატურის იოგურტი, რაც პატარას დაანაყრებს და მშვიდი ძილისთვისაც მოამზადებს.
რატომ არ შეიძლება ბავშვის ნოყიერად კვება ძილის წინ?
ჩვენს ბებიებს მიაჩნდათ, რომ ბავშვმა ძილის წინ ნოყიერად უნდა მიირთვას. ეს მხოლოდ არასწორი კი არა, საშიში მოსაზრებაცაა. იმის მაგივრად, რომ ბავშვის ორგანიზმმა ღამე მოისვენოს, ის მძიმე საკვების (კოტლეტი ან კარტოფილის პიურე) გადამუშავებას შეეცდება. გარდა ამისა, მძიმე საკვებმა შეიძლება ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანება გამოიწვიოს. ნოყიერი უნდა იყოს საუზმე და სადილი, რომლის მონელებასაც მთელი დღის განმავლობაში ადვილად მოახერხებს, ვახშამი კი - მსუბუქი.
რა შევთავაზოთ ვახშმად?
დედის მიზანია, ბავშვი ჯანსაღად იკვებოს. მრავალი დიეტოლოგის რეკომენდაციაა, რომ საუზმედ და ვახშმად ბავშვს თითქმის ერთნაირი პროდუქტი შევურჩიოთ. ეს შეიძლება იყოს: ხილი, ბოსტნეული, ხაჭო, ფაფა. მთავარია, საუზმესა და ვახშამს შორის იდეალური ბალანსი იყოს დაცული. მაგალითად, თუ ბავშვს დილით ჩირთან ერთად შვრიის ("ჰერკულესის") ფაფა აჭამეთ, საღამოს რძის პროდუქტები შესთავაზეთ. აგრეთვე, იდეალური დუეტია ხაჭოს მობრაწულა ან ბოსტნეულის ფაფა სალათით.
ძალიან ხშირად დედები კამათობენ, სასარგებლოა თუ არა ბავშვისთვის ვახშამზე ფაფის ჭამა? გაითვალისწინეთ, რომ ფაფა საზიანოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას უშუალოდ დაძინებამდე აჭმევთ ბავშვს. ამიტომ, წიწიბურას ან შვრიის ფანტელის ფაფა პატარას დაძინებამდე 2 საათით ადრე აჭამეთ. არსებობს ფაფები, რომელთა ჭამა ბავშვისთვის ვახშამზე (2 საათით ადრეც კი) არ შეიძლება. ესენია: ხორბლის, ფეტვის, მანის, ქერის, ბურღულის ფაფები.
კერძები, რომლებიც შეგიძლიათ ბავშვს ვახშამზე მოუმზადოთ:
ომლეტი და კვერცხის სხვა კერძები: ერბოკვერცხი, მოხარშული, "თვალი კვერცხი".
ხაჭო და ხაჭოს კერძები: მაჭკატები, მობრაწულა არაჟნით; გადაზელილი ხაჭო ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით.
ბოსტნეული: პიურე, რაგუ, კომბოსტოსა და სტაფილოს კოტლეტი, გამომცხვარი, ბრინჯის ან წიწიბურას ფაფასთან შერეული ბოსტენული.
გამომცხვარი ხილი: ბანანი, ვაშლი, მსხალი (შეიძლება იოგურტთან და ხაჭოსთან ერთად).
მაწონი, იოგურტი, რძე და რძის ნაწარმი.
ხაჭოსა და ბანანის სუფლე ადვილად მზადდება. ბავშვისთვის მისი ჭამა კი 10 თვიდან შეიძლება.
დაგჭირდებათ: 1 მწიფე ბანანი, ლიმონის რამდენი წვეთი, 200 გრამი ხაჭო, მწიკვი მარილი, 1 ცალი კვერცხი, 2 სადილის კოვზი შაქარი (ერთიც შეიძლება), 1 ს/კ საფანელი და კარაქი ფორმაზე წასასმელად.
მომზადება:
1. ბანანი ერთგვაროვან მასამდე დააბლენდერეთ, მოასხურეთ ლიმონის წვენი, რომ არ გამუქდეს.
2. ხაჭო ერთგვაროვან მასამდე დააბლენდერეთ, დაუმატეთ ბანანი და მარილი, მოურიეთ.
3. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. მასა ორჯერ უნდა გაიზარდოს.
4. გოგლიმოგლი ფრთხილად შეურიეთ ხაჭ-ბანანის მასაში.
5. ფორმას მოუსვით კარაქი და ზემოდან საფანელი მოაყარეთ.
6. მასა ფორმაში გადაიტანეთ და გახურებულ გაზქურაში 180 გრადუსზე 2-25 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
გემრიელად მიირთვით თქვენც და თქვენმა ბავშვმაც.