ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მარმალადზე მაღაზიის თაროებზე მრავლად არის წითელ-ყვითელი, ხილის ფორმისა თუ რულეტივით დახვეული, შაქარში ამოვლებული თუ შოკოლადით მოჭიქული მარმელადი. ეს ტკბილეული უმალვე იტაცებს თვალს და დაგემოვნების სურვილს გვიჩენს. მაგრამ სასარგებლოა თუ არა იგი ბავშვის ორგანიზმისთვის? ამ კითხვით პედიატრ მანანა ანდღულაძეს მივმართეთ.
- მარმალადი - ეს ტკბილეული დიდი ხანია ცნობილია. კვების მრეწველობის განვითარებამ, ახალი გემოვნებისა და არომატული ნივთიერებების შექმნამ მისი რეცეპტის ცვლილებაც განაპირობა. დანამატები აძლიერებს პროდუქტის გემოს, არომატს, მატებს მას ახალ-ახალ შეფერილობას, დაბოლოს, ზრდის მისი შენახვისა და გამოყენების ვადას.
- უვნებელია ასეთი დანამატები?
- ამ დანამატებს ბევრი ძნელად იტანს, განსაკუთრებით - ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვები. შესაძლოა, განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, რომლებიც მხოლოდ გამონაყარით არ შემოიფარგლება.
- რისგან მზადდება მარმალადი?
- მარმალადი, ფაქტობრივად, შესქელებული და არომატიზებული სიროფია. შემასქელებლად, უწინარეს ყოვლისა, იყენებენ მცენარეულ ჟელატინს - პექტინს. ეს არის ხსნადი უჯრედისი, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი ხილი და კენკრა. განსაკუთრებით ბევრია იგი ვაშლში, ალუბალში. პექტინი აგებულებით კოლოიდია, შესწევს უნარი, შეიკავშიროს წყალი და გაჯირჯვდეს, ამიტომ მარმელადი თითქოს შედედებულ-შესქელებულია მყარ ჟელესავით და შესაძლებელია მისი დაჭრა დანით. შემდეგი ჟელესებური ნივთიერებებია აგარი და ალგინი (ალგინის მჟავა ან ნატრიუმის ალგინატი), რომელიც მიიღება ზღვის წყალმცენარეებისგან. აგარი ფიზიკური თვისებებით ცხოველური ჟელატინის მსგავსია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების დროსაც კი მყარი, მაგარი რჩება. აგარს იყენებენ რბილი კანფეტებისა და მურაბების, ასევე ხორცისა და თევზის ჟელირებული კონსერვების დამზადებისას. ალგინატებს აქვს არაჩვეულებრივი მწებავი თვისებები. მათ ამატებენ საკვებს, ასევე მათგან ამზადებენ ქირურგიულ, ადვილად ხსნად ძაფებს.
- გამოდის, რომ მარმალადი ჟელესებრი დანამატებით სასარგებლოა...
- სასარგებლოა, მაგრამ არა ყველასათვის. უწინარესად, იგი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. 1 კგ მარმელადში დაახლოებით 60 გრამი შაქარია, ამიტომ ორ წლამდე ასაკის პატარებისთვის იგი არ შეიძლება, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ნებადართულია შეზღუდული ოდენობით. ეკრძალებათ იგი სიმსუქნისადმი მიდრეკილ ბავშვებსაც. და ეს ყველაფერი არ არის. ალგინი ნამდვილად უსაფრთხოა, მაგრამ არა მომავალი და მეძუძური დედებისთვის. მედიცინის განვითარების შედეგად გაირკვა, რომ წყალმცენარეების დანამატებმა განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მანკები, ასევე - რეპროდუქციული ორგანოების (მაგალითად, საკვერცხეების) მუშაობის გაუარესება. თუ ქალს აქვს თუნდაც მინიმალური რისკი, ეს ნივთიერება უნდა გამოირიცხოს რაციონიდან. ამრიგად, გირჩევთ: თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, თავი არიდეთ ალგინატების შემცველ პროდუქტებს. საკვების ეტიკეტზე ეს დანამატები აღნიშნულია E ინდექსით - E400-დან E405-ის ჩათვლით. სურსათის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, ხოლო თუ პროდუქტს ეტიკეტი არ აქვს ან მასზე ნომრები ვერ ამოკითხეთ, საერთოდ ნუ შეიძენთ მას. განაგრძეთ კითხვა
შეგიძლიათ, მარმალადი სახლშიც დაამზადოთ. იხილეთ რეცეპტი