რას უნდა დააკვირდეს მისი მომხმარებელი? ათწლეულების მანძილზე მსჯელობენ, სასარგებლოა თუ არა კარაქი. ძალიან გემრიელი რომ არის და ბევრ კერძს უხდება, არავინ დავობს, მაგრამ ხომ არ არის საშიში კარაქის მოხმარება და რას უნდა დააკვირდეს მისი მომხმარებელი?
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ თუ რა არის კარაქი. ეს არის ნატურალური რძის პროდუქტი, რომელიც მიიღება რძის შედღვების შედეგად. კარაქის დამზადების ორი მეთოდი არსებობს - რძის სეპარაცია და მუდმივი დღვება. სხვა თანაბარ პირობებში, ამ ორი მეთოდის გამოყენებით მიიღება განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთი და იგივე სარგებლის მქონე კარაქი. საქართველოში არსებული კარაქის უდიდესი ნაწილი დამზადებულია სეპარაციის მეთოდით. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე არსებული შეფუთული კარაქი თითქმის მთლიანად იმპორტირებულია. ამის მიზეზი, არის ის, რომ 1 კილოგრამი კარაქის დასამზადებლად საჭიროა 21-22 ლიტრი რძე. ნატურალური რძე იმ მოცულობით, რომ კარაქის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, საქართველოში არ არსებობს, თან რძე ჩვენ ქვეყანაში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ახალი ზელანდია, ჰოლანდია, უკრაინა და სხვა.
კარაქის ფერს მეტ წილად განსაზღვრავს ძროხის საკვები. ის არ უნდა იყოს ზედმეტად მუქი, მაგრამ თუკი სუნი და გემო წესრიგშია, ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
საგულისხმოა ისიც, რომ კარაქს საკმაოდ ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და თუკი ის ინახება მინუს ტემპერატურაზე, მისი მოხმარება რამდენიმე თვიანი შენახვის შემდეგაც შეგიძლიათ. შესაბამისად, აუცილებლად დააკვირდით დამზადების თარიღს, მაგრამ ძირითადი ყურადღება მაინც შენახვის პირობებს მიაქციეთ. მწარმოებლისა და დისტრიბუტორის კეთილსინდისიერების გადამოწმება გაგიჭირდებათ, თუმცა მაღაზიას ადვილად გააკონტროლებთ. დააკვირდით ჩართულია თუ არა მაცივარი და გაყინული პროდუქტიც იმავე სექციაში ინახება თუ არა. როგორც წესი, კარაქი 15ჩ ტემპერატურამდე არ ფუჭდება, მაგრამ შენახვის ვადა საგრძნობლად მცირდება.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემადგენლობას. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად მოითხოვს ინგრედიენტების დეტალური ჩამონათვალის დატანას შეფუთვაზე. ნამდვილი კარაქი მზადდება მხოლოდ რძისგან და როგორც წესი პასტერიზებული რძისგან, სპრედი და მარგარინი კი მზადდება მცენარეული ცხიმის შერევით. სპრედში წყლის შემცველობა უფრო მაღალია ვიდრე კარაქში, მარგარინში კი მეტია მცენარეული ცხიმი. შესაბამისად, ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც თქვენ ყიდულობთ უნდა იყოს მითითებული კარაქია, სპრედი, თუ მარგარინი. შეფუთვის უკან კი ჩამოთვლილი იქნება ყველა ინგრედიენტი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კარაქი შეიცავს ნაჯერ ანუ ცხოველურ ცხიმებს. მცენარეული ცხიმი კი არის ცხოველურისგან განსხვავებული და მას ეწოდება უჯერი ცხიმი. იმისთვის, რომ მცენარეული ცხიმი, რომელიც ბუნებრივად არის თხევადი, გამყარდეს სარეალიზაციოდ საჭირო კონდიციამდე, ანუ კარაქის მსგავსი სიმყარის გახდეს, ამ ცხიმებს მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ. შედეგად უჯერი ცხიმი ხდება ტრანსცხიმი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არის ინდუსტრიული მეთოდით მიღებული პროდუქტი. ტრანს ცხიმების დიდი დოზით მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან არსებობს მოსაზრება რომ ის იწვევს კარდიოვასკულარულ დაავადებებს და ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას.
მიუხედავად ამისა, სპრედიც და მარგარინიც ფართოდ მოიხმარება მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი კერძების მომზადებისას. მთავარია მოვერიდოთ ჭარბ მოხმარებას.
კარაქი კი ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტია, რომელიც ჯანსაღი ნაჯერი ცხიმებისგან შედგება. ის ასევე შეიცავს A, E, D და K ვიტამინებს და ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ. კარაქი შეიცავს ლეციტინს, იოდინსა და ანტიოქსიდანტებს. ის აფერხებს როგორც სახსრებში მარილის წარმოქმნას, ისე კბილებზე კარიესის გაჩენას. რაც ყველაზე საინტერესოა, კარაქი ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების გონებრივ და ნერვული სისტემის განვითარებას და იცავს ორგანიზმს გასტრო-ენტერო ინფექციებისგან. არა ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ კარაქის მავნე თვისებები, რომლებზეც გასულ საუკუნეში აქტიურად მსჯელობდნენ არ შეესაბამება რეალობას. არ არსებობს საფუძველი დავუკავშიროთ კარაქის მოხმარება სიმსუქნეს, სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას. ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე კი უკვე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი მეცნიერულად დადასტურებულია.
თბილისის მაღაზიებში რამდენიმე დასახელების ნატურალური კარაქი იყიდება, მათ შორის კარგად ნაცნობი პრეზიდენტი, ვალიო, შატილი და სანტინო. რამდენიმე თვის წინ კი გამოჩნდა ახალი დასახელების კარაქი "ნაგემი". ამ სავაჭრო ნიშნით იწარმოება 2 სახის სპრედი და 1 სახის ნატურალური კარაქი. ნაგემის კარაქი გამოირჩევა გემური თვისებებით, რის გამოც უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ამ კატეგორიაში. ჩვენ ვესაუბრეთ კარაქი "ნაგემის" დისტრიბუტორი კომპანიის დირექტორს და ვკითხეთ თუ რა გზით განუმარტავს კომპანია თავის საბოლოო მომხმარებლებს პროდუქტებს შორს სხვაობას.
- ჩვენ ყველა პროდუქტს აწერია კარაქი არის ეს თუ სპრედი. ასევე მოცემულია შემადგენლობის დეტალური ჩამონათვალი. მომხმარებლები იშვიათად განასხვავებენ ამ ორ კატეგორიას ერთმანეთისგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ვამჩნევთ, რომ ნაღების კარაქის რეალიზაცია იზრდება სპრედთან მიმართებაში. ეს ძალიან გვახარებს, რადგან ვხვდებით, რომ მყიდველი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ხარისხს და მეტად ინფორმირებული ხდება.
რთულია ვთქვათ, თუ რამდენი კარაქი უნდა მოიხმაროს ადამიანმა ყოველდღიურად, რადგან ეს დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კონკრეტული დღის რაციონზე. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის მოხმარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტი არაფერი არის კარგი.