ვიტამინებით სავსე ჩაისთან მისაყოლებელი ნუგბარი ზაფხულში ხილით განებივრებულები ვართ და ვცდილობთ, ზამთრისთვისაც შემოვინახოთ. რა ჯობია, ზამთრის ცივ საღამოს ჩაისთან მირთმეულ მურაბას, რომელიც მოხარშული კი არა, ცოცხალი ხილის ვიტამინებით იქნება სავსე. ტრადიციული მურაბის ხარშვის წესი ყველამ იცის და ყველა დიასახლისს თავისებური რეცეპტი აქვს. დღეს კი ე.წ. ცოცხალი მურაბებისა დაჯემების რეცეპტს შემოგთავაზებთ. გაეცანით, იქნებ მოგეწონოთ და მოამზადოთ ზამთრისთვის.
შავი მოცხარი, გარგარი, კანგაცლილი და ნაჭრებად დაჭრილი ატამი დაკეპეთ, არ დააბლენდეროთ, თუ არ გსურთ ძალიან თხელი მასა გამოგივიდეთ. "ჩოპერი" ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია, უფრო დაგიქუცმაცებთ ხილს. მოათავსეთ მომინანქრებულ თასში დაქუცმაცებული ხილი. 1 კილოგრამ რბილობს 1.200 კილოგრამი შაქარი დააყარეთ. გააჩერეთ 3 დღე. ხშირად ურიეთ, რათა შაქარი დადნეს.
დროის გასვლის შემდეგ მზა მურაბა მოათავსეთ მინის გასტერილებულ და კარგად გამშრალ ქილებში, ზემოდან დაადეთ არაყში დასველებული საცხობი ქაღალდი და ხრანიანი ხუფით მოხუფეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.
ზამთარში ცივი მურაბა შეგიძლიათ ისე მიირთვათ, ჯემივით, ღვეზელში გამოიყენოთ ან წყალში გახსნათ და სახელდახელო კომპოტი დალიოთ (ამ შემთხვევაში მისი გაწურვა მოგიწევთ).
ამგვარი წესით შეგიძლიათ მოამზადოთ ჟოლო, ალუბალი (ალუბალს 1.500 შაქარი დააყარეთ), ფეიხოა, ქაცვი ან სხვა, თქვენთვის სასურველი ხილი.
გემრიელად მიირთვით!