რა რადოენობის წყალი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები უნდა სვას პატარამ... დაცხა... ორგანიზმი სითხეს ითხოვს. წყალი შეუცვლელია წყურვილის მოსაკლავად, მაგრამ წვენებიც ხომ აუცილებელია? რა უკეთესია - ხილისა და ბოსტნეულის წვენები თუ კომპოტი? რომელშია უფრო მეტი ვიტამინი? გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა.
- ბავშვის კვების პროდუქტებით აჭრელებულია მაღაზიის ვიტრინები თუ დახლები. მათ შორისაა სხვადასხვა ხილის წვენი. როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის წვენი?
- ბავშვისთვის წვენი უნდა შევარჩიოთ მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის (ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები), წელიწადისა და დღის მონაკვეთის გათვალისწინებით. ქარხნული წარმოების წვენებისა თუ სასმელების ყიდვისას არ დაივიწყოთ ვარგისიანობის შემოწმება. თუ 1-დან 3 წლამდე ბავშვისთვის ყიდულობთ, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული ეს პროდუქტი. მხოლოდ ასეთი წარწერაა იმის გარანტი, რომ პროდუქტი მცირე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისი სტანდარტებითაა მომზადებული. ასეთი მარკირება აქვს მხოლოდ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა პროდუქტს. ამ ასაკის ზევით პროდუქტი აღარ კლასიფიცირდება “საბავშვოდ” და “უფროსებისთვის”. ასე რომ, წარწერამ “3 წლამდე ბავშვებისთვის” არ უნდა შეგაცდინოთ. პროდუქტზე მითითებული უნდა იყოს “რეკომენდებულია ერთი წლის ასაკიდან”.
- რა რაოდენობით წვენია დასაშვები ბავშვისთვის?
- როგორც ყველასთვის ცნობილია, წყალი ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალზე 1 წლის ბავშვის მოთხოვნილება, სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, 100-150 მლ-ია.
1-დან 3 წლამდე - 100მლ;
3-დან 7 წლამდე - 80მლ;
ამ რაოდენობას მხოლოდ წყლით არ იღებს ორგანიზმი, მას წვენები და საკვებიც (განსაკუთრებით ხილი და ბოსტნეული) ეხმარება. წყლის გარკვეული რაოდენობა საკვების გადამუშავებისასაც წარმოიქმნება და ორგანიზმში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების დაჟანგვის დროსაც. სასმელები შეიძლება დაიყოს ცხელ და ცივ სასმელებად. ბავშვების შემთხვევაში ეს დაყოფა პირობითია, რადგან მათ არც ცივ და არც ცხელ სასმელს არ ვაძლევთ. მათთვის ოთახის ტემპერატურის სასმელია რეკომენდებული მხოლოდ. მაცივრიდან გამოღებული თუ გაზქურიდან გადმოდგმული სითხე (წვენი, ჩაი) ოთახის ტემპერატურისა უნდა გავხადოთ და ამის შემდეგ მივცეთ ბავშვს. სასმლის ტემპერატურა უნდა განვსაზღვროთ წელიწადის დროის გათვალიწინებით. წლის ცივ პერიოდში უფრო სასარგებლოა ჩაი, კაკაო, ზაფხულში - ხილის წვენები.
- სეზონის გათვალისწინებით რომელ სასმელს ურჩევთ პატარებს?
- წლის ცივ პერიოდში ორგანიზმი თბილ სასმელს ითხოვს. მოზრდილებისთვის გარკვეულია, რა უნდა მიიღონ ასეთ შემთხვევაში (ჩაი, ყავა და ა.შ.), პატარებისთვის კი სასმლის შერჩევა იოლი არ არის.
ჩაი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელსაც პატარებსაც ვთავაზობთ. კოფეინისა და ტანინის შეხამებით ეს სასმელი ყავასავით ძლიერმოქმედი არაა. თავის მხრივ კოფეინი ხელს უწყობს მხნეობას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი. გარდა ამისა, ჩაი შეიცავს ბაქტერიციდული მოქმედების ნივთიერებებს და ეხმარება ორგანიზმს გაციების დროს. ჩაი შეიცავს ვიტამინებს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას. მეორე მხრივ, ჩაის გადაჭარბებულად მიღება აღაგზნებს ბავშვს, დაურღვევს ძილის რეჟიმს. უარყოფითად იმოქმედებს გულის რიტმზე. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად ბავშვს უნდა მივცეთ ბაცი (ნაკლებად კონცენტრირებული) ჩაი ან 2 წლამდე საერთოდ არ დავალევინოთ. ბაცი ჩაის მისაღებად ჩაის ფოთლებზე დასხმულ მდუღარე წყალს დიდხანს ნუ გააჩერებთ, მალევე გადაწურეთ და დაუმატეთ რძე. 3-5 წლის ბავშვებისთვის დღის განმავლობაში შეიძლება 1 ჭიქა (20მლ) ჩაი, ისიც დაძინებამდე 3 საათით ადრე. დიეტოლოგებისა და პედიატრების ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, ბავშვთა ასაკში ყავა დაუშვებელია! იმიტომ, რომ კოფეინის მაღალი კონცენტრაცია აღაგზნებს მის ნერვულ სისტემას, გაუძლიერებს გულის მუშაობას და მოუმატებს კუნთოვან ტონუსს.