კვერცხის ფხვნილი ისევე განსხვავდება ნატურალური კვერცხისგან, როგორც რძის ფხვნილი - ძროხის რძისგან ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა დიასახლისები მზა პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების გამოყენებას მიაჩვია. დღეს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებულ ათასგვარი დასახელების მაიონეზს მინის ქილებითა თუ ტუბებით მრავლად ნახავთ მაღაზიის დახლებზე. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მაიონეზი სოუსია, სოუსი კი ახალმომზადებული უნდა მიიტანოთ სუფრასთან, თანაც მით უფრო გემრიელია და ხარისხიანი, რაც უფრო ნაკლებია მასში ხელოვნური დანამატი.
მაიონეზი ბავშვის მენიუში
ბოლო ხანს კულინარები სულ უფრო ხშირად იყენებენ მაიონეზს. წინათ ის მხოლოდ რესტორნებში და სადღესასწაულო სუფრებზე იყო მიღებული, ახლა ამ სოუსით მომზადებული კერძები ჩვენს ყოველდღიურ ტრაპეზსაც ამშვენებს. მაიონეზის სოუსი ბავშვის მენიუშიც გაჩნდა. იგი განსაკუთრებით მიღებულია იმ პერიოდიდან, როდესაც პატარა ოჯახის წევრების საერთო საკვებზე გადაგვყავს. გემოვნების გასამრავალფეროვნებლად, ნერწყვის უკეთ გამომუშავებისთვის კარგია სოუსებით გამდიდრებული კერძები. განსაკუთრებით სასარგებლო და ყუათიანია მაიონეზი, მით უფრო - ახალი პროდუქტებისგან შინ მომზადებული.
შეძენილი თუ შინ მომზადებული?
მზა მაიონეზი, რომელსაც ლამაზად გაფორმებული ქილებით თუ პაკეტებით ვყიდულობთ მარკეტში, შეიცავს ძმარს, მდოგვს, ბევრ მარილს, წიწაკას, გარდა ამისა, აგრესიულ კომპონენტებს, ნატურალური კვერცხის გულის ნაცვლად - კვერცხის ფხვნილს. ასეთი მაიონეზი მხოლოდ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის მქონე მოზრდილებისთვისაა უვნებელი. კვერცხის ფხვნილი ისევე განსხვავდება ნატურალური კვერცხისგან, როგორც რძის ფხვნილი - ძროხის რძისგან. შემადგენლობის მიხედვით მაიონეზს შეიძლება ვუწოდოთ ზეითუნისა, თუნდაც მასში წვეთი ზეითუნის ზეთიც არ ერიოს. თუ ეტიკეტზე მაიონეზის შემადგენლობაში დასახელებულია ზეითუნისა და მზესუმზირას ზეთი, იოლი მისახვედრია, რომელი ჭარბობს. მაიონეზის ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადა დამაფიქრებელია. ეს, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ იგი კონსერვირებული პროდუქტია. შედარებისთვის: მიღებულია, რომ შინ, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული მაიონეზის მაცივარში შენახვა შეიძლება არა უმეტეს 5 დღისა, თუმცა გამოცდილი კულინარები გვირჩევენ, ერთ დღე-ღამეზე მეტხანს არ გავაჩეროთ, ხოლო თუ ბავშვების ან მოხუცებისთვისაა განკუთვნილი - 6 საათზე მეტხანს. ქარხნული წესით მომზადებული მაიონეზის უპირატესობაა დროის ეკონომია და მოხერხებულობა: შეიძინე - გადმოასხი - მიირთვი. ამიტომაცაა უფრო მეტი მოთხოვნა მზა პროდუქტზე. ცნობილი კულინარები სამართლიანად ამტკიცებენ, რომ დღეს ცოტას თუ დაუგემოვნებია ნამდვილი მაიონეზი. ხშირად ალბათ გაგიჭირდებათ, სადღესასწაულოდ კი გირჩევთ, მაიონეზი შინ მოამზადოთ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს. ამოარჩიეთ, რომელიც უფრო მოგეწონებათ.