”გავიხსენე ბავშვობა და გავახარე ბავშვები” მამალოები ბევრს ახსოვს ბავშვობიდან. ”დედების სამზარეულოში” მზარეულმა დედამ - ვერიკო ბიწაძემ, თავის სამ შვილს გაუკეთა და სხვებსაც გაუზიარა რეცეპტი:
”გავიხსენე ბავშვობა და გავახარე ბავშვები.
თანაბარი რაოდენობა შაქარს და წყალს (10 კოვზი შაქარი და 10 კოვზი წყალი) დავამატოთ მესამედი ძმარი (3 კოვზ-ნახევარი). ვადუღოთ კარგად, სულ ბუშტებად უნდა გადაიქცეს მასა და ფერი შეიცვალოს. შემდეგ კოვზით ვაწვეთებ ფორმაზე და როდესაც სწრაფად გამაგრდება, მზად არის, თუ დუღილი დააკლდება, მიეკრობა ფორმებს და კარგად ვეღარ ამოიღებთ. ვასხამ ფორმებში და მალევე ვხსნი, რომ ძალიან არ გაცივდეს, კარგად ამოვიღო და არ დაიმტვრეს.
რაც შეეხება ფერს, თავიდან თაფლისფერია, თუ ცოტადიდხანს ვადუღებთ მუქდება. ზოგჯერ ალუბლის წვენს ვამატებ ძალიან ცოტას. ფორმები მაქვს წინასწარ ზეთწასმული და გამზადებული”.