ამჯერად ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა, მარინა დარასელიამ მეგრული საცივის ძველი რეცეპტი გამოაქვეყნა, რომელსაც ასევე გთავაზობთ. ამჯერად საცივი დუღდება, თუმცა რაღაც ნიუანსები განსხვავებული აქვს.
" დიასახლისებო, საცივი ქართულია და ყველა კუთხე თავისებურად კმაზავს და ამზადებს. არ იჩხუბოთ და არავინ მიითვისოს, ჩემია ნამდვილიო.
მეც
მეგრელები ძველად სამეგრელოში საცივს სულ სხვანაირად ამზადებდნენ. ახლა გააიოლეს და ბაჟეს და საცივს ვერ განასხვავებ. იმასთან არაფერი აქვს საერთო, თითქმის დავიწყებას მიეცა და კამათიც ასე იწყება ...
ძველებური მეგრული სიცივის მომზადებას ინდაურის კისრის და წინა მკერდის არედან იწყებენ--- ცხიმს მოაცილებდნენ და დებდნენ ტაფაზე, ცხიმი რომ გამოუვიდოდა, წვრილად დაჭრილ ხახვს ამ ცხიმში შუშავენ ოქროსფრამდე , შემდეგ ამატებენ წინასწარ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთს ბლომად, მოურევენ და აციებენ. ზეთიდან ცოტას ტოვებდნენ სუფრაზე გატანის წინ მოსასხმელად.
ნიგვზის ზეთის გამოსაყვანად საჭიროა:
- 3 -4 კბილი დანაყილი ნიორი
- 1 სუფრის .კოვზი უცხო სუნელი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- ½ ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1 სუფრის კოვზი წითელი წიწაკა (გემოვნებით)
საშუალო ზომის ინდაური იხარშება, ამოღების შემდეგ ცხელსვე ეყრება მარილი და ვწვავთ ღუმელში შეწითლებამდე. რომ გაცივდება, ვაცლით ძვლებს და ვჭრით ლამაზად.
დანარჩენი კუთხისგან განსხვავებით, მეგრულ საცივს არ ემატება მიხაკ-დარიჩინი.
გატარებული ნიგოზი, უკვე ზეთ გამოხდილი, გახსენით ინდაურის ბულიონში, დაამატეთ მოშუშული მასა (შეგიძლიათ გაიოლების მიზნით დააბლენდეროთ) და მხოლოდ 5 წუთი წამოადუღებთ, ( თუ არ გინდათ, ნუ აადუღებთ). ამ შემთხვევაში ნიგოზი უნდა გაიხსნას ადუღებულ ცხელ ბულიონში) გააციებთ და უკვე ცივს გემოვნებით დაამატეთ ან გაწურული ლიმონი ან თეთრი ძმარი და მარილი გემოვნებით . ჩაალაგეთ შემწვარი ლამაზად დაჭრილი ინდაურის ნაჭრები. აი ეს არის ძველი მეგრული საცივი" - წერს მარინა დარასელია, რომელსაც ბევრი მკითხველი ეხმაურება.
"ეს ვერსია ძალიან ძველია. მე 62 წლის ვარ, ჩემი ბებიის რეცეპტია, ასე თითქმის აღარავინ აკეთებს. სამწუხაროდ, დავიწყებულია სამეგრელოში" - ნათქვამია ერთ-ერთ კომენტარში.
გადახედეთ საცივის სხვა რეცეპტებს და მასთან დაკავშირებულ რჩევებს, რაც ჩვენს საიტზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულა:
როგორ გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი საცივისა და ბაჟესთვის
"საცივს ადუღება არ სჭირდება" - მეგრული საცივი გამოცდილი დიასახლისისგან