თითქოს რეცეპტი ერთია, მაგრამ ყველა დიასახლისს მაინც სხვადასხვანაირი გამოსდის დაგვეთანხმებით, რომ ახალ წელს ორი ერთნაირ გოზინაყს ვერ გასინჯავთ. თითქოს რეცეპტი ერთია, მაგრამ ყველა დიასახლისს მაინც სხვადასხვანაირი ნამზადი გამოსდის. მიზეზი ალბათ ისაა, რომ მცირე ნიუანსებს ყველა თავისებურად წყვეტს. ასეა თუ ისე, გოზინაყის კეთებისას წვრილმანებს იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ვფიქრობთ, წინასაახალწლოდ ყველა მეთოდის გადახედვა სასურველია. ეს რეცეპტი ჩვენმა მკითხველმა კომენტარების ველში დაგვიტოვა.
"10 წელია, მე თვითონ ვაკეთებ ჩემი ოჯახისთვის გოზინაყს და ათივეჯერ ფანტასტიკური გამოდის. ნიგოზს ვჭრით თხლად ეგრეთ საკანცელარიო დანით, ე. წ. "რეზაკით". ცოტას ვხალავთ, მოხალვაც არ ჰქვია, ცხელ ტაფაზე ვატარებთ, რომ კანი მოძვრეს. თაფლს ადუღებამდე მივიყვათ და შემდეგ ვაციებთ 3-ჯერ, მესამედ უკვე ნიგოზს ვაყრით, მოვშუშავთ კარგად, ძალიან არ უნდა გაგვიმუქდეს, შემდეგ მოვაფრქვევთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა შაქარს, ასე უფრო კნატუნა გამოდის, გადმოვიღებთ სველ ხის დაფაზე და გავაბრტყელებთ. თბილს დავჭრით და გავანაწილებთ თეფშებზე," - წერს მკითხველი.