რამდენი ხანი უნდა იყოს სულგუნი წათხში - გამოცდილი დისახლისის რჩევები
რამდენი ხანი უნდა იყოს სულგუნი წათხში - გამოცდილი დისახლისის რჩევები
საკვების ხარისხი ჩვენში იმდენად უკონტროლოა, რომ პროდუქტის შეძენისას ბევრ რამეში უნდა ერკვეოდე. განსაკუთრებით სარისკოა ყველის ყიდვა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ოსტატურად გაყალბებული პროდუქტია. იგივე ეხება სულგუნსაც. როგორი უნდა იყოს ნამდვილი სულგუნი - რჩევებს გვიზიარებს ქალბატონი სამეგრელოდან, რომელიც წლებია მეგრულ სულგუნს ამზადებს.

- როგორ მზადდება ნამდვილი სულგუნი?

- ჭყინტი ყველის ამოყვანის შემდეგ, უნდა მივიდეს მასა იმ კონდიციამდე, რომ მზად იყოს სულგუნის გასაკეთებლად. როცა შევატყობთ ჭყინტ ყველს, რომ მზად არის, ნაჭერი მოვაჭრათ და ადუღებულ წყალში
უნდა გავსინჯოთ, რამდენად წელვადია. თუ არ ტყდება, ესეიგი კარგი "მოსულია" და სასულგუნედ გამოდგება. მერე დავჭრით დარჩენილ ჭყინტ ყველს ნაჭრებად, ჩავყრით ადუღებულ წყალში და თავის რძეში მოვზილავთ, ადუღებულ წყალში მოზელვის შემდეგ ამოვიღებთ და მრგვალი ფორმის ჯამში ჩავზილავთ რამდენჯერმე იმ რძით, რაც აქვს. შემდეგ დავაყრით ცოტა მარილს.

- ყიდვისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორი უნდა იყოს კარგი სულგუნი?

- კარგი სულგუნი გამოდის მაშინ, თუ ის რამდენჯერმე იქნება გადაზელილი იმ ფორმაში, რაშიც ვამზადებთ. ყიდვისასა უნდა მოვაქციოთ ყურადღება ვიზუალს, სულგუნის ზედაპირი უნდა იყოს პრიალა, უნდა ჰქონდეს სასიამოვნო რძის სუნი, შიგთავსს არ უნდა ჰქონდეს ნასვრეტები, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სულგუნი შეკრული და კარგად შემზადებული არ არის.

- რამდენი ხანი უნდა იყოს სულგუნი წათხში?

- ეს იმაზეა
დამოკიდებული, ვის როგორი სულგუნი უყვარს. წათხში რამდენიმე დღით ჩადებულ სულგუნს მარილის გემო დაჰკრავს და მაგარია, რაც ღომს და მჭადს უხდება, თუმცა ვისაც სურს, რომ სულგუნი იყოს რბილი და ჰქონდეს სისველე, იყოს რძიანი, თავიდან რა ფორმაშიც მომზადდა და რა რაოდენობის მარილიც დააყარა, იმას გამოიყენებს საჭმელად.  ისე კი სასურველი არ არის წათხში დიდხანს იყოს სულგუნი, რადგან მარილი დაამლაშებს.

- სულგუნის მომზადებისას კამეჩის რძეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, თუ ძროხისას?

- ყველაზე კარგი და გემრიელი სულგუნი გამოდის კამეჩის და ძროხის რძის ნარევისგან. სამეგრელოს სულგუნი კი შეუდარებელია, რადგან აქეთ ბალახიც სხვანაირია და რძეც განსხვავებულია.

7724
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?