როგორ შევინახოთ მარწყვი ცოცხლად - გაყინვისა და უბრალოდ, გაციების რამდენიმე მეთოდი - მშობლები

როგორ შევინახოთ მარწყვი ცოცხლად - გაყინვისა და უბრალოდ, გაციების რამდენიმე მეთოდი

2020-05-20 06:17:45+04:00

მარწყვს საკმაოდ მოკლე სეზონი და შენახვის ვადა აქვს. ამიტომ განსაკუთრებით ფასობს მისი შენახვის ეფექტური და გამოცდილი ხერხები. ჯემი, კომპოტი და მურაბა თითქმის ყველა ოჯახში კეთდება, მაგრამ ცოცხლად მარწყვის შენახვას მეტი მსურველი ჰყავს. ასე მარწყვს არომატიც შენარჩუნებული აქვს და უფრო სასარგებლოცაა.

გთავაზობთ რამდენიმე დიასახლისის მიერ ნაცად ხერხებს:

შენახვა შაქარში

ეს მეთოდი ჯერ კიდევ ბებიების დროიდანაა ცნობილი და რაკი ამდენი წლების შემდეგ კვლავ გამოიყენება, ესე იგი ნამდვილად ეფექტურია. ერთ კილო მარწყვს აყრიან 2 კილო შაქარს მაცივარში ინახავენ. ბევრი დიასახლისი კმაყოფილია ამ მეთოდით, მაგრამ ბევს რატომღაც მაინც უმჟავდება მარწყვი და მომავალი წლისთვის შენახვის ამ მეთოდს აღარ რისკავენ.

აღმოჩნდა, რომ შაქარში არასაიმედოდ ინახება მთლიანი ნაყოფი, მაგრამ თუ გახეხავთ მაწყვს, მაშინ უსაფრთხოდ შეინახავთ მას მთელი ზამთრის განმავლობაში
#1

პროპორციები: 1,200 კილოგრამი მარწყვი 1,800 შაქარი გარეცხეთ მარწყვი და დაყარეთ საწურზე და მოსხით მდუღარე წყალი, რომ გაითუთქოს. ჩაყარეთ მდურარეგამოვლებულ ბლენდერში, დააყარეთ შაქარი და დააბლენდერეთ დაბალ სიჩქარეზე.

გადაიტანეთ მშრალ, სტერილურ ქილებში, დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 20-30 წუთის განმავლობაში და მოხუფეთ ან ხრახნიანი თავსახური გაუკეთეთ. ინახება მაცივარში მთელი წლის განმავლობაში.
mshoblebi

#2

პროპორციები: 1 კილოგრამი მარწყვი 1 კილოგრამი შაქარი გამოდის 2 700-გრამიანი ქილა.

გარეცხილ და წვეთებისგან დაწრეტილ მარწყვს დააყარეთ შაქარი და პიურეს საჭყლეტით დასრისეთ. დაბლენდერებაც შესაძლბებელია და ხორცსაკეპ მანქანაში გატარებაც, თუმცა საჭყლეტით უკეთეს სტრუქტურას მიიღებთ.

დაჭყლეტვის შემდეგ გაჩერეთ 2-3 საათით, რათა შაქარი ბოლომდე გადნეს და მარწყვმაც წვენი გამოუშვას. პერიოდულად მოურიეთ, რომ ჩაქარი და წვენი კარგად გაზავდეს.

ჩაასხით გასტერილებულ ქილებში (სასურველია ხრახნიანი თავსახურით), თავზე კიდევ მოაყარეთ ცოტა შაქარი და დაახურეთ გასტერილებული თავსახური. ინახება მაცივარში 6 თვის განმავლობაში.

გაყინვის ხერხები

#1

ზემოხსენებულ მეთოდებს ბევრი ისევ გაყინვას ამჯობინებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაყოფი მთლიანი შეინარჩუნოს. ბევრისთვის შაქრის ამდენი რაოდენობაც მიუღებელია.

მარწყვი გაყინვამდე უნდა გარეცხოთ და გაათავისუფლოთ ყუნწებისგან. ამის შემდეგ უნდა გაშრეს, რათა ერთმანეთს არ მიეკრას.

უმჯობესია, პატარა-პატარა პორციებად გაყინოთ. დააწყვეთ თეფშზე ერთ ფენად და შედგით საყინულში. როგორც კი ცოტა შემაგრდება, მაშინვე აიღეთ და პაკეტში გადაიტანეთ, რადგან თუ ძლიერად გაიყინა, შეიძლება თეფშიდან ვეღარც აიღოთ და დაზიანდეს.
mshoblebi
#2
გაყინვის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, რომლის მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ საყინულეში ძალიან არ ქვავდება და წვენიც ბევრი აქვს.

პროპორციები 1 კილოგრამი მარწყვი 1 კილოგრამი შაქარი უნდა შენახოთ ისეთ კონტეინერებში, რომლებსაც თავი მჭიდროდ ეხურებათ.

მარწყვი გარეცხეთ, მოაჭერით ყუნწები და გაჭერით შუაზე. დიდი მარწყვები 4-ადაც შეგიძლიათ გაჭრათ. დაყარეთ ფართო ჭურჭელში, დაამატეთ შაქარი და ოდნავ მოურიეთ, რომ ნაყოფები არ აიზილოს. მორევის შემდეგ გადაიტანეთ გასაყინ კონტეინერში და ცოტა ხნით დააყოვნეთ გარეთ, მჭიდროდ ნუ დააფარებთ სახურავს. დააცადეთ, რომ წვენი გამოუვიდეს. შაქარი ბოლომდე არ გადნება, მთავარია დაინახოთ, რომ წვენი გამოვიდა და მარწყვი უკვე წვენში „ცურავს“. ამის შემდეგ უკვე მჭიდროდ დააფარეთ და საყინულეში შეინახეთ.

გამოიყენება როგორც დესერტად, ასევე გულსართისთვის. შაქრის წყალობით, ეს მასა ძალიან არ ქვავდება და კოვზით ნებისმიერ რაოდენობას ამოაკლეთ ისე, რომ ბოლომდე გალღვობა არ დასჭირდება. ამიტომ გამოსაყენებლადაც პრატიკულია.
mshoblebi

უბრალოდ, შენახვა

როცა შენახვის მეთოდებს დიასახლისებს შორის ვეძებდით, შეგვხვდა ასეთი რჩევაც:
"გაურეცხავ, მაგრამ საღ მარწყვს, რომელსაც ყუნწებიც არ აქვს დაცლილი, ჩვეულებრივ მშრალ, ხრახნიან ქილებში ვყრი, თავს ვახურავ და მაცივარში ვდგამ. ორ თვეზე მეტ ხანს შენახვის გამოცდილება არ მაქვს, რადგან ოჯახის წევრები მიჭამენ. მაგრამ 2 თვის განმავლობაში ნამდვილად საღად ინახება. ამის მერეც, ვფიქრობ, 2-3 კვირა კიდევ გაძლებს" - ამბობს დიასახლისი, რომელიც ამ მეთოდით ძალიან კმაყოფილია.
ჩვენი მიზანი იყო ზუსტად ის მეთოდები მოგვეწოდებინა, რომლებსაც მართლაც იყენებენ და პრაქტიკულად გამოცდილია. დიდი სიამოვნებით გავიზიარებთ თქვენეულ მეთოდებსაც, თუ კომენტარებში მოგვწერთ.
მივიღებთ მარწყვის მკვრივი მურაბისა და ჯემების რეცეპტებსაც.