ოლადები ყველას უყვარს, დიდსაც და პატარასაც ოლადები ყველას უყვარს, დიდსაც და პატარასაც. დილით ის განსაკუთრებით სასიამოვნოდ მისართმევია ჯემთან, შაქართან თუ არაჟანთან ერთად. მისი მომზადება კი ძალიან იოლია.
დაგჭირდებათ:
ფქვილი - 100 გრ;
მაწონი - 125 გრ;
შაქარი - 25 გრ;
კვერცხი - 1 ცალი;
გამაფხვიერებელი ან სოდა - 1 ჩაის კოვზი;
მწიკვი მარილი;
მზესუმზირის ზეთი - შესაწვავად (ამ რაოდენობაზე ერთი ჩაის კოვზი ზეთის ცომში გარევაც შეიძლება).
ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი (ან სოდა) კარგად აურიეთ ერთმანეთში; ფქვილის მასას შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და მაწონი; მაწვნის მასას თანდათან შეურიეთ ფქვილი - უნდა მიიღოთ სქელი ცომი, კოვზიდან რომ მძიმედ ჩამოვარდეს;
გაახურეთ სქელძირიანი, ფართე ტაფა საშუალო სიმხურვალეზე და ოდნავ ზეთი მოუსვით.
სადილის კოვზით ტაფაზე დასვით ცომის წრეები, ერთმანეთისგან კარგად მოშორებით (ან პატარა ტაფაზე სათითაოდ გამოაცხვეთ), თავსახური დაახურეთ;
დაახლოებით 2 წუთში, როცა ოლადების ზედაპირი ჰაერის ბუშტებით დაიფარება, ქვედა ძირი კი ოქროსფერი გახდება - გადააბრუნეთ; მერე მეორე მხრიდან გამოაცხვეთ ოქროსფერის მიღებამდე (თუ ოლადებს გარსი დაებრაწა, ხოლო შიგთავსი მაინც თხელი და ცომის ფაქტურისაა, მაშინ ცეცხლს კიდევ უფრო უნდა დაუწიოთ);
მზა ოლადები სუფრასთან მიიტანეთ შოკოლადის, კარაქის, ჯემის, კრემის ან ხილის თანხლებით.
სუფრასთან მიტანისას შეგიძლიათ ოლადებს რაიმე ცხოველის ფორმაც კი მისცეთ. ასე ბავშვებსაც უფრო გაახალისებთ.