"ეს რეცეპტი მანგლისელმა დიასახლისმა გამიმხილა და ჩემს შვილებს ძალიან მოსწონთ" - ნატურალური კარაქის მომზადება სახლის პირობებში - მშობლები

"ეს რეცეპტი მანგლისელმა დიასახლისმა გამიმხილა და ჩემს შვილებს ძალიან მოსწონთ" - ნატურალური კარაქის მომზადება სახლის პირობებში

2020-05-31 08:44:52+04:00

ჩვენი აქტიური მკითხველი, 3 შვილის დედა და კარგი მზარეული ვერიკო ბიწაძე ამჯერად შინ კარაქის დამზადების რეცეპტს გვიზიარებს:

- ალბათ ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის - მათთვის; მით უმეტეს ახლა, როდესაც სოფლებშია მოსახლეობის უმრავლესობა და ვისაც ხელი მიგიწვდებათ არაჟანზე და არ გაქვთ კარაქი, მარტივად შეიძლება მოამზადოთ თვითონ.

დაახლოებით 15 წლის წინ ვისვენებდით მანგლისში და ჩემთვის, ახალგათხოვილი იმერელი გოგოსთვის მართლაც აღმოჩენა იყო იქაური წესები, ამიტომ მაინტერესებდა ყველაფერი და ჩემს დიასახლისთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი თითქმის ყველა პროცესში - ძროხის მოწველიდან დაწყებული, ნაღების, კარაქის და ერბოს მომზადებით დამთავრებული. ჰოდა, ამდენი წლის შემდეგ გამომადგა, შევიძინე ასევე მანგლისში არაჟანი და თვითონ მოვამზადე კარაქი.

ბევრ სხვადასხვა გვერდზე მაქვს წაკითხული არაჟნის მომზადების წესები, რძით და მაწვნით, კეფირით და ასე შემდეგ, შეიძლება გემრიელია, მაგრამ ეს არ არის ნატურალური არაჟანი, რისგანაც კარაქი მზადდება ხოლმე. კარაქი მზადდება მხოლოდ და მხოლოდ რძისგან მიღებული ნაღები-არაჟნისგან...

დავიწყებ თავიდან: ახლად მოწველილ რძეს გაატარებენ სპეციალურ აპარატში, რომელიც აცალკევებს ნაღებსა და რძეს ერთმანეთისგა, ნაღები არის რძესავით იმ მომენტში. შემდეგ დგამენ მაცივარში და იწყებს გასქელებას, ყოველდღე სქელდება, რამდენიმე დღეში იმდენად სქელია, რომ უკვე მზადაა შესადღვებად... მანგლისში კარაქს ხის სადღვებში, ასევე ხელის სათქვეფით, მიქსერით და კოვზითაც კი ამზადებდბენ.

მეც ასე გადავწყვიტე, მანგლისელების ნაცადი მეთოდით - არაჟანი ჩავასხი ფართოძირიან ჯამში და დავიწყე თქვეფა პატარა სასვრეტელაზე (ე.წ. დრელზე) დამაგრეებული სათქვეფი ჩხირით. უფრო სწრაფად და მარტივად გამოვიდა. თანდათან დაიწყო აჭრა მასამ, დაახლოებით ნახევარ საათში მთლიანად იყო გამოცალკევებული კარაქი და დო ერთმანეთისგან...

mshoblebi

გადავიტანე კარაქი საწურზე და კოვზით ვჭყლეტდი, რომ შერჩენილი დო გამოსულიყო... შემდეგ უკვე დავიწყე რეცხვა. მნიშვნელოვანია კარგად გარეცხოთ, რადგან თუ შეჰყვა დო, კარაქს სიმჟავე ექნება.

ამიტომაც ვრეცხე საკმაოდ დიდხანს და თან კარაქის ყველა ნაწილს ვჭყლეტდი ხელით, რომ არსად დარჩენილიყო დო.

mshoblebi

როდესაც წყალი უკვე გაკრიალდება, კარაქი მზადაა შესანახად. ვაფასოებ პატარა ბურთებად და ვყინავ... ასევე ვამზადებ უკვე მზა კარაქისგან ერბოს, რომელსაც ვიყენებ ორცხობილებში, პასკებში...

ასე რომ, ამიერიდან კარაქს თვითონვე მოვამზადებ, საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო პროცესია....

რაც შეეხება დარჩენილ დოს, არის საკმაოდ გემრიელი, კეფირს ჰგავს, მაგრამ ბევრად ჯობს, ცივი - განსაკუთრებით.

mshoblebi