"თათარა კარგია ჩურჩხელებისთვის, მაგრამ საჭმელად ცოტა მძიმეა... ფელამუში უფრო მსუბუქია" - რამდენი ფქვილი სჭირდება იდეალურ ფელამუშსა და თათარას
"თათარა კარგია ჩურჩხელებისთვის, მაგრამ საჭმელად ცოტა მძიმეა... ფელამუში უფრო მსუბუქია" - რამდენი ფქვილი სჭირდება იდეალურ ფელამუშსა და თათარას
ახლა თათარობისა და ჩურჩხელების სეზონია. სოციალურ ქსელშიც ბევრი დიასახლისი აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. გტავაზობთ ერთ-ერთი მათგანის რჩევებს.
"ბოლო დროს ბევრი კამათი მოვისმინე თათარისა და ფელამუშის მსგავსება-სხვაობებზე. როგორც ვხედავ, სულ ტყუილად ჰგონია ბევრს, რომ ფელამუში მხოლოდ სხვადასხვა წვენისგან, არა ბადაგისგან მზადდება და თანაც მხოლოდ სიმინდის ფქვილით. ან თითქოს მხოლოდ თათარა მზადდება ბადაგითა და ხორბლის ფქვილით. საკამათო ნამდვილად არაფერია, ვიღაცისთვის თათარაა უფრო მშობლიური ტერმინი, ვიღაცისთვის - ფელამუში.
მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ძალიან გემრიელი ოქროს შუალედები იპოვოთ თათარასა და ფელამუშს შორის.
  1. თათარა, უმრავლეს შემთხვევაში, ჩურჩხელების ამოსავლებადაა
    გამიზნული. ამ შემთხვევაში ბადაგი თეთრი ყურძნისაა, უფრო კონცენტრირებულია, კარგად დადუღებული (როცა წვენს მანამ ადუღებენ, სანამ ნახევრამდე არ დაიკლეს) და პურის ფქვილიც მეტი სჭირდება, უმჯობესია არა უმაღლესი ხარისხის, არამედ ოდნავ რუხი ფქვილი. პროპორციები: 1 ლიტრი ბადაგი+2 ჭაის ჭიქა ფქვილი, შაქარი გემოვნებით და სურვილისამებ. ფქვილი ცივ ბადაგში იხსნება, თუ ბოლომდე ვერ გახსენით, შეგიძლიათ საცერშიც გადაწუროთ და დადგათ ასადუღებლად. გამუდმებული მორევა სჭირდება, რომ არ მიიკრას, როცა დუღილს დაიწყებს, დაბალ ცეცხლზე უნდა მოიშუშოს, რომ ფქვილის გემო არ ჰქონდეს. ამ დროსაც გამუდმებით უნდა ურიოთ. ასეთი თათარა ძალიან კარგია ჩურჩხელებისთვის, მაგრამ საჭმელად ცოტა მძიმეა.
  2. ფელამუში საჭმელად უფრო მსუბუქია. არ არის აუცილებელი, თეთრი ყურძნის ბადაგზე მოამზადოთ. ბადაგი ხომ ყურძნის გამოწურული და დადუღებული
    წვენია, შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ნებისმიერი ყურძნის ბადაგი, ასევე ადესის წვენი, რომელსაც კომპოტის პრინციპით უფრო ხშირად ამზადებენ. (დარჩეულ მარცვლებს ასხამენ წყალს, წამოადუღებენ, გააჩერებენ ერთი ღამთ, შემდეგ გადაწურავენ, გემოვნების მიხედვით ატკბობენ და მოხუფულს ხანგრძლივი დროით ინახავენ). შეგიძლიათ სხვა წვენებიც გამოიყენოთ, ოღონდ გირჩევთ, რომ ეს წვენი მაქსიმალურად კონცენტრირებული და არომატული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფქვილში რომ გაზავდება და გემოს დაკარგავს. ფელამუშისთვის საკმარისია პროპორციები 1 ლიტრი ბადაგი ან წვენი+1 ჩაის ჭიქა ხორბლის ან სიმინდის ფქვილი (შეგიძლიათ ორივე სახის ფქვილი შეურიოთ ერთმანეთში). შეიძლება თხელი მოგეჩვენოთ, მაგრამ რომ გაცივდება, საკმაოდ მკვრივი იქნება და საჭმელადაც გაცილებით მსუბუქია.
mshoblebi
რაც შეეხება შაქარს, ეს თვენს გემოვნებაზე და წვენის სიტკბოზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ დაამატოთ ფელამუშისთვის გამზადებულ წვენს, შეგიძლიათ - შაქრის გარეშე დაამზადოთ. ფქვილის დამატებამდე ჯობს, გემო გაუსინჯოთ წვენს და შემდეგ გადაწვიტოთ. "
2408
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები