ამ რეცეპტს ჩვენი მკითხველი გვიზიარებს:
"ჩემი შვილები უკვე დიდები არიან - 13-10 წლისები. მათი ჩვილობისას ბროკოლი ასეთი აქტუალური არ იყო, ან მე არ მქონდა საკმარისი ინფორმაცია, არ ვიცი. ფაქტია, ჩვილობისას არ გვქონდა ბროკოლი მენიუში და გემოსაც ასე პატარობიდან ვერ მიეჩვივნენ. თუმცა როცა წავიკითხე, რამდენად სასარგებლოა, ბევრი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, ბროკოლი გამესინჯებინა - ხან ბროკოლის სუპი გამიკეთებია, ხან ბორშში ჩამიმატებია, კვერცხთან ერთად შემიწვია და ა.შ., მაგრამ არანაირი ფორმით არ ეკარებოდნენ.
ერთ დღესაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები შემექმნა, რამდენიმედღიანი დიეტა დამინიშნეს და მირჩიეს, სუპები დაბლენდერებული სახით მიმეღო. თავად ძალიან მიყვარს ბროკოლი და ხშირად ვაკეთებ. ასე რომ, ამჯერადაც გავაკეთე სუპი და დავაბლენდერე - იქცა ძალიან გემრიელ კრემსუპად.
უფროსმა რომ დაინახა, ეცნო ვიზუალი - კულინარიულ შოუებში მინახავსო და აბა გამასინჯეო. გასინჯა და ისე მოეწონა, ფაქტობრივად, მეც აღარ დამიტოვა, ისე გემრიელად მიირთვა. ასე შემოვიდა ჩვენს მენიუში და დამკვიდრდა ბროკოლის კრემსუპი და დავაწყებინე ჭამა ბავშვებსაც.
რა თქმა უნდა, ჩემეულ რეცეპტსაც გაგიზიარებთ, რომელიც შედარებით მარტივია და კლასიკური კრემსუპებისგან განსხვავებით, არ აქვს ნაღები და კარაქი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუმატოთ. ასევე მოუხდება ზემოდან მოხეხილი ყველი.
მაშ ასე, დაგჭირდებათ: დაახლოებით 200-300 გრამი მოწალული ბროკოლის ყვავილედები, 2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 1 ცალი პატარა ხახვი, ერთი ცალი სტაფილო, 1 ცალი პატარა ზომის ტკბილი წიწაკა (მე მწვანეს ვიყენებ), 1 კბილი ნიორი, ცოტა მწვანილი - ოხრახუში, ქინძი, კამა, ზეთი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ქვაბში ვშუშავთ ჯერ წვრილად დაჭრილ ხახვს. მერე დავამატებთ ასევე წვრილად დაჭრილ სტაფილოს. ცოტა რომ მოიშუშება, დავამატებთ დაჭრილ ტკბილ წიწაკას და კარტოფილს, ვასხამთ წყალს, რამდენიც გვინდა, რომ ჰქონდეს წვენი სუპს. დაახლოებით 10-15 წუთში ადუღებიდან, კარტოფილს რომ ცოტა ეკლდება ხარშვა, ჩაუმატეთ ჯერ მოწალული და მერე დაჭრილი ბროკოლის ყვავილედები. კიდევ 5-10 წუთი იხარშოს, შეატყობთ, რომ კარტოფილი კარგად იყოს მოხარშული. დაუმატებთ დაჭრილ ნიორს და მწვანილს, მარილს (მე სვანურ მარილსაც ვუმატებ გემოსთვის). კიდევ 2-3 წუთი ადუღეთ. შემდეგ გამორთეთ და დააცადეთ, ცოტა შეგრილდეს. ამის შემდეგ მოათავსებთ ბლენდერში და ამ მასას დააბლენდერებთ. გამოდის მწვანე ფერის, ოდნავ სქელი სასიამოვნო მასა. რაც მთავარია, გემრიელი და სასარგებლო. ძალიან უხდება გახუხული პური და მოხეხილი ყველი".