ერთკვერცხიანი პასკა - რეცეპტი პატარა პორციისთვის
ერთკვერცხიანი პასკა - რეცეპტი პატარა პორციისთვის

სააღდგომოდ დიასახლისები თადარიგს უკვე იჭერენ. იმარაგებენ სუნელებს, სხვადასხვა ინგრედიენტს და ახალ-ახალი რეცეპტებიც აინტერესებთ. პასკის რეცეპტი, რომელიც ფ/ბ ჯგუფში "დედების სამზარეულო" გამოჩნდა, პირველ რიგში იმითაა საინტერესო, რომ მცირე პორციაზეა გათვლილი. თუ ბევრის გამოცხობის საშუალება არ გაქვთ, ეს ვარიანტი ნამდვილად გამოგადგებათ. მითუმეტეს, თუ პირველად აცხობთ პასკას და დიდ პორციასთან შეჭიდებას ვერ რისკავთ.

"ეს არის ძალიან ძველი რეცეპტი, რაც თავი მახსოვს, დედა აცხობდა. გადავწყვიტე, რომ ტრადიციულად 10 კვერცხიან ცომთან ჭიდილის მაგიერ შემემცირებინა დოზები. ასე რომ, შემოგთავაზებთ 1კვერცხის პორციას, რომლიდანაც გამოდის 1 ცალი დაახლოებით 1 კილოიანი პასკა,
ანუ თბილისში რომ ქაღალდის ფორმებია 16 სმ ძირით.
წინა დღეს ვამზადებ ჩირეულს და სუნელებს, რომელიც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მე მიყვარს მძაფრი სურნელი და ვუკეთებ 1 პატარა ფორთოხალს და ლიმონს, რომელსაც მოვახეხავ კანს და წვენს გამოვწურავ, თითო ჩაის კოვზ დაფქვილ კარდამონს(ილი) და მუსკატის კაკალს და 2-3 სუფრის კოვზ ალკოჰოლს. ჩირეული რამდენიც გინდათ. 
დილით დავაყენოთ საფუარი: თითო-თითო სუფრის კოვზი საფუარი, შაქარი, ფქვილი და თბილი რძე, რომ მიიღოთ ბლინის სისქის მასა. შეფუთეთ და დადგით სითბოში.
გავაცხელოთ 100 გრ რძე და ჩავაგდოთ შიგ 50 გრ კარაქი(თუ გნებავთ დაამატეთ 10 გრ და უფრო მძიმე გამოვა, მეტი არა. ფქვილი ვეღარ დაძრავს და ჩავარდება)
დაველოდოთ, რომ რძე გახდეს ნელთბილი და საფუარი ამოვიდეს.
ავთქვიფოთ 1 კვერცხი და 100 გრ შაქარი. თანმიმდევრობით დავამატოთ კარაქიანი რძე, საფუარი და ჩირეულ-სუნელები. ბოლოს ნახევარი კილო ფქვილი.
აუცილებელია რომ ფქვილი იყოს კარგად შერჩეული, რომ კარაქი დაძრას და თავი ამოიბურცოს პასკამ, (ბრიტანეთში იოლია, ვუკეთებ strong ანუ პურზე გათვლილს და არა ნამცხვრებზე).
mshoblebi
მომზადებულ ცომს ვფუთავ და 3-ჯერ ვზილავ, გადაზელვისას ვიყენებ უსუნო ზეთს, ბოლოს გადამაქვს ფორმებში და ვაცდი ცომს თითქმის ბოლომდე ამოვიდეს და მხოლოდ მას მერე ვდებ ღუმელში.
ღუმელი ინდივიდუალურია. მე ვაყენებ 180გრადუსზე და ვაცხობ
  • 1კგ - 1სთ. 30წთ
  • 500-600გრ. 1სთ20წთ
  • 300-400გრ. 1სთ
ღუმელში ვდებ მხოლოდ ერთი ზომის პასკებს და არ ვაღებ.
ბედნიერ აღდგომას გისურვებთ.

თამარ კენედი-მილნი

2665
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქეთი
0
სულ ვეძებდი ერთი პასკის დოზას. არასოდეს გამომიცხვია და საცდელად ვაპირებ გაკეთებას :)))))))))) დიდი მადლობა რეცეპტისთვის და კარგად ახსნისთვის.
21:38 / 29-04-2021
მსგავსი სიახლეები