შინ მომზადებული ხაჭო უფრო სასარგებლოც არის და უფრო უსაფრთხოც
მეთოდი I - კეფირისგან
ერთ-ერთი მარტივი მეთოდი ბავშვისთვის ხაჭოს მოსამზადებლად - წყლიან ჭურჭელში ჩადგით საბავშვო კეფირი და კარგად გააცხელეთ, ადუღებამდე, ოღონდ არ ადუღდეს. მას მერე, რაც აიჭრება და ხაჭოდ იქცევა, ცოტა ხანს დადგით, რომ სქელი მასა სითხეს გამოეყოს. მერე კი გადაწურეთ და მხოლოდ ხაჭო დაიტოვეთ.
მეთოდი II - რძისა და კეფირისგან
დაახლოებით ნახევარი ლიტრი რძე ნელ ცეცხლზე გააცხელეთ ან წყლიან ჭურჭელში ჩადგით და ისე გააცხელეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე, რომ არ ადუღდეს, და 200 მლ საბავშვო კეფირი დაუმატეთ. დანარჩენი ინსტრუქციები იგივეა.
ასე მომზადებულ ხაჭოს ნეიტრალური გემო აქვს და თითქმის არ აქვს სიმჟავე.
მეთოდი III - რძისა და მაწვნისგან
ასევე ნახევარ ლიტრ რძეში ემატება 3-4 სუფრის კოვზი მაწონი. რძის ადუღებისთანავე ის ხაჭოდ გადაიქცევა. რაც უფრო მჟავეა მაწონი, მით ნაკლები უნდა დაუმატოთ რძეში.
მეთოდი IV - რძისა და ლიმონის წვენისგან
რძეს ხაჭოდ აქცევს ასევე ლიმონის წვენი. ნახევარ ლიტრ გაცხელებულ რძეში, რომელიც თითქმის ადუღებამდეა მიყვანილი, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ჩაასხით, აურიეთ და დაელოდეთ, სანამ აიჭრება და ხაჭოდ იქცევა. შემდეგ კი გადაწურეთ.
მეთოდი V - რძისა და კალცისგან
აფთიაქში იყიდეთ 10%-იანი კალცის ამპულები. გააცხელეთ ნახევარი ლიტრი რძე, დაახლოებით 80-90 გრადუსზე, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კალცი და ცოტა მოურიეთ. ცოტა ხანს მოიცადეთ და შემდეგ გადაწურეთ. ასე მომზადებულ ხაჭოს კალცის დიდი შემცველობა აქვს და მუდმივად არ უნდა აჭამოთ ბავშვს.