გემრიელი, სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი და პიკანტური სალათი ამ კერძის გაკეთება ჩვენს ბებოებს განსაკუთრებით წითელ პარასკევს უყვარდათ. მას ყველა თავისებური საკმაზით აგემრიელებდა. ჩვენ ერთ-ერთ გამოცდილ და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ - მარგო ბებოსი.
განსაკუთრებით კარგია ეს კერძი იმათთვის, ვისაც გემოგლობინის პრობლემა აქვს. თუმცა სხვებსაც არგებთ, ჭარხალი ხომ უნივერსალური ბოსტნეულია, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა.
დაგჭირდებათ:
ჭარხალი - 4-5 საშუალო ზომის
წითელი ტყემლის საწებელი - 200 მლ
შინდის მურაბის წვენი (ან შინდის კერკის ნაყენი) - 1-2 პატარა ჭიქა
ნიორი - 3 კბილი
ქინძი - 1 კონა
მარილი, წიწაკა, ხმელი სუნელი გემოვნებით
მომზადება:
ჭარხალი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით ფიგურული დანით (ან თუ არ გაქვთ, უბრალოდ ლამაზი ფორმები მიეცით). მოამზადეთ სოუსი - შეურიეთ ერთმანეთს ტყემალი (წითელი ტყემალი ჯობს, თუ არ გაქვთ, სხვა ფერის ტყემალიც გამოდგება), შინდის წვენი (შეგიძლიათ, მურაბის წვენი გახსნათ წყალში, განსაკუთრებულად შინდი უხდება, თუმცა ზოგიერთები ალუბალსაც იყენებენ). ზოგიერთი დიასახლისი მხოლოდ ტყემლით აკეთებს, რომელსაც სასურველი სისქის მისაღებად წყალს უმატებს. შეგიძლიათ, თქვენც ეს ვარიანტი სცადოთ, თუ შინდის წვენის ვარიანტი არ მოგწონთ.
დაამატეთ მწვანილი, სუნელები, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და წიწაკა. ეს სოუსი იმდენი უნდა იყოს, რომ კარგად შეავსოს დაჭრილი ჭარხალი - არც ძალიან ბევრი და არც ცოტა. თვალის ზომით მიხვდებით.
სუფრასთან მიტანის წინ, შეგიძლიათ მწვანე ხახვიც მოაჭრათ.