ეს ჩიხირთმის ტრადიციული რეცეპტია ეს ჩიხირთმის ტრადიციული რეცეპტია. თუმცა, ისევე როგორც ყველა კერძში, აქაც სანელებლები შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით გამოიყენოთ.
ქათამი, სასურველია დედალი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით მოსახარშად. თუ სახლის ქათამია, ხარშვის დროს მხოლოდ ქაფი მოხადეთ. თუ ჩვეულებრივი ფერმის ქათამია, პირველი ნახარში გადაღვარეთ. როცა ქათამი მოიხარშება, ამოიღეთ, დადეთ ლანგარზე და მოაყარეთ მარილი.
ქათმის ნახარშ წვენს მოხადეთ ცხიმი, ჩაასხით სხვა ქვაბში, დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 4-5 თავი ხახვი და კარგად მოშუშეთ (ხახვი თეთრად უნდა მოიშუშოს). ერთი ჩაის ჭიქა ქათმის ნახარშ წვენში და ორ სუფრის კოვზ ღვინის ძმარში გახსენით 1-2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, დაასხით მოშუშულ ხახვს და დაუმატეთ ნახარში წვენი (7-8 ჩაის ჭიქა). ადუღებისას ჩაუმატეთ კონად შეკრული ქინძი. 30 წუთის დუღილის შემდეგ ქინძი ამოიღეთ. მდუღარე წვენს დაუმატეთ მარილი, დარიჩინი და შავი პილპილი გემოვნებით, 5-6 წვეთი ზაფრანის ნაყენი და ხარშეთ კიდევ 5-10 წუთს. კარგად გათქვიფეთ 2-3 კვერცხი, შეურიეთ ღვინის ძმარსა და ცოტაოდენ შეგრილებულ წვენს და თანდათანობით მორევით ჩაასხით მზა ჩიხირთმაში. მოხარშული დედალი დაჭერით და მოათავსეთ ჩიხირთმიან ქვაბში.