მარტივი რეცეპტები კისელი საკმაოდ სასარგებლოა დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც. განსაკუთრებით ეფექტურია, როცა ბავშვს კუჭნაწლავის პრობლემები აქვს, ფაღარათი აქვს. ასე იყენებენ აქტიურად გახდომის მსურველები. არსებობს სპეციალური, გახდომისთვის ეფექტური კისელებიც.
ჩვენ რამდენიმე რეცეპტს გთავაზობთ, რომ ბავშვებს შინ დაუმზადოთ ეს გემრიელობა.
ვაშლის კისელი
1 ვაშლი
1 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი
1 ჭიქა წყალი
გარეცხილ ვაშლს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გახეხეთ სახეხზე. ემალირებულ ჯამში გამოწურეთ ვაშლის წვენი და ცივ ადგილას დადგით.
გახეხილ მასას, რაც წვენის გამოწურვის შემდეგ დაგრჩათ, დაასხით ცხელი წყალი და ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ, შენდეგ დაახლოებით მეოთხედი ჭიქა გადმოასხით და გააციეთ. მასში კარტოფილის სახამებელი გახსენით. დარჩენილ სითხეში დაუმატეთ შაქარი და ისევ ცეცხლზე შემოდგით. რომ წამოდუღდება, ჩაასხით შიგნით სახამებლიანი ნარევი. კარგად ურიეთ ნელ ცეცხლზე, სანამ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით და ცოტა რომ შეგრილდება, კისელს დაუმატეთ მანამდე შენახული, გაწურული ვაშლის წვენი.
ალუბლის კისელი
მოხარშეთ წყალში 3 ჩაის ჭიქა ალუბალი, დაჭყლიტეთ და გაწურეთ, ისე, რომ მიიღოთ 6 ჩაის ჭიქა წვენი.
დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და წყალში გახსნილი 3-4 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, ამოურიეთ.
კისელს რომ ვიტამინები შეუნარჩუნდეს, მასაც უნდა დაუმატოთ ალუბლის უმად გამოხდილი წვენი.
ბლის კისელი
ბალი - 0,5 ჭიქა
შაქარი - 1 სუფრის კოვზი
1 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი
1 ჭიქა ბალი გადაარჩიეთ და გარეცხეთ. გამოაცალეთ კურკები. გადაავლეთ მდუღარე წყალი. გადაწურეთ და ღრმა თასში ჩაჭყლიტეთ. დაასხით 2 სუფრის კოვზი ანადუღარი გაგრილებული წყალი და მოურიეთ. გადაწურეთ ბადით. დარჩენილ მასას დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, წამოადუღეთ, გადაწურეთ და გააცივეთ. გაგრილებული ნახარშიდან გადაასხით ნახევარი ჭიქა ცალკე თასში და მასში გახსენით სახამებელი. დარჩენილ ნახარშს დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე: დაუმატეთ უკვე მომზადებული სახამებელი და აადუღეთ. თან გამუდმებით ურიეთ. მზა კისელში ჩაასხით გამზადებული გამოწურული ნაყოფის წვენი. ასეთივე წესით შეგიძლიათ მოამზადოთ ჟოლოსა და მარწყვის კისელი.