ეს არის კიტრის სწრაფად დასამწნილებელი რეცეპტები ეს არის რეცეპტები, კიტრის სწრაფად დასამწნილებლად – სულ რამდენიმე დღეში გექნებათ კიტრის მწნილი და პირს ჩაიგემრიელებთ. გთავაზობთ ორ გამოცდილ რეცეპტს:
1. ქორფა, ახალი კიტრი (დაახლოებით 1,5 კილოგრამი, რამდენსაც დაიტევს სამლიტრიანი ქილა) გადაარჩიეთ, გარეცხეთ და ჩააწყვეთ მინის ქილაში. მოაყარეთ დაფნის ფოთოლი, ნიორი, წიწაკა, ალუბლის ფოთლები (და თუ გსურთ, მწვანილი – ნიახური, კამა). დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. წყალი გადაწურეთ და შემდეგ ჩაყარეთ ლიმონის მჟავა (სამლიტრიან ქილაზე 1 ჩაის კოვზი). დაასხით ადუღებული მარილწყალი (1 ლიტრ წყალზე 2 სუფრის კოვზი). თუ მალევე გინდათ მიირთვათ და არ ინახავთ, ჩვეულებრივი, პლასტმასის თავსახური მოარგეთ ცხელსვე. თუ ინახავთ, ცხელსვე მოუხუფეთ თუნუქის სახურავი, შეინახეთ სტერიზილაციის გარეშე.
სამ დღეში უკვე ექნება კარგი გემო, ერთ კვირაში კი გაცილებით უკეთ დამწნილებული გექნებათ.
2. ინგრედიენტები:
კიტრი – 1 კგ
მინერალური წყალი (გაზიანი) – 1 ლიტრი
მარილი – 2-3 სუფრის კოვზი
ნიორი – 5-6 საშუალო კბილი
კამა – ერთი კონა
მომზადება:
კიტრი გარეცხეთ, მოაჭერით ბოლოები. ქილაში (ან ქვაბში) ჩადეთ ნახევარი კონა კამა, მოცხრის ან მოცვის ფოთლები, გასუფთავებული ნიორი.
მარილი გახსენით მინერალურ წყალში და კიტრს მოასხით. დაადეთ დარჩენილი კამა. კიტრი ბოლომდე უნდა დაიფაროს.
მოათავსეთ რამდენიმე დღე მაცივარში, თავდახურული. 2-3 დღეში შეგიძლიათ, მიირთვათ.